სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მე-10 კლასის მასწავლებელი თამარ ცეცხლაძე



 

 

ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ საკუთარი თავის სწამდეთ...

- მოგვიყევით თამარ ცეცხლაძის შესახებ...

მოგესალმებით. დავამთავრე ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა. ვიყავი ფრიადოსანი მოსწავლე და სახელმწიფოსგან ჯილდოდ გადმომეცა კომპიუტერი.

სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ვსწავლობდი აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე, სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამაზე. ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში, ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიანტი, ამავდროულად ვმუშაობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლაბორანტად სასურსათო ტექნოლოგიის კათედრაზე. წარჩინებით, წითელ დიპლომზე, დავამთავრე მაგისტრატურის პროგრამა ქიმია ორგანული ქიმიის განხრით.

2019 წელს გავიარე პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ტრენინგები „ორგანულ ქიმიაში“ და „ქიმიის ამოცანების ამოხსნის ტექნიკაში“. ამავე წელს გავიარე ქიმიისა და ბიოლოგიის სრული კურსი „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ ფარგლებში.

2019 წლის იანვრიდან დღემდე ვმუშაობ ქიმიის მასწავლებლად კერძო სკოლა „ქართულ სასწავლებელსა“ და „ ინტელექტი XXI ”-ში.

2021 წლის ზაფხულში წარჩინებით ჩავაბარე მასწავლებლის გამოცდა ქიმიის საგანში. ამჟამად ვსწავლობ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე.

 

 

- რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

ვარ მასწავლებლების ოჯახიდან. დიდი ბებია, ბებია, დედა არიან მასწავლებლები და რა თქმა უნდა დიდი გავლენა მოახდინა ამან ჩემს გადაწყვეტილებაზე.  

როდესაც პროფესიის განსაზღვრის დრო მოვიდა, ყველა მირჩევდა გავმხდარიყავი მასწავლებელი, თუმცა მე გამოვთქვი პროტესტი და როგორც უკვე ვთქვი ჩავაბარე „სასურსათო ტექნოლოგიის“ პროგრამაზე. ვიყავი წარჩინებული სტუდენტი, მივიღე შემოთავაზება მემუშავა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. ჩემზე სულ რამდენიმე წლით უმცროს ახალგაზრდებს ვუტარებდი მრავალნაირ ცდებს, სადაც მომეცა სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება, რამაც სრულიად დამარწმუნა რომ მასწავლებლობა ჩემთვის საუკეთესო პროფესია იქნებოდა. არ შევუშინდი ცვლილებებს...

როდესაც სკოლაში პირველი გაკვეთილი ჩავატარე გავაცნობიერე, რომ მასწავლებლობა ჩემი მოწოდებაა. მაბედნიერებს მათი ანთებული თვალების ხილვა, როდესაც რაღაც საინტერესოს გაიგებენ .

 

 

- რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“?

სკოლა “ზურგჩანთა არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც ემსახურება, ჩემთვის ძვირფასი საგნის, ქიმიის პოპულარიზაციას.

ჩემთვის, როგორც ქიმიის პედაგოგისთვის წარმოუდგენელია არ დავთანხმებულიყავი ამ პროექტში მონაწილეობას, რადგან მაბედნიერებს ბავშვებთან ურთიერთობა და მათთვის ახალი, საინტერესო ინფორმაციის მიწოდება. ეს პროექტი მაძლევს შესაძლებლობას გავიცნო ქიმიაზე შეყვარებული ბავშვების ფართო საზოგადოება. წარმატებას ვუსურვებ პროექტს და მის თითოეულ წევრს.

თითეული გაკვეთილი რაღაც ახალს მმატებს. ბავშვები, ძალიან ჭკვიანები არიან. ხშირად ისინი ვერც კი ხვდებიან რა ძვირფასია მათი თითოეული სიტყვა ჩემთვის.

 

 

- რას შესთავაზეთ მოსწავლეებს განსაკუთრებული და განსხვავებული ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამისა და სასწავლო პროცესისაგან ?

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთის“ თითოეული მასწავლებელი ვასწავლით ქიმიას ღრმად, ჩვენ ვცდებით სკოლის პროგრამასაც, რითაც ბავშვებს ვუღვივებთ ინტერესს დარეგისტრირდნენ პროექტ ,,ზურგჩანთაში” და შეისწავლონ საყვარელი საგანი უფრო ვრცლად. დღესდღეობით ეპიდვითარების გამო ქვეყანაში სკოლების უმეტესი ნაწილი გადასულია ონლაინ სწავლების რეჟიმზე, რის გამოც პრაქტიკული მასალა ბავშვებს თითქმის არ მიეწოდებათ. ჩვენ ყოველივე ამას ვითვალისწინებთ და სხვადასხვა სიმულაციებისა და ექსპერიმენტების სახით ბავშვებს პრაქტიკულ მასალას ვთავაზობთ, რადგან უკეთესად გაიაზრონ თეორიული საკითხები.

 

 

- რას ურჩევთ თქვენს მოსწავლეებს?

ჩემს მოსწვალეებს ვურჩევ საკუთარი თავის სწამდეთ, განსაზღვრონ რა აბედნიერებთ და ისე დაგეგმონ მომავალი.

ვურჩევ, რომ სწორად გამოიყენონ სკოლა, რადგან რასაც იქ სწავლობენ სხვაგან ვერ ისწავლიან. აუცილებელია ზოგადი განათლება, ასე რომ ყველა საგანი უნდა ისწავლო ისე, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანთან გამონახო საერთო.

ნასწავლი ადამიანი მდიდარი ადამიანია.

ცოდნა ის შეუფასებელი სიმდიდრეა, რომელიც ადამიანს ისე სჭირდება, როგორც ჰაერი.

 

 

- უკვე ერთი თვე გავიდა რაც ამ სკოლაში ასწავლით. როგორ შეაჯამებდით გავლილ პერიოდს?

ძალიან მომწონს ახალი საზოგადოება. ბავშვები მოწადინებულები არიან მიიღონ ახალი ინფორმაცია. თითოეულ გაკვეთილს ყურადღებით უსმენენ და სურთ აითვისონ საინტერესო და გამოსადეგი მასალა ქიმიის შესახებ. მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიიდან აქტიურად არიან ჩართულები ქიმიის საგნის შესწავლაში, რაც რა თქმა უნდა, ხელს უწყობს სწავლის დონის ამაღლებას.

 

 

 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 14-11-2021