სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ონლაინ სკოლა “ზურგჩანტას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თამარ ხატისაშვილი



 

 

ჩვენთან გამოცდა თვითშეფასებაა და არა შეფასება

ჩვენი გვერდი ფართოდ აშუქებს ონლაინ სკოლა „ზურგჩანთას“ აქტივობებს. ჩვენ საზოგადოებას გავაცანით იმ ახალგაზრდა მასწავლებელთა კოჰორტა, რომლებიც უძღვებიან სასწავლო პროცესს და დაუზარებლად მუშაობენ საკლასო ოთახებში რეგულარულად. ჩვენი ვებგვერდის საშუალებით კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადოთ. მაგრამ ხშირად საინტერესოა ისიც , თუ რა ხდება კულისებში. მასწავლებელი ყოველთვის წინა პლანზეა და შედარებით თვალნათლივ ჩანს მისი შრომა. მაგრამ სკოლამ რომ სრულყოფილად იმუშაოს და გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, ამისათვის მთელი რიგი ღონისძიებებია გასაწევი საკლასო ოთახს მიღმაც. სწორედ ამ საკითხებზე გვინდა დღეს თქვენთან საუბარი. მოდი, თავიდან ძალიან მოკლედ გვითხარით, რა არის ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ თქვენთვის? ორი სიტყვით, როგორ დაახასიათებდით მას და მის როლს?

 „ზურგჩანთა“ არის ქიმიის უფასო ონლაინ-სკოლა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის. სკოლაში სწავლა შეუძლია ნებისმიერი კლასის მოსწავლეს, რომელიც ჩვენი სკოლის ვებ-გვერდზე გაივლის რეგისტრაციას.  (http://chemistry.ge/school/index.php). სკოლის ფუნქციონირებას კურირებს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო უშუალოდ სწავლების პროცესში ჩართული არიან როგორც გამოცდილი მოქმედი  მასწავლებლები, ასევე ახალგაზრდები, რომლებსაც სამომავლოდ გადაწყვეტილი აქვთ ქიმიის მასწავლებლობა. გაკვეთილები ტარდება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით, კვირაში 2-ჯერ თითოეული კლასისათვის (მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და გაღრმავებული კურსი) ცალ-ცალკე, თუმცა zoom-ის ლინკის მიღება მოსწავლეს შეუძლია ონლაინ სკოლის საკლასო ოთახში შესვლით. შესაბამისად,  სკოლის ვებგვერდი რეალური სკოლის ვირტუალური რეალობის ანალოგიურია. 

მეცადინეობები ორიენტირებულია როგორც მასალის მიწოდებაზე, ისე თეორიული საკითხების პრაქტიკულ დამუშავებაზე. გარდა ამისა, მოსწავლეთა მიღწევები იზომება პერიოდული შეფასებით და განისაზღვრება მოსწავლეთა წარმატებულობის რეიტინგი.

 

- თქვენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ხართ. ზოგადად, რა როლი აკისრია ამ საბჭოს და რამდენად არის ჩართული სასწავლო პროცესში?

სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები ჩვენს სკოლა საკმაოდ ფართოა. იგი მარტო სკოლის ადმინისტრირებით არ არის დაკავებული. საბჭო პრეროგატივაა მასწავლებლების მოზიდვა და შერჩევა. ვინიდან ჩვენის სკოლის ერთ-ერთი მიზანი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მასწავლებლების გაზრდაცაა, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ჩვენს მასწავლებლებთან მათი საგნობრივი, ისე ზოგადი კომპეტენციების გაზრდის მიზნით. რეგულარულად, თითოეულ გაკვეთილზე შესვლის წინ ვსაუბრობთ გაკვეთილზე განსახილველ საკითხებზე, მათ სიღრმეზე, მასალის მიწოდების ფორმებზე და მეთოდებზე. სამეთვალყურეო საბჭოში ბევრი კვალიფიცირებული მასწავლებელი შედის და ისინი თავიან  გამოცდილებას უზიარებენ ახალგაზრდა მასწავლებლებს.

სამეთვალყურეო საბჭო ასევე პასუხისმგებელია სასწავლო რესურსების თემატურ და ხარისხობრივ საკითხებზე. კერძოდ, ყველა საგაკვეთილო საპრეზენტაციო მასალა იქმნება და/ან მოწმდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მონაწილეობით.  ჩვენ შევეცადეთ და შეიძლება ითქვას, რომ მივაღწიეთ, სკოლა ყოფილიყო თვითმკმარი, რაშიც იგულისხმება, რომ სწავლებისათვის საჭირო რესურსები მთლინად ჩვენი სკოლის მიერ არის შექმნილი. სასწავლო რესურსებში ცხადია არ ვგულისხმობთ მხოლოდ პრეზენტაციის ფაილებს.

 

-დიახ.  თქვენ საინტერესო საკითხს შეეხეთ. ჩვენც ვაპირებდით ამ კითხვის დასმას. რა სასწავლო რესურსებს სთავაზობს თქვენი სკოლა?

- ჩვენი ონლაინ-სკოლა გამოირჩევა რესურსების მრავალფეროვნებით. ვირტუალურ სკოლაში გვაქვს საკუთარი ბიბლიოთეკა და სამეცადინო ოთახი. ონლაინ ბიბლიოთეკაში მოსწავლეებს შეუძლიათ გაეცნონ ჩვენივე ავტორების მიერ შექმნილ ქიმიის სახელმძღვანელოებს. სახელმძღვანელოები შექმნილია თითოეული კლასისთვის და მოიცავს ყველა იმ ძირითად საკითხს, რომელიც ეძლევა მოსწავლეებს გაკვეთილებზე პრეზენტაციების სახით. გარდა ამისა, სახელმძღვანელოები მოიცავს როგორც საკლასო, ისე საშინაო დავალებებს.

რაც შეეხება სამეცადინო ოთახს, იგი წარმოადგენს ტესტირების ვებგვერდს, რომელშიც მოსწავლეს დამოუკიდებლად, მისთვის სასურველ დროს შეუძლია შეარჩიოს ტესტი თემატიკის, სირთულის, კლასის მიხედვით და ივარჯიშოს. სამეცადინო ოთახის ტესტები აღჭურვილია ასევე დახმარების ფუნქციითაც - ზოგიერთ სრულ კითხვას ახლავს დახმარების ღილაკი და/ან ბმული შესაბამის თეორიულ საკითხზე გადასასვლელად, რომლის გაცნობა დაეხმარება ტესტის სწორი პასუხის შერჩევაში.

 გარდა ამისა, თითოეული გაკვეთილისათვის შექმნილია პრეზენტაციები, სადაც წარმოდგენილია როგორც თეორიული მასალა და შესაბამისი თვალსაჩინოებები. ეს ყოველივე უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას, რაც ეფექტური სწავლების საწინდარია.

 

- თქვენი სკოლის სასწავლო რესურსები რამდენად არის თავსებადი ესგ-თან?

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროგრამა მჭიდრო კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, თუმცა არ არის მხოლოდ იმ საკითხებით შემოფარგლული, რომელიც ესგ-შია მოცემული. ჩვენ ვთვლით, რომ ესგ არის მინიმალური სტანდარტი. ეროვნული სასწავლო გეგმა ადგენს, თუ რა უნდა იცოდეს აუცილებლად მოსწავლემ, ანუ რა მინიმალური ცოდნა უნდა ჰქონდეს მას ქიმიაში.  შესაბამისად, ჩვენი სასწავლო მასალა მოიცავს ესგ-თი გათვალისწინებულ საკითხებს, თუმცა არ არის მხოლოდ მისით შემოფარგლული და ითვალისწინებს საკითხების უფრო სიღრმისეულ შესწავლას.

რაც შეეხება „გაღრმავებული“ სწავლების ჯგუფს, მისი პროგრამა შედგენილია ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის (IChO) სილაბუსის მიხედვით.

თითოეული სასწავლო პროგრამა დეტალურად წარმოდგენილია „ზურგჩანთას“ ვებ-გვერდზე (http://chemistry.ge/school/programs.php).

 

- სწავლებაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია შეფასება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ შეფასება ონლაინ სწავლების „აქილევსის ქუსლია“. თქვენი სკოლა როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას?

დიახ, გეთანხმებით. შეფასება ონლაინ სწავლების დროს არის ყველაზე რთული მომენტი. მაგრამ ეს სირთულე დგება, როცა ჩვენ გვინდა გავზომოთ სხვისი ცოდნა. ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ ამ საკითხს სხვაგვარად უყურებს, რაც თავიდან გვარიდებს ზემოთნახსენებ სირთულეს. ჩვენი სკოლის სწავლების მთავარი კრედოა მივცეთ ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავების საშუალება. ჩვენ ვთვლით, რომ ვინც ჩვენთან სწავლობს, სხვა მოტივაცია არ ამოძრავებს, თუ არა რეალური ცოდნის შეძენა/გაღრმავება ქიმიაში. იგივე კონცეფციით ვუყურეთ შეფასებასაც. ჩვენ კი არ ვაფასებთ მოსწავლეებს, არამედ ისინი აფასებენ საკუთარ თავს. ჩვენ უბრალოდ ამის „ტექნიკურ“ საშუალებას ვაძლევთ საგამოცდო ოთახისა და სარეიტინგო ტესტების საშუალებით.  მოსწავლეები მათი სურვილის შემთხვევაში ყოველ მეცადინეობის შემდეგ საკლასო ოთახიდან გადადიან საგამოცდო ოთახში და მასწავლებლის მიერ მიცემული დღის ტესტის ნომრის მიხედვით ხსნიან რამდენიმე კითხვიან ბლიც-ტესტს, რომელიც კითხვებს მოიცავს იმავე დღის გაკვეთილიდან. ამგვარი მიდგომა მოსწავლეებს „აიძულებთ“ მთელი საგაკვეთილო პროცესი აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილში. 

შეფასების სისტემა ასევე მოიცავს რამდენიმე შუასემესტრულ ტესტირებასაც, რომელშიც საკითხების რაოდენობა და სირთულე გაცილები მეტია ბლიც-ტესტებთან შედარებით. ამ ტესტების მიზანია, მოსწავლეებმა კითხვებს უპასუხონ საკითხების საფუძვლიანად მომზადების შემდეგ და ისე შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობას იღებს როგორც ბლიც-, ისე შუასემესტრულ ტესტირებებში.

ტესტირებებში მიღებული ქულების მიხედვით დგება რეიტინგის შკალა, თავის მხრივ ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციას, აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო-საგამოცდო პროცესებში.

- დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. გისურვებთ წარმატებას თქვენც და თქვენს მოსწავლეებსაც.

 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 18-02-2022