სტუმრები

ჩვენი სტუმარია თბილისის კლასიკური გიმნაზიის და კლუბ „ნაკვალევის“  ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე



 

 

მეცნიერება იწყება სკოლიდან

- მოგვიყევით თქვენი კლუბის შესახებ    

- კლუბი „ნაკვალევი“ დაარსდა 2013 წელს. იგი წარმოადგენს მცირე კვლევით ლაბორატორიას, სადაც მოსწავლეებთან ერთად ხდება ინოვაციური მიდგომების პილოტირება, რომელთა იმპლემენტაცია შემდგომ მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესში. ამ პერიოდის განმავლობაში კლუბს აქვს მიღწევები სხვადასხვა ტიპის ოლიმპიადებში, კონკურსებსა, თუ კონფერენციებში. მოპოვებული აქვს ოქროს და ვერცხლის მედლები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. 11 წლის განმავლობაში განხორციელებულია 25 პროექტი, მათ შორის 2 საგრანტო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან.

კლუბი დაარსების დღიდან არის ილიაუნის კოპერნიკის საერთაშორისო კლუბების ქსელის წევრი. მონაწილეობს სამეცნიერო პიკნიკებსა და სხვადასხვა ტიპის STEM აქტივობებსა თუ კონკურსებში. ამ მიმართულებითაც აქვს კლუბს წარმატებები. კერძოდ, 2016 წელს კლუბებს შორის ჩატარებულ კონკურსში გავიმარჯვეთ. კლუბის ხელმძღვანელი 4 მოსწავლესთან ერთად ვიმყოფებოდით ვარშავის სამეცნიერო პიკნიკზე. 2017 წელს კი „ნაკვალევი“ ილიაუნის „ფაბ-ლაბის“ გამარჯვებული გახდა. ამჟამად კლუბში მუშაობს 20 მოსწავლე. კლუბური მუშაობის ყველაზე დიდ მიღწევად მაინც მოსწავლეთა მომავლის ორიენტირის განსაზრვრა მიმაჩნია. ყოველ წელს ჩვენი კლუბიდან 2-3 მოსწავლე წმინდა ქიმიურ მიმართულებას ირჩევს, დანარჩენები კი სამედიცინო განხრით მიდიან.

 

- როგორ წევრიანდებიან მოსწავლეები კლუბში?

-დებულების თანახმად, კლუბში გაწევრიანება ხდება ნებაყოფლობით, მშობელთა თანხმობის საფუძველზე. ქიმიით დაინტერესებული და ანალიტიკური აზროვნებით გამორჩეული ბავშვები ეცნობიან საკლუბო მუშაობის პრინციპებს. ესწრებიან საცდელ გაკვეთილს და ამის შემდგომ იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბში გაწევრიანებაზე.

 

- თქვენმა კლუბმა გასულ წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გრანტი მოიპოვა. პირველ რიგში, გილოცავთ ამ წარმატებას. მოგვიყევით თქვენი პროექტის შესახებ.

-უპირველეს ყოვლისა, მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო რუსთაველის ფონდს და მის წარმომადგენლებს, რომ არა აღნიშნული გრანტი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა გიმნაზიის ქიმიის კაბინეტის თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიებით აღჭურვა და

უამრავი საინტერესო და აქტუალური პროექტების განხორციელება. 2023 წლის ზაფხულში წარვადგინეთ პროექტი „ქიმია და დანაშაულის ადგილი“. ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“, პროექტმა მიიღო დაფინანსება. რაც შეეხება პროექტს, თავდაპირველად,მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და მომზადეს პრეზენტაციები ქემილუმინესცენციის, დაქტილოსკოპიისა და სისხლის ანალიზის შესახებ ლუმინოლის გამოყენებით. რამოდენიმეჯერ ვესტუმრეთ აგრუნის, სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები, ჩაუტარდათ სემინარები და ლაბორატორიული მუშაობა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს თითის ანაბეჭდის აღების და სისხლის ანალიზის ტექნიკა და მეთოდოლოგია ლუმინოლით. რაც შეეხება პროექტს, ვადა იწურება აპრილის შუა რიცხვებში. აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობისას, მოსწავლეებმა გამოავლინეს, როგორც თეორიული მზაობა, ასევე, ექსპერიმენტატორისათვის დამახასიათებელი, უნარ-ჩვევები. რამოდენიმე მოსწავლისათვის აღნიშნული პროექტი გახდა მომავალი პროფესიის არჩევის ორიენტირი.

 

 - ამავე გრანტის ფარგლებში ლაბორატორიული ბაზა განაახლეთ. მოგვიყევით განახლებული ლაბორატორიის შესახებ. რა სახის კვლევების ჩატარება იქნება შესაძლებელი ამ ლაბორატორიაში?

-მინდა აღვნიშნო, რომ განახლდა ლაბორატორიის ბაზა. აღნიშნული ქიმიური ჭურჭელი და დანადგარები დააკმაყოფილებს არა, მარტო სკოლის ქიმიის კაბინეტს, არამედ სასურველი ფუფუნებაა ნებისმიერი კვლევით ცენტრისთვის. საგრანტო დაფინანსების პირობებში ლაბორატორია აღიჭურვა ვიდეო პროექტორით, მაგნიტური შემრევით, კოლბა გამახურებლით, მოლეკულური მოდელებით, pH მეტრით, ელექტრონული სასწორით, ორგანული და არაორგანული სინთეზის ჩასატარებლად საჭირო მრავალფეროვანი ქიმიური ჭურჭლით, გამოსახდელი და ექსტრაქციის მოწყობილობებით, ნიადაგის მჟავიანობის მსაზღვრელით, ელექტრონული თერმომეტრით, სპექტრომეტრით და მობილური ლაბორატორიული ნაკრებით. სკოლის ქიმიის კაბინეტში შესაძლებელია მიღებული ნივთიერებების, როგორც გამოყოფა, ასევე გასუფთავებაც. აღნიშნული ხელსაწყოების გამოყენება შესაძლებელია, როგორც კვლევით პროექტებში, ასევე ინდივიდუალურ ექსპერიმენტებშიც.

 

- როგორ აპირებთ გრანტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის საზოგადოებისათვის გაცნობას?

-ჩვენს კლუბს აქვს საკუთარი ვებგვერდი chemclub.edu.ge სადაც ვაქვეყნებთ კლუბის აქტივობებს, ასევე ინფორმაცია ქვეყნდება chemistry.ge-ზე და სოციალურ ქსელებში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კლუბი გაწევრიანებულია ნ. კოპერნიკის საერთაშორისო კლუბების ქსელში, სადაც გარკვეული პერიოდულობით ქვეყნდება კლუბის აქტივობები ელექტრონულად. ასევე ილიაუნის კლუბების ელექტრონულ გვერდზეც ვტვირთავთ აქტივობებს. ამჯამად გადაგზავნილი გვაქვს თეზისები მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე ქიმიაში - „ოქროს რიცხვი“ -2024. საორგანიზაციო კომიტეტიდან უკვე მივიღეთ თანხმობა კონფერენციაში მონაწილოებაზე.

ვამზადებთ სასკოლო ღონისძიებას პროექტის შესახებ, სადაც მოწვეული იქნებიან კოლეგები სხვადასხვა სკოლებიდან და ინსტიტუტებიდან. პროექტის წარდგენის პარალელურად კოლეგებს გავუზიარებთ გამოცდილებას და სამომავლოდ დავსახავთ ერთობლივ სკოლათშორის აქტივობებს. პროექტის თემატიკა გასცდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიას, მოიპოვა გამარჯვება ეროვნულ სასახლეში გამოცხადებულ შიდა შესარჩევ კონკურსზე და 15 ივნისს, განათლების სამინისტროს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაში „მეცნიერება ახალგაზრდებს“ მიიღებს მონაწილეობას. პროექტს „ქემილუმინესცენცია“ კლუბისა და ეროვნული სასახლის სახელით წარადგენს გიორგი შარიქაძე.

 

- და ბოლოს, ორი სიტყვით კლუბის სამომავლო გეგმებზე...

- კლუბი ფუქნციონირების გააგრძელებს საგრანტო პროექტის დასრულების შემდეგაც. ჩვენი ლაბორატორიის აღჭურვილობა და მრავალფეროვანი რეაქტივები საინტერესო პროექტების განხორიცელების საშუალებას მოგვცემს. ცხადია კლუბის აღჭურვილობისა და რეაქტივების გამოყენება საგაკვეთილო პროცესშიც აქტიურად მოხდება.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 14-04-2024