სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქიმიის მიმართულებით, მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან კუპატაძეა. ის პროექტის „შავი ზღვის ქსელის ხელშეწყობის ბუნებრივი გამწმენდი სისტემები- WASTEnet“ -ის სამეცნიერო კოორდინატორია. სულ ახლახანს რუმინეთის ქალაქ ტულჩაში პროექტის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ქალბატონი ქეთევანი მონაწილეობდა. სწორედ ამიტომ, დღეს იგი ჩვენი სტუმარია და პროექტის შესახებ მოგვითხრობს.



მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:

• 1993წ. წარჩინებით დაამთავრა ს.ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით; • 1993წ. სტაჟირებით მივლინებულ იქნა საფრანგეთში გრაფინია კაროლინ დე ლოღჟეღილის საზაფხულო სკოლაში; • 1993-1996წწ. სწავლობდა ს.ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ასპირანტურაში; • 1993-1996წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი ფრანგული ენის მიმართულებით. • 1994-1996წწ. - ს.ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი-ჟურნალისტიკა; • როგორც ჟურნალისტი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. • 1998წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; • 2003წ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. • სტუდენტობის და ასპირანტობის პერიოდში იყო უშინსკის, მელიქიშვილის და პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიატი. • ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიის და ერთი სახელმძღვანელოსი. ასევე მისი ავტორობით შექმნილია სამი ვირტუალური სასწავლო პროგრამა ქიმიასა და ბიოქიმიაში. • აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში. • არის საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების წევრი. • ფლობს ქართულ, რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს. კითხულობს ლექციების კურსს შემდეგ შემდეგ დისციპლინები: • არაორგანული და ორგანული ქიმია; • ბიოქიმია; • ეკოლოგიური ქიმია; • ბიოინფორმატიკა;

 

 

ჭაობით გაწმენდილი წყალი...

-ქალბატონო ქეთევან, რა არის პროექტის მიზანი, ვისი დაფინანსებით ხორციელდება და ვინ არიან პარტნიორი ქვეყნები.

-ეს პროექტი „შავი ზღვის აუზის 2007-2013“ პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული და მისი მთავარი კოორდინატორი საბერძნეთის მხრიდან კავალას წყლის და ჩამდინარე წყლების მუნიციპალური საწარმოა. ასევე საბერძნეთის მხრიდან პროგრამულ ნაწილს ხელმძღვანელობს თრაკიის დემოკრიტეს უნივერსიტეტი. სხვა პარტნიორები არიან: სომხეთის ფონდის ამერიკული უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მდინარის მოვლის საერთაშორისო ეკოლოგიური ასოციაცია ეკო-ტირასი (მოლდოვა), დუნაის დელტას კვლევის და განვითარების ეროვნული ინსტიტუტი (რუმინეთი), ოდესის სახელმწიფო რეგიონული ადმინისტრაცია (უკრაინა), კოჩაელის წყლის და საკანალიზაციო ადმინისტრაცია (თურქეთი), იელოვას უნივერსიტეტი (თურქეთი).

როგორც აღვნიშნე, პროექტში საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს. კერძოდ, ამ უნივერსიტეტის ორი პროფესორი ვმონაწილეობთ, მე და ბატონი ზურაბ ჯავახიშვილი.

WASTEnet-ი (ნარჩენების ქსელი) ერთობლივი სამოქმედო პროგრამაა, რომლის მიზანი საზოგადოების ფართო ფენების მოტივაციაა. აქ განსაკუთრებით იგულისხმება პროექტში მონაწილე შავი ზღვის პირა ქვეყნების ადგილობრივი და რეგიონალური ლიდერები. პროექტის ფარგლებში, გვსურს მათი დარწმუნება, განავითარონ ნარჩენების გაწმენდის ბუნებრივი სისტემები და შექმნან ხელოვნური ჭაობები , რათა შეძლონ ჩამდინარე წყლების გაწმენდა სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე.



-ნუთუ ჩამდინარე წყლების გასუფთავება დღეისათვის ასეთ პრობლემას წარმოადგენს?


- ჩამდინარე წყლების გასუფთავების პრობლემა სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება და ეს უკავშირდება, როგორც მოსახლეობის რაოდენობის ზრდას, ასევე გარემოს დაცვის გამკაცრებულ კანონმდებლობას. დიდ ქალაქებში ტექნოლოგიური პროგრესი ჩამდინარე წყლების გაწმენდის ეფექტური სისტემების დანერგვის საშუალებას იძლევა. ეს სისტემები შეესაბამება ევროკავშირის საკმაოდ მკაცრ (მაგ. საბჭოს მითითება 91/271/EEC და წყლის ჩარჩო პროგრამის მითითება 2000/60) კანონმდებლობას. თუმცა, მცირე, იზოლირებულ ან ქალაქგარე დასახლებებისთვის, ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომი არ არის მცენარეების საშუალებით ჩამდინარე წყლების გასუფთავების ჩვეულებრივი სისტემის მშენებლობა, მართვა და ტექნიკური მომსახურებაც კი.

განსაკუთრებით საინტერესოა ჩამდინარე წყლების გასუფთავების ძალიან მარტივი და იაფი ბუნებრივი სისტემის დანერგვა. პატარა დასახლებებისთვის, რომლებიც სოფელში ან მთიან რეგიონებშია განთავსებული, აეროპორტებისთვის, სკოლებისთვის და უნივერსიტეტებისთვის ეს პრობლემის გადაჭრის განსაკუთრებით ეფექტური, საიმედო და იაფი გზაა. გასუფთავების ბუნებრივი სისტემების და ხელოვნური ჭაობების მთავარი უპირატესობა შემდეგია:

  • მართვის დროს განახლებადი ენერგიის წყაროს გამოყენება,
  • მექანიკური ნაწილების გამოყენებისგან თავის შეკავება,
  • შემცირებული ხარჯები მშენებლობის, მართვის და ტექნიკური მომსახურების დროს,
  • ლანდშაფტის ვიზუალური გაუმჯობესება,
  • ველური ცხოველებისთვის საცხოვრებელი გარემოს შექმნა,
  • რეკრეაციული და სასწავლო შესაძლებლობები და
  • მათი ფილტრატის მოსარწყავად კვლავ-გამოყენების შესაძლებლობა.


-თუ შეიძლება ძალიან მოკლედ გვითხარით, რას წარმოადგენს ხელოვნური ჭაობი.


-ხელოვნური ჭაობი ადამიანის მიერ შექმნილი სისტემაა, რომლის ფუნქციაც ბუნებრივი ჭაობის იმიტაცია და დაბინძურების წყაროს აღკვეთაა. ამ მიზნის მისაღწევად იმიტირებულ ჭაობში მთელი რიგი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. ეს პროცესები ეფუძნება წყლის, ნიადაგის, ატმოსფეროს და მიკრო-ორგანიზმების ურთიერთქმედებას. ჭაობის მცენარეები სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებენ მძიმე მეტალების და სხვა ტოქსიკური ნაერთების გაუვნებელყოფასა და საკვები ნივთიერებების შენარჩუნებაში. ჩვეულებრივი ლერწამი (Phragmites australis) და ლაქაში (Typha latifolia, T. angustifolia) ჭაობის მცენარეთა სახეობის ეფექტურ მაგალითს წარმოადგენენ, რომლებსაც შეუძლიათ კარგად შთანთქან დამაბინძურებლები და რომლებიც წარმატებით გამოიყენებიან ხელოვნურ ჭაობში.



-რა ტიპის ნარჩენებს გაანეიტრალებს ხელოვნური ჭაობი?

ხელოვნური ჭაობი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ნარჩენების გასანეიტრალებლად:

  • მუნიციპალური ჩამდინარე წყლები,
  • სამრეწველო ჩამდინარე წყლები,
  • ქალაქის ჩამდინარე წყლები,
  • მეცხოველეობის ნარჩენები,
  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ნარჩენები,
  • მაღაროების მჟავა ნარჩენები,
  • ჩამდინარე წყლები სეპტიკური ცისტერნებიდან,
  • შლამი.

-როგორია პროექტის შემდეგი გეგმები?

-2014 წელს პარტნიორ ქვეყნებში სემინარები და ვორკშოპები დაიწყება. თბილისში ძალიან საინტერესო სემინარი ჩატარდება 2015 წლის თებერვალში. მომზადდება სასწავლო მასალები და ხელოვნური ჭაობის შექმნის ტექნიკური ცნობარი.

-წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ თბილისში ჩატარებულ სემინარზეც მოგვიყვებით შემდეგ.

-დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ და ამ თემით დაინტერესდით. შევთანხმდით, მომავალ წელს, თბილისის სემინარის შემდეგ, ახალი ამბებით კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს.




პროექტში მონაწილე პარტნიორების ვიზიტი დუნაის დელტას კვლევის და განვითარების
ეროვნული ინსტიტუტში




დუნაის დელტას კვლევის და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის ქიმიური ლაბორატორია;



 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 15-01-2014