1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

რა როლს ასრულებს წყალბადი ადამიანის ორგანიზმში?

 

პასუხი:

წყალბადი ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემცველობის ქიმიური ელემენტია. ჟანგბადის მსგავსად, ის ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ნივთიერებების – ამინომჟავების, ცილების, ლიპიდების, ნახშირწყლების, ცხიმების, წყლის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. მას ასევე შეიცავს ადამიანის ბევრი „კეთილისმყოფელი“ (სხვადასხვა ბიოსტიმულატორი, ვიტამინი და სხვ.) და „ვერაგი მტერი“ (HCN, H2S, PH3, NH2NH2, NH3 და ა.შ.) ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში გარკვეული დოზით მოხვედრისას მის სიკვდილს იწვევს. სხვადასხვა მეტალშემცველი ფერმენტული (ჰომოგენური) კატალიზატორის მონაწილეობით წარმოიქმნება მოლეკულური წყალბადი, როგორც ანაერობული მეტაბოლიზმის პროდუქტი. იონური ფორმით წყალბადს შეიცავს კუჭის წვენი, სადაც ის საჭმლის მონელებისთვის აუცილებელ არეს (pH-ს) ქმნის. მჟავა არე აუცილებელია რკინის შეთვისებისთვის, რისი დეფიციტი არის ანემიის ერთ-ერთი მიზეზი.


 

s