კრიმინალისტიკური ქიმია: თითის ანაბეჭდის გამჟღავნება

თითის ანაბეჭდები ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რომლის მიხედვითაც შეიძლება ეჭვმიტანილების გამომჟღავნება, თუმცა ანაბეჭდები ყოველთვის არ ჩანს ხოლმე თვალით, რის გამოც გამომძიებლები ქიმიურ მეთოდებს იყენებენ იმისათვის, რომ თითის ანაბეჭდების ვიზუალიზაცია შეძლონ. ამის არაერთი მეთოდი არსებობს, თუმცა დღეს ჩვენ 4 ძირითადი მათგანი განვიხილოთ.

 

თითის ანაბეჭდების ტიპი

სანამ თითის ანაბეჭდების გამომჟღავნების ტექნიკაზე გადავალთ, ალბათ, კარგი იქნება, რომ მანამდე განვიხილოთ, თუ რა და რა ტიპის ანაბეჭდები არსებობს. სულ 3 ტიპის თითის ანაბეჭდი არსებობს: პატენტური, პლასტიკური და ლატენტური (ფარული).

 

პატენტური ანაბეჭდები შეუიარაღებელი თვალით ადვილი შესამჩნევია, დამატებითი ჩარევის გარეშე. იგი შეიძლება იყოს სისხლით, მელნით ან მიწით დატოვებული... პლასტიკური ანაბეჭდებიც თვალით ზედმეტი ჩარევის გარეშე ჩანს. იგი შეიძლება დატოვებული იყოს რბილ/დრეკად ნივთიერებებზე, როგორებიცაა: თიხა ან ცვილი. ორივე, პატენტური და პლასტიკური, ანაბეჭდების ფოტოგრაფირება, როგორც წესი, ჩვეულებისამებრ შეიძლება დამატებითი სამუშაოს ჩატარების გარეშე.

 

ლატენტური (ფარული) ანაბეჭდები თვალით არ ჩანს. ფარული ანაბეჭდები ზედაპირებზე რჩება იმის გამო, რომ სხეული კანზე ბუნებრივად გამოყოფს ცხიმსა და ოფლს. მართალია, ანაბეჭდები ზედაპირზე რჩება, მაგრამ მათი დანახვა შეუძლებელია, თუ არ გამოვამჟღავნებთ. აი, აქ შემოდის ქიმიური მეთოდები.

 

თითის ანაბეჭდის ფხვნილები

„ანაბეჭდების დამტვერვა“ ცნობილი მეთოდია, რომელიც 1891 წლიდან გამოიყენება. იგი გულისხმობს კარგად დაფხვნილი ფხვნილის გამოყენებას, რომელიც ზედაპირზე ფრთხილად ნაწილდება ფუნჯის საშუალებით. ნაწილაკები ლატენტური ანაბეჭდში შემავალ ნესტსა და ზეთებზე ადჰეზირდება, რაც ანაბეჭდის გამომჟღავნებას იწვევს. ამის შემდეგ თითის ანაბეჭდი სურათის გადაღებისთვის (ან გამჭვირვალე სკოჩით დამაგრებისთვის) მზადაა.

 

თითის ანაბეჭდის ფხვნილების შემადგენლობა განსხვავებულია. იგი დამოკიდებულია, თუ რა ზედაპირს ვამუშავებთ. ძირითადად ფხვნილის შედგენილობაში შედის პიგმენტი და მაკავშირებელი (შემკვრელი ნივთიერება). პიგმენტი კონტრასტის საშუალებას იძლევა, ხოლო მაკავშირებელი ფხვნილის ანაბეჭდზე ადჰეზიას ეხმარება. არაერთი სახის პიგმენტი შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორებიცაა: ნახშირის მტვერი, მეტალის ფხვნილები, მაგ.: ალუმინის, თუთიის და სპილენძის. მაკავშირებლებად გამოიყენება ხოლმე ხის კევი, რკინის (მაგნეტიტის) ფხვნილი და ფისი. გარდა სტანდარტული შავი ფხვნილებისა, ფლუორესცენტული ნაერთებიც გამოიყენება, რომლებიც თითის ანაბეჭდებს მანათობელს ხდის.

 

რასაკვირველია, ამ მეთოდს თავი მინუსები აქვს. საჭიროა ფრთხილი მოქმედება, რადგან ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფუნჯით მუშაობისას თითის ანაბეჭდი დაზიანებულა. გარდა ამისა, არსებობს შანსი, რომ ფუნჯიდან სხვა დნმ გადაყვება ანაბეჭდის გამომჟღავნების დროს. ამის გამო გამომძიებლები სხვა მეთოდებს მიმართავენ ხოლმე.

 

ციანოაკრილატის ორთქლი

კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც გამოიყენება თითის ანაბეჭდების გამოსავლენად, შემთხვევით იქნა აღმოჩენილი. 1982 წელს იაპონელი მეცნიერები მუშაობდნენ ციანოაკრილატებზე, მოლეკულებზე, რომლებიც დღეს სუპერწებოში გამოიყენება, და შეამჩნიეს, რომ ამწოვ კარადაში, სადაც ისინი მუშაობდნენ, თითის ანაბეჭდები გამოაჩინა ციანოაკრილატის ორთქლმა. ჩანდა, რომ ციანოაკრილატების პოლიმერიზაცია მიმდინარეობდა, როდესაც ეს ნაერთები თითის ანაბეჭდს ეხებოდნენ.

 

ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება უხეშ, უფორებო ზედაპირებზე. ციანოაკრილატების კონდენსაცია ანაბეჭდზე სწრაფად მიმდინარეობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხელია. ანაბეჭდების ხანგრძლივობაც დიდია და, მიუხედავად იმისა, რომ ციანოაკრილატის პოლიმერი უფეროა, მისი ვიზუალიზაცია ადვილად მოხერხდება პიგმენტებით. რაც უფრო „ახალია“ თითის ანაბეჭდი, მით უფრო მაღალია ამ მეთოდის ეფექტურობა.

 

ქიმიური გამამჟღავნებლები

არაერთი ქიმიური გამამჟღავნებელი შეიძლება გამოყენებული იყოს ლატენტური თითის ანაბეჭდების ვიზუალიზაციისთვის. ზოგიერთი მათგანი „ღებავს“ ანაბეჭდს, ზოგიც კი ფლუორესცენტულობას ანიჭებს (ანათებს).

 

ყველაზე ხშირად გამოყენებადი  ქიმიური გამამჟღავნებელია ნინჰიდრინი. ნინჰიდრინი ზიგფრიდ რუმანმა აღმოაჩინა 1910 წელს. როდესაც ნივთიერება მის კანს შეეხო, ამ ნაერთმა იისფერი ფერი მიიღო, რასაც რუმანის იისფერი ეწოდა. მიუხედავად ამისა, ნინჰიდრინის კრიმინალისტიკური მიზნით გამოყენების შესაძლებლობა 1954 წლამდე ვერ შეამჩნიეს.

 

ოფლი, რომელიც თითს ანაბეჭდის ნაწილია, შეიცავს ამინომჟავებს (დაახლოებით 250 ნანოგრამი ერთ ანაბეჭდზე). რამდენადაც ეს ამინომჟავები არ მოძრაობენ და არიან იქ, სადაც ანაბეჭდი არსებობს, ეს თითის ანაბეჭდის თვალით დანახვის საშუალებას გვაძლევს. როდესაც ნინჰიდრინი შეშხურდება ზედაპირზე, იგი რეაქციაში შედის ამინომჟავებთან და წარმოქმნის რუმანის იისფერს [ამონიუმის მარილს]. წყალი აუცილებელი რეაგენტია ამ ტრანსფორმაციისთვის, რის გამოც რეაქცია მაღალი ტენიანობის მქონე გარემოში უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, რუმანის იისფერი დეგრადირდება სინათლისა და ჟანგბადის მოხვედრით, რის გამოც გამომჟღავნებული თითის ანაბეჭდები მათი ზემოქმედებისგან დაცული ან გამომჟღავნებისთანავე ფოტოგრაფირებული იყოს.

 

მხოლოდ ნინჰიდრინი როდია ერთადერთი ნაერთი, რომელიც თითის ანაბეჭდებში ამინომჟავებთან შედის რეაქციაში და ფერად ნაერთს წარმოქმნის. კიდევ ერთი ასეთი ნაერთი 1,8-დიაზაფლუორენ-9-ონი (DFO) გახლავთ. იგი რეაქციაში შედის ამინომჟავებთან და წარმოქმნის, რუმანის იისფერის მსგავსად, მოვარდისფრო-მოწითალო ნაერთს. ამ ნაერთს ფლუორესცენტულობა (ნათება) ახასიათებს, როდესაც ლურჯ-მწვანე სინათლის დანათებისას. კიდევ ერთი ნაერთი, რომელსაც შეუძლია ფლუორესცენტული ანაბეჭდები წარმოქმნას, 1,2-ინდანდიონია.

 

მეტალის ვაკუუმში დატანა (VMD)

მეტალის ვაკუუმში დატანა არის მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა მინის ზედაპირის მეტალით დაფარვისთვის სარკის წარმოებაში, თუმცა ეს მეთოდი, აგრეთვე, შეიძლება გამოყენებული იყოს თითის ანაბეჭდის გამოსავლენად. მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ანაბეჭდიან ზედაპირს ემატება მეტალის ატომების თხელი ფენა ვაკუუმის პირობებში. თავდაპირველად ეს მეთოდი 1968 წელს გამოიყენეს, ფხვნილი შეიცავდა თუთიას, სპილენძსა და სტიბიუმს.

 

შემდგომმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ერთი მეტალის საშუალებით ანაბეჭდის გამოვლენა ლითონთა ნარევის გამოყენებაზე უკეთესი არ იყო. შესაბამისად, დაიწყეს ორი მეტალის კომბინაციის ძიება, რომლებიც საუკეთესო შედეგს აჩვენებდა. თავიდან ოქროს/ვერცხლის და კადმიუმის/თუთიის ნარევს იყენებდნენ. რამდენადაც ვერცხლი დეგრადაციას შედარებით მარტივად განიცდის და კადმიუმი შედარებით დაბალი დოზებით  ტოქსიკურია, საბოლოოდ, გადაწყვეტილება ოქრო და თუთიის ნარევზე შეჩერდა. შესაბამისად, დღესდღეობით ოქროსა და თუთიის კომბინაცია ამ მეთოდში ყველაზე ხშირად გამოიყენება.

 

VMD საჭიროებს ვაკუუმ-კამერას. საჭიროა, აგრეთვე, ფილამენტები (ძაფები) მეტალთა აორთქლებისთვის და დეტექტორ-მონიტორი მეტალის დეპოზიციის გასაკონტროლებლად. ეს მეთოდი არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა არაფოროვან ზედაპირებზე და შეუდარებელია, როდესაც საქმე ეხება პოლიმერული პარკებიდან თითის ანაბეჭდის აღებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდს ხელი შეიძლება შეუშალოს სხეულის სითხეებმა. გარდა ამისა, ეს მეთოდი მაინც და მაინც კარგი არაა მაღალპლასტიცირებული პლასტმასებიდან ანაბეჭდების ასაღებად.

 

ეს ტექნიკა დაფუძნებული იმ ფაქტზე, რომ მეტალებს განსხვავებული მახასიათებლები გააჩნიათ: ოქროს დატანა მთელ ზედაპირზე, მათ შორის ლატენტურ ანაბეჭდზეც, შეიძლება და, ამავდროულად, ცხიმების/ზეთების თავზეც. ოქროს ნაწილაკები შემდეგ დიფუზირდება აღნიშნულ ზეთებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ზედაპირზე ოქროს ატომები არ დარჩება. ეს მომენტი აუცილებელია, რადგან, როდესაც შემდეგი მეტალი, თუთია, დაემატება ზედაპირს, თუთია არ კონდენსირდება ზეთოვან ნაწილზე და იგი მხოლოდ მათ შორის არსებულ ოქროს ატომებს (ნაპრალში) შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ თუთია დეპოზირდება ხოლმე ცხიმოვან მჟავებზე ოქროს მაგივრად. რამდენიმე თეორია არსებობს ამის შესახებ, თუმცა დამტკიცებული ჯერ არცერთი არაა.

 

სხვა მეთოდები

არსებობს სხვა მეთოდები, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული თითის ანაბეჭდის გასამჟღავნებლად, ჩვენ მხოლოდ ყველაზე ხშირად გამოყენებად მეთოდებზე გავამახვილეთ ყურადღება. ასობით სხვა ტექნიკაა აღწერილი სხვადასხვა კვლევებში, თუმცა მათი მცირე ნაწილი გამოიყენება კრიმინალური სცენების შესასწავლად. დეტალურ ინფორმაციას ქვემოთ მოყვანილ ლინკებზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

 

ბიბლიოგრაფია და დამატებითი საკითხავი:



თარგმანი: ლაშა ხუციშვილი




 

 

 

s