შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობათ,თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ ასეთ შეკითხვაზე, რატომ ძლიერდება მეტალური თვისებები რიგში: Au,Ag,Cu. როგორც წესი, ჯგუფში მეტალური თვისებები ძლიერდება ზემოდან ქვემოთ (A ქვეჯგუფის ელემენტებისთვის). ვიცი, რომ ეს არ ეხება B ქვეჯგუფის ელემენტებს. მაგრამ, იქნებ გამარკვიოთ, როგორ განვსაზღვრო როგორ იცვლება მეტალური და არამეტალური თვისებები B ქვეჯგუფის ელემენტებისთვის?
დიდი პატივისცემით, მერაბ გზირიშვილი

პასუხი:.

მეტალური და არამეტალური თვისებები დამოკიდებულია ელექტროუარყოფითობაზე, რომელსაც თავის მრივ ორი კომპონენტი განსაზღვრავს: იონიზაციის ენერგია და სწრაფვა ელექტრონების მიერთებისკენ. მეტალებს როგორც წესი ელექტრონებისკენ სწრაფვა არ ახაიათებთ, ამიტომ რაც უფრო დაბალია იონიზაციის ენერგია მით უფრო ძლიერია მეტალური თვისებები. ბირთვს და ელექტრონებს შორის მიზიდულობის ძალა კულონის კანონის თანახმად ბირთვის მუხტის პირდაპირპროპორციულია და ატომის რადიუსის კვადრატის უკუპროპორციულია. თუ დავაკვირდებით ატომის რადიუსებს A ქვეჯგუფის ელემენტებს შორის, მათ შორის სხვაობა ბევრად მეტია ვიდრე B ქვეჯგუფის ელემენტების ატომების რადიუსებს შორის და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მეტალური თვისებების ზრდას ჯგუფში ზევიდან ქვევით.

B ქვეჯგუფებში ზევიდან ქვევით მუხტი უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ატომის რადიუსის კვადრატი და მიზიდულობის ძალა ბირთვს და ელექტრონებს შორის მატულობს. შესაბამისად იონიზაციის ენერგიაც ზევიდან ქვევით იზრდება და მეტალური თვისებები მცირდება.

გარდამავალი მეტალების თვისებების შედარებისას ასევე გასათვალისწინებელია ლანთანოიდური შეკუმშვა, ამ მეტალების ნაერთების მდგრადობა და ჰიდრატაციის სითბო.

იხილეთ სახელმძღვანელო(ინგლისურად), სადაც შედარება უფრო დეტალურადაა აღწერილი.



შეკითხვას პასუხობს: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რევაზ კორაშვილი