სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ონლაინ სკოლა ზურგჩანთას მე-9-10 კლასის მასწავლებელი, ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტს პროფესორი გია ადამია



 

 

აქ პედაგოგიც და მოსწავლეც თავისუფალია

 

- გაგვეცანით. ვინ არის  გია ადამია?

მოგესალმებით. ჩემთვის პატივია გაგეცნოთ პედაგოგი გიორგი ადამია

დავიბადე ქ. თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მუშაობა დავიწყე ბიოქიმიის ინსტიტუტში. ამ ინსტიტუტზე მინდა ვისაუბრო. ბიოქიმიის ინსტიტუტი გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა სერგი დურმიშიძემ დაარსა. ბატონმა სერგიმ შეკრიბა იმ დროისთვის ახალგაზრდა წარმატებული, ხოლო შემდგომ სასახელო მეცნიერები, ბატონები: დევი უგრეხელიძე, თენგიზ ბერიძე, მარლენ გორდეზიანი, დავით ჯოხაძე და მრავალი სხვა, არ მინდა გავაგრძელო, რომ ვინმე არ გამომჩრეს და აქ ამ „მეცნირების წალკოტში“ მოვხდით მე და ჩემი უახლოესი მეგობარი და კურსელი გია ხატისაშვილი, ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭები. კოლექტივის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მთლიანად ჩაგვაბეს „სამეცნიერო ფერხულში“, მრავალ ქიმიური ექსპერიმენტებში, სინთეზებში  მივიღეთ მონაწილეობა. ასე რომ გავხდით მეცნიერები.

ამჟამად ვარ ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. ვმუშაობ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

-რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

მამაჩემი, სერგო ადამია, ქიმიკოსი იყო. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ორგანული ქიმიის კურსს. წერდა სახელმძღვანელოებს. მოკლედ რომ ვთქვათ ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ჰქონდა საოცარი უნარი მასალის გადმოცემის. აქ მინდა ცალკე აღვნიშნო: საგნის ღრმა ცოდნა სხვაა და მისი გადმოცემა, მსმენელამდე მიტანა-სხვა. მასწავლებლის ნიჭი სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ღრმად იცოდეს საგანი და მოსწავლეებამდე  მიიტანოს გასაგებად!

მართალი გითხრათ თავიდან მასწავლებლობაზე თავიდან არც მიფიქრია, იმდენად ვიყავი „ჩაფლული“ ექსპერიმენტებში, მაგრამ შემდეგ როდესაც ბიოქიმიის ინსტიტუტი შევიდა აგრარული უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში, მომიწია სტუდენტებთან მუშაობა, ჯერ ლაბორატორიული კურსი, შემდეგ ლექცია-სემინარები და მეც ნელ-ნელა პედაგოგობისკენ „გადვიხარე“. იცით, სადღაც გეამაყება, რომ შენს მიერ წლობით დაგროვებულ ცოდნას გადასცემ ახალგაზრდებს.

ალექსანდრე მაკედონელს აქვს ნათქვამი: „მე არისტოტელეს მამაჩემის გვერდით ვაყენებ, რადგან თუ მამაჩემმა სიცოცხლე მაჩუქა, არისტოტელემ მომანიჭა ის, რითაც სიცოცხლე ფასდება.“

 

-რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“?

საოცარი პროექტია, საოცარი ადამიანების მიერ შექმნილი. პანდემიამ თითქოს ყველაფერი „მოკლა“, ადამიანები საკუთარ სახლებში გამოიკეტნენ, შეწყდა ურთიერთობა. ამან რა თქმა უნდა განათლებაზეც იმოქმედა. ერთადერთი გამოსავალი იყო ონლაინ რეჟიმში სწავლა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით სკოლებისათვის. ამ ასოციაციამ თითქოს გამოაცოცხლა ქიმია სკოლებში, მოსწავლეებს ჩაუნერგა კვლავ ქიმიის სიყვარული. იცით, არიან ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ ქიმია, სწორედ მათთვის არის ეს სკოლა, აქ ქიმია განსხვავებულად, ღრმად და საინტერსოდ ასწავლიან, ტარდება ტესტირება, გამოცდები და ოლიმპიადაც კი.

ამ კოლექტივში მოხვედრა ჩემთვის დიდი პატივი იყო და ამიტომაც უყოყმანოთ დავთანხმდი ორგანიზატორების წინადადებას.

 

-რას შესთავაზეთ მოსწავლეებს განსაკუთრებული და განსხვავებული ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამისა და სასწავლო პროცესისაგან?

აქ პედაგოგიც და მოსწავლეც თავისუფალია საგანმანათლებლო სისტემის ჩარჩოებისგან, აქ ისწავლება, მე ვიტყოდი, „თავისუფალი ქიმია“. აქ მოსწავლეს ეძლევა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი უნარი, ქიმიის როგორც თეორიულ და თქვენ წარმოიდგინეთ ექსპერიმენტულ ცოდნაში.

მივმართავ მშობლებს, თუ თქვენ აღმოაჩინეთ თქვენს შვილში ქიმიის სწავლების სურვილი, შემოიყვანეთ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთაში“. მერწმუნეთ, ის ამ სკოლაში სრულყოფილ ქიმიურ განათლებას მიიღებს.

 

 -რას ურჩევთ თქვენს მოსწავლეებს?

საოცარი ნიჭის და ინტელექტის მქონე ბავშვები არიან, რას ვურჩევდი? ალბად სწავლას და შრომას, იცით ნიჭი ეს კარგია, მაგრამ თუ საკუთარ თავზე არ იმუშავე, იმეცადინე, ნიჭი ნიჭად დარჩება და არ განვითარდება!

 

- უკვე ერთი თვე გავიდა რაც ამ სკოლაში ასწავლით. როგორ შეაჯამებდით გავლილ პერიოდს?

 ორგანიზატორებმა კარგი გუნდი ჩამოაყალიბეს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  ამ პროექტში ახალგაზრდა მასწავლებლები ჩართეს. ყოველი კვირის ბოლოს გვაქვს ონლაინ შეხვედრა და ერთმანეთს ვუზიარებთ განვლილი კვირის შედეგებს და შთაბეჭდილებებს.

 რაც შეეხება ჩვენი შრომის შეფასებას ეს უკვე მოსწავლეების პრეროგატივაა.

 

 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 17-11-2021