დღეს ჩვენი სტუმარია ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მედალოსანი საბა თავდგირიძე



 

IChO-2017-ის მედალოსანი

-გამარჯობა საბა, როგორც ვიცი, chemistry.ge-ს აქტიური მომხმარებელი ხარ და შესაბამისად ისიც იცით, რომ ასოციაცის კვირის სტუმრის რუბრიკაში პროფესორებსა და მეცნიერებთან ერთად, უკვე წარმატებული სტუდენტებთან და მოსწავლეებთანაც დავიწყეთ ინტერვიუების განთავსება. როგორ შეაფასებ ამ ნაბიჯს?

-დადებითად შევაფასებ. რუბრიკაში ძირითადად თავსდება ესეები ქიმიაზე და იმ პრობლემებზე რაც ამ სფეროში გვაქვს. შესაბამისად, გაცილებით უკეთესი იქნება თუ არსებულ პრობლემებს წარმატებული ახალგაზრდების თვალითაც დავინახავთ.

-საბა , როგორც ახლაგაზრდა ქიმიკოსი, შეგიძლია ქიმიის განვითარების პერსპექტივები შეაფასო ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მთელ მსოფლიოში?

-პასუხი იმაზე, თუ როგორია ქიმიის განვითარების პერსპექტივები მსოფლიო მასშტაბით, მარტივია და არა მგონია ვინმესთვის სიახლეს წარმოადგენდეს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ქიმია ვითარდება უსწრაფესი ტემპით. აი, რაც შეეხება საქართველოს, აქ პასუხი ცოტათი რთული იქნება. აქცენტი, ვფიქრობ, ახალი თაობის ამ პროფესიით დაინტერესებასა და მასწავლებლის პროფესიის დაფასებაზე უნდა გაკეთდეს. უნდა გაიხსნას ახალი ლაბორატორიები და არსებული გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, პერსპექტივებიც უფრო რეალური და ჩვენთვის სასურველი იქნება. დასასრულს, ქიმიის ოლიმპიადების პოპულარიზაცია ძალიან ეხმარება ამ საქმეს, ვინაიდან აქ წარმატებულ ბავშვებს აქვს ის გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რითიც ჩვენთან ქიმიის განვითარებას შეუწყობენ ხელს.

-როგორც ვიცით, ქიმიის ეროვნული ნაკრების წევრი და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის მედალოსანი ხართ. გთხოვ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება.

-ქიმიის ოლიმპიადით 3 წლის წინ, მე-10 კლასში დავინტერესდი და იქიდან მოყოლებული, ქიმია ჩემი მეცადინეობის ძირითად საგანს წარმოადგენს. პირველ წელს რეზერვში მოვხვდი, შემდეგი ორი წელი კი ნაკრების წევრი ვიყავი. ოლიმპიადებში მონაწილეობა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო ჩემთვის. ამ დროს ამოწმებ შენს ცოდნას, ეჩვევი შეზღუდულ დროში მუშაობას და ამ ცოდნას უკვე პრაქტიკაში იყენებ. საერთაშორისო ოლიმპიადის მედალოსნობა ძალიან სასიამოვნო და საამაყოა ჩემთვის, ვინაიდან ეს იმ შრომის დაფასებაა, რაც ქიმიის მეცადინეობაში ჩავდე.

-როგორ მოხდა საქართველოს ქიმიის ეროვნული ნაკრების დაკომპლექტება?

-ეროვნული ოლიმპიადის საფუძველზე შეგვარჩიეს 15 საუკეთესო მოსწავლე 10-12 კლასებიდან. გავიარეთ ნაკრების შესარჩევი ორი ტური. საუკეთესო ოთხეული მოვხვდით ნაკრებში, შემდეგი ოთხეული კი რეზერვში.

-რა სახის კითხვები შეგხვდათ ოლიმპიადაზე.

-ოლიმპიადაზე იყო კითხვები, როგორც ორგანული და არაორგანული, ასევე ფიზიკური და ანალიზური ქიმიიდან. ზოგადად კითხვები ძალიან საინტერესოა, ცოდნასთან ერთან მოითხოვს კრეატიულობას და ანალიტიკურ აზროვნებას.

-რის მიხედვით და როგორ ხერხდება მონაწილეთა შეფასება და მედალოსნების გამოვლენა?

-ბავშვების ნაწერების შემოწმება ხდება სამეცნიერო კომიტეტისა და ამოცანების ავტორების მიერ შეფასების სქემაზე დაყრდნობით. ამას მოსდევს აპელაციის პერიოდი, რამაც შეიძლება უმნიშვნელოდ შეცვალოს შედეგები. მედალოსნების გამოვლენის წესი დაახლოებით ასეთია: რეიტინგული სიის მიხედვით მოსწავლეების პირველი მერვედი იღებს ოქროს მედლებს, ვერცხლს და ბრინჯაოს მედლებს კი, შესაბამისად ორჯერ და ოთხჯერ მეტი ეუფლება ვიდრე ოქროს.

-ქიმიის რომელი მიმართულებით აპირებ კარიერის გაგრძელებას და მომავალში რა გეგმები გაქვთ?

-ჯერ პირველკურსელი ვარ, შესაბამისად ვფიქრობ ადრეა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

-შენი აზრით, ოლიმპიადაში ასეთი წარმატება როგორ იმოქმედებს თქვენს მომავალ კარიერაზე?

-ვფიქრობ, ოლიმპიადაში მოპოვებული წარმატება დიდ გავლენას მოახდენს ჩემს კარიერაზე, თუმცა მთავარი ისაა, რომ ოლიმპიადებმა ამ წლების მანძილზე მომცა დიდი ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები.

-დიდი მადლობა საბა და მომავალშიც ასეთი წარმატებებს გისურვებთ.

 

ესაუბრა იბრაგიმ მამედოვი

2017-09-07

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას