24 დეკემბერს ცნობილი ქართველი მეცნიერისა და დიდი პედაგოგის პროფესორ გოგი ჭირაქაძის დაბადებიდან 77 წლისთავი შესრულდა. პროფერმა გოგი ჭირაქაძემ წარუშლელი კვალი დატოვა თავის მოსწავლეებში, კოლექტივში, ქიმიურ საზოგადოებაში. ბატონი გოგის გახსენება ვთხოვეთ მის ერთ-ერთ მოწაფეს პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილს



საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტი.

 

"ჭეშმარიტი ბედნიერება შრომაშია!"

ორი დღის წინ პროფესორ გოგი ჭირაქაძის დაბადების დღე იყო. ჩვენი თაობის სტუდენტებს მის შესახებ არც თუ ბევრი რამ გვსმენია, გარდა იმისა, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი და მეცნიერი იყო. ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ მას ძალიან ახლოს იცნობდით. იქნებ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ იგი.
- მოგვიყევით, როგორ გაიცანით ბატონი გოგი?

ჩვენ "შემთხვევით" გავიცანით ერთმანეთი. მე მისი სტუდენტი ვიყავი, მაგრამ სემინარულ მეცადინეობებს სხვა მასწავლებელი გვიტარებდა. ერთ-ერთი მორიგი სემინარის წინ მთელი განვლილი მასალა ვისწავლე.

ასეთი რამ მანამდე არასოდეს გამიკეთებია. საგანს, როგორც წესი გამოცდის წინ ვსწავლობდით ხოლმე. სწორედ იმ სემინარულ მეცადინეობაზე ჩვენი ძირითადი მასწავლებელი ავად გახდა და იგი ბატონმა გოგიმ შეცვალა. ჩემდა საბედნიეროდ, მაშინ ყველა კითხვაზე ვუპასუხე. ამან გადაწყვიტა ჩემი მომავალი... ეს იყო 1989 წლის 24 ოქტომბერი. ეს ისეთი თარიღია ჩემს ცხოვრებაში,რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

მას შემდეგ კი მრავალმა წელმა განვლო.ბედნიერი ვარ,რომ ჩემი საუკეთესო წლები მის გვერდით გავატარე.15 წელი არც თუ ისე ბევრია,მაგრამ იგი ხომ 5475 დღეა.. ჩვენ ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა...ყოველი დღე,გარდა ერთისა - უკანასკნელისა,იყო ბედნიერების, სიხარულის, ახლის გაგების, მომავლის იმედისა და მიზნის დასახვის დღე...

 

 

- და მაინც იქნებ გაიხსენოთ რომელიმე განსაკუთრებული დღე..

ძნელია, გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მიჭირს ახლა რომელიმე დღის გამოყოფა. რომელი დღე გავიხსენო, რომელი ამოვარჩიო... ისინი ყველა ერთმანეთს სჯობს და ერთნაირად ძვირფასია ჩემთვის...

ბატონი გოგი ფაქიზად დამუშავებული მრავალწახნაგოვანი ალმასისთვალივით იყო. შევეცდები თითოეული წახნაგის შესაბამისად,თითო ეპიზოდი გავიხსენო.განსჯით კი,თქვენ და მკითხველმა განსაჯეთ.

ჯერ კიდევ მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, რომ ბატონმა გოგიმ მეცნიერებათა აკადემიაში სემინარზე წამიყვანა. სემინარზე პრაქტიკულად ყველა ცნობილმა ქიმიკოსმა გააკეთა მოხსენება. მე, ჯერ კიდევ ქიმიაში და არამარტო ქიმიაში, ახალ ფეხადგმულმა, მართალი გითხრათ ბევრი ვერაფერი გავიგე. სემინარის ბოლოს ბატონმა გოგიმ ჩემი აზრი მკითხა გამომსვლელებზე. ცოტა დავიბენი, მაგრამ ჩემი აზრი მაინც გამოვხატე. საწინააღმდეგო არაფერი უთქვავს, თუმცა რჩევა მომცა, თუ ვისთვის უფრო უნდა მიმექცია ყურადღება.

მე ყოველთვის მაოცებდა მისი შორსმხედველობა. ბატონი გოგი იყო ჩემი არამარტო ქიმიის, არამედ მთელი ცხოვრების მასწავლებელი. ჩემი ქართული ენაც კი მისი ლექსიკით იქნა გაჯერებული. მახსოვს, სადისერტაციო ნაშრომი ოპონენტს რომ მივუტანე, მკითხა, რუსული სკოლა გაქვს დამთავრებულიო? მივხვდი რატომაც მეკითხებოდა და ვიცრუე.

- ცნობილია, რომ ბატონი გოგი დიდი და დახვეწილი იუმორით გამოირჩეოდა...

-ბატონი გოგი იყო უბადლო იუმორის მქონე ადამიანი. ხშირად მისი იუმორი ქიმიაზე იყო იმობილიზებული. ბატონ გოგის ყოველთვის ჰყავდა ოჯახში ძაღლი - ტანო. ერთხელ, ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ასევე ჰყავდა ძაღლი, საუბარი მათ მოვლაზე ჩამოვარდა. იგი ბატონ გოგის უყვებოდა, თუ როგორ ასეირნებადა ყოველდღე და ყოველი გასეირნების შემდეგ თუ როგორ გულდასმით ბანდა. ბატონმა გოგიმ უსმინა, უსმინა და დაასკვნა?
-Кажется Ваша собака гатова к микроанализу!
- ცაკლე თემაა ბატონი გოგი საჭესთან... ძნელი წარმოსადგენია ბატონი გოგი თავისი მანქანის გარეშე. მისი უამრავი კურიოზისა და იუმორის წყარო ხშირად სწორედ ეს მანქანა ყოფილა. ერთხელ სამსახურში შეწუხებული მოვიდა და მეუბნება? იცი, მე მგონი მოხვევის მაჩვენებელი არ მიმუშავებს. იქნებ დამეხმარო. მე უსიტყვოდ გამოვართვი მანქანის გასაღები და გავეშურე მის შესაკეთებლად. ბატონი გოგი კი მომიბრუნდა და დაამატა:

-იცი, მე არ მინახავს თუ რომელი არ მუშაობს, მაგრამ რამდენჯერაც მარჯვნივ შევუხვიე, იმდენჯერ მანქანები მუშტის ქნევით გამცდნენო.

- როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ბატონ გოგის პოეზიასთან?

ბატონი გოგი იყო უაღრესად მოყვარული და მცოდნე მსოფლიო ლიტერატურის და ქართული პოეზიის. აღმერთებდა შოთას, ვაჟას, აკაკის, გალაქტიონს, გამსახურდიას. მე, წარმოშობით ფშაველს-რომლისთვისაც ვაჟას ენა მშობლიურია, დღესაც მანცვიფრებს მისი წვდომა ვაჟა-ფშაველას პოეზიისადმი და ფშაური დიალექტისადმი.

-ბატონი გოგი და მუსიკა, ეს საუბრის ცალკე თემაა, მაგრამ იქნებ ორიოდე სიტყვით ამასაც შევეხოთ?

ბატონი გოგის დამოკიდებულებაზე მუსიკისადმი მე ბევრს არაფერს ვიტყვი, ეს ისედაც ბევრმა იცის. ნახეთ გოგი ჭირაქაძის 70 წლისთავისადმი გამოსული მოგონენების წიგნი და გაკვირდებით, რა ნაწილი უკავია გოგი ჭირაქაძის მუსიკასთან დამოკიდებულებას, მუსიკის სამყაროს რამდენი წარმომადგენელი იგონებს მას ტკბილი და სევდიანი მოგონებებით. იგი მეგობრობდა ძალიან ბევრ ცნობილ მუსიკოსთან, საოპერო მომღერალთან თუ კომპოზიტორთან ზურაბ ანჯაფარიზესთან, ზურაბ სოტკილვასთან, ირინა არხიპოვასთან, ლიანა ისაკაძესთან, გიორგი სვირიდოვთან და სხვა მრავალთან. ეს სია ძალიან გრძელია. მე დავძენ მხოლოდ იმას, რომ მე მუსიკალური განათლება ბატონი გოგის "კლასში" მაქვს მიღებული. ხშირად ჩვენს შორის საუბარი ქიმიიდან შეუმჩნევლად გადაიზრდებოდა ხოლმე მუსიკაზე და ასევე შეუმჩნევლად უბრუნდებოდა უკან ქიმიას. ბედნიერი ვარ, რომ ბატონმა გოგიმ ქიმიასთან ერთად მაზიარა ამ არაჩვეულებრივ ფენომენს. მისი სიძის - ბადრი მაისურაძის თუ სხვა ცნობილი მუსიკოსის თბილისში გასტროლებისას კონცერტზე ბატონი გოგის წყალობით ყოველთვის მქონდა ხოლმე ბილეთი ან სამომსახურეო შესასველიდან საშვი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი გოგი არის ავტორი არაჩვეულებრივი წიგნისა "ოთარ თაქთაქიშვილის გვერდით", სადაც იგი არაერთ ხელოვანზე წერს. არ დამავიწყდება, თუ რა მონდომებით მუშაობდა იგი ამ წიგნზე. იგი აღმერთებდა მას როგორც ადამიანს და როგორც დიდ მუსიკოსს. ბატონ გოგის თავის თანამშრომლებთან მხოლოდ "სამსახურებრივი" ურთიერთობა არ ჰქონია. იგი უაღრესად დიდსულოვანი ადამიანი იყო... ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს არც ერთი სიხარული და არც ერთი ტკივილი, რომ მისი მოზიარე არ ყოფილიყო. ვდგავარ ერთხელ სამშობიაროს კარებთან და სულმოუთქმელად ველოდები მის ყოველ გაღებას. ველოდები ექიმს,ექთანს, სანიტარს, ნებისმიერს, რომელიც რაიმე ახალს მამცნობს. შიგნით უმძიმესი სიტუაციაა... შეშვებით არავის უშვებენ. მე მეტი არაფერი დამრჩენია, უნდა ველოდო ბედის განაჩენს. ფიქრებით სადღა არ დავქრივარ, თვალებით კი კარებზე ვარ მიჯაჭვული. უკვე შემოღამდა. უცებ კარები იღება და... გამოდის ბატონი გოგი. წამით დავიბენი. ვერ მივხვდი სად ვიყავი... შემდეგ კი ამ ამბის შესახებ ბევრი ვიცინეთ. ბატონ გოგის მეორე, სათადარიგო კარებიდან ისეთი "მონდომებით" შეებიჯებინა, რომ მისი ჰაბიტუსითა და პირდაპირობით დაბნეულმა სანიტრებმა უპრობლემოდ გაატარეს. მოგვიანებით გონს მოსული სანიტრები უკან დაედევნენ და ცენტრალური კარებიდან გამოაცილეს გარეთ... ეს ერთი პატარა ეპიზოდია ბატონი გოგის დიდსულოვნებისა. მან, ჩვენ – კათედრის ახალგაზრდებს, ბევრი ასეთი მაგალითი დაგვიტოვა.

- ცნობილია, მისი პრინციპულობა ნიშნის დაწერის მიმართ.რას იტყვით თქვენ ამის შესახებ?

- იგი უაღრესად პრინციპული იყო არა მარტო ნიშნის დაწერის მიმართ. მის გარეგნობას ვაჟკაცური სული კიდევ უფრო მეტ სილამაზეს მატებდა. არ დამავიწყდება მისი შეუპოვრობა უმსგავსოებისა და უცოდინრობისადმი. 90-იანი წლების დასაწყისში, განუკითხაობის დროს გამოცდაზე ერთი თავზე ხელაღებული სტუდენტი ითხოვდა ნიშნის დაწერას ავტომატმომარჯვებული. ბატონი გოგი, როგორც წესი, გამოცდას მარტო არ იბარებდა, მაგრამ შეიარეღებულმა ხალხმა ყველა აიძულა დაეტოვებინათ საგამოცდო ოთახი. დარჩნენ მხოლოდ ბატონი გოგი და ორი ავტომატმომარჯვებული ადამიანი. ბატონი გოგი მაინც არ გატყდა. მისი პირდაპირობისა და შეუპოვრობის წინაშე ბოლოს იმ ავაზაკებმაც მოიხარეს ქედი. ასევე თვალწინ მიდგას ის დღე, როდესაც ბატონ გოგის უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და საოპერაციოდ გაწერეს. ონკოლოგიური საავადმყოფოდან პირდაპირ ინსტიტუტში წამოვედით და გამოცდა ჩაატარა. ერთი წუთითაც არ ჩაუქნევნია ხელი ცხოვრებაზე, არ დაუჩოქია, თორემ, ვინ ვინ, და იგი ყველაზე კარგად ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე. ბატონი გოგისა და მის მიერ ჩატარებული გამოცდების შესახებ ბევრი შეიძლება ისაუბროს ადამიანმა...

- როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ბატონ გოგის სტუდენტებთან?

ჩემი სტუდენტობის დროს ყველა ხუთოსანსა და ოროსანს სცნობდა სახეზე და არც ავიწყდებოდა. მცოდნეს მაქსიმალურუდ ეხმარებოდა, უცოდინარს კი არაფრით არ პატიებდა. ჩვენც, ახალგაზრდა თანამშრომლებს, სულ ამას გვეხვეწებოდა, რომ ყოველი გამოცდა "გამონაკლისის" გარეშე ჩაგვეტარებინა. ბედნიერი, ვარ რომ თამამად შემიძლია ვთქვა-მე მისთვის არ მიღალატია! ბატონი გოგი, ავადმყოფობის პირველი მძლავრი დარტყმის შემდეგაც კი თავის კაბინეტში საკაცეზე მწოლიარე მეორე დღის საკონტროლო წერის ობიექტურად ჩატარების თაობაზე საუბრობდა. სასწრაფო დახმარების ექიმები, რომლებიც თავს ედგნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სერიოზულად იყვნენ შეშფოთებულები, აღტაცებას ვერ მალავდნენ. კიდევ ერთი მომენტი იმ საშინელი დღიდან. ბატონი გოგი იმდენად ამაყი ბუნების ადამიანი იყო, რომ საკაცით თავი არაფრით ჩაგვაყვანინა. ცოტა რომ მოიკეთა, წამოდგა და თავად ჩავიდა მანქანამდე. ბატონი გოგი იყო სტუდენტებისა და ახალგაზრდების უდიდესი მოყვარული. ზოგჯერ პატარა ბავშვივით გამოხატავდა სიხარულს, როდესაც ისინი სტუდენტურ კონფერენციებზე იმარჯვებდნენ. მისი 65 წლის იუბილის წინა დღეებში ჩვენი კათედრის სტუდენტები და ასპირანტები დიდი წარმატებით გამოვიდნენ სოროსის კონფერენციაზე და მრავალი ფულადი პრემია დაიმსახურეს. ამ ამბით გახარებულმა, თავის იუბილეზე თამადას დაასწრო და პირველი სადღეგრძელო ამ ახალგაზრდებისა შესვა. მათი წარმატება იყო მისი ყველაზე კარგი დღეგრძელობა და იმიტომ. მახსოვს ერთხელ ბატონ გოგის წამოსცდა, ახლა მე უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ მე უკვე მინდა ვიჯდე და თქვენ ახალგაზრდები ყოველ ნახევარ საათში შემოდიოდეთ და ახალ-ახალ საინტერესო მასალებს მაწვდიდეთო. ამისკენ ვისწრაფვოდით კიდეც. კათედრაზე 11 ასპირანტს მოვუყარეთ თავი, დავსახეთ მიზნები და სწორედ როცა უკვე მოსავალი უნდა მოგვემკო, მაშინ დაგვტოვა საუბედუროდ ბატონმა გოგიმ.

- ბატონი გოგის კოლექტივი ხშირად ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული იყო, როგორ ახერხებდა ამას?

ბატონი გოგი იყო უაღრესად სპეტაკი ადამიანი. იგი თავის გარშემო ყოველთვის ცდილობდა შემოეკრიბა ხალხი ყოველგვარი პროტექციის გარეშე. მახსოვს, ერთხელ, ოთხმა სტუდენტმა გამოთქვა კათედრაზე მუშაობის სურვილი. ჩვენ, სამწუხაროდ ამდენის აყვანა იმ მომენტში არ შეგვეძლო. არადა ოთხივე ძალიან კარგი სტუდენტები იყვნენ და რომელიმესთვის რაიმე უპირატესობის მინიჭება ჭირდა. ჩვენ დილემის წინაშე ვიდექით და გამოსავალს ვერ ვპოულობდით. გამოსავალი მაშინ მოიძებნა, როდესაც სულ შემთხვევით შევიტყვეთ, რომ ორი მათგანის მშობელი "კარგ" თანამდებობაზე მუშაობდა. ბატონმა გოგიმ დანარჩენი ორი სტუდენტი აიყვანა სამუშაოდ - ის ორი არ დაიკარგებაო.

- ნამდვილად, ბევრი საინტერესო ფაქტი მოგვიყევით. კიდევ ხომ არ გაიხსენებდით რაიმეს?

ამით მე ბატონი გოგის მხოლოდ დიდ წახნაგებს შევეხე. მას ამის გარდა უამრავი "პატარა" წახნაგი ჰქონდა, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.

- როდის ნახეთ ბოლოს გოგი ჭირაქაძე?

უკანასკნელად ბატონი გოგი აეროპორტში ვნახე. ვაცილებდით რამოდენიმე ადამიანი და იმათგან მე და ოთარმა (მისმა ვაჟიშვილმა, რომელიც ამ ამბიდან მალევე თავადაც გარდაიცვალა) ვიცოდით იმ წუთების სიმძიმე. უკანა გზაზე აეროპორტიდან ჩემი და ოთარის შესველებული თვალები მანქანის სარკეში წამით შეხვდა ერთმანეთს და ორივეს ჯერ ერთმანეთის, შემდეგ კი ბატონი გოგის შეგვრცხვა. უხერხული სიტუაციის განმუხტვისათვის ოთარმა საუბარი ოსტატურად სხვა რამეზე გადაიტანა. გავაცილეთ ბატონი გოგი და გვჯეროდა, რომ იგი დაგვიბრუნდებოდა, ალბათ ისევ ავადმყოფი, მაგრამ ცოცხალი დაგვიბრუნდებოდა. მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ვერაფრით ვერ დავიჯერებდი (ალბათ ასე ძალიან, ძალიან მინდოდა და იმიტომ) რომ მე მას ცოცხალს ვეღარ ვნახავდი. არადა რამდენი რამ მქონდა მისთვის სათქმელი და მოსაყოლი. ალბათ მასაც ექნებოდა...

- მოდით ინტერვიუს ამ თემით ნუ დავამთავრებთ. გვითხარით ფრაზა, რომელიც გოგი ჭირაქაძის ავტოგრაფად შეიძლება გამოდგეს.

ასეთი ფრაზები ძალიან ბევრია. ახლა რაც უცებ გამახსენდა,არის "ჭეშმარიტი ბედნიერება შრომაშია!". ეს სიტყვები დიდი ხნის წინ წამიწერა ერთ-ერთ ნაჩუქარ წიგნზე. მას შემდეგ იგი ჩემი ცხოვრების დევიზად იქცა.

 

ესაუბრა ნინო ბერიაშვილი და მარიამ ბარამიძე

2011-12-25

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას