შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

რკინის სულფატის მიღების მიზნით, შაბიამანის ხსნარში მოვათავსე რკინის ნივთი. ერთი დღის შემდეგ რკინა სპილენძით დაიფარა და სპილენძი ქვემოთ დაილექა. ხსნარი კი გაყვითლდა. როგორც ვიცი რკინის სულფატის FeSO4 ხსნარი მწვანე არის. მაინტერესებს რამ გამოიწვია ხსნარის გაყვითლება, შეიძლება თუ არა ამის მიზეზი ყოფილიყო ჰაერში არსებული ნახშირორჟანგის რეაქცია სპილენძის სულფატის ხსნართან და კარბონატის წარმოქმნა(მაგრამ კარბონატის ფერიც მწვანე არის ჩემი აზრით)
სანდრო მესტვირიშვილი

პასუხი:.


თქვენს მიერ მოცემული ქიმიური რეაქციის ტოლობაა
Fe + CuSO4 → Cu + FeSO4.

იგი იონურად ასე გამოისახება:
Fe + Cu2+ + SO42-→ Cu + Fe 2+ + SO42- .

თქვენ საუბრობთ კარბონატის წარმოქმნაზე, ალბად გულისხმობთ ჰაერის შედგენილობაში მყოფ ნახშირორჟანგს. ჰაერის შედგენილობაში უფრო მეტი რაოდენობითაა ჟანგბადი. ჰაერის შედგენილობა მოცულობით პროცენტებში ასეთია (21% ჟანგბადი და 78% აზოტი, დანარჩენი 1% მოდის ინერტულ აირებზე და ნახშირორჟანგზე). თქვენ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა რკინის (Fe+2) იონების დაჟანგვას რკინა (Fe+3) იონებად, რამაც გამოიწვია ფერის შეცვლა.



შეკითხვას პასუხობს: პროფ. ჟუჟუნა პეტრიაშვილი