სტუმრები

ჩვენი სტუმარია ლაშა ხუციშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელმაც 2018-2019 ქიმიის ეროვნულ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ქიმიის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.



 

 

როგორ გადავლახე აქტივაციის ენერგიის ბარიერი

- როდის და რატომ გაგიჩნდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესი?

ადრეული ასაკიდანვე ვიყავი დაინტერესებული მეცნიერებით. მაინტერესებდა ამა თუ იმ მოწყობილობის მუშაობის პრინციპი. მაგალითად, მაინტერესებდა როგორ მუშაობს მაცივარი, გაზქურა, ტელევიზორი, კომპიუტერი, დისტანციურად მართვადი მანქანა და ა.შ. ამ ყველაფრის გასაგებად დროსა და ენერგიას არ ვიშურებდი და მუდმივად ვეძებდი ინფორმაციას ენციკლოპედიებსა თუ ინტერნეტში, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სკოლაში მე-8 კლასამდე დიდად არ გამომიჩენია თავი, პირიქით, არ მომწონდა სწავლა, თუმცა მაღალ კლასებში, როგორც იქნა, გადავლახე აქტივაციის ენერგიის ბარიერი და, როგორც იქნა, ავუღე ალღო ტექნიკურ საგნებს: მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას. აღფრთოვანებული ვიყავი ამ საგნებით, რადგან მესმოდა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს ხსნიდნენ და რომ მათი ცოდნა საშუალებას მოგვცემდა ახალი ტექნოლოგიების განვითარების საშუალებას, რომლებიც შემდეგში რევოლუციურ გარდაქმნას გამოიწვევს მომავალში პრობლემების გადაჭრის ანდა საქმის ეფექტურად წარმართვისთვის თვალსაზრისით, როგორც ეს თუნდაც კომპიუტერმა მოახდინა. ვერ მოიძებნება სფერო, რომელშიც საბუნებისმეტყველო მეცნიერების კვალი არ ეტყობა...

 

- მოდი, ავუხსნათ მკითხველს, თუ რა არის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა და როგორ შეიძლება მიიღოს მოსწავლემ მასში მონაწილეობა.

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა - IChO (International Chemistry Olympiad), ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. როგორც სახელიდან ჩანს, ამ ოლიმპიადაზე თავს იყრიან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან წარჩინებული სკოლის მოსწავლეები, რათა ქიმიის ამოცანების ამოხსნაში შეეჯიბრონ ერთმანეთს. თითოეული ქვეყნიდან მაქსიმუმ 4 მოსწავლე ასპარეზობს. ოლიმპიადა შედგება 2 ტურის, თეორიულის და პრაქტიკულისაგან. ორივე ტურის ხანგრძლივობა 5-5 სთ-ია. მაგალითისთვის: ქიმიის 51-ე საეთაშორისო ოლიმპიადაზე პრაქტიკულის (რომელიც მოიცავდა 4 დავალებას 32 გვერდზე გადაშლილს) ერთ-ერთი ამოცანა მოიცავდა ღვინოში გოგირდის დიოქსიდის საერთო კონცენტრაციის დადგენას, ხოლო თეორიული ტურის (რომელიც მოიცავდა 9 ამოცანას, 69 გვერდზე დაბეჭდილს) ერთ-ერთი ამოცანა იყო ლევობუპივაკაინის სინთეზზე. როგორც მიხვდით, ამოცანები საკმაოდ რთულია, სკოლის პროგრამას სცდება (და ეს არცაა გასაკვირი, რამდენადაც მსოფლიო მასშტაბის ოლიმპიადაა), თუმცა მთავარი მონდომებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2016 წელს ქიმის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა, რომელიც, სხვათა შორის, ექსტრაორდინალული ოლიმპიადის სახელით შევიდა IchO-ს ისტორიაში. საქართველოს ქიმიის ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად, ენთუზიაზმისა და თავდაუზოგავი მუშაობის გარდა, საჭიროა სკოლის 9-12 კლასის მოსწავლემ გაიაროს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის (რომელზე რეგისტრაციაც, როგორც წესი, ოქტომბერში არის ხოლმე შესაძლებელი) I და II ტურები და III ტურის პირველ 15-ეულში მოხვდეს. შემდეგ ამ 15 ადამიანს მიიწვევენ შესარჩევ ტურზე, სადაც უკვე შეირჩევა ნაკრების 4 ძირითადი წევრი და 4 რეზერვისტი, რომლებიც ნაკრების  მწვრთნელთა ხელმძღვანელობით დაიწყებენ ოფიციალურ მზადებას ქიმიის საეთაშორისო ოლიმპიადისთვის. აღსანიშნავია, ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია ქიმიის ოლიმპიადაზე მონაწილეობით, საშუალება აქვს ჩაერთოს მოსამზადებელი ნაკრების მეცადინეობებში, რომელსაც სპქა აცხადებს ხოლმე სწავლის დასაწყისში.

 IchO-ზე  (და ზოგადად სართაშორისო ოლიმპიადებზე) მედლის მოპოვება საკმაოდ დიდი წარმატებაა. უმეტესად, იგი დამოკიდებულია ქვეყნის განვითარებაზე ხოლმე. ჩინეთის გუნდმა 2019 წელს (და არა მარტო) 4 ოქრო მოიპოვა. ბრაზილიამაც და სლოვაკეთმაც კარგად იასპარეზეს. თუ შევადარებთ ჩინეთის 300 000-კაციან შესარჩევ ტურნირს საქართველოს 15-კაციანს, ამასთან განვითარების დონეს, სხვადასხვა რესურსებს და ა.შ. მივხვდებით, რომ საქართველოს მიერ მსგავს ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება უდიდეს წარმატებას მიუთითებს.

 

- გვიამბე ოლიმპიადაზე შენი პირადი გამოცდილების შესახებ.

მე-11 კლასში პირველად გადავწყვიტე გავსულიყავი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქიმიის I და II ტურები დავძლიე, ხოლო III ტურში რამდენიმე ქულა დამაკლდა გამარჯვებულთა სიაში მოხვედრისთვის. მიუხედავად ამისა, დამირეკეს და მითხრეს, რომ მოწვეული ვიყავი ნაკრების შესარჩევ ტურზე. გაკვირვებულმა გავთიშე ტელეფონი, ვფიქეობდი „რა ნაკრები, რის ნაკრები“, მაშინ ხომ არ ვიცოდი, თუ არსებობდა საგნობრივი საერთაშორისო ოლიმპიადები და 2018 წელს მოვხვდი საქართველოს ქიმიის ეროვნული ნაკრების რეზერვში, რის შემდეგაც განვაგრძე მომზადება ოლიმპიადებისთვის და 2019-ში ძირითადი ნაკრების წევრიც გავხდი.

ქიმიის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელიც 2019 წელს პარიზში ჩატარდა წარმატებული აღმოჩნდა საქართველოსთვის... არაერთ ეროვნებასთან, კულტურასთან გვქონდა შეხება. ვაცნობდით საქართველოს, სიხარულით ვივსებოდით, როდესაც რომელიმე უცხოელი ამბობდა, რომ საქართველოს იცნობდა ან შეხება ჰქონდა. როდესაც IChO 51-ის გადამღები ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დაგვინახა, რომ ქართველები ვიყავით, გვითხრა, რომ თავისი ცოლი ქართულ სიმღერებს უსმენდა (მღეროდა კიდეც)...

პარიზის ერთ-ერთ ამფითატრში ვსხედვართ ჩვენი გუნდის წევრები და მოუთმენლად ველით შედეგებს. ვაკვირდებით სტატისტიკას (რომელიც პრეზენტაციის სახით იყო), ვმსჯელობთ, ვღელავთ... ცხადდება ბრინჯაოს მედლების მფლობელები და დიდ ეკრანზე ეწერება GEO Lasha Khutsishvili… გახარებული ავრბივარ სცენაზე, ამაყად ვშლი საქართველოს დიდ დროშას... და ამ მომენტში 2 წლის შრომას თვალწინ ვხედავდი...

რასაკვირველია, დიდხანს შემიძლია განვაგრძო ოლიმპიადის შესახებ საუბარი, თუმცა თავს არ შეგაწყენთ...

- რატომ არის კარგი საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა?

მსგავსი დონის ოლიმპიადა გამოწვევაა, რომელიც ავითარებს მიზანდასახულობას, სირთულეების გადალახვის უნარს, რომ არაფერი ვთქვათ დისციპლინის უმაღლეს დონეზე სწავლაზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე... ბევრი და მნიშვნელოვანი დადებითის ჩამოთვლა შეიძლება.

 

- ცნობილია, რომ შენ ხელმძღვანელობ რუბრიკას „ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ“, რომელიც chemistry.ge-ზეა განთავსებული. ვუამბოთ მკითხველს ამ პროექტის შესახებ.

მაღალი კლასიდანვე ვადევნებდი ცნობილი ფეისბუქ გვერდის „Compound Interest“-ის (Ci), მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს, რომლებიც მოიცავს გრაფიკულ მასალას ყოველდღიური ნაერთების შესახებ. სიამოვნებით ვკითხულობდი ამ გვერდის გამოქვეყნებულ მასალებს და გავიფიქრე ამ მასალის ქართული ვერსია კარგი იქნება-მეთქი. ახლა ვარ აგრარული უნივერსიტეტის (რომელსაც მე-11 კლასიდან ვიცნობ, რადგან აქ ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის) ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი და გადავწყვიტე, რომ ჩემით მეთარგმნა ზემოაღნიშნული მასალა. დავუკავშირდი ენდი ბრანინს (Andy Brunning), რომელიც არის Ci-ის ხელმძღვანელი, და მას შემდეგ, რაც ნახა ჩემ მიერ ნათარგმნი ნიმუში, თარგმნის საავტორო უფლება მომცა. მიხარია, რადგან ვთვლი, რომ ეს პროექტი ბევრ ადამიანს დააინტერესებს ქიმიით. პროექტი „ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ“ შეგიძლიათ იხილოთ chemistry.ge-ზე.

 

- რა რჩევას მისცემდით მოსწავლეებს, რათა ოლიმპიადებში წარმატებულად იასპარეზონ?

პირველ რიგში, სიღრმისეულად, შეგნებულად ისწავლონ მათემატიკა, რადგან თითოეულ ამოცანაში საჭიროა ხოლმე მათემატიკური გამოთვლები... მათემატიკის გარეშე ოლიმპიადაზე ასპარეზობა რთულია. მეორე და აუცილებელი კომპონენტი გახლავთ ქართულისაგან განსხვავებული ენის/ენების ცოდნა, საუკეთესო შემთხვევაში ინგლისურის ცოდნა, რადგან საოლიმპიადო მასალები და ახალი ინფორმაცია უმეტესწილად ინგლისურ ენაზეა ხოლმე ხელმისაწვდომი.

ამ ორ კომპონენტზე მეტად კი ვიტყოდი, რომ აუცილებელია შრომისმოყვარეობა, საკითხების დეტალურად გაგება. არ უნდა დაეზაროთ თუნდაც მთელი დღე მეცადინეობა... თუ ამ პირობებს დააკმაყოფილებენ, წარმატება მათ ხელთაა...

ესაუბრა -

გამოქვეყნებულია 31-01-2021