სტუმრები

ჩვენი სტუმარია ხატია ყურაშვილი, ონლაინ სკოლა "ზურგჩანთას" მე-8 კლასის მასწავლებელი



 

 

მინდა მეც ის ერთ-ერთი ადამიანი ვიყო, ვინც მომავალ თაობებს სწორ მიმართულებას მისცემს

- გაგვეცანით. ვინ არის  ხატია ყურაშვილი ?

მოგესალმებით. 2016 წელს დავამთავრე ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია. 2016-2020 წლებში ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე. დავამთავრე ქიმიის საბაკალავრო პროგრამა. სწავლის პროცესში ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიანტი. სწავლის დროს აქტიურად ვმონაწილეობდი შიდასაუნივერსიტეტო აქტივობებში. 2016-2017 წწ მონაწილეობა მივიღე საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის პროექტ „ შეიყვარე პროფესია - შეაყვარე სხვას“, რომლის ფარგლებშიც ვსტუმრობდით სხვადასხვა სკოლას და სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტებს ვუტარებდით.  2017 წელს მოვიპოვე მეორე ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. 2019-2020 წწ გავიარე საწარმოო პრაქტიკა „ დუგლაძეების ღვინის კომპანიაში“. 2019-2020წწ  ვიყავი ნორჩქიმიკოსთა კლუბების კოორდინატორი ერთ-ერთ რეგიონში. 2019 წელს ვიყავი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური კონფერენციის ოქროს რიცხვი 2019-ის“ ორგანიზატორი .

2021 წელს გავხდი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი.

2020 წლიდან დღემდე ვმუშაობ შ.პ.ს „ლუდის სამოთხეში“ ოპერატორის პოზიციაზე.

 

- რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

ქიმიისა და ბავშვების მიმართ ჩემი  დამოკიდებულება განსაკუთრებულია. პიროვნების ცნობიერების ფორმირებაში გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე ადამიანები მასწავლებლები არიან. სწორედ ამიტომ დიდ პატივს ვცემ ამ პროფესიას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეპყრობი და მინდა მეც ის ერთ-ერთი ადამიანი ვიყო, ვინც მომავალ თაობებს სწორ მიმართულებას მისცემს ცხოვრებისეულად და პროფესიულად.  ბავშვებში ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ მაქვს ენთუზიაზმი მომავალ თაობას ვუწილადო ქიმიის  ხარისხიანი და საფუძვლიანი ცოდნა.  მასწავლებლობა მომცემს საშუალებას მაქსიმალურად გამოვავლინო საკუთარი შესაძლებლობები და შევიძინო უფრო მეტი გამოცდილება.

 

- რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა  „ზურგჩანთა“?

ეს არის სკოლა, რომელიც აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებს. ქალაქისა და რეგიონის მოსწავლეებს თანაბარი შანსი აქვთ ისწავლონ ქიმია გაღრმავებული კურსით. პანდემიამ შეგვიცვალა ცხოვრების ჩვეული წესი, სახლში გამოკეტილებისთვის ერთადერთი გამოსავალი ონლაინ სწავლა არის. საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ შეძლო გაეკეთებინა თანამედროვე პროექტი, აღედგინა მოსწავლეებისთვის ცოდნის დანაკლისი. ონლაინ სკოლამ „ზურგჩანთა“ მომცა საშუალება პირველი ნაბიჯი გადამედგა მასწავლებლობაში. ონლაინ სკოლა მაძლევს საშუალებას განვითარდე როგორც მასწავლებელი. კარიერული წინსვლა ყველა პროფესიითვის უმნიშვნელოვანესია. ამ სკოლის წყალობით შემიძლია გავიცნო ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეები, დავეხმარო მათ ღრმად შეისწავლონ ქიიმის საგანი.

 

- რას შესთავაზეთ მოსწავლეებს განსაკუთრებული და განსხვავებული ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამისა და სასწავლო პროცესისაგან ?

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ მოსწავლეებს სთავაზობს  არასტანდარტულ და განსხვავებულ სწავლებას, ჩვეულებრივი სასკოლო პროგრამისგან განსხვავებით. აქ მოსწავლეებს შეუძლიათ ქიმია ისწავლონ სხვა რაკურსით, გაიღრმავონ ცოდნა თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებით.

 

- რას ურჩევთ თქვენს მოსწავლეებს?

ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ , იყვნენ მიზანდასახულები, უყვარდეთ შრომა , დაისახონ მიზნები და იბრძოლონ ამ მიზნების ასრულებისთვის. არ შეუშინდნენ ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს , არ არსებობს წარმატებული ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია მარცხი. გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რაც მათ დაეხმარება კარიერულ წინსვლაში.

 

- უკვე ერთი თვე გავიდა რაც ამ სკოლაში ასწავლით. როგორ შეაჯამებდით გავლილ პერიოდს?

 განვლილ პერიოდს რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ. მისასალმებელია ის ფაქტი რომ, ამ სკოლაში ყველა მასწავლებელი ახალგაზრდა და დამწყები კადრები ვართ, მოსწავლეებთან ურთიერთობა გვეხმარება ფესვები გავიდგათ მასწავლებლობაში. ძალიან სასიამოვნოა მოსწავლეებთან ურთიერთობა, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეზრდება ნიჭიერი და მიზანდასახული მომავალი თაობა .

წარმატებებს ვუსურვებ პროექტს და პროექტის თითოეულ მონაწილეს.

 

 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 02-12-2021

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები