სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიკოსი, შოთა რუხაძე



მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:

დაიბადა 1943 წლის 8 ოქტომბერს,კახეთის სოფელ შილდარში (ყვარლის რაიონი). წარჩინებით დამთავრა თბილისის რკინიგზის VII სკოლა. 1960 ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე.სწავლა გააგრძელა მოსკოვის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 10 წელი მუშაობდა და სწავლობდა თბილისის ბიოქიმიის ინსტიტუტში.1977 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

 

 

ყოველმა ადამიანმა ბედნიერება საკუთარ ქვეყანაში უნდა ჰპოვოს...

- პირველ რიგში, ბატონო შოთა, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის სახელით გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელ, ბედნიერ, წარმატებულ და კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრებას. თქვენ 1977 წლიდან დღემდე მოღვაწეობთ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, მრავალი წლის განმავლობაში აღზარდეთ ღირსეული თაობები და დიდი წვლილი შეიტანეთ ჩვენი უნივერსიტეტის შენარჩუნებაში. გვიამბეთ თქვენი მოღვაწეობის შესახებ.

-მოსკოვში ვმუშაობდი მოლეკულური აზოტის ქიმიური ფიქსაციის პრობლემაზე, რომლის გადაწყვეტაც ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა იყო. ასე რომ იმ დროისთვის მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა ამ თემაზე დაიწყეს მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში წილად მხვდა პატივი მემუშავა ალექსანდრე შილოვთან კინეტიკის განყოფილებაში. მოგეხსენებათ, იმ დროს ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ასეთ ადამიანთან ერთად მუშაობა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ამერიკელმა მეცნიერებმა გამოსცეს არაორგანული ბიოქიმიის ორტომეული, რომელშიც მთლიანად იყო შესული ჩემი სადიპლომო ნაშრომი, რომლითაც, არ დავმალავ, ძალიან ვამაყობ.

-რატომ არ დარჩით რუსეთში და არ გააგრძელეთ ამ განყოფილებაში მუშაობა?

- პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ ყოველმა ადამიანმა ბედნიერება საკუთარ ქვეყანაში უნდა ჰპოვოს. რატომღაც მგონია, რომ სხვის ქვეყანაში კაცი სრულყოფილ ბედნიერებას ვერ მიაღწევს. თან სწორედ იმ პერიოდში ბატონმა დევი უგრეხელიძემ მიმიწვია ბიოქიმიის ინსტიტუტში, სადაც ასევე, დავამთავრე ასპირანტურაც, ნაცვლად მოსკოვის უნივერსიტეტისა. 10 წლის შემდეგ მიმიწვიეს აგრარულ უნივერსიტეტში. თავდაპირველად, 5 წლის მანძილზე ვკითხულობდი ორგანულ ქიმიას, მას შემდეგ კი, უკვე 31 წელია, რაც ფიზიკური ქიმიის ლექტორი ვარ.

-გვიამბეთ თქვენ მიერ განვლილ გზაზე აგრარულ უნივერსიტეტში.

-თავდაპირველად ეს უნივერსიტეტი საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა 90-იანი წლები, ისევე როგორც ყველას, ჩვენც შეგვეხო. უშუქობა, სიცივე,... მახსოვს, ზამთარში ყინვისგან გამათბობლები სკდებოდა. -7 0 იყო აუდიტორიაში. ძალიან ბევრი ხელსაწყო მწყობრიდან გამოვიდა. ხელფასი 2 დოლარის ექვივალენტი იყო. ერთხელ სტუდენტმა მკითხა ეს ფული გზის ფულად თუ გყოფნითო. ცხადია, მყოფნიდა. ტრანსპორტიც კი არ იყო და მეტროდან ფეხით დავდიოდით. რაც შეეხება უნივერსიტეტის დღევანდელ მდგომარეობას - აღფრთოვანებული ვარ.! ეს არის ენით აღუწერელი წინსვლა.

-არასოდეს გიფიქრიათ უნივერსიტეტის დატოვება?

-ყოველთვის მსიამოვნებდა სტუდენტებთან ურთიერთობა .უნივერსიტეტმაც მიჩვევა იცის, ამიტომ არასდროს მიფიქრია მის დატოვებაზე. თანაც იმდენად მიყვარდა ჩემი პროფესია, სხვაგვარად არც შეიძლებოდა.

-რას ურჩევდით ახალგაზრდებს? რატომ უნდა ისწავლონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები?

-ადამიანს ცნობიერად თუ არაცნობიერად ყოველთვის აქვს ქიმიასთან, ფიზიკასთან კონტაქტი. მსოფლიო მთლიანად ამ დისციპლინებზეა დამოკიდებული. სწორედ მათი განვითარებაა ტექნოლოგიური და, შესაბამისად, ეკონომიკური პროგრესის წინაპირობა. აქედან გამომდინარე, საბუნებისმეტყველო საგნები ყოველთვის პერსპექტიული იქნება.

ესაუბრა ანი ბაიაძე, კესო ბარამიძე, მერი გაბელაია

გამოქვეყნებულია 25-10-2013