სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია თამარ ონიანი, ქიმიის მაგისტრი, ონლაინ სკოლა „ზურგჩანთას” მე-11 კლასის მასწავლებელი



 

 

მასწავლებლობა არ არის მხოლოდ საგნის ცოდნა

- გაგვეცანით. ვინ არის  თამარ ონიანი?

 

მოგესალმებით, 2015 წელს დავამთავრე ლენტეხის რ-ნი, სოფ. სასაშის საჯარო სკოლა.

2015-2019 წწ ვსწავლობდი  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური  ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, საბაკალავრო პროგრამაზე ქიმია. ბაკალავრში სწავლის პერიოდში ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიანტი, ასევე მიღებული მაქვს RMG Gold-ის სტიპენდია, აქტიურად ვმონაწილეობდი შიდასაუნივერსიტეტო გრანტებში, სამეცნიერო პიკნიკებში, სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო და საერთაშორისო სამეცნიერო და მეთოდურ კონფერენციებში.

2018-2021წწ. ვმუშაობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკუტეტზე, ორგანული ქიმიის კათედრაზე ლაბორანტად.

2019-2021წწ ვსწავლობდი ამავე ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამაზე-ქიმია/ორგანული ქიმია. ამჟამად დასაქმებული ვარ  RMG-ში.

 

- რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ვიცოდი, რომ მინდოდა ქიმიის მასწავლებელი ვყოფილიყავი რომელიმე მაღალმთიან რეგიონში. მე პირადად ძალიან კარგი ქიმიის მასწავლებელი მყავდა, მაგრამ იყო სოფლები, სადაც ქიმიის სპეციალობის მქონე მასწავლებლები არ ჰყავდათ. დღესდღეობისთ ეს პრობლემა ნაკლებად აწუხებთ რეგიონებს, თუმცა მაშინდელი მდგომარეობით მინდოდა ქიმია მესწავლებინა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც გარემო პირობებისა  თუ სხვა ფაქტორების გავლენით არ შეეძლოთ ქიმიის დეტალურად სწავლა.

 

- რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა  „ზურგჩანთა“?

უპირველესყოვლისა მინდა აღვნიშნო რომ ეს პროექტი არის შესაძლებლობა სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის შეისწავლონ ქიმია მეტად სიღრმისეულად ვიდრე სკოლაში ისწავლება, გაიგონ ბევრი საინტერესო ფაქტი და მიღებული დეტალური ცოდნით შეძლონ გარშემო მიმდინარე პროცესები აღიქვან მოლეკულურ დონეზე.

ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ მივიღო მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება და გავეცნო უამრავ დეტალს, რომლებსაც ეს პროფესია მოიცავს, ასევე მივიღო რეკომენდაციები, აღნიშნულ სფეროში, გამოცდილი სპეციალისტებისგან.
მასწავლებლობა ეს არ არის მხოლოდ საგნის ცოდნა, ეს პროფესია მეტად მრავლისმოცველი და საპასუხისმგებლოა.

 

- რას შესთავაზეთ მოსწავლეებს განსაკუთრებული და განსხვავებული ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამისა და სასწავლო პროცესისაგან ?

ონლაინ სკოლა  „ზურგჩანთა“ არ მოიცავს მხოლოდ იმ გეგმას რაც ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამით არის გათვალისწინებული. აქ განხილული თემები გაცილებით მრავლისმომცველია. შემიძლია ვთქვა, რომ აქ მიღებული ცოდნით მოსწავლეებს, რომლებიც მომავალში გადაწყვეტენ ქიმიის პროგრამაზე ჩაბარებას და არა მარტო, უნივერსიტეტში სწავლების პროცესში  ძალიან გაუმარტივდებათ ზოგადი, არაორგანულისა და ორგანული ქიმიის სასწავლო კურსები.

 

- რას ურჩევთ თქვენს მოსწავლეებს?

ვურჩევდი რომ მაქსიმალურად გამოიყენონ  ნებისმიერი შესაძლებლობა, რაც პროფესიულ წინსვლაში დაეხმარებათ, მოცემული ცხოვრებისეული ეტაპისგან მიიღონ მაქსიმალური და მომავალ პროფესიად აირჩიონ ის საქმე რომლის კეთებაც სიამოვნებას ანიჭებთ.

- უკვე ერთი თვე გავიდა რაც ამ სკოლაში ასწავლით. როგორ შეაჯამებდით გავლილ პერიოდს?

მთელი ეს პერიოდი იყო ემოციებით დატვირთული, ძალიან სასიამოვნოა მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათი ცოდნის მიღებაში წვლილის შეტანა.
აღვნიშნავ, რომ ძალიან ჭკვიანი და მონდომებული მოსწავლეები გვყავს.
წარმატებებს ვუსურვებ პროექტს და მის თითოეულ წევრს.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 23-11-2021