დღეს ჩვენი სტუმარია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ელიზავეტა ბუაძე



ელიზავეტა ბუაძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში. 1972 წ დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ქიმიკოსის კვალიფიკაცია; 1983წ დაამთავრა მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია “საფეიქრო მასალების ტექნოლოგიის“ სპეციალობით; 1999წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია იმავე სპეციალობით და მიენიჭა ტექნიკური მეცნიერების დოქტორის წოდება; 2002წ. მიიღო პროფესორის წოდება.
1972 წლიდან დღემდის მუშაობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ლაბორანტის, შემდეგ ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, კათედრის გამგისა და სრული პროფესორის თანამდებობებზე.
არის 203 სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიის, 25 დამხმარე სახელმძღვანელოს, 10 პატენტის ავტორი.

 

ოქროს მედალოსანი ქართული აბრეშუმი

- ქალბატონო ლიზა, რამ განაპირობა თქვენი პროფესიის არჩევანი. გვიამბეთ დღემდე თქვენს მიერ განვლილ პროფესიულ გზაზე ?

1965 წელს ვერცხლის მედალზე დავამთავრე ქუთაისის მე-9 საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლა გავაგრძელე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიურ-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე “არაორგანული ნივთიერებების და ორგანული სასუქების სპეციალობაზე, რომელიც წარჩინებით დავამთავრე 1972 ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, როგორც კარგი და მოწინავე სტუდენტი, სამუშაოდ დამტოვეს ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ლაბორანტად.

სტუდენტობის პერიოდში მე აქტიურად ვიყავი ჩართული მეცნიერულ მუშაობაში. ჩემი გამოკვლევის საგანი იყო ბენტონიტური თიხა, რომელიც საქართველოში დიდი რაობენობითაა. მისმა უნივერსალურმა თვისებებმა გამაოცეს. ის ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, გამწმენდ საშუალებად, კვების მრეწველობაში და სხვა დარგებში.

როგორც ვთქვი მე დამტოვეს სამუშაოდ ინსტიტუტში საფეიქრო მრეწველობის ტექნოლოგიის კათედრაზე, რადგანაც მქონდა ასევე მეორე კვალიფიკაცია – მქსოველი. მაშასადამე მე როგორც ქიმიკოს კონტაქტი მქონდა გამომყვანი წარმოების სპეციალობის სტუდენტებთან და კარგად მესმოდა ბოჭკოს და ძაფის აღნაგობა, რაც ძლიერ დამეხმარა შემდგომ მუშაობაში. დამებადა აზრი საფეიქრო მასალების დამუშავებაში გამომეყენებინა ბენტონიტები. კათედრაზე არ არსებობდა ქიმიური ლაბორატორია და ამიტომ გარკვეული პერიოდი დამჭირდა ლაბორატორიის შექმნისათვის, რის შემდეგ დავიწყე ექსპერიმენტების ჩატარება. პირველი ჩემი სამეცნიერო სერიოზული სამუშაო იყო აბრეშუმის ქსოვილების დამძიმება ბენტონიტებით. დავამყარე კავშირი კავკასიის მინერალოგიის ინსტიტუტთან თბილისში და ჩემი ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა პროფესორი მიხეილი მერაბიშვილი. ამ პერიოდში მე ლაბორანტიდან დამაწინაურეს ასისტენტად, ჩავაბარე გამოცდები მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის ასპირანტურაში და გავხდი მათი მაძიებელი.

იმ პერიდში ჩვენი ინსტიტუტის რექტორი იყო პროფესორი ბატორი ნოდარ ვალიშვილი, რომელმაც მე, უხარისხო ახალგაზრდა მეცნიერი დამნიშნა ორგანული ქიმიის და გამომყვანი წარმოების ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის გამგედ, მაშინ როდესაც კათედრაზე იყო რამდენიმე ღვაწლმოსილი დოცენტი. მე ვიგრძენი, რომ ვალდებული ვიყავი დამეჩქარებინა დისერტაციის დაცვა, რათა გამემართლებინა ბატონი ნოდარის ნდობა.

1982 წელს მოსკოვში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით - საფეიქრო მასალების ტექნოლოგია. ჩემ მიერ შექმნილმა ქსოვილმა მოწონება ჰპოვა მოსკოვის და ოსლოს გამოფენებზე. პარალელურად ჩემი სამეცნიერო წარმატებისა სამსახურებრივი კარიერის მხრივ მე ამირჩიეს დიზაინის და მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტის დეკანად (1993), სადაც მოღვაწეობდი 2005 წლამდე. ამ პერიოდში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია კვლავ ბენტონიტების გამოყენებაზე გამოხარშვაში, ღებვაში, ჩითვაში.

შემდეგ საქართველოში განათლების რეფორმების ჩატარების დრო დადგა და მე გადამიყვანეს დეპარტამენტის უფროსად, შემდეგ კი მიმართულების კოორდინატორად, ამჟამად ვარ კათედრის სრული პროფესორი.

ვიყავი რამდენიმე გრანტის ხელმძღვანელი და ეხლაც 2012 წელს მოვიგე კიდევ ერთი გრანტი.

 

-რამდენად ვითარდება დღეს საფეიქრო ინდუსტრია მსოფლიოში, რა ახალი ტენდენციებია. რამდენად არის საქართველო ჩართული ასეთი ხასიათის კვლევებში?

 

მსოფლიო საფეიქრო ინდუსტრიაში ახალი მიმართულებაა - ნანოტექნოლოგიების გამოყენება.

ბოლო წლებში საფეიქრო მასალებს წაუყენეს ფანტასტიური მოთხოვნები - ისინი უნდა ფლობდნენ სპეციფიკურ თვისებებს და აკმაყოფილებდნენ ადამიანის მოთხოვნებს ე. ი. უნდა ქონდეთ საპასუხო რეაქციის გამომუშავების უნარი. უნდა გაათბონ ან გააგრილონ სხეული, ანათებდნენ ღამეში. ასეთი ქსოვილების დასამზადებლად იყენებენ ფოტო-, თერმო - და ჰიდროქრომულ საღებრებს. ამ საღებრებით შეღებილი ქსოვილები წყლის, სითბოს და სინათლის მოქმედების ქვეშ იცვლიან ფერს როგორც ქამელეონი. შემოვიდა ტერმინი “ჭკვიანი ქსოვილი“. ასეთ ქსოვილებს უწოდებენ სამედიცინო დანიშნულების ქსოვილებსაც.

აღნიშნული ტიპის ქსოვილებზე ჩემი ხელმძღვანელობით მუშაობენ ჩემი კოლეგები. ამ თემას ეძღვნება ჩვენი გრანტებიც. პირველი გრანტი იყო სამედიცინო ქსოვილზე, რომელიც გამოიყენება ჭრილობების პროფილაქტიკაში და შეხორცებაშიც. 2012 წელს მოპოვებული გრანტიც ეხება სამედიცინო ქსოვილებს დიაბეტური ტერფის დაავადების წინააღმდეგ.

 

- თუ არიან ამ სპეცილალობით სტუდენტები დაინტერესებულნი?

სამწუხაროთ საინჟინრო სპეციალობები ეხლა ნაკლებად აინტერესებთ ახალგაზრდებს, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტის გამოსვლამ საინჟინრო სპეციალობების დაფინანსების კუთხით ცოტა გააცოცხლა ახალგაზრდობა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

 

- რაც ურჩევდით მომავალ ქიმიკოსებს?

მომავალ ქიმიკოსებს ვურჩევდი სტუდენტობის გამოიმუშაონ ექსპერიმენტის ჩატარებისა და მიღებული შედეგების ანალიზის უნარი. თავისი დარგით კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლას და გამოყენებას.

 

- როგორია დღეს საფეიქრო ინდუსტრიის მდგომარეობა საქართველოში?

საქართველოში საფეიქრო ინდუსტრიის საკითხი, შეიძლება ითქვას, რომ ძლიერ დაბალ დონეზე დგას. ამ დროს ქართული აბრეშუმი იყო განთქმული მსოფლიოში და მრავალ ოქროს მედლებიც ჩამოუტანიათ ჩვენ ფეიქრებს გამოფენებიდან. მაგრამ სამწუხაროთ ეს ყველაფერი გაქრა, არავის არ აინტერესებს ეს დარგი. ბაზარზე შემოსული საფეიქრო საქონლის 80% უვარგისია, ზოგი ალერგიასაც იწვევს. მაგრამ ამას ყურადღებას არავინ არ აქცევს. სამწუხაროდ ალბათ მექარმეებისათვის ასეთი საქონელი უფრო იაფია შესაძენად, ვიდრე ხელი მოჰკიდონ მის ადგილზე წარმოებას.

 

- და ჩვენი ინტერვიუს დასასრულს რაიმეს ხომ არ დაამატებდით? ჩვენი მკითხველებისათვის საინტერესო იქნება თქვენი კვალიფიკაციური აზრი

ჩემი სამეცნიერო კვლევები, როგორც უკვე ვთქვი ძირითადად ეხება სამედიცინო ტექსტილს, რომელიც საქართველოში არ იწარმოება. რატომ არ უნდა ქონდეს საქართველოს თავისი ჭკვიანი ქსოვილი? საფეიქრო მრეწველობის განვითარება მხოლოდ მინი სამკერვალო საამქროების გახნით არ უნდა ამოიწუროს. მე მგონია, თუ რეალურად გვინდა საფეიქრო მრეწველობის განვითარება, მაშინ უფრო მეტზეც უნდა ვიფიქროთ. საფეიქრო მრეწველობა არის - დართვა, ქსოვა, ტრიკოტაჟი, უქსოვადები მასალების წარმოება, ქსოვილის გამოყვანა (ღებვა, გამოხარშვა, მოჩითვა–საბოლოო დამუშავება). ყოველივე ამას სჭირდება ისეთი მანქანები, რომელთა შეძენას კერძო პირი ვერ შეძლებს. ამიტომ ვინმემ უნდა იზრუნოს ამ დარგში ინვესტირევაზე.

დასასრულს, ჩემი ოცნება არის რომ საქართველოში კვლავ აღორძინდეს საფეიქრო მრეწველობა.

 

ესაუბრა მაგდა ხარაძე. არმინე ავაქიანი

2012-03-29

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას