11.მე-11 ჯგუფის ელემენტები

11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო

კითხვა:

რომელი მეთოდი გამოიყენება სპილენძის მისაღებად? როგორ ახორციელებენ სპილენძის მიღების სამრეწველო ხერხს? მოკლედ აღწერეთ პროცესის მიმდინარეობა

 

პასუხი:

სპილენძს მრეწველობაში სულფიდური მადნის გამოწვით და შემდგომი აღდგენით ღებულობენ:

2 Cu2S + 3 O2 → 2 Cu2O + 2 SO2

2 Cu2S + 2 Cu2O → 6 Cu + SO2

 

სპილენძის მიღების სამრეწველო მეთოდი შემდეგი საფეხურების გავლით მიმდინარეობს:

  • მადნის გამდიდრება (ფლოტაციური გზით);
  • გამდიდრებული მადნის გამოწვა. სულფიდური მინარევების უდიდესი ნაწილი გამოწვისას ოქსიდებში გადადის.

სპილენძის სულფიდური მადნის ძირითადი მინარევი FeS2-ია. გამოწვისას ის Fe2O3-ს და SO2-ს წარმოქმნის (გამოიყენება გოგირდმჟავას წარმოებაში).

მინარევებისგან წარმოქმნილი დარიშხანისა და სტიბიუმის (ანთიმონის, სურმის) ოქსიდები აქროლადია. რკინის, თუთიისა და სხვა არააქროლადი ოქსიდების მოსაშორებლად კი გამოდნობის პროცესში კოქსს და ფლუსს უმატებენ. მიმდინარე რეაქციების შედეგად ბევრი მეტალის ოქსიდი სილიკატების სახით წიდაში გადადის. წარმოქმნილი Cu2S დარჩენილ FeS-თან ნაერთს −Cu2S∙FeS, ე.წ. „კუპფერშტეინს” წარმოქმნის. Cu2S-ის გარდაქმნას Cu-ად ახდენენ კონვერტორში ჰაერის ჟანგბადით:

2 Cu2S + 3 O2→ 2 Cu2O + 2 SO2

2 Cu2O + Cu2S → 6 Cu + SO2

 

ამ პროცესის შედეგად მიიღება დაახლოებით 93-98 % Cu-ის შემცველი შავი, ანუ ნედლი სპილენძი, რომლის რაფინირებით (ძირითადად, სველი მეთოდით  - ელექტროლიზით) ღებულობენ სუფთა სპილენძს.


 

s