დღეს ჩვენი სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან კუპატაძე. 



 • 1993წ. წარჩინებით დაამთავრა ს.ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით; • 1993წ. სტაჟირებით მივლინებულ იქნა საფრანგეთში გრაფინია კაროლინ დე ლოღჟეღილის საზაფხულო სკოლაში; • 1993-1996წწ. სწავლობდა ს.ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ასპირანტურაში; • 1993-1996წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი ფრანგული ენის მიმართულებით. • 1994-1996წწ. - ს.ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი-ჟურნალისტიკა; • როგორც ჟურნალისტი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. • 1998წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; • 2003წ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. • სტუდენტობის და ასპირანტობის პერიოდში იყო უშინსკის, მელიქიშვილის და პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიატი. • ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიის და ერთი სახელმძღვანელოსი. ასევე მისი ავტორობით შექმნილია სამი ვირტუალური სასწავლო პროგრამა ქიმიასა და ბიოქიმიაში. • აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში. • არის საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების წევრი. • ფლობს ქართულ, რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს. კითხულობს ლექციების კურსს შემდეგ შემდეგ დისციპლინები: • არაორგანული და ორგანული ქიმია; • ბიოქიმია; • ეკოლოგიური ქიმია; • ბიოინფორმატიკა;  

 

„მე ქიმიკოსობა მაქვს გადაწყვეტილი!“

- მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან, ახლად დაარსებული პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია იწყებს ინტერვიუების ციკლს ქიმიკოსებთან. გადავწყვიტეთ, თქვენგან დაგვეწყო...

ძალიან სასიამოვნოა. პირველ რიგში წარმატებები მინდა ასოციაციას ვუსურვო, ძალიან ბევრი საინტერესო წევრი გყოლოდეთ და მრავალ მნიშვნელოვან პროექტზე გემუშავოთ.

 

- თქვენი აზრია საინტერესო დღეს ქიმიის მდგომარეობაზე საქართველოში.

„მე ქიმიკოსობა მაქვს გადაწყვეტილი!“- ასე უპასუხა გიმნაზიელმა იუსტუს ლიბიხმა გიმნაზიის დირექტორს, როდესაც ეს უკანასკნელი გიმნაზიელების მომავალი პროფესიებით დაინტერესდა. ამგვარმა პასუხმა დამსწრეთა გახალისება გამოიწვია, რადგან ქიმიკოსობა მე-19- საუკუნის დასაწყისის გერმანიაში სულაც არ ითვლებოდა სერიოზულ პროფესიად. ქიმიას აღიქვავდნენ, როგორც ბუნებისმეტყველების დამატებით ნაწილს და თუმცა ნივთიერებაზე გარკვეული თეორიული წარმოდგენები იყო შემუშავებული, ექსპერიმენტს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ.

დღესაც, საქართველოში მომავალი თაობა დაახლოებით ასეა განწყობილი ქიმიის მიმართ. რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში ქიმია სერიოზულ პროპესიად კი ითვლება, მაგრამ ათიდან ერთ მოსწავლეს თუ წარმოუდგენია ის თავის მომავალ პროფესიად.

 

- როგორ ფიქრობთ, რატომ?

-ძალიან მარტივია, დღეს ქიმია მოსწავლეებმა არ იციან ( მცირე გამონაკლისს არ ვგულისხმობ) და რაც არ იციან და არ ესმით, იმის ეშინიათ კიდეც. ამიტომ, ზედმეტ პრობლემას ყველა ერიდება. თუმცა, ალბათ ამგვარი დამოკიდებულებაც შეიცვლება, თუ თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი დასაქმების პერსპექტივები მომავალში.

ისე, უნდა ითქვას, რომ დაახლოებით იგივე ვითარება გამოიკვეთა საფრანგეთში, როდესაც რამდენიმე წლის წინ მოსწავლეებში გამოკითხვა ჩატარდა, სადაც მათ ის „მოსაწყენი“ ფორმულების და კანონების საგნად დაასახელეს. წიგნიც გამოიცა შემდეგ შეკითხვის მომცველი სათაურით „არის თუ არა ქიმია საშიში საგანი“.

ბოლო დროს მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად კარგი ღონისძიებები ტარდება. აქ ვგულისხმობ განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პროექტს „ლეონარდო და ვინჩი“ და ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ნორჩ გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადას.

 

- თქვენ ქიმიურ განათლებაში დიდი გამოცდილება გაქვთ, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მომვალმა თაობამ ქიმია „სხვა“ თვალით დაინახოს.

მართალი ხართ, ეს შესაძლებელია. ქიმიას რომ ფორმულების და კანონების გარეშე ვერ ვასწავლით ეს ფაქტია, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ისე მივაწოდოთ მოსწავლეს, რომ კი არ შეშინდეს, არამედ დაინტერესდეს. ამ შემთხვევაში ძალიან კარგ შედეგს მოგვცემდა საგანთაშორისი კავშირების გამოყენება. თანაც, ეს კავშირები რაც უფრო ერთი შეხედვით არარეალური იქნება, მით უკეთესი. მაგ. ქიმიის, ბიოლოგიის და ისტორიის ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება.

თანამედროვე ბიოლოგია მოლეკულურ დონეზე აწარმოებს კვლევას და ალბათ ქიმიკოსები ნახევრად ხუმრობით ამიტომაც ამბობენ, რომ თანამედროვე ბიოლოგია ფაქტიურად ქიმიაა. შესაბამისად განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს ისეთმა საგნებმა, როგორიცაა ბიოქიმია, ბიოორგანული ქიმია, ნეიროქიმია, მოლეკულური ბიოლოგია და ა.შ.

ისტორია კი ჩვენი წარსულია და იქიდან საინტერესო ფაქტების მოძიება ყოველთვის საინტერესოა.

მაგ. ვისაუბროთ წყალზე. რა არის წყალი? ეგზიუპერის სიტყვებით რომ ვთქვათ- „სიცოცხლის საწყისი“, რომელსაც განსაკუთრული ქიმიური აქტივობა ახასიათებს. თვალსაჩინოებისთვის მისი ტუტე მეტალებთან მოქმედებაც საკმარისია. რისგან შედგება იგი? წყალბადისა და ჟანგბადისგან, ორივე მათგანს საოცარი ქიმიური „ბიოგრაფია“ აქვთ. წყალი ბუნების გარდა ადამიანის ორგანიზმშიც შედის, როგორც უჯრედის შიგნით, ასევე უჯრედშორისაც. აქ ის უამრავ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს და მისი რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, ცხიმის შემცველობაზე, საცხოვრებელ გარემოზე. ორგანიზმის გაუწყლოება კი ზოგჯერ შეიძლება ადამიანისთვის სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს.

ზემოთ წყლის მოლეკულაში შემავალი წყალბადი და ჟანგბადი ვახსენე. წყალბადი 1766 წელს ლონდონში კავენდიშმა აღმოაჩინა. ჟანგბადი კი 1774 წელს პრისტლიმ და შეელემ ქალაქებში ლიდსი-უპსალაში. ისტორიის ბლოკში უნდა გაშუქდეს ამ პერიოდის მდგომარეობა ინგლისსა და შვეიცარიაში და პარალელი გაევლოს მდგომარეობას საქართველოში. ანუ, ამ აღმოჩენის დროს რა ხდებოდა საქართველოში, რა პრობლემები იყო გადასაჭრელი (მათ შორის მეცნიერებაშიც).

ერთ მაგალითს კიდევ მოვიყვან. თემა- „კატალიზატორი“, მისი მეშვეობით ქიმიური რეაქცია ათასჯერ და მეტჯერ იზრდება. ცოცხალ ორგანიზმებში (მათ შორის ადამიანის ორგანიზმშიც) შედის ბიოლოგიური კატალიზატორები, ანუ ფერმენტები, რომლებიც ემსგავსებიან კიდეც ქიმიურ კატალიზატორებს და განსხვავდებიან კიდეც მათგან. მაგ. ისინი რეაქციის სიჩქარეს ადამიანის უჯრედებში მილიონჯერ და ზოგჯერ მილიარდჯერაც კი ზრდიან.

1941 წელს დანიის მეფე ქრიატიან X-ემ ცნობილ ბიოქიმიკოსს ლინგერსტერ-ლანგუს უმაღლესი სამეცნიერო ჯილდო- ერსტედის მედალი გადასცა და სთხოვა ყველასთვის პოპულარულ ენაზე აეხსნა ფერმენტების მნიშვნელობა. მეცნიერმა მათ პატარა ისტორია მოუთხრო მამასა და სამ ძმაზე, რომელთა მთელი ქონება 17 თეთრი აქლემი იყო. სიკვდილის წინ მამამ ძმებს აქლემები ასე გადაუნაწილა _ უფროსს- აქლემების ნახევარი, შუათანას- ერთი მესამედი, უმცროსს კი-ერთი მეცხრედი. მამის სიკვდილის შემდეგ ძმებმა აქლემები ვერ გაიყვეს, ვერც შუაზე გაყვეს, ვერც ერთი მესამედი და ერთი მეცხრედი გამოითვალეს. მათ კართან უცნობმა ჩამოიარა, თან შავი აქლემი მოყავდა. ძმებმა თავისი გასაჭირი შესჩივლეს. უცნობმა პასუხად მათ თავისი აქლემის ჩუქება შესთავაზა და „საოცრება“ მოხდა. 18 აქლემი შუაზე გაიყო და უფროსმა ძმამ თავისი წილი-9 აქლემი მიიღო. შუათანამ ერთი მესამედი, ანუ 6 აქლემი, უმცროსმა ერთი მეცხრედი, ანუ ორი. თუმცა, ჯამში მათ 17 აქლემი შეადგინეს და უცნობის ნაჩუქარი მეთვრამეტე აქლემი ზედმეტი აღმოჩნდა. მაშინ უცნობმა უთხრა ძმებს: დამიბრუნეთ ჩემი აქლემი, რადგან მან თავის საქმე უკვე შეასრულა, დაასრულა ისეთი პროცესი, რომელიც მის გარეშე ვერ დასრულდებოდაო. აი, ამ მეთვრამეტე აქლემის მსგავსია ფერმენტი, რომლის გარეშეც მთელი რიგი ქიმიური რეაქციები ვერ დასრულდება. ფერმენტი კი მათ დაასრულებს, თვითონ კი სარეაქციო არედან გამოდის პირვანდელი სახით, ანუ არ იხარჯება და არ იცვლება.

ბუნებრივია, კატალიზატორების თემაც ასევე ისტორიული მიმოხილვით უნდა დასრულდეს.

ვფიქრობ მსგავსი შინაარსის ინტეგრირებული გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები აღნიშნულ საგნებს სხვა თვალით შეხედავენ, გაუჩნდებათ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიების სურვილი და სრულიად შესაძლებელია რომელიმე მათგანმა თავის თავში მომავალი ქიმიკოსი ან თუნდაც ბიოლოგი დაინახოს.

 

 

- ქალბატონო ქეთევან, თქვენ ქიმიაში ასევე ძალიან საინტერესო სასწავლო-კომპიუტერული პროგრამა გაქვთ შექმნილი. რამდენიმე სიტყვით მასზეც მოგვითხრეთ.

-დიახ, მართალია. ეს პროგრამა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შევასრულეთ მე და კიდევ ოთხკაციანმა ჯგუფმა. არც ერთ მათგანს ენერგია არ დაგვიზოგავს, რომ კარგი პროგრამა გამოსულიყო და რაც მთავარია ქართული სულით ყოფილიყო გამთბარი. ვმუშაობდით ყოველ დღე, ხშირად შაბათ-კვირას და სხვადასხვა დასვენების დღეებში. შედეგიც კარგი მივიღეთ.

 

 

- დიდაქტიკის რომელ პრინციპებს ეფუძნება.

- თვალსაჩინოების, მისაწვდომობის და მეცნიერულობის პრინციპებს. თუმცა, თვალსაჩინოების პრინციპი ყველაზე მეტად არის წარმოდგენილი. გვაქვს ისეთი რუბრიკები, როგორიცაა: “იქნებ დაინტერესდეთ”, “იქნებ თქვენც სცადოთ”, “ახლა კი ცოტა გავერთოთ”. აქ ვგულისხმობ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ქიმიური კურიოზების (ანიმაციების შექმნას ამ კურიოზებზე) მოძიებას. ვგულისხმობ შექმნილი ქიმიური კლიპების მუსიკალურად გაფორმებას. მუსიკალური ფონი კი შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მაგ. პროგრამაში ჩვენ გვაქვს “ქიმიური თეატრი”, სადაც ელემენტები შტრაუსის მარშზე გამოდიან, ეცნობიან მოსწავლეს და თავის შესახებ ძალზედ სახალისო ენით ყველაზე საინტერესო ინფორმაციას აწვდიან. სხვა კლიპებში ფოლკლორია და თუნდაც როკი, რატომაც არა. გვაქვს ქიმიური ელემენტების მიერ შესრულებული ცეკვა „ქართული“, რომელსაც ფონი ოპერა „დაისიდან“ აქვს, მთლიანობაში კი მოტივირებულ მოსწავლეს ვღებულობთ და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის.

სხვათა შორის, ამ პროგრამით არაქიმიკოსი ადამიანიც მშვენივრად გაერთობა და ამ გართობა-გართობით ქიმიასაც გაიხსენებს.

 

- ბოლო დროს ტენდენციაა, რომ სასწავლო პროცესში ვირტუალური პროგრამები იყოს გამოყენებული, მაგრამ რამდენად სწორედ მიგაჩნიათ, რომ ასეთი დიდი ზომით მოხდეს მათი დანერგვა.

- იცით, ყველაფერი ზომიერია კარგი. რა თქმა უნდა, ქიმიას ლაბორატორიის გარეშე, მხოლოდ ვირტუალური პროგრამების იმედად ვერ ასწავლი, თუმცა ასეთი დამხმარე საშუალებების გამოყენება ძალიან კარგ შედეგს იძლევა. მათი მეშვეობით მოსწავლეში მოტივაციის ჩამოყალიბება შეიძლება, რომელიც არ დაიკარგება და შემდეგ გაკვეთილზე ის უკვე ფიქსირებული, კარგი განწყობით მოვა.

არსებობს ისეთი ცდები, რომელთა ჩატარებაც განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს, ან ძალიან ძვირად ღირებულ რეაქტივებს. ან პროცესი შეიძლება უჯრედულ დონეზე მიმდინარეობდეს, ასეთ შემთხვევებში მსგავსი სასწავლო ვირტუალური პროგრამები შეუდარებელია.

 

- რა აზრის ხართ კომპიუტერული თამაშების გამოყენებაზე სასწავლო პროცესში?

- აქ მართლაც განსაკუთრებით აუცილებელია, რომ ზომიერება იყოს დაცული და ასეთი თამაშების შექმნის პროცესში ფსიქოლოგის მონაწილეობა ძალიან სასურველია.

დღეს ინტერნეტი გადავსებულია სხვადასხვა თამაშით. ე.წ. მინი თამაშებსაც შეხვდებით და მძაფრსიუჟეტიანსაც. ერთმა მოზარდმა საუბარში ისიც კი მითხრა, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მარტო საქართველოში ონლაინ რეჟიმში სტაბილურად 5-7 ათასი მოთამაშის დაფიქსირებაა შესაძლებელიო. მაშ, თუ მოზარდები ჩართულნი არიან სხვადასხვა ვირტუალურ თამაშებში, რითაც თავის ინტელექტს ბევრი ვერაფრით იმაღლებენ, რატომ არ შეიძლება მათი ეს გატაცება სწავლის მიზნებისთვის გამოვიყენოთ.

სხვათა შორის სპეციალური ფონდიც კი არსებობს ამერიკაში, რომელიც ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს სასწავლო თამაშების და ვირტუალური ლაბორატორიების შესაქმნელად. http://www.dmlcompetition.net/year_3/game_changers.php

 

 

- და ჩვენი ინტერვიუს დასასრულს რაიმეს ხომ არ დაამატებდით?

-2011 წელი იუნესკომ ქიმიის საერთაშორისო წლად გამოაცხადა და თქვენს ასოციაციას და ყველა პროფესიონალ ქიმიკოსს წარმატებებს და სიახლეებს ვუსურვებ.

 

 

ესაუბრა შორენა კენჭაძე და ნინო კვერაშვილი

2011-05-20

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას