დღევანდელი ჩვენი კვირის სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“, ახალგაზრდული ფრთის აქტიური წევრი მედეა ქურხული.



 

ქიმია პრაქტიკის გარეშე არ ისწავლება

-გამარჯობა მედეა, ჩემთვის როგორც ცნობილია, ხართ სტუ-ს ქიმიური ფაკულტეტის მეორეკურსელი სტუდენტი. როგორ შეაფასებ უნივერსიტეტში სწავლებას?

-გამარჯობა, დიახ ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიურ ფაკულტეტზე ვსწავლობ. ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ უკმაყოფილო ვარ, თუმცა როგორც ყველა უნივერსიტეტში, ჩვენთანაც არის ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღებაში.

-რატომ ქიმია? რამ გადაგაწყვეტინათ ქიმიურზე ჩაბარება? როდის დაიწყო თქვენი ქიმიასთან ურთიერთობა?

-ჩემი ქიმიასთან ურთიერთობა საკმაოდ გვიან დაიწყო, თუმცა ძალიან საინტერესოდ. ქიმიის შესწავლა რთულია, მოითხოვს უზარმაზარ შრომას, მაგრამ თუ მას ერთხელ გაუგე, მერე სწავლის პროცესი ძალიან საინტერსოსო ხდება. როცა აანალიზებ, რომ ეს საგანი უმნიშვნელოვანესი მეცნიერებაა, უფრო მოწიწებით ეპყრობი მას.

-სანამ უნივერსიტეტში ჩააბარებდი, რაიმე სახის პრაქტიკული შეხება გქონდა ქიმიასთან?

-უნივერსიტეტში ჩაბარებამდე არანაირი პრაქტიკული შეხება არ მქონია ქიმიასთან, რადგან სკოლების უმრავლესობაში არ არსებობს ქიმიის ლაბორატორია, სადაც მოსწავლე თეორიულად ნასწავლს პრაქტიკაში განახორციელებს. მოგეხსენებათ, ქიმია ისეთი მეცნიერებაა, რომ პრაქტიკის გარეშე, მარტო თეორიულად არ ისწავლება.

-როგორ შეაფასებ უნივერსიტეტში გავლილ ორ სასწავლო წელს? რამდენად ნაყოფიერი იყო?

-უკვე მეორე წელი სრულდება რაც ამ ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა ორი წლის სწავლის შედეგი უფრო დიდი უნდა იყოს. ეს ალბათ გამოწვეულია, პირველ რიგში ჩემი მხრიდან, რადგან ჩემს ხელთ არსებულ რესურსებს ასი პროცენტით არ ვიყენებ, ასევე უნივერისტეტის მხრიდანაც ველი უფრო მეტ ხელშეწყობას.

-უნივერსიტეტში სწავლებასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში სხვა აქტივობებითაც ხომ არ ხართ დაკავებული?

-პირველი კურსიდან მოყოლებული ჩართული ვარ „სპქა“-ს პროექტში-„შეიყვარე პროფესია შეაყვარე სხვას“, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილის დახმარებით ვმონაწილეობდი სამეცნიერო პიკნიკში. აგრეთვე სწავლის პარალელურ რეჟიმში ვაწარმოებთ კვლევას ორგანულ ქიმიაში.

-თუ საიდუმლო არ არის, შეგიძლიათ მითხრათ, რა თემაზე ატარებთ კვლევას?

-თუ წინააღმდეგი არ იქნებით საიდუმლოდ დავტოვებ.

-როგორ შეაფასებ კვლევას და ზოგადად ლაბორატორიაში მუშაობას?

-ლაბორატორიაში მუშაობა საკმაოდ საინტერესოა. ქიმიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევას ვაწარმოებთ საკამოდ რთულ პირობებში, ეს კვლევა, ჩვენთვის, სტუდენტებისთვისაც საკამოდ დიდი გამოცდილების მომტანია.

-თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტის ასეთი სახის კვლევებში ინდივიდუალურად მუშაობა?

- ალბათ თქვენც დამეთანხმებით რომ ლაბორატორიაში მუშაობას, პრაქტიკულ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია თუ გინდა იყო კარგი ქიმიკოსი. ლაბორატორიაში ხდება თეორიულად ნასწავლი ინფორმაციის გამოყენება. ხშირ შემთხვევაში ის მეტად ნათელი და გასაგები ხდება.

- უნივერსიტეტი სტუდენტებს და ლექტორებს კვლევების წარმოებაში ხელს რამდენად უწყობს?

-უნივერსიტეტში არსებობს საკმაოდ ბევრი ხელის შემშლელი და ხელის შემწყობი ფაქტორები. ტექნიკური უნივერსიტეტი ნამდვილად არ უჩივის ჭურჭლისა და რეაგენტების სიმცირეს, თუმცა არსებობს შემთხვევები როდესაც გვჭირდება უფრო თანამედროვე დანადგარი თუ მოუწყობლობა, რომელიც პრაქტიკულად საქართველოში ან არ მოიპოვება, ან ძალიან ძნელი ხელმისაწვდომია, რაც ექსპერიმენტის სრულფასოვნად ჩატარებას ხელს უშლის და აფერხებს. გარდა ამისა ლაბორატორიებს ნამდვილად სჭირდება განახლება.

-თქვენი აზრით, კვლებში და პროექტებში ჩართვა სტუდენტებს თვითრეალიზაციაში რამდენად ეხმარება?

-კვლევებში და სხვადასხვა პროექტებში სტუდენტების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს ფაკულტეტს, ნებისმიერ პროფესიაში პრაქტიკულ გამოცდილებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. სტუდენტი ამ დროს იძენს ისეთ გამოცდილებას რაც წიგნებში მოთხრობილი არაა.

-დიდი მდლობა თანამშრომლობისათვის

-მადლობა თქვენ.

 

ესაუბრა იბრაგიმ მამედოვი

2018-05-31

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას