ჩვენი სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე. ქალბატონი ქეთევანი მიწვეული იყო ვარშავის კოპერნიკის ცენტრში. სწორედ ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს იგი.



• 1993წ. წარჩინებით დაამთავრა ს.ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით; • 1993წ. სტაჟირებით მივლინებულ იქნა საფრანგეთში გრაფინია კაროლინ დე ლოღჟეღილის საზაფხულო სკოლაში; • 1993-1996წწ. სწავლობდა ს.ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ასპირანტურაში; • 1993-1996წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი ფრანგული ენის მიმართულებით. • 1994-1996წწ. - ს.ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი-ჟურნალისტიკა; • როგორც ჟურნალისტი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. • 1998წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; • 2003წ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. • სტუდენტობის და ასპირანტობის პერიოდში იყო უშინსკის, მელიქიშვილის და პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიატი. • ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიის და ერთი სახელმძღვანელოსი. ასევე მისი ავტორობით შექმნილია სამი ვირტუალური სასწავლო პროგრამა ქიმიასა და ბიოქიმიაში. • აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში. • არის საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების წევრი. • ფლობს ქართულ, რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს. კითხულობს ლექციების კურსს შემდეგ შემდეგ დისციპლინები: • არაორგანული და ორგანული ქიმია; • ბიოქიმია; • ეკოლოგიური ქიმია; • ბიოინფორმატიკა;

 

ქიმიაზე, პოლონეთზე და არა მხოლოდ...

სტანდარტული სამუშაო დღე იდგა, როცა ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. უცხო ნომერი იყო და შესაბამისად ჩემთვის უცნობი ადამიანი რეკავდა. საკუთარი თავის და მისივე ორგანიზაციის წარდგენის შემდეგ მაშინვე საქმეზე გადავიდა, პოლონეთში, ვარშავაში, კოპერნიკის ცენტრში სამუშაო ვიზიტით გამგზავრება შემთავაზა. კოპერნიკის ცენტრი მართლაც მომხიბლავი იყო ჩემთვის. მით უმეტეს, მსგავს ადგილას ბერლინის სპექტრუმში ნამყოფი ვიყავი და შედარება ძალიან საინტერესო იქნებოდა. ამ ვიზიტს კიდევ ერთი ხიბლი ჰქონდა- კოპერნიკის მეთოდოლოგიას შიგნიდან, მისივე სამზარეულოდან გაგაცნობდნენ.

მოკლედ, 11 სექტემბერს ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ვარშავაში გავფრინდი. კოპერნიკში სამი სრული სამუშაო დღე გვქონდა, დანარჩენი დღეები კი სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სკოლაში და თქვენ წარმოიდგინეთ საბავშვო ბაღშიც კი მოგვიწია მისვლამ. დიახ, თავიდან მეც თქვენსავით გავიოცე, საბავშვო ბაღში რატომ მივდივართ-თქო, თუმცა მალევე მივხვდი რატომაც. აქ ბავშვებს მეცნიერებასთან ბაღიდანვე აზიარებენ და მარტივ ცდებს დიდი ხალისით ატარებენ პატარები.

თუმცა, დავუბრუნდეთ კოპერნიკს. პირველი რაც თვალში მომხვდა უზარმაზარი რიგები იყო და სრული სამი დღე დილიდან საღმომდე ასე გრძელდებოდა. როგორც ცენტრის ექსპერტმა გვითხრა, აქ მუდმივად რიგიაო. იცით რა ვიფიქრე? ნეტავ საქართველოში რომ გახსნან ამგვარი ცენტრი, ჩვენთანაც სულ რიგები იქნება? ამგვარად აინტერესებთ ჩვენს ბავშვებსაც ნეტა მეცნიერება?

ცენტრში ყველა მეცნიერებაა წარმოდგენილი, თუმცა ჩემთვის ბუნებრივია, ყველაზე საინტერესო მეორე სართულზე მდებარე ქიმიის ლაბორატორია იყო. ასეთ ლაბორატორიას მართლაც რომ ინატრებს ადამიანი. თითოეული საათი გაწერილი აქვთ, პირდაპირ სკოლებიდან მოყავთ მათივე პედაგოგებს მოსწავლეები, რომ სწორედ ამ ლაბორატორიაში ჩაუტარდეთ პრაქტიკული მეცადინეობები. პროგრამა კი თვით ლაბორატორიას აქვს შემუშავებული და ინტერნეტში აქვეყნებენ. მაგ. სექტემბრის პროგრამა ასეთი ჰქონდათ: 1. მჟავები და ინდიკატორები; 2. მეტალები და მჟავები; 3. მჟავები ყოფაში. მოკლედ, სულ მჟავები იყო პროგრამაში, ოღონდ სხვადასხვა რაკურსით. ლაბორატორიის კედლებზე წარწერებია გაკეთებული, რომელიც გამცნობთ ვინ, რომელ წელს, სად რა აღმოჩენა გააკეთა ქიმიაში. კარებზე კი იმ ფირმის ბანერია, ვინც ლაბორატორიას ასპონსორებს. ნეტავ ჩვენთან ბიზნესის სფერო როდის მიხვდება, რომ მეცნიერებაში ფული უნდა ჩადოს და შედეგად ძალიან დიდ მოგებას მიიღებს- განათლებულ ხვალინდელ თაობას!

პირველ სართულზე პატარებისთვის განკუთვნილი მეცნიერების ოთახია. მშობლებთან ერთად მოდიან და ძალიან სახალისო ინტერაქტიური გაკვეთილები უტარდებათ ხან ბიოლოგიაში, ხან ქიმიაში და ხანაც ფიზიკაში. სექტემბრის თემა იყო- გაზები, საფუარი და სოკო.

ცენტრის უზარმაზარ ფოიეებში უხვად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც მსურველებს შოუს უმართავენ. ეს სახალისო მეცნიერებაა და შოუმენებს-ანიმატორები ეწოდებათ. რამაც გამაოცა, არის ის რომ მაგ. ქიმიაში შოუს აკეთებს სოციოლოგი, ფიზიკაში-ფილოლოგი და ა.შ. მართალია, მათი კონსულტანტები უკვე საგნის პროფესიონალები არიან, მაგრამ მაინც საოცარია არა? ამიტომ, ანიმატორები ტექსტს და მანიპულაციებს უბრალოდ იზეპირებენ. ხედავთ რა გამოდის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იმდენად მომხიბლავია, რომ უკვე სხვა პროფესიის ადამიანები ცდილობენ მათ „დაპატრონებას“.

ცალკე სფეროა კოპერნიკში ჩატარებული მასწავლებელთა ტრენინგები. მეთოდიკის თანახმად, მასწავლებელმა უნდა შეძლოს თუნდაც უმარტივესი ექსპერიმენტის ჩვენება იმით, რაც აქვს. ერთ-ერთ ასეთ ტრენინგში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. ჩემს მაგიდაზე იდო ლიმონი, სოდა, წითელი კომბოსტო, ძმარი. ანუ, ამით ხაზი ესმება იმას, რომ სამზარეულოს ატრიბუტებითაც უნდა შეძლო მოსწავლეს რაიმე აჩვენო.

ვარშავიდან ოციოდე წუთის სავალზეა ვილანოვების ცნობილი სასახლე. შეიძლება გაგიკვირდეთ ვილანოვის სასახლე ქიმიასთან რა კავშირშიაო. სრულიად არანაირი კავშირი არ იარსებებდა ედუარდ II-ის პირადი ქიმიკოსი (უფრო სწორედ ალქიმიკოსი) არნოლდ ვილანოვი რომ არა. დიახ, ეს ის ალქიმიკოსია მეფისთვის საიდუმლო ლაბორატორიაში ოქროს მიღებას, რომ ცდილობდა და ძალიან უცნაურ ჩანაწერებსაც აკეთებდა. მაგ. „აიღეთ ფილოსოფიური ვერცხლისწყალი და გაახურეთ, სანამ ის წითელ ლომად არ გადაიქცევა. წითელი ლომი მჟავე ყურძნის სპირტთან გააცხელე ქვიშის აბაზანაზე. სითხე ბოლომდე ამოაშრე, სანამ ვერცხლისწყალი არ გადაიქცევა ქვისმაგვარ ნივთიერებად, რომელიც შეიძლება დანით დაიჭრას. მოათავსე ის თიხაწასმულ რეტორტაში და დაიწყე მისი გამოხდა. მიიღებ ფლეგმას, სპირტს და წითელ წვეთებს. კიმერიული ჩრდილები რეტორტას მთლიანად დაფარავენ და მის შიგნით წარმოიქმნება ნამდვილი დრაკონი, რომელიც შთანთქავს თავისავე კუდს. აიღე ეს შავი დრაკონი, დასრისე ქვაზე და შეეხე გაცხელებული ნახშირით. ის აინთება და მიიღებს ულამაზეს ლიმონის ფერს, შემდეგ კი მწვანე ლომად გარდაიქმნება.შეეცადე, რომ მან შთანთქას თავისი კუდი და კვლავ გამოხადე. გაცხელების შემდეგ მიიღებ ცხელ წყალს და ადამიანის სისხლს.“

მოგვიანებით ეს ჩანაწერი ფრანგმა ქიმიკოსმა ჟან-ბატისტ ანდრე დიუმამ გაშიფრა: „ფილოსოფიური ვერცხლისწყალი – ტყვიაა. მისი გაცხელებით ვიღებთ ტყვიის ყვითელ ჟანგს, რომელიც შემდგომი გაცხელებით გარდაიქმნება წითელ ლომად (წითელი სურიკი). შემდეგ სურიკს აცხელებენ ღვინის ძმართან ერთად, რომელიც ტყვიის ჟანგს გახსნის. სითხის აორთქლების შემდეგ დარჩება არასუფთა ტყვიის აცეტატი. მისი თანდათანობით გაცხელებისას ხსნარში გამოიხდება ჯერ საკრისტალიზაციო წყალი (ფლეგმა), შემდეგ სპირტი (აცეტონი) და ბოლოს მუქი წითელი ზეთისებრი სითხე. რეტორტაში რჩება შავი მასა, ანუ შავი დრაკონი. Eეს დანაწევრებული თუთიაა. ცხელ ნახშირთან შეხებისას ის იწყებს დნობას და გარდაიქმნება ტყვიის ყვითელ ოქსიდად, ანუ, შავი დრაკონი შეჭამს თავისივე კუდს და წარმოქმნის მწვანე ლომს. ის კვლავ შეიძლება გარდაიქმნას ტყვიის აცეტატად და ყველაფერი თავიდან განმეორდეს.“

ვილანოვის სასახლის მეორე სართულზე, პორტრეტთა გალერეაში ცნობილი ალქიმიკოსის სურათს საპატიო ადგილი უკავია.

და რა თქმა უნდა, მარია სკლადოვსკაია-კიური, რომლის მუზეუმშიც სამწუხაროდ ვერ მოვხვდი იქ მიმდინარე მცირე რემონტის გამო. თუმცა, ვარშავის უნივერსიტეტის ფოიეში მისი უზარმაზარი სურათია გამოფენილი, მისივე კეთილი ხუმრობით: „კაცებსაც შეუძლიათ მეცნიერების კეთება“.





პატარა ქიმიკოსის კუთხე საბავშვო ბაღში


წარწერები ლაბორატორიის კედლებზე: ვინ, როდის, სად, რა აღმოაჩინა


ექსპერიმენტი „არაფრისგან“


ვილანოვის სასახლე


არნოლდ ვილანოვი


ლაბორატორიაში


მარია სკლადოვსკაია-კიურის სურათი ვარშავის უნივერსიტეტის ფოიეში


ანიმატორი სოუს კეთებისაას

 

ესაუბრა www.chemistry.ge

2012-10-12

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას