ჩვენი სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური დეპარტამენტის სრული პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი.



პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი არის საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი. მის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგი ბმულის საშუალებით >>>

 

ასეთი შეხვედრები აუცილებელია

2012 წლის ივლისში დაბა ბაკურიანში CERN -ის (European Organization for Nuclear Research) ეგიდით ჩატარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. სკოლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა.

>ქალბატონი ჟუჟუნა პეტრიაშვილი ერთი კვირით მიწვეული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში ბაკურიანში. რას გვეტყოდით ამ სკოლის შესახებ?

თქვენმა სტუმარმა პროფესორმა ქეთევან კუპატაძემ დაწვრილებით აღწერა სკოლის სტრუქტურა და მიზნები. მე შევეცდები კიდევ ერთხელ გავაშუქო ეს მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება.

>რას იტყოდით მონაწილეების შესახებ?

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ წარჩინებული, საბუნებისმეტყველო საგნობრივ ოლიმპიადებზე გამარჯვებული მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნებიდან. სკოლაში ლექციები ტარდებოდა ინგლისურ ენაზე. უნდა აღინიშნოს ქართველი მოსწავლეების მაღალი დონე ინგლისური ენის თვალსაზრისით, მათი ჩართულობა მეცადინეობებში და ქიმიის ცოდნის საკმაო სიღრმე.

>რას იტყოდით მონაწილეების შესახებ?

ეს იყო არა მხოლოდ მოსწავლეთა საინტერესო შეხვედრის, საბუნებისმეტყველო საგნების გაღრმავებისა და გაანალიზების ადგილი, არამედ უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან საინტერესო იყო პედაგოგთა და მეცნიერთა ურთიერთობის მხრივაც. ბაკურიანში მიწვეული იყვნენ მაღალი დონის გამოცდილი პროფესორ- მასწავლებლები, რომელთა ურთიერთობა, აზრთა გაზიარება და თანამშრომლობა არანაკლებ საინტერესო იყო. აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, არნოლდ გეგეჭკორის ლექციებს სტუდენტებთან და საუბრებს პედაგოგებთან. ასეთი პროფესიონალიზმი და ასეთი სურვილი, რომ თავისუფალ დროს თავისი გამოცდილება გაეზიარებინა თანამშრომლებისათვის, მხოლოდ უდიდეს და ღირსეულ პიროვნებებს შეუძლიათ. ჩვენ შევიტყვეთ ძალიან საინტერესო ექსპედიციების შესახებ, რომლებიც ბატონ არნოლდის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით განხორციელდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

>რა ტიპის მეცადინეობები ტარდებოდა საზაფხულო სკოლაში?

საზაფხულო სწავლება მოიცავდა პლენალურ ლექციებს და რეგულარულ მეცადინეობებს. პლენალური ლექცია ტარდებოდა მხოლოდ ორშაბათობით საზაფხულო სკოლის ყველა მონაწილისათვის. მოგეხსენებათ, რომ ლექცია საინტერესო უნდა ყოფილიყო, როგორც ქიმიით, ისე ბიოლოგიით და ფიზიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის. რეგულარული მეცადინეობები ტარდებოდა 25 მოსწავლისათვის თითოეულ დისციპლინაში.

>თქვენს მიერ წაკითხული მასალის თემები თუ შეგიძლიათ რომ დაგვისახელოთ?

პლენალური ლექცია ერთად დავგეგმეთ მე და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებათა ფატულტეტის ქიმიის დეპარტამენტის დოქტორმა მარინა გოგატიშვილმა. თემა შეეხებოდა ქიმიურ ბმებს. მან ისაუბრა იონური და კოვალენტური ბმების შესახებ. მე კი შევეცადე მეტალების განსაკუთრებული თვისებების ახსნა მეტალური ბმით და წყლის უნიკალური თვისებების დაკავშირება წყალბადურ ბმასთან. რაც შეეხება რეგულარულ მეცადინეობებს, თემები ასეთი შევარჩიე: მჟავები და ფუძეები ყოფა-ცხოვრებაში, საინტერესო შემთხვევები ქიმიაში და თანამედროვე პერიოდული სისტემა. მარინა გახუტიშვილმა წაიკითხა მეტად საინტერესო პოპულარული ლექცია დარიშხანის შესახებ. მან ორი მეცადინეობა დაუთმო ქიმიურ ექსპერიმენტზე მუშაობას, რაც მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.

>თქვენი აზრი მსგავს ღონისძიებებთან დაკავშირებით?

მინდა აღვნიშნო გასაოცარი წესრიგი და კარგი მენეჯმენტი საზაფხულო სკოლის მუშაობაში, რაც საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელის ბატონი ლევან ხარატიშვილის დამსახურებაა.

ჩემი ღრმა რწმენით ასეთი შეხვედრები აუცილებელია. იგი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს მომავალი პროფესიების სწორ არჩევაში. ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნული ურთიერთობები სხვადასხვა დონეზე, რაც დადებითად აისახება მომავალი თაობის სწორად ჩამოყალიბაში.

 

ესაუბრა ზურაბ გელიაშვილი

2012-10-03

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას