1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.2.ტუტე მეტალები

კითხვა:

რა გამოყენება აქვს ტუტე მეტალებს და მათ ნაერთებს? რომელი ნაერთები გამოიყენება ნერვული დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისათვის?

 

პასუხი:

Li, Na და K, ძირითადად, გამოიყენება ზოგიერთ მეტალთან შენადნობების სახით, ატომურ რეაქტორებში თბომატარებლებად, აგრეთვე ზოგიერთი მეტალის მათი ქლორიდებიდან მისაღებად (მაგალითად, Ti, Ta, Zr). ლითიუმი გამოიყენება ელექტრული ელემენტის დასამზადებლად.

ნაერთების სახით ტუტე მეტალებს გაცილებით ფართო გამოყენება აქვთ. ისინი გამოიყენება მინერალურ სასუქად (გვარჯილები, კალიუმის სულფატი, კალიუმ-აზოტოვანი სასუქები), კატალიზატორებად და ქიმიურ რეაგენტებად სხვადასხვა სინთეზში, სარეცხ (ნატრიუმის კარბონატი - სარეცხი სოდა) და მათეთრებელ საშუალებად (პერბორატები და პერსულფატები), წყალბადის, ქლორის და ნატრიუმის ტუტის მისაღებად, NaCl - მეტალური ნატრიუმის მისაღებად, კონსერვანტად, მინის წარმოებაში (ნატრიუმის და კალიუმის კარბონატები, ნატრიუმის სულფატი), საპნის წარმოებაში (ნატრიუმის ტუტე, ნატრიუმის კარბონატი ტექნიკური სახელწოდებებით - შესაბამისად, კაუსტიკური და კალცინირებული სოდა, კალიუმის კარბონატი - ნაცრიდან გამოყოფილი პოტაშის სახით ორი ათასზე მეტი ხნის წინ გალები იყენებდნენ საპნის მოსახარშად). გამოყენება ჰპოვა აგრეთვე ნატრიუმის ამიდმა - NaNH2 კატალიზატორად ორგანული საღებავის, ინდიგოს და ზოგიერთი ვიტამინის (“A”) სინთეზში, აგრეთვე უჯერი მონომერების ანიონურ პოლიმერიზაციაში. კალიუმის ბრომიდი, ასევე რუბიდიუმის და ცეზიუმის ზოგიერთი ნაერთი გამოიყენება მედიცინაში და ა.შ.

ლითიუმის კარბონატი გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ. დოზაზე მეტი Li+ ტოქსიკურია; KBr გამოიყენება ნერვული დაავადებების დროს; NaCl-ის 0.82 %-იანი ხსნარი წარმოადგენს ფიზიოლოგიურ ხსნარს.


 

s