სტუმრები

ჩვენი სტუმარია, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი, მწერალი და დრამატურგი რეზო კლდიაშვილი



 

 

ასწავლე! მოაწონე! ააღელვე!

-ბატონო რეზო, თქვენ ჩვენი ასოციაციის აქტიური წევრი ხართ, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიxდით მადლობას. თუ შეიძლევა მოგვიყევით  “ამბები წყალზე  - ჩემი სტუდენტებისაგან“ შესახებ.

 

 

- წლებია სტუ-ის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე I კურსის, პირველ სემესტრში, ლექციებს ვკითხულობ "ზოგად ქიმიაში. ისე მოხდა საკითხმა მოიტანა და სტუდენტებს ვუამბე იოჰან გიულდენშტედტზე, რომელიც გახლდათ მე-18 საუკუნის გერმანელი მოგზაური ექიმი, მას დაუმთავრებია ბერ­ლინის სამედიცინო ქირურგიული სასწავლებელი და ოდერის ფრანკფურტის უნი­ვე­რ­ს­იტეტში დოქტორის ხარისხი ჰქონდა მიღებული. ცხოვრობდა საქართველოში ერეკლე II მეფობის დროს (1770-1772 წწ.). სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, თბი­ლისის აბანოების წყლის სამკუ­რნალო დანიშნულებით ხმარება პირველად გერმა­ნელმა მეცნიერმა იოჰან გიულდენ­შტედტმა შემოიტანა. სწორედ მისგან გამიჩნდა იდეა და სტუდენტებს შევთავაზე, რომლებსაც მხოლოდ ონლაინ ლექციებით ვიცნობ, მომაწოდონ, შეაგროვონ ინფორ­მაცია მშობლებისაგან, ბებია-ბაბუებისაგან ამბები წყლებზე რომლებიც მოედინება იმ რაიონებში, სოფლებში, ქალაქებში საიდანაც სტუდენტები არიან. რა სამკურნალო თვისებები გააჩნიათ, რა დაავა­დებებს კურნავენ მათი მეშვეობით და ამ საახალწლო არდა­დეგებზე მომაწოდონ – ,,ამბები წყალზე". ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ ონლაინ სემინარზე და თუ საინტერესო იქნება გამოვცემთ კიდეც – რატომაც არა. ჩემი მიზნები უფრო შორს მიდის მაგრამ თავს შევიკავებ. რას ვხედავ, 5 იანვარს პირველი ინფორ­მაცია მომდის ღამის 12:45 საათზე ჩემი სტუდენტის გიორგი პერტიასგან სასემინარო თემაზე – ,,ნოქალაქევის გოგირდის აბანოებიმინერალური და სამკურ­ნალო წყლები" – საინტერესო ფოტო მასალით-მადლობა გიორგი.

 


გიორგი პერტია

რომან ლიპარტელიანი

რომან ლიპარტელიანმა გამომიგზავნა ინფორმაცია ,,ლაშიჭა­ლის მინერა­ლური წყლების“ მნიშვნელობაზე, რომელიც მდებარეობს მის მშობლიურ ცა­გერის მუნიციპალიტეტში მდინარე ლაჯანურის ხეობაში, იყენებენ სასმელად და აბაზანებისთვის. ,,ძუღური" როგორც რომანი მიამბობს ლეჩხუმში მდებარეობს. მინერალური წყალი, რომელის სამკურნალო თვისებები მე-19 საუკუნის მეორე ნახევ­რიდან გახდა საყოველთაოდ ცნობილი. თუმცა, ადგი­ლობრივი მოსახლეობა მას გაცი­ლებით ადრე იცნობდა და იყენებდა სამკურნალოდ.


ნოდარ მამასახლისი

ირაკლი ბეგაშვილი

 

ნოდარ მამასახლისი მაწვდის ინფორმაციას მშობლიური ვანის მუნიციპალიტეტიდან ,,სულორის მინერალური წყლის“  შესახებ. თუ როგორ შეუ­ნი­შნა­ვთ მონადირეებს მდინარის ნაპირიდან მოშორებით კლდის ძირას თბილი წყლის ნაკა­დი რომ ჩამოედინებოდა.

ირაკლი ბეგაშვილმა გადაწყვიტა ,,ახტალის“ შესახებ თავისე­ბურად მოეთხრო და გამოუვიდა კიდეც.


ლიკა ბოჭორიშვილი


ნიკა წიკლაური

 

ლიკა ბოჭორიშვილი შეწუხებულია კურორტ ,,მენჯის“ მიმართ უყურადღებობით და გვაწვდის ინფორმაციას მის უნიკალურობის შესახებ. მადლიერი პაციენტები თურმე მენჯს ,,ყავარჯნის სამარესაც" კი უწოდებდნენ. სამ­კურნალო წყლები ამოდის მენჯის მახლობელ სოფლებში სახარბედიოსა და ბატა­რიაში.

,, წაღვერის მინერალური წყლების“  სამკურნალო თვისებებზე ინფორმაციას ნიკა წიკლაური მაწვდის, რომელიც ამ ხეობიდანაა და წაღვერის წყლე­ბის უნიკალურობაზე ჯერ კიდევ 1867 წლის 16 ივნისს კავკასიის სამედიცინო საზო­გადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ბორჯომის მამულების მმართველმა ადოლფ რემერთმა.

დათო კოშკაძე საინტერესოდ გვიამბობს ,,საირმის წყლის“ წარმოშობაზე, მის თვისებებზე. თურმე ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორი­გეობით ეტანებოდნენ. სწორედ მათი სიმრავლის გამო უწოდეს ამ ადგილს საირმე. ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად საირმის წყალი დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა მონადირე ძმებმა აღმოაჩინეს.


დათო კოშკაძე

 ნიკა დეკანოიძე

 

  ნიკა დეკანოიძე სიყვარულით გვიამბობს ჩვენს სიამაყე –ბორჯომზე.

საბა პატარქალიშვილი ,,წყლულეთის წყალზე“ გვაძლევს ინფო­რმაციას, სოფელსაც მის საპატივცემულოდ ,,წყლულეთი“ ჰქვია, იმდენად სასა­რ­გებლოა „უკვდავების წყარო“ დაურქმევიათ. დიდგორის ომის დროს, როგორც საბა გვიამბობს დაჭრილები მიჰყავდათ წყაროზე სამკურნალოდ.

,,შავი წყალი კი რაჭაში სოფელ უწერაშია, სპეციფიკური სუნით და გაზი­ანობით ნაღვლის სამკურნალოდ და ორგანიზმის პროფილაქტიკისთვის გამოი­ყენება. საბა ყურადღებას უთმობს და გვაწვდის ინფორმაციებს შოვის წყალზე“, ,,შოვის იოდიან წყალზე“, ონის რაიონში მდებარე სორტუანის წყალზე“, არც „ლუგელას“ ივიწყებს თორნიკე სოხაშვილი, რომელიც ჩხოროწყუს მიდამოებშია ნეფრიტის, სტომა­ტიტის, სისხლდენის, ალერგიის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოი­ყენება. ,,ლუგელას“ ჩამოსხმა 1946 წლიდან დაუწყიათ და იყენებენ კოსმე­ტო­ლოიაში. 

მათე ქობალია გალიდან გახლავთ და გვაწვდის ინფორმაციას მისი მშობლიური გალის რაიონიდან ზღვის სხვადასხვა დონეებზე არსებულ სასმელ წყლებზე გვესაუბრება. მდინარე ,,თომი"-ის წყალი ნაწილობრივ გაჯე­რებული ყოფილა ენგურჰესის სადერევაციო გვირაბიდან გაპარული წყლებით. მამის ბებიის გადმოცემით სასმელი წყალი, რომელიც ზღვის დონიდან 280 მ იოდი­ზი­რებული ყოფილა და დანანებით ამბობს რომ ლაბორატორიულად მისი შესწავლა აქ შეუძლებელიაო. მათე სხვა საინტერესო ამბებს მოგვიყვება სემინარზე.


საბა პატარქალიშვილი

მათე ქობალია

 თორნიკე სოხაშვილი

 

ქარელის მუნიციპალიტეტიდან ანდრო სებისკვერაძე ისტო­რიულ წყაროებზე დაყრდნობით გვიამბობს, რომ სოფელი აბანო პირველად XVI საუკუნიდან იხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს ,,აბანოს სამკურნალო თვისებებს" – აბანოს თბილი წყალი, ჰკურნავს ,,ქარით დახუთულს და ბევრსა-მუწუკსა" აქვე ყოფილა ტალკის მაღაროები და დოლომიტის საბადოები საიდანაც ხდებოდა მათი მოპოვება. ანდრო შეწუხებულია, რომ დღეს ეს ქარხნები აღარ მუშაობენ.


ანდრო სებისკვერაძე

 ავთანდილ მახარაძე

ავთანდილ მახარაძე გვიამბობს ,,ნაბეღლავზე", რომლის ჩამოსხმა 1905 წლიდან დაწყებულა, რომელიც უნიკალური სამკურნალო თვისებებით ხასი­ათდება. მას იყენებენ საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, ღვიძლის, ნაღველის და შარდის სადინარების დაავადებების დროს. აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მო­შლი­სას. ქარხანა ფუნქციონირებს 1958 წლიდან. 2015 წელს ,,წყალმა მარგებელმა" კონტრაქტი გააფორმა ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან "RAUCH", რომელიც წარმატებულად მუშაობს და ფლობს საერთაშორისო სერთიფიკატებს. ერთი სიტყვით, საინტერესო ამბებს ველი რეგიონებიდან.


გვანცა ბაჩიაშვილი

 მურად ბეგაშვილი

 

აი მოვიდა ძველით ახალი წლის ღამეს გვანცა ბაჩიაშვილი­სგან არაგვის ხეობიდან, სოფელ ჩარგლიდან და გვატყობინებს "ვაჟას წყაროს" სიკე­თეებზე, რომელსაც იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, დაა­ვადებათა ქრონიკული გასტრიტის, კოლიტის, პანკრეატიტის, კუჭის და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადებების, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი მოშლილობის, სახსრების სამკურნალოდ.

საინტერესო მასალას მაწვდის მურად ბეგაშვილი (ჯგ. 220163) ეტყობა აბა­სთუ­მნიდან არის. IX - X საუკუნეებში წყაროს „ოძრხედ“ მოიხსენიებენ გვიანდელ შუასაუკუნეებში დამკვიდრდა „ოცხედ”. აბასთუმნის სამკურნალო წყლების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ამავე წყაროს მიხედვით, თითქოს ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელი აბანავებდა მასში თავის მხედრებს და კურნა­ვდა მათ მძიმე ჭრილობებისაგან. ახალციხის მაზრაში 1934 წლისთვის შენახულია ლეგენდები უძველესი დროიდან აღნიშნული წყლების მოქმედების შესახებ. აბასთუმანში არსებობს 3 წყარო: ,,გოლიათის", ,,გველისა" და ,,საყმაწვილო". ჩატარებული ანალიზების შედეგად, ამ წყაროებს ხან მარილ–გოგირდ–ტუტოვან წყლებად თვლიდნენ, ხან გოგირდოვან წყალთა ჯგუფს მიაკუთვნებდნენ, ხან კი მინერალურ ხასიათს უსვამდნენ ხაზს. მოგვიანებით, 1883 წ. კავკასიის საექიმო საზოგადოების მიერ ეს წყლები ცნობილი იქნა ინდიფერენტულ ანუ ქიმიურად განურჩეველ წყლებად (თერმი).


გიორგი ცხადაია

 აკაკი ჭიქაბერიძე

 

გიორგი ცხადაია აფხაზეთიდან მაწვდის ინფორმაციას მდინარე ავადჰარას სამკურნალო წყლებზე. გიორგი საინტერესოდ აღწერს თუ რა პროცესები აყალიბებდა ამ სამკურნალო წყლების თვისებებს. ,,ავადჰარა" სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, შარდსადენი გზების, ნივთიერებათა ცვლის და გულსისხ­ლძარღვთა სისტემების დაავადებათა სამკურნალოდ.

აკაკი ჭიქაბერიძე იმერეთში, წყალწითელას ხეობის ერთ-ერთ სოფელ ლეღვაში მე-18 საუკუნიდან ცნობილ სამკურნალო წყალზე საუბრობს, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანებისათვის არის რეკომენდირებული. საინტერესო სამუშაო წარმოდგინეს.


ირაკლი მდინარაძე

ლუკა დაჩიბერაძე

 

ირაკლი მდინარაძემ და ლუკა დაჩიბერაძემ მათ მომაწოდეს სასემინაროს თემა ,,სამკურნალო და მინერალური წყლები იმერეთში“ – იქიდან არიან და უნდა გითხრათ შეწუხებულები მიამბობენ როგორ არის მიტოვებული და გაპარტახებული, ბუნებისაგან ნაჩუქარი განძი. ამ სინანულს სხვა სტუდენტებიც გამოსთქვამენ.

როგორც ხედავთ, ამ იდეას სტუდენტებში დიდი დაინტერესება მოჰყვა და გადავწყვიტეთ შეგვექმნა საზოგადოება H2O-21, რომლის ეგიდითაც კიდევ მრავალ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.

- დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ თქვენ და თქვენს სტუდენტებს.

ესაუბრა www.chemistry.ge

2021-02-18

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები