სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ონლაინ სკოლა „ზურგჩანთას“ საგამოცდო ცენტრის ჯგუფი, რომელთა წევრებიც არიან: ლაშა ხუციშვილი, რომეო კარაპუტაძე, ზაკო სანიკიძე, ვანო კავთელაშვილი.



 

 

როგორ ვაფასებთ ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მოსწავლეებს?

- მოკლედ რომ ავუხსნათ მკითხველს, რა არის ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“?

„ზურგჩანთა“ არის უფასო ონლაინ პლატფორმა, რომელიც შექმნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ქიმიით. დარეგისტრირებულ მოსწავლეს აქვს საშუალება Zoom-ის გამოყენებით შევიდეს შესაბამის ვირტუალურ ოთახში, კლასში და დაესწროს გაკვეთილს. გაკვეთილის თემა წინასწარაა გაწერილი და შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმასაც სრულად მოიცავს. ონლაინ სკოლა „ზურგჩანთას“ აქვს საკუთარი საგამოცდო პანელიც, რომელიც აქტიურად გამოიყენება მოსწავლეების მიერ.

 

- მოდით, უფრო დეტალურად ავხსნათ როგორ მუშაობს საგამოცდო სისტემა.

ყოველი გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს სპეციალურ კოდს. მოსწავლეები ამ კოდით შედიან საგამოცდო პანელში (ოთახში) და წერენ გაკვეთილზე განხილული თემის შესაბამის ბლიც ტესტს, რითაც მასწავლებლებს და მოსწავლეებს აქვთ საშუალება, რომ შეამოწმონ, თუ რამდენად კარგად აითვისა მოსწავლემ გაკვეთილზე ახსნილი მასალა. გარდა ამისა, მოსწავლეები ყოველ სემესტრში წერენ ერთ შუალედურ და ფინალურ გამოცდას, რომლების მთელ გავლილ მასალას მოიცავს. შუალედური და ფინალური გამოცდების წერისას მოსწავლეები არიან მასწავლებელთა მეთვალყურეობის ქვეშ, კერძოდ, Zoom-ის პლატფორმაში აქვთ ჩართული კამერა ტესტის წერისას.

ტესტის დაწერის შემდეგ მოსწავლე ეკრანზე ეცნობა ქულას, ხოლო მასწავლებლებს მისდით სრული სტატისტიკა. ნახულობენ საშუალო ქულას, დაწერის დროს და იმ დავალებებს, რომლებიც მოსწავლეებმა არასწორად დაწერეს, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, რომ კიდევ ერთხელ გაამახვილონ ყურადღება ამა თუ იმ საკითზე.

გამოვეხმაურები თაკოს ნათქვამს, რომ მართლაც, ჩვენთან გამოცდა თვითშეფასებაა და არა შეფასება. თუ მოსწავლე რაიმე დარგით დაინტერესებულია, ის ყოველთვის ეცდება იმას, რომ გააუმჯობესოს თავისი შედეგი.

 

- რა როლი აკისრია საგამოცდო ცენტრის ჯგუფს?

საგამოცდო ჯგუფის მოვალეობაა მოსწავლეებს მიაწოდოს შესაბამისი სტანდარტებით დაცული ტესტი, რომლის შედგენისასაც იმავე პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, რომლებსაც იყენებენ საერთაშორისო კვლევებისას, მაგალითად, TIMSS-ის (Trends in International Mathematics and Science Study) ტესტებში. მოსწავლეების მიერ ტესტის დაწერის შემდეგ მიღებული მონაცემების საფუძველზე დგება ტესტის სტატისტიკური ანალიზი, რომელიც მოიცავს როგორც სტანდარტული სტატისტიკური პარამეტრების გამოთვლას (საშუალო, მედიანა, მოდა, სტანდარტული გადახრა და ა. შ.), ასევე თითოეული დავალების ფსიქომეტრულ ანალიზს. ეს ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ, თუ რა თემების დამუშავება სჭირდებათ მოსწავლეებს, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებლებს კიდევ ერთხელ გაამახვილონ ყურადღება სხვადასხვა საკითხზე.

 

-როგორც ვიცით, სამომავლოდ იგეგმება სამეცადინო ოთახის დამატებაც. გთხოვთ, გვითხრათ რას მოიცავს ეს?

როგორც სახელიდან ჩანს, სამეცადინო ოთახი იქნება განკუთვნილი იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი თავი გამოცადონ და ნებისმიერ დროს სურვილისამებრ შევიდნენ და წერონ ტესტი.

ტესტის თემატიკის, რაოდენობისა და სირთულის არჩევა თავად შეეძლებათ. ცხადია, ამ რესურსით ისარგებლებს ის მოსწავლე, რომელიც მუდმივად თვითგანვითარებაზეა ორიენტირებული. თუ მოსწავლეს ნამდვილად სურს, რომ ისწავლოს ქიმია, ჩვენ მას ყველანაირ პირობას შევუქმნით იმისათვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოს.

რასაკვირველია, სამეცადინო ოთახში შესვლა მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეეძლება და ამ ოთახში დახვდება ისევ და ისევ ისეთი ტესტები, რომლებიც შედგენილია საერთაშორისო კვლევების დროს გამოყენებული პრინციპების დაცვით.

ონლაინ სკოლა "ზურგჩანთას" შეფასების ჯგუფი: ლაშა ხუციშვილი, რომეო კარაპუტაძე, ზაკო სანიკიძე, ვანო კავთელაშვილი.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 19-03-2022