2.მე-2 ჯგუფის ელემენტები

2.1.ტუტემიწათა მეტალები

კითხვა:

კალციუმის რომელი ნაერთებია გამოყენებული ტექნიკაში, მედიცინასა და ყოფა-ცხოვრებაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.

 

პასუხი:

კალციუმის ნაერთები ჩვენ ყოველდღიურობაში საკმაოდ ფართოდ გამოიყენება. მათ გარეშე დღეს შუძლებელია ცემენტის, ბეტონის, კირის, კალციუმის კარბიდის, თაბაშირის და ალებასტრის, ფოსფორიანი სასუქების (კალციუმის, ჰიდრო- და დიჰიდროფოსფატები და ფოსფატი) წარმოება.

კალციუმის კარბონატს იყენებენ:

  • კირის და ნახშირბად(IV)-ის ოქსიდის მისაღებად;
  • ერთ-ერთ ფუნქციურ კომპონენტად (ფუნქციურ დანამატად) მეტალთა ზოგიერთ შენადნობში, მაგალითად, ბერილიუმთან, ალუმინთან, სპილენძთან, ტყვიასთან, მანგანუმთან;
  • მნიშვნელოვანი მეტალების - ურანის, ცირკონიუმის, ვანადიუმის და თორიუმის გამოყოფისათვის ე.წ. აღმდგენ აგენტად;
  • რკინის და სხვა შენადნობების დეოქსიდაციის (მათში გახსნილი ჟანგბადის მოცილება), დესულფურიზაციისა და დეკარბონიზაციისთვის;
  • ფოლადის გამოდნობისას როგორც „ფლუსი” (კირქვა - კალციუმის კარბონატი);
  • სამშენებლო კონსტრუქციებისთვის მჭიდი მასალების და ხსნარების დასამზადებლად;
  • სილიკატური მინანქრების დასამზადებლად;
  • მაღალი ხარისხის ქაღალდის საწარმოებლად;
  • რეზინის წარმოებაში შემვსებად და ა.შ.

 

კალციუმის მარილებიდან ასევე გამოიყენება:

  • კალციუმის გლუკონატი და კალციუმის ქლორიდი - მედიცინაში;
  • კალციუმის არსენატი (Ca3(AsO4)2) – ინსექტიციდად;
  • კალციუმის პერმანგანატი (Ca(MnO4)2) - თხევად სარაკეტო საწვავად, საფეიქრო ქსოვილების წარმოებაში, წყლის სტერილიზაციის აგენტად და სტომატოლოგიურ პროცედურებში;
  • კალციუმის ფოსფიდი (Ca3P2) - პიროტექნიკაში, მღრღნელების საწინააღმდეგო საშუალებად, ნაღმებსა და კაშკაშა ალებში;
  • კალციუმის ვოლფრამატი (CaWO4) - ლუმინოფორულ საღებავებში, ფლუორესცენტულ განათებასა და რენტგენულ გამოკვლევებში;

კალციუმის ჰიპოქლორიტი [Ca(OCl)2] - საცურაო აუზების სადეზინფექციოდ, გამაუფერულებელ აგენტად, დეოდორანტების ინგრედიენტად, ზღვის წყალმცენარეების საწინააღმდეგო საშუალებად და ფუნგიციდად.


 

s