სტუმრები

ჩვენი სტუმარია ზაზა მეტრეველი - აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ამირაჟიბის ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორი, ინჟინერიის სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარე.



 

 

ახალგაზრდები და სტუდენტები ერთნაირად ნიჭიერები არიან...

- მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფიის შესახებ.

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ექსპერიმენტული ნაწილაკებისა და ბირთვული ფიზიკის სპეციალობით. მაგისტრატურის სადიპლომო ნაშრომი მოვამზადე ქალაქ დუბნის (მოსკოვთან ახლოს, რუსეთი) ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (JINR, Dubna, Russia), სადაც გავაგრძელე სწავლა დოქტორანტურაში. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ დავბრუნდი თბილისში, სადაც რამდენიმე წელი ვმუშაობდი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში და პარალელურად ვკითხულობდი ლექციებს. ეს იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები, სამოქალაქო ომის პერიოდი, და სამწუხაროდ საქართველოში ფიზიკით დასაქმება და თავის გატანა წარმოუდგენელი იყო. ვიდექი არჩევანის წინაშე, ან უნდა დავკავებულიყავი სხვა საქმით, ან უნდა მემუშავა ფიზიკაში, მაგრამ არა საქართველოში.

ავირჩიე ფიზიკა, რისთვისაც დავბრუნდი დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში, საიდანაც მალე, 1995 წელს, მიმიწვიეს სამუშაოდ ჰოლანდიაში, ქალაქ ნაიმეგენის უნივერსიტეტში (Nijmegen University, Netherlands). იქ დავყავი ერთი წელი და ვმუშაობდი CERN-ის (European Organization for Nuclear Research, Geneva, Switzerland) ერთ-ერთი ექსპერიმენტის (EGS/NA22) მონაცემების დამუშავებაზე. ამის შემდეგ მიმიწვიეს სამუშაოდ CERN-ში, სადაც 1996-1999 წლებში ვმუშაობდი დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) ერთ-ერთი ექსპერიმენტის (ATLAS) პროექტირების საკითხებზე, რაც ექსპერიმენტის ამუშავებამდე (2009 წელი) თითქმის 20 წლით ადრე დაიწყო. მოგეხსენებათ, რომ LHC ექსპერიმენტებზე 2012 წელს აღმოჩენილ იქნა ეგრეთ წოდებული „ღმერთის“ ნაწილაკი - Higgs-ი.

CERN-ში მუშაობისას ვთანამშრომლობდი ამერიკელ კოლეგებთან ნორთვესტერნის უნივერსიტეტიდან (Northwestern University, Evanston, USA), რომლებმაც მიმიწვიეს სამუშაოდ და 1999 წლიდან ვარ ამ უნივერსიტეტის თანამშრომელი. ნორთვესტერნის უნივერსიტეტი არის ამერიკის 10 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის, და არის ამერიკის ასევე ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქ ჩიკაგოში. როგორც ნორთვესტერნის უნივერსიტეტის თანამშრომელი, წლების განმავლობაში ვმუშაობდი ფერმის ნაციონალურ ლაბორატორიაში (FNAL, Batavia, USA), ასევე კორნელის უნივერისტეტის ნაწილაკების ფიზიკის ლაბორატორიაში (Cornell University, LEPP) 2002-2007 წლებში.



ჩემი კარიერის განმავლობაში ვარ მრავალი ფუნდამენტური კვლევის და ორი ნაწილაკის აღმოჩენის ავტორი (ეგრეთწოდებული ჩარმონიუმის მდგომარეობები). გამორჩეული მიღწევებისა და საერთაშორისო აღიარებისთვის აშშ მთავრობამ მომანიჭა წოდება „გამოჩენილი მეცნიერი-პროფესორი“ (Outstanding Researcher-Professor), რის საფუძველზეც გავხდი აშშ მოქალაქე 2007 წელს.



მეცნიერული მუშაობის პარალელურად ყოველთვის მქონდა სურვილი გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება სტუდენტებისთვის, რისთვისაც წლების განმავლობაში ვკითხულობდი ლექციებს ნორთვესტერნისა და კორნელის უნივერსიტეტებში, მქონდა ურთიერთობა ბევრ დოქტორანტთან. ბოლო წლების მანძილზე ინტენსიურად ვფიქრობდი რატომ არ უნდა მესწავლებინა საქართველოში, სადაც ასე მნიშვნელოვანია და პრობლემატური განათლება. მივიღე გადაწყვეტილება და დავბრუნდი საქართველოში 2013 წელს, აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლად.





- რატომ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები?

კარგა ხანს ვადევნებდი თვალს სიტუაციას საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში, და დავრწმუნდი, რომ ამ ორ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი სწორადაა ორგანიზებული და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება.





- >როგორ შეადარებდით სტუდენტებს აშშ და საქართველოში?

ახალგაზრდები და სტუდენტები ერთნაირად ნიჭიერები არიან ყველგან. განსხვავებულია მათი სწავლისთვის მოტივაცია. სტუდენტებმა აშშ უნივერსიტეტებში თავიდანვე იციან, რომ მოუწევთ კონკურენტულ გარემოში ცხოვრება და კარგი სამსახური ექნებათ მხოლოდ მაშინ, თუ კვალიფიკაციით სხვას აჯობებენ; ეს იქაური ცხოვრების პირობებითაა განპირობებული. ჩვენს სტუდენტებს ყველას არ აქვს გააზრებული ეს თავიდანვე, თუმცა საქართველოშიც ნაწილობრივ ასეა და ვფიქრობ მალე შეიქმნება ის სიტუაცია, რომ მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს უპრობლემოდ ექნებათ ნორმალური სამსახური, და არა დიპლომის პატრონებს. აქედან გამომდინარე, სტუდენტები ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის ხარჯავენ ბევრად მეტ დროს, ვიდრე ჩვენი სტუდენტები. შესაბამისად, მათი განათლების დონე საშუალოდ უფრო მაღალია ჩვენი უნივერსიტეტ-დამთავრებულების დონესთან შედარებით. ესაა ზოგადი ტენდენცია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან არ არიან მოტივირებული სტუდენტები. არიან, და მათი ნაწილი წარმატებით აგრძელებენ სწავლას დასავლური უნივერსიტეტების მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. სამწუხარო ისაა, რომ ისინი არიან მხოლოდ მცირე ნაწილი ჩვენი ქვეყნის სტუდენტებისა.



- რას უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში სწავლის და სწავლების დონე ამაღლდეს?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირველ რიგში კარგი განათლების აუცილებლობა ცხოვრების წესმა და ქვეყნის განვითარების დონემ უნდა მოიტანოს. ამისთვის კი სახელმწიფო და ეკონომიკა უნდა განვითარდეს, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს განათლების სისტემის გააზრებული რეფორმა, უპირველესად საჯარო სკოლებში, ასევე, სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და ყველა უმაღლეს სასწავლებელში. ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი. თითქოს შეკრული წრესავითაა, განვითარებული სახელმწიფო განათლებულ მოსახლეობას გულისხმობს, გაუნათლებელი მოსახლეობა კი განუვითარებელ სახელმწიფოს. მაგრამ ეს აუცილებლად გასაკეთებელი და, თანაც შეძლებადია. არსებობს ამის მაგალითები. უნდა მიმდინარეობდეს სახელმწიფოს აქტიური, ყოველდღიური საქმიანობა ამ მიმართულებით. ხომ შეძლო თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა მოკლე დროში გამხდარიყო საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში?! ესე იგი, სწავლების გაუმჯობესება სხვაგანაც შესაძლებელია. ამისთვის, სწავლების სწორად ორგანიზებაა საჭირო.





- რას ურჩევდით სტუდენტებს სწავლაში წარმატების მისაღწევად?

შეუძლებელია სწავლაში და განათლებაში წარმატების მიღწევა ინგლისური ენის ცოდნის გარეშე, რადგამ მოგეხსენებათ ყველა საუკეთესო სასწავლო ლიტერატურა და სამეცნიერო ჟურნალები ინგლისურ ენაზეა. კოლეგებთან საერთაშორისო კონტაქტების, კონფერენციებში მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია კვალიფიკაციის ამაღლება, ინგლისური ენა კი საერთაშორისო ენაა.

კომპიუტერული პროგრამირების ცოდნის და გამოყენების გარეშე შეუძლებელია ნებისმიერ სპეციალობაში, არასაბუნებისმეტყველო მეცნიერებების ჩათვლით, შეიქმნას რაიმე ფასეული და კონკურენტუნარიანი. ამიტომ, კომპიუტერის და პროგრამირების შესწავლა აუცილებელია წარმატებისთვის.

ნებისმიერი, თუნდაც საუკეთესო უნივერსიტეტის დამთავრებისას შეძენილი ცოდნა არის ფაქტიურად სპეციალობის საფუძვლების ცოდნა. სრულფასოვან სპეციალისტად ჩამოყალიბებას სჭირდება უნივერსიტეტის შემდგომ სწავლისა და მუშაობის მრავალი წელი, რაც უნივერსიტეტ-დამთავრებულმა დამოუკიდებლად უნდა შესძლოს. ამიტომ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც უნივერსიტეტში უნდა ისწავლოს სტუდენტმა არის დამოუკიდებლად სწავლის, ლოგიკურად აზროვნების უნარი.



ნებისმიერი წარმატების საფუძველი კი შრომაა. დღევანდელი სტუდენტებისა და ახალგაზრდების ხელშია ქვეყნის უკეთესი მომავალი. ბევრ წარმატებას გისურვებთ !

ესაუბრა ანი თეგეთაშვილი

გამოქვეყნებულია 04-06-2014