კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი-2018“ შედეგები

დასრულდა 2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“. წელს საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო 38 პროექტი, რომელთაგან ჟიურის გადაწყვეტილებით დასკვნით ტურში გადავიდა 18. აღსანიშნავია, რომ შერჩეული ნამუშევრებიდან სამი ქიმიის დარგში იყო შესრულებული:



1. „კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით - ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ“. ერეკლე თაბაგარი, ნინო მაკასარაშვილი, თამარ დეკანოიძე.



2. „კურკუმინის ამინომჟავებთან ურთიერმედების საფუძველზე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება, შესაბამისი კომპლექსები მეტალებთან და მათი ანტიბაქტერიული თვისებები“. ლუკა ბუსქანძე, ცოტნე მიქაძე, თათია წიკლაური



3. ყურძნის უწამლი ჯიშებიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატის ტექნოლოგია. ნინო ოთარაშვილი, ნოდარ ბროლაშვილი, მარიამ უსტიაშვილი.




„ლეონარდო და ვინჩი-2018“ -ის დასკვნით ეტაპს ტრადიციულად თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა. საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები:



გრანპრის მფლობელი გახდნენ სერვანტესის სახელობის გიმნაზია „AIA-GESS” სკოლის მოსწავლეები დეა ილარიონოვა; შორენა გუჯაბიძე; მარინა გუჯაბიძე წარმოდგენილი პროექტისათვის „Health care - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა“ და გაემგზავრებიან საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით.



I ადგილის და 5000 ლარის მფლობელები გახდნენ ქ. სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები მილანა გაგულია; მარიამ ბახტაძე; ანა კალანდარიშვილი პროექტისათვის „უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის“.



II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ ქ. საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის სახ. მეორე საჯარო სკოლისა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები ერეკლე თაბაგარი; ნინო მაკასარაშვილი; თამარ დეკანოიძე პროექტისათვის
„კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით - ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისაკენ“.



III ადგილის და 2000 ლარი მოიპოვეს ქ. ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლისა და ნიკო ნიკოლაძის სახ. სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა ნატა სულაქველიძემ და გვანცა მაჩიტიძემ პროექტისათვის „უსინათლოს სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა“.



აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე ადგილზე გასული პროექტების ხელმძღვანელები არიან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრები უტა კილასონია (2017) და ელისო აბრამიშვილი (2018). გამარჯვებულ პროექტებს ჰყავდათ მეცნიერ-კონსულტანტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დავით სონღულაშვილისა და თეა მათითაიშვილის სახით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი სკოლების მჭიდრო პარტნიორობის აუცილებლობას.





კონკურსზე გარდა ჟიურის მიერ დაწესებული პრიზებსა განაწილდა სპეციალური პრიზებიც.



თიბისი ბანკმა I ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი დააჯილდოვა 1 წლიანი სტიპენდიით 200 ლარის ოდენობით, ასევე თიბისი ბანკის სტიპენდია დაენიშნა ბანკის რჩეულს - ივერი ჯაჯანიძეს.



გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრის მფლობელებს გადაეცემა 100% საუნივერსიტეტო გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს შესაბამისი სასწავლო პროგრამის ღირებულებას, გარდა ამისა, კონკურსის ფინალისტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 20%-ით.



საქპატენტი-ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავჯდომარის მოადგილემ მერაბ კუციამ პროექტის „უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის“ ავტორებს მილანა გაგულიას, მარიამ ბახტაძესა და ანა კალანდარიშვილს გადასცა 1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.



შპს მთაწმინდის პარკმა კონკურსში მონაწილე უმცროს კლასელები (VIII კლასელები), ალექსანდრე რიაბუხა, ამირან ჟვანია, დავით არველაძე მთაწმინდის პარკის 30 -ლარიანი ბარათებით დააჯილდოვა.



  

გამოქვეყნებულია: 17-11-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას