ყოველდღიური ნაერთი: წყალბადის ზეჟანგი

წარმოგიდგენთ ნივთიერებას „ყოველდღიური ნაერთების“ სერიიდან: წყალბადის ზეჟანგი (იგივე წყალბადის პეროქსიდი). წყალბადის პეროქსიდი ფართოდ გავრცელებული ნაერთია, რომელიც არაერთი დანიშნულებით გამოიყენება. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

 

შეიძლება იცით, რომ წყალბადის ზეჟანგს თმის შეღებვისთვის იყენებენ. მოდი, ამით დავიწყოთ. საღებავის ნარევში წყალბადის ზეჟანგი მჟანგავის როლშია. იგი ჟანგავს მელანინებს, ორგანულ ნაერთებს, რომლებიც ხილულ სინათლეს შთანთქავს და თმას დამახასიათებელ ფერს აძლევს, რის შედეგადაც ფერის წარმომქმნელი ნაერთები სცილდება თმას და ტოვებს კერატინს, მკრთალი ყვითელი ფერის მქონე ცილას, რომელიც თმის შემადგენლობაში შედის. ტუტე გარემოს წარმომქმნელი ნივთიერება, მაგ., ამიაკი, თმის საღებავის ერთ-ერთი კომპონენტია, იგი არბილებს თმის კუტიკულებს და საშუალებას აძლევს მჟანგავს მიაღწიოს მელანინამდე. თმის საღებავში შემავალი პეროქსიდი, აგრეთვე, პასუხისმგებელია ნარევში არსებული სხვა ნივთიერებების ჟანგვაზე, რომლებიც ‘ფერად’ მოლეკულებს საშუალებას აძლევენ მიებან თმას.

 

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ თმის მათეთრებელ საშუალებად არ გამოიყენება წყალბადის ზეჟანგი. ყოველწლიურად წარმოებული წყალბადის ზეჟანგის დაახლოებით ნახევარი მიდის ქაღალდის საწარმოებში, სადაც მას ქაღალდის (და ხის მერქნის) მათეთრებელ საშუალებად იყენებენ.  გარდა ამისა, წყალბადის ზეჟანგი სახლის პირობებში გამოყენებული მათეთრებლების, მაგალითად, ნატრიუმის ჰიპოქლორიტის, უქლორო ალტერნატივაა. გამოგიყენებიათ თუ არა ლაქების ამომყვანი, სანამ ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში გარეცხავდით? სავარაუდოა, რომ თქვენი ლაქების ამომყვანი წყალბადის პეროქსიდს შეიცავს. იგი რეაქციაში შედის ფერის წარმომქმნელ მოლეკულებთან, ცვლის მათ სტრუქტურას და, შესაბამისად, მათ სინათლის შთანქმის უნარს, რის შედეგადაც ლაქები ქრება.

 

ვინაიდან წყალბადის პეროქსიდი ძლიერი მჟანგავია, მას დეზინფექციის საშუალებაც გააჩნია. იგი ყველასათვის ხელმისაწვდომია 3%-იანი წყალხსნარის სახით ნებისმიერ აფთიაქში. მას ხშირად ჭრილობის დასამუშავებლად იყენებენ. თუ ოდესმე გინახავთ, ჭრილობაზე ბუშტების წარმოქმნას შეამჩნევდით. ეს იმიტომ ხდება, რომ სისხლში არსებული ენზიმი, სახელად კატალაზა, წყალბადის პეროქსიდის დაშლის რეაქციას უწყობს ხელს, რის შედეგადაც წარმოიქმნება წყალი და ჟანგბადი, რომელიც პასუხისმგებელია ბუშტების წარმოქმნაზე. წყალბადის პეროქსიდის დაშლა ისედაც, სპონტანურადაც მიმდინარეობს, თუმცა დაბალი სიჩქარით. როგორც კი რეაქციაში ჩაერთვება კატალიზატორი, ამ შემთხვევაში კატალაზა, რეაქციის სიჩქარე იზრდება. სინათლესაც შეუძლია წყალბადის პეროქსიდის დაშლა, რის გამოც წყალბადის ზეჟანგი ბნელ ადგილზე (ხშირად მუქ/შავ ჭურჭელში) ინახება, რათა სინათლე არ მოხვდეს და უფრო სწრაფად არ დაშალოს. უნდა ითქვას, რომ წყალბადის პეროქსიდის როლი, როგორც სადეზინფექციო საშუალება, ჯერჯერობით სადავოა.

 

წყალბადის პეროქსიდი, ამავდროულად, გამოიყენება მანათობელ ჯოხებში. იგი ერთ-ერთი კომპონენტია მანათობელი ჯოხის ნარევში. ჩატეხვის შემდეგ ორ განყოფილებაში (ერთში მხოლოდ წყალბადის ზეჟანგია, მეორეში ესტერები და ა.შ.) არსებული ნივთიერებები ერევა ერთმანეთს, რეაქციის შედეგად მიიღება პეროქსიმჟავას ესტერი, არასტაბილური ნაერთი, რომელიც ადვილად იშლება. ამ დაშლის პროცესის დროს პეროქსიმჟავა გამოათავისუფლებს ენერგიას, რომელიც საღებავის მოლეკულებს აღაგზნებს. როდესაც აღგზნებული მოლეკულა საწყის მდგომარეობას დაბრუნდება, იგი ხილული სინათლის ფოტონს ასხივებს, რაც ჯოხის ნათებით გამოიხატება.

 

წყალბადის პეროქსიდმა კიდევ ერთი გამოყენება რაკეტის საწვავში ნახა. წყალბადის 90%-იანი (და მეტი) წყალხსნარი რაკეტის საწვავის - ჟანგბადის მისაღებად შეიძლება იყოს გამოყენებული ან სხვა საწვავის, მაგ., ჰიდრაზინის ჟანგვისთვის. მართალია, უფრო ხშირად თხევადი ჟანგბადი გამოიყენება ხოლმე რაკეტის საწვავად, მაგრამ წყალბადის პეროქსიდი სატელიტის გასაშვებად დღესდღეობით ჯერ კიდევ გამოიყენება. წყალბადის ზეჟანგი აგრეთვე წყალქვეშა ნავების ძრავათა სისტემაშიც გამოიყენებოდა ადრე. რუსული წყალქვეშა ნავის, „კურსკის“, ჩაძირვის მიზეზად სწორედ წყალბადის პეროქსიდის გაჟონვა დასახელდა ტორპეტოდან, რამაც გამოიწვია ნავის აფეთქება და 118-ივე ეკიპაჟის სიკვდილი.

 



თარგმანი: ლაშა ხუციშვილი




 

 

 

s