საერთაშორისო საველე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

15-17 აპრილს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტმა საერთაშორისო საველე სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია, სახელწოდებით „ნიადაგების კლასიფიკაციის აქტუალური პრობლემები" ჩაატარა.

ღონისძიება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ ნიადაგმცოდნეები ავსტრიიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან. ასევე, ქართველი მეცნიერები თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და ანასეულიდან. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნოსელიძე და საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების პრეზიდენტი, აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე.

ველზე გასვლამდე აუდიტორიამ მოისმინა რამდენიმე მოხსენება:

  • აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის - „საქართველოს ნიადაგები - გუშინ, დღეს, ხვალ“
  • პროფესორ ვიფრიდ ბლუმის (ავსტრია) - „ნიადაგის ხარისხი ევროპაში და მდგრადი სოფლის მეურნეობა"
  • პროფესორ პეტერ შადის (გერმანია) - "ნიადაგების რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზა როგორც ნიადაგების კლასიფიკაციის საერთაშორისო სისტემა”

სამი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ნიადაგს:

კიკეთის მიდამოებში (ყომრალს), მდინარე ხრამის აუზში (რუხ-ყავისფერს), წყალტუბოსთან (სუბტროპიკულ ეწერს), ლიხის ქედზე (ყვითელ ყომრალს), წეროვანთან (მდელოს-ყავისფერს) და ქარსანის და ლისის ტბის მიდამოებში (ყავისფერს).

დასკვნით სხდომაზე, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა და მონაწილეობდა აკადემიის პრეზიდენტი - აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, შეჯერებული იყო შეხედულებები განხილული ნიადაგების თავისებურებებზე და კავშირი ნიადაგების თანამედროვე საერთაშორისო კლასიფიკაციასთან, რასაც აქვს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა ქვეყნის ნიადაგების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების საქმეში.

  

გამოქვეყნებულია: 12-05-2014




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას