სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ოლიმპიადა „ზურგჩანთის“ სამეცნიერო კომიტეტის წევრი რომეო კარაპუტაძე.



 

 

რა უნდა გვახსოვდეს ოლიმპიადისათვის?

 

  • გამარჯობა, რომეო. გვინდა გკითხოთ ოლიმპიადის პირველი ტურის შესახებ და, გარკვეული ინფორმაცია მივაწოდოთ მონაწილეებს ტექნიკური დეტალების შესახებ. პირველ რიგში, დავიწყოთ უშუალოდ მონაწილეობით. რა არის აუცილებელი, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება?

გამარჯობა. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ყველა მოსწავლეს ჰქონდეს რეგისტრაცია გავლილი. ვისაც არ აქვს გავლილი რეგისტრაცია, 15 მარტამდე შესაძლებელია დარეგისტრირება მოცემულ ლინკზე გადასვლით: https://chemistry.ge/school/olympiada/olyregistration.php

 

  • რა არის აუცილებელი, რომ გაითვალისწინონ მოსწავლეებმა რეგისტრაციის მომენტში?

რეგისტრაციისას აუცილებელია ყველა ინფორმაცია იყოს მითითებული სწორად. ამასთან, კარგი იქნება, თუ ჩაიწერენ ელ-ფოსტასა და პაროლს, რომლის საშუალებითაც გაიარეს რეგისტრაცია, რათა პირველ ტურში ავტორიზაციისას არ შეექმნათ პრობლემა. მათ, ვინც გაიარეს რეგისტრაცია და დაავიწყდათ ეს ინფორმაცია, შეუძლიათ მოგვმართონ ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: contact@chemistry.ge.

 

  • ძალიან კარგი. ვთქვათ, გაიარა მოსწავლემ რეგისტრაცია. რა ხდება შემდეგ ეტაპზე?

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს 15 მარტს, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ელ-ფოსტის საშუალებით მიუვათ საინფორმაციო მეილი, სადაც ვაცნობებთ წარმატებული რეგისტრაციის შესახებ და, ამასთან, შევახსენებთ, რომ 17 მარტს იქნება საკონსულტაციო შეხვედრა პირველი ტურის ჩატარების წინ.

 

  • შეგიძლია მოგვიყვე რას უნდა მიაქციოს მონაწილემ ყურადღება პირველი ტურის ჩატარების მომენტში?

კარგი, დავიწყოთ თავიდან. პირველ რიგში, კარგი იქნება, თუ მოსწავლე ოლიმპიადის დაწყებამდე დარწმუნდება, რომ უპრობლემოდ ახერხებს ავტორიზაციას, რათა შემდეგ არ შეექმნას ეს პრობლემა და მის აღმოფხვრამდე, არ დაკარგოს მნიშვნელოვანი წუთები. ავტორიზაცია ხდება შემდეგ ლინკზე: https://chemistry.ge/school/olympiada/tour1/olysignin.php

რა თქმა უნდა, ამ ლინკების ცოდნა არ არის აუცილებელი და, Chemistry.ge-ის გვერდიდან შეიძლება გადასვლა გარკვეული თანმიმდევრული მოქმედებებით, რომელიც დეტალურად აღწერილია ჩვენს პირველი ტურის ინსტრუქციის ფაილში, რომელიც განთავსებულია ოლიმპიადის ვებგვერდზე და, კარგი იქნება, თუ ყველა მონაწილე გაეცნობა მას. გარდა ამისა, ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად გავესაუბრებით მონაწილეებს საკონსულტაციო შეხვედრაზეც. თუ ავტორიზაციისას პრობლემა შეექმნა ვინმეს, კვლავ გავიმეორებ, რომ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: contact@chemistry.ge.

 

  • ძალიან კარგი. წარმატებული ავტორიზაციის შემდეგ რა ხდება?

წარმატებული ავტორიზაციის შემთხვევაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება მონაწილის მეილი. ამასთან, თუ ავტორიზაციის გავლა მოხდა ოლიმპიადის დაწყებამდე, მონაწილეებს მთავარ გვერდზე გამოუჩნდებათ პირველი ტურის დაწყების დრო, რომელიც ავტომატურად არ ახლდება და აუცილებელია, რომ მოხდეს გვერდის განახლება (reload, refresh), რათა მონაწილემ შეძლოს პირველი ტურის დაწყება. მათ გამოუჩნდებათ ღილაკი „დაწყება“, რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც, ისინი გადავლენ უშუალოდ ამოცანების გვერდზე და დაიწყებენ მუშაობას.

 

  • რა რჩევებს მისცემდი მონაწილეებს მას შემდეგ, რაც უკვე დაიწყეს პირველი ტური?

პირველ რიგში, ჩვენი საორგანიზაციო  ჯგუფის მიერ რეკომენდებულია, რომ პირველი ტურის წერის პროცესში გამოყენებული იქნეს კომპიუტერი, უწყვეტი ინტერნეტის წყარო (და არა მობილური ან მობილურის მიერ გაზიარებული wifi) და Google-ის ბრაუზერი. „დაწყების“ ღილაკზე დაჭერის შემდეგ მონაწილეს მეტი მცდელობის უფლება არ აქვს. შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს არსებული საგამოცდო გვერდის ჩახურვა / გამოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამუშევარი არ შეინახება. ამასთან, აუცილებელია, რომ დროის ამოწურვამდე მოხდეს ტესტის წერის დასრულება, რომელიც შესაძლებელია ღილაკი „დასრულება“-ზე დაჭერით, რომელიც ტესტის ბოლოშია განთავსებული.

 

  • რა რესურსების გამოყენების საშუალება აქვთ მონაწილეებს ტესტის წერის პროცესში?

ტესტის წერისას მათ შეუძლიათ შემდეგი: ნებისმიერი თანმიმდევრობით ამოცანების ამოხსნა; დაფიქსირებული პასუხების შეცვლა; ეკრანზე „ზევით-ქვევით“ მოძრაობა სხვადასხვა ამოცანების სანახავად; „პერიოდულობის ცხრილის“, ელემენტთა აქტიურობის ცხრილის“ და „ხნსადობის ცხრილის“ გამოყენება - ეს რესურსები განთავსებულია ეკრანის მარჯვენა ზოლში და, მათზე დაჭერით გაიხსნება ახალი ფანჯარა და, უშუალოდ ტესტის გვერდის ფანჯარა ხელშეუხებელი რჩება; პლატფორმა Zoom-ის საშუალებით (რომელიც ასევე ეკრანის მარჯვენა ზოლშია განთავსებული) ორგანიზატორებთან დაკავშირება ნებისმიერ მომენტში დახმარებების მისაღებად.

 

- რისი გაკეთების უფლება არ აქვთ მონაწილეებს?

არ შეიძლება საგამოცდო ოთახის ვებ-გვერდის დახურვა, განახლება (Refresh, Reload) და უკან გამოსვლა.

 

- რა ხდება მას შემდეგ, როცა მონაწილე წარმატებით დაასრულებს ტესტის წერას?

წარმატებით დასრულების შემთხვევაში სისტემა მონაწილეს გადაიყვანს ახალ ვებ-გვერდზე, სადაც გამოუჩნდება მის მიერ მიღებული ქულა. ამის შემდეგ, მონაწილეს შეუძლია გამოვიდეს სისტემიდან. გარკვეული დროის შემდეგ, ყველა მონაწილეს მიუვა შედეგები, წარმატებით მოახერხეს მეორე ტურში გადასვლა თუ ვერა.

 

  • დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. ბოლოს რას ეტყოდით ოლიმპიადის მონაწილეებს?

ყველა მონაწილეს ვურჩევ, რომ გაეცნონ არსებულ ინსტრუქციებს და პროგრამებს. დაგვიკავშირდნენ კითხვების შემთხვევაში და არ გამოტოვონ საკონსულტაციო შეხვედრა. ბოლოს კი, მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა მონაწილეს.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 06-03-2023