1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

რა გამოიყენება აქვს წყალბადის პეროქსიდს, როგორც მჟანგავს?

 

პასუხი:

 

წყალბადის პეროქსიდი გამოიყენება სადეზინფექციო საშუალებად მედიცინაში (3 %-იანი ხსნარი), კვების მრეწველობაში (საკვების დასაკონსერვებლად), სოფლის მეურნეობაში თესლის შესაწამლად და სხვ.

აღსანიშნავია, რომ წყალბადის პეროქსიდი გამოიყენება, როგორც ბუნებრივი ბოჭკოების ბაზაზე დამზადებული ქსოვილების, ისე ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოებისაგან [ვისკოზა, აცეტატური აბრეშუმი (ცელულოზას დი- და ტრიაცეტატები), ნაილონი, ტერილენი ანუ ლავსანი] დამზადებული ქსოვილების მათეთრებლად. წყალბადის პეროქსიდი აგრეთვე გამოიყენება შერეული ბოჭკოების (ბუნებრივი და ხელოვნური ბოჭკოების ბაზაზე დამზადებული) მათეთრებლად და სხვ. მისი გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელი და მიზანშეწონილია სელის ქსოვილების გასათეთრებლად, რადგან ამ დროს, ქლორშემცველი მათეთრებლებისაგან განსხვავებით, ნარჩუნდება ქსოვილის სტრუქტურა და იზრდება მისი ექსპლუატაციის დრო.

გარდა საფეიქრო ნაწარმებისა, წყალბადის პეროქსიდი გამოიყენება ჩალის, მერქნის, ცვილის, ბუმბულის, ზეთების, ცხიმების, ბეწვეულის, ჟელატინის და სხვ. გასათეთრებლად; ის წარმატებით გამოიყენება კოსმეტიკასა და მედიცინაში (ჭრილობების დასამუშავებლად).

წყალბადის პეროქსიდი, როგორც მჟანგავი ფუნქციის მატარებელი ერთი-ერთი საბაზო რეაგენტი, გამოიყენება ზემჟავების და მარილ-პეროქსიდური მათეთრებელი საშუალებების -პერბორატების, პერსულფატების, პერკარბონატების, პერფოსფატების მისაღებად.

წყალბადის პეროქსიდი აირადი ჟანგბადის გამოყოფით იშლება

2 H2O2 → 2 H2O + O2

 რის გამო მას, ზოგჯერ, ღრუბლისებრი რეზინის წარმოებაში იყენებენ.

წყალბადის პეროქსიდი „ტყვიის თეთრას“ შემცველი საღებავებით შესრულებული ნახატების რესტავრაციისთვის (გასასუფთავებლად) გამოიყენება. წყალბადის პეროქსიდის მოქმედებით, „ტყვიის თეთრა“ ტყვიის სულფატად გარდაიქმნება:

PbS + 4 H2O2→ PbSO4 + 4 H2O

როგორც ძლიერი მჟანგავი, წყალბადის პეროქსიდი გამოიყენება სარაკეტო ტექნიკაში.


 

s