დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს მეცნირებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პეტრე მელიქიშვილი სახელობის პრემიის ლაურიატი, პროფესორი შოთა სამსონია



1967 წელს პოლიკარბონატების ქიმიის სფეროში ჩატარებული კვლევისათვის მას მიენიჭა საბჭოთა კავშირის მენდელეევის საზოგადოების დიპლომი; 1980 წელს ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიის სფეროში – პეტრე მელიქიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია; 1986 წელს ახალი წებოს კომპოზიციის შემუშავებისათვის და მისი დანერგვისათვის მოსკოვის მანქანათმშენებელ ქარხანაში „კომუნარი“, მის ხუთ კოლეგასთან ერთად – “საბჭოთა კავშირის გამომგონებლის” მედალი; 1991 წელს – ივანე ჯავახიშვილის მედალი; 1998 წელს – ღირსების მედალი; ხოლო 2007 წელს დაჯილდოვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიგელით.

2006–2010 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს – “სენატის” წევრი. არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის წევრი; აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული ნავთობქიმიურ საკითხთა დროებითი დარგობრივი საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე; აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების დარგობრივი კომისიის “ფარმაკოქიმიის” თავმჯდომარის მოადგილე და დარგობრივი კომისიის “ქიმია” ორგანული ქიმიის ქვეკომისიის თავმჯდომარე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის “მაცნე”, ქიმიის სერია, რედკოლეგიის წევრი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ქიმიის დარგში.

აღნიშვნის ღირსია მისი ღვაწლი მეცნიერ კონსულტანტის რანგში 1995-2010 წლებში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ჩამოყალიბების მიმართულებით.

გამოქვეყნებული აქვს 550-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია (მათ შორის 290-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 30 წიგნი, 18 პატენტი, 200-ზე მეტი სამეცნიერო თეზისი). მისი სამეცნიერო ინტერესეთა სფეროებია: ჰეტეროციკლურ ნაერთთა და ბუნებრივ ნაერთთა ქიმია, ფოტოქიმია, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და ნავთობქიმიური სინთეზი.

 

ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი

წელს საქართველოს მეცნირებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტს, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორს, პეტრე მელიქიშვილი სახელობის პრემიის ლაურიატს, პროფესორ შოთა სამსონიას შეუსრულდა დაბადებიდან 70 და სამეცნიერო - პედაგოგიური მოღვაწეობის 45 წელი. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩვენი რედაქცია სტუმრად ეწვია მას უნივერსიტეტში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული ინტერვიუ გასულ წელს გვქონდა დაგეგმილი ბატონ შოთასთან, მაგრამ მისი მოუცლელობის გამო დიდი ხნით გადაიდო. ახლა კი როგორც იქნა დავითანხმეთ შეხვედრაზე...

  

- პირველ რიგში, ბატონო შოთა გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს , წინსვლას და შემოქმედებით დატვირთულ ცხოვრებას პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში... თქვენ 1967 წლიდან დღემდე მოღვაწეობთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მრავალი წელი მიუძღვენით საქართველოში მეცნიერების განვითარებასა და უმაღლესი ქიმიური განათლების გავრცელებას. გვიამბეთ თქვენი მოღვაწეობის შესახებ.

1978-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის, შემდგომში, 1990-2005 წლებში, ამ კათედრის ბაზაზე ორგანიზებული ორგანული ქიმიისა და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის კათედრისა და 2006 წლიდან დღემდე თსუ-ს ორგანული ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელობის პერიოდში აღიზარდა კვალიფიციურ ქიმიკოსთა არაერთი თაობა, რომლებიც მოღვაწეობენ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

ჩემი სამეცნიერო კონსულტანტობით, ხელმძღვანელობითა და თანახელმძღვანელობით, ჩემსავე აღზრდილებთან ერთად, მომზადებული და დაცულია 36 სამეცნიერო დისერტაცია, მათ შორის 6 ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, 28 მეცნიერებათა კანდიდატის და 2 აკადემიური დოქტორის. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ აღზრდილი სამეცნიერო ხარისხის მქონე სპეციალისტთა რიცხვი მუდმივად იზრდება.

დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის 17-კაციან კოლექტივში მოღვაწეობს ჩემი აღზრდილი ოთხი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი: იოსებ ჩიკვაიძე, ჯუმბერ კერესელიძე, როზა კუბლაშვილი და მარინა ტრაპაიძე.

  

- გვიამბეთ თქვენს მიერ განვლილ გზაზე უნივერსიტეტის კედლებამდე.

1978 წელი დავამთავრე თბილისის მერვე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე; შემდეგ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარჩინებით. 1960 წლიდან ვიყავი პეტრე მელიქიშვილის სახელობის სტიპენდიანტი, 1963 წლიდან ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შემდგომ, ორგანული ქიმიის კათედრის გამგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ ილია გვერდწითელის რეკომენდაციითა და ხელშეწყობით, 1964-1967წწ მენდელეევის სახელობის მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიმაგრებული ასპირანტი, 1974-1976 წლები - ამავე ინსტიტუტის დოქტორანტი.

 

- რას ეძღვნებოდა თქვენი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები და ვინ იყვნენ თქვენი სამეცნიერო ხელმძღვანელები?

ჩემი საკანდიდატო დისერტაცია შესრულებული იქნა მაკრომოლეკულების ქიმიის სფეროში, პოლიკარბონატების ქიმიის აღიარებული სპეციალისტების მენდელეევის სახელობის მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორ გერმან კოლესნიკოვისა და დოცენტ ოლგა სმირნოვას სამეცნიერო ხელმძღვანელობით. სადოქტორო დისერტაცია შესრულებული იქნა ორგანული ქიმიის სფეროში და მიეძღვნა ახალი ჰეტეროციკლური სისტემების „პიროლოინდოლების, ბისინდოლებისა და ინდოლოინდოლების“ სინთეზის მეთოდების დამუშავებასა და მათი თვისებების კვლევას, რომელიც შესრულებულია ინდოლის ქიმიის აღიარებული სპეციალისტის, მენდელეევის სახელობის მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტის პროფესორის, ცნობილი ორგანიკოსის ნიკოლოზ სუვოროვის ხელმძღვანელობით. ორივე დისერტაცია დაცულია მენდელეევის სახელობის მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.

 

- მოსკოვის ქიმიური სამეცნიერო სკოლის შემდეგ - იყო ევროპის მოწინავე უნივერსიტეტები, კერძოდ რომელს გამოარჩევდით?

ამ მხრივ განსაკუთრებით ავღნიშნავდი 1971-1972 წლებში ერთწლიან სამეცნიერო სტაჟირებას გუტენბერგის უნივერსიტეტში, ქ. მაინცი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (DFG – გერმანიის კვლევითი საზოგადოების სამეცნიერო გრანტი). დღეს კი გვაქვს მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები ევროპისა და ამერიკის (ფლორიდის უნივერსიტეტი, პროფ. ალან კატრიცკი) სამეცნიერო ცენტრებთან. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სამეცნიერო კონტაქტი საარლანდის უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის ინსტიტუტთან.

სხვადასხვა წლებში ვასრულებდით და დღესაც ვასრულებთ ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს გერმანელ კოლეგებთან ერთად: 1987, 1988, 1990 წწ – იენა, შილერის უნივერსიტეტი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა; 2005 წ – არისტოტელეს უნივერსიტეტი, თე–სალონიკი, საბერძნეთი; 1987, 1989, 1992, 1993, 1996,1998, 2000, 2003, 2005, 2007, 2009, 2011 წწ – საარბრუკენის უნივერსიტეტი, გერმანია. ამის დამადასტურებელია ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოები პროფესორებთან ჰაინც დიურთან, გიუნტერ შვიტცგებელთან და ული კაცმაიერთან და მათთან თანაავტორობით გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.


-ბატონო შოთა, თქვენს უდავოდ დიდ ორგანიზატორულ ნიჭს ბევრი აღიარებს. გვიამბეთ თქვენს მიერ დაარსებული ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიის ცენტრის მიღწევების შესახებ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1987 წელს დაარსდა ორგანული სინთეზის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელმაც მეცნიერების სფეროში საგრანტო დაფინანსებაზე გადასვლასთან დაკავშირებით იარსება 2006 წლამდე. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა აზოტშემცველი ჰეტეროციკლური ნაერთების სინთეზის აღიარებული სკოლა. ამ სამეცნიერო სკოლამ დიდი როლი ითამაშა საქართველოში ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიისა და კერძოდ ინდოლის ქიმიის განვითარების საქმეში. ჩემს კოლეგებთან ერთად შექმნილია ახალი ჰეტეროციკლური სისტემები, სახელდობრ: იზომერული პიროლოინდოლები და მოწოდებულია მათი ანგულარული და ხაზოვანი აგებულების იზომერების მიღების პრეპარატული მეთოდები; კონდენსირებული და არაკონდენსირებული ბისინდოლები და ნაჩვენებია ბისინდოლების პრეკურსორების – დიჰიდრაზინების სინ-სინ, სინ-ანტი და ანტი-ანტი იზომერებად დაყოფის შესაძლებლობა; პირიდაზინო- და ბისპირიდაზინოინდოლები; ინდოლის ფრაგმენტების შემცველი ახალი თაობის დიჰიდროინდოლიზინის ტიპისა და ქრომენული ჯგუფების შემცველი ქრომოფორული თვისებების მატარებელი ბის-სპირონაერთები; მოწოდებულია პროლონგირების უნარის მქონე ინდოლის ცნობილი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ახალი ბის- და პოლიანალოგების სინთეზის მეთოდები; დამუშავებულია პოლიესტერების, პოლიამიდების, პოლიესტერკარბონატების, პოლიიმიდების, აგრეთვე ინდოლის ფრაგმენტის შემცველი ოლიგომერების და პოლიმერების მიღების მეთოდები; განხორციელებულია მათი პოლიმერანალოგიური გარდაქმნები.


თქვენი სამეცნიერო ინტერესები მომავალ კვლევებში რა მიმართულებით წარიმართება?

დღეს ჩვენ სამეცნიერო ინტერესებში კვლავ რჩება ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოვლენის საკითხი. ამ მიმართულებით მიმდინარეობს:

  • ახალი ჰეტეროციკლურ სისტემების სინთეზის მეთოდეის დამუშავება და მიღებული ნაერთების სტრუქტურის დადგენა;
  • საქართველოს მცენარეული რესურსების შესწავლა ალკალოიდების შემცველობაზე;
  • ინდოლის ცნობილი ბიოლოგიურად აქტიური კონდენსირებული და არაკონდენსირებული წარმოებულების ბის- და პოლიანალოგების სინთეზი. მიღებული წარმოებულების ფუნქციონალიზაცია და სკრინინგი;
  • ანომალური (ახალი) რეაქციების გამოვლენა და რეაქციათა მექანიზმების დადგენა.

ბოლო წლებში ინტენსიურად ვმუშაობთ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა:

  • ახალი დიჰიდროინდოლიზინური და ქრომენული ჯგუფების შემცველი სპირო ნაერთების სინთეზის მეთოდების დამუშავება;
  • ლიპოფილური ბუნების ადამანტანის ფრაგმენტების შემცველი ჰეტეროციკლური ნაერთების, მაგალითად, ადამანტილბენზიმიდაზოლებისა და მათი წარმოებულიბის სინთეზი;
  • ნავთობქიმიური სინთეზი.

საკვლეო სამუშაოების სრულყოფილი წარმართვისათვის, ერთობრივი კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, მიღებული ნაერთების სტრუქტურის დასადგენათ ვიყენებთ საარლანდის უნივერსიტეტის (გერმანიის) ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ინსტრუმენტული კვლევის ლაბორატორიებს, ხოლო სუბსტანციების პირველადი სკრინიგი წარმოებს აშშ არმიის ინფექციურ დაავადებათა სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტში - USAMRID (Fort Detrick, Maryland). სამუშაოების ფინანსირება ხორციელდება რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით.

 

ესაუბრა www.chemistry.ge

2012-01-29

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას