სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია მე-8 საჯარო სკოლის მე-8-ბ კლასისა და ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მოსწავლე დავით მამულაძე



 

 

ქიმია ჩემი და ჩემი მეგობრების ერთ-ერთ საყვარელ საგნად იქცა

- მოგესალმებით დავით, მოგვიყევით თქვენს შესახებ მოკლედ.
 მე დავით მამულაძე ვარ. ქალაქ ბათუმის მკვიდრი. ამ ქალაქში დავიბადე და აქ ვცხოვრობ. ვსწავლობ მე-8 საჯარო სკოლის მე-8-ბ კლასში. ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ ჩვენი კლასი, მართლაც, ბევრი რამით გამოირჩევა სკოლაში. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური,  ყველაზე მეგობრული, ყველაზე კრეატიული, ყველა აქტივობაში მაქსიმალურად ჩართული, საუკეთესო დამრიგებლითა და  კარგი შედეგებით  მოწინავე პოზიციაზე მყოფი კლასია და მე ძალიან ვამაყობ ამით.

 

- ძალიან სასიამოვნოა ასეთ კლასში სწავლა. ქიმია რამდენად გიყვართ? ან რას შეიძლება მივაწეროთ ქიმიით თქვენი  დაინტერესება?

ქიმიით ჩემი დაინტერესება, ალბათ, ჯერ კიდევ ზაფხულის არდადეგების პერიოდში დაიწყო. გავიგე, რომ მე-8 კლასში კიდევ ერთი ახალი საგანი დაგვემატებოდა, რომელსაც მანამდე არ გვასწავლიდნენ. ზოგადად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მაინტერესებს და როდესაც გავიგე, რომ ქიმიაც ერთ-ერთი მათგანი იყო, ბუნებრივია დავინტერესდი.

 

-როგორ შეიტყვეთ ჩვენი სკოლის შესახებ? ან რატომ აირჩიეთ ეს სკოლა?

როგორც ვიცი, ინფორმაცია ონლაინ სკოლა ,,ზურგჩანთის“ შესახებ სოციალურ ქსელში დადო დედაჩემის მეგობარმა. დედა დაინტერესდა და დეტალების გარკვევისა და დაზუსტების შემდეგ, გავიარე რეგისტრაცია.

 

- კეთილი, მაგრამ რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინები ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ" ?

ონლაინ სკოლა ,,ზურგჩანთა“ ნამდვილი აღმოჩენა გახდა ჩემთვის, რადგან აქ თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები უანგარო გარჯითა და დაუღალავი შრომის ფასად, არა მარტო ასწავლიან მოლეკულების ენასა და ქცევის წესებს   მსურველებს, არამედ დიდ ინტერესს უღვივებენ  და აყვარებენ   ისეთ საგანს, როგორიცაა ქიმია.   ასეთი პროფესიონალების დახმარებით, ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგვიგროვდა, ბევრი რამ გავიგეთ, ბევრი რამ ვისწავლეთ და რაც მთავარია,  ქიმია ჩემი და ჩემი მეგობრების ერთ-ერთ საყვარელ საგნად იქცა. მადლობა თითოეულ მათგანს ამ სულისკვეთებისათვის.

 

- ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის. გვახარებს ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის დახმარებით რაღაც ახალს სწავლობთ. მაგრამ რამდენად გადგებათ აქ მიღებული ცოდნა სკოლის გარეთ ან უნდაც თქვენს სასკოლო გარემოში?

აქ შეძენილი ცოდნა სასკოლო გარემოში ბევრჯერ წაგვადგა. ჯერ ერთი მარტივად ვიგებთ უკვე ნაცნობ მასალას და მასწავლებლის მიერ გაკვეთილის ახსნის პროცესშიც ვაქტიურობთ.  კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართული გაკვეთილებიც მეტად საინტერესოა, რადგან მუდმივად ჩართულები ვართ და ამის შესაძლებლობას ონლაინ სკოლაში მიღებული ცოდნა გვაძლევს.

 

-და ბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს ონლაინ სკოლას?

მადლიერი ვარ, ყველაზე მაგარი ონლაინ სკოლის შექმნის იდეა რომ გაგიჩნდათ, რომ განახორციელეთ მართლაც, საშვილიშვილო მნიშვნელობის პროექტია. პროფესიონალიზმი და ღირსება თქვენი უპირობო სავიზიტო ბარათია და მინდა ბევრი წარმატება ვუსურვო ონლაინ სკოლა ,,ზურგჩანთის“ მთლიან გუნდს,  შინაარსიანი და საინტერესო მიზნები ბევრი განგეხორციელებინოთ.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 15-04-2022