ნანა მეგრელიშვილი
ასევე იხილეთ
გაფართოებული ძებნა
"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:2, 10-15 გვ.
ქიმიური ინგრედიენტები კოსმეტიკაში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 59.თამარ მეფის ქ. ქუთაისი.4600.საქართველო.
რეზიუმე: განხილულია კოსმეტიკურ საშუალებებში გამოყენებული ზოგიერთი ქიმიური ინგრედიენტი, რომლებიც საშიშად ითვლება ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მოყვანილია მათი გამოყენების დასაშვები ზღვრები და მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.
საკვანძო სიტყვები: კოსმეტიკა, ინგრედიენტები, პარაბენები, ფორმალინი, ტრიკლოზანი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, დიეთანოლამინი
ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც ქალები, ისე მამაკაცები დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებენ. ამ საშუალებების თითქმის 90% კი ქიმიური და მათ შორის სინთეზური წარმოშობის ინგრედიენტებია, რომელიც შეიძლება სახიფათო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. არსებობს 500-ზე მეტი კომპონენტი, რომელსაც იყენებენ უმეტესად გავრცელებული კოსმეტიკური პროდუქტების წარმოებაში. განსაკუთრებით საშიშია ის ფაქტი, რომ მომხმარებლისათვის ძნელი გასაგებია, თუ რამდენად უსაფრთხოა ადამიანისათვის ესა თუ ის ქიმიური პრეპარატი. ამერიკელ ეკოლოგთა ჯგუფის (EWG) მიერ, ხუთი წლის მანძილზე ხდებოდა კოსმეტიკური პროდუქციის გამოკვლევა, შედეგად შეიქმნა ინგრედიენტების ელექტრონული ბაზა, რომელშიც შეტანილი იქნა 14100 ბრენდული პროდუქტი. ამ ბაზაში შეტანილია ასევე მონაცემები ტოქსიკური კომპონენტების შესახებ. დადგენილი იქნა, რომ შესწავლილი კოსმეტიკური საშუალებების ერთ მესამედზე მეტი შეიცავს კიბოს გამომწვევ ერთ ნივთიერებას მაინც, 57% - ,,შეღწევის გამაძლიერებელს“, რომელიც ხელს უწყობს კანში ქიმიური ნივთიერების სწრაფ და ღრმა შეღწევას, 79% -კი კანცეროგენულ მინარევს. ამ მინარევთა უმრავლესობა კანონით არაა აკრძალული და ამიტომ მათი მწარმოებლები იყენებენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. EWG–ს მიერ ასევე დადგენილი იქნა, რომ მწარმოებლები ეტიკეტზე მიუთითებენ გამოყენებული ინგრედიენტების მხოლოდ 11% –ს.
განვიხილოთ ზოგიერთ კოსმეტიკურ საშუალებებში გამოყენებული ქიმიური ინგრედიენტები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშად ითვლება.
პარაბენები- (მეთილ-, ეთილ-, პროპილ-, ბუტილპარაბენები) სადღეისოდ კოსმეტიკაში ყველაზე გავრცელებული კონსერვანტებია. აშშ–ს პროდუქტებზე და წამლებზე კონტროლის სამსახურის FDA-ის მონაცემებით, პარაბენები მინიმალური კონცენტრაციით უსაფრთხოა, თუმცა მათ აქვთ ორგანიზმში დაგროვების უნარი. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ პარაბენების არსებობას მკერდის სიმსივნურ უჯრედებში, ასევე მათ შესაძლო ზეგავლენას ესტროგენებზე, რომელიც გარკვეულ როლს ასრულებს მკერდის კიბოს განვითარებაში. მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტ ფილიპ დარბეს აზრით, პარაბენების მოხვედრა სიმსივნურ უჯრედებში შესაძლოა მომხდარიყო დეზადორების, კრემების ან ტანის სპრეის საშუალებით. თუმცა, ჯერჯერობით არც ერთ კვლევაში არ დასტურდება პირდაპირი კავშირი პარაბენებსა და მკერდის კიბოს შორის, ვინაიდან არსებობს ვარაუდი, ამიტომ უმჯობესია შემცირდეს ამ ნივთიერების შემცველი კოსმეტიკის და განსაკუთრებით პარაბენების შემცველი დეზადორების გამოყენება.
დიაზოდინილ-შარდოვანა/ფორმალინი – Diazolidinyl Urea / DMDM Hydantoin– იგი პარაბენების მსგავსი კონსერვანტია და უწოდებენ ,,ფორმალდეჰიდის დონორს“. თვითონ ფორმალდეჰიდი ითვლება საშიშ ინგრედიენტად, რომელიც იწვევს კანის გაღიზიანებას, გენების მუტაციას და კიბოს, თუმცა ,,ფორმალდეჰიდის დონორები” ფორმალდეჰიდისაგან განსხვავებული თვისებებით ხასიათდება, მათი რაოდენობა კოსმეტიკურ პრეპარატებში მკაცრად რეგულირებულია, რაც მათი გამოყენების შედარებით უსაფრთხოებას განაპირობებს.
ტრიკლოზანი- Triclosan –აქტიური კომპონენტია, რომელიც ყველა ანტიბაქტერიული საპნის შემადგენლობაში შედის, ბოლო პერიოდში ის ასევე აქტიურად გამოიყენება კბილის პასტების, დეზადორებისა და აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატების წარმოებაში. მოსაზრებაა, რომ იგი არის ტოქსიკური, მოქმედებს ჰორმონალურ სისტემაზე, იწვევს ქრონიკულ დაავადებებს, ახალშობილებში პათოლოგიებს, აზიანებს თირკმლებს, იწვევს დარღვევებს ენდოკრინულ სისტემაში და ა.შ. ამ საკითხის ირგვლივ ჩატარებული კვლევების შედეგად მეცნიერთა მოსაზრებები განსხვავებულია. არსებობს მოსაზრება, რომ ტრიკლოზანმა პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. „სუპერბაქტერიის“ წარმოქმნა, რომელიც აბსოლიტურად მდგრადი იქნება მის მიმართ. ამიტომ მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ მიზანშეწონილი არ არის ამ ნივთიერების გამოყენება კოსმეტიკაში.
ნატრიუმის ლაურილსულფატი- Sodium Lauryl Sulfate (SLS) C12H25SO3Na - ერთ-ერთი საბაზო ინგრედიენტია ნებისმიერ სარეცხ საშუალებაში: დუშგელებში, შამპუნებში, კბილის პასტებში, საპნებში. მისი დანიშნულებაა ამ საშუალებებში ქაფის სტაბილიზაცია. ეს არის ზედაპირულად აქტიური ნივთიერება (ზან), რომელიც კოსმეტიკურ ინდუსტრიაში ყველაზე ცუდი რეპუტაციით სარგებლობს და უამრავი იწერება მის უარყოფით თვისებებზე. კერძოდ, ის იწვევს ქერტლსა და თმის ცვენას, კიბოს. Cosmetic Industry Review –ის კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ SLS ართმევს კანს ცხიმს და მარილებს, იწვევს კანისა და თვალის გაღიზიანებას როგორც ცხოველებში, ისე ადამიანთა შორის. კანის რეაქცია სხვა გამწმენდ ინგრედიენტებზე დამოკიდებულია მათში ამ კომპონენტის კონცენტრაციაზე. მიუხედავად ამისა, ეს ინგრედიენტი ითვლება უსაფრთხოდ, თუ კოსმეტიკური საშუალების გამოყენება ხდება მცირე დროის მონაკვეთში და ბოლოს ხდება მისი წყლით კარგად ჩამორეცხვა. პროდუქტში, რომლის კონტაქტი კანთან ხდება შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, SLS–ის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 1%–ს. SLS აღიზიანებს სახის კანს, თუ ის კანზე რჩება საათზე მეტხანს. დერმატიტით დაავადებულ ადამიანებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან იგი სერიოზულად გაამწვავებს პრობლემას. ასევე სჯობს მოვერიდოთ SLS–ის შემცველი კბილის პასტების გამოყენებას, რადგან არსებობს მონაცემები, რომ იგი იწვევს სტომატიტს. ბოლო პერიოდში SLS-ს ცვლიან შედარებით უსაფრთხო ნატრიუმის ლაურეტსულფატით– Sodium Laureth Sulfate (SLES), რომელიც ასევე იწვევს კანის გაღიზიანებას, მხოლოდ ნაკლები ხარისხით.
დიეთანოლამინი– Diethanolamine – აქვს ისეთივე ცუდი რეპუტაცია, როგორც ნატრიუმის ლაურილსულფატს. მას უმატებენ კოსმეტიკურ საშუალებაზე ქაფის წარმოქმნის უნარის გასაძლიერებლად. იგი კოსმეტიკურ საშუალებეში გამოიყენება არა სუფთა სახით, არამედ Cocamide DEA, Lauramide DEA და Stearamide MEA–ს სახით. 1998 წელს National Toxicology Program (NTP)-ის მიერ ცხოველებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგენილი იქნა კავშირი კიბოსა და დიეთანოლამინის, ასევე მისი ნაწარმების კანზე გამოყენებისას. დიეთანოლამინი მიჩნეული იქნა ,,ჰორმონად, რომელსაც შეუძლია კიბოს გამომწვევი ნიტრატების წარმოქმნა“. კომპანიების ნაწილმა ამის შემდეგ შეცვალა კიდეც თავიანთი პროდუქციის შემადგენლობა. თუმცა დიეთანოლამინის ასეთი ზემოქმედება ორგანიზმზე ჯერ მეცნიერულად ვერ დასტურდება, ამიტომ ჯერ-ჯერობით დიეთანოლამინი კვლავ კვლევის ობიექტია და ეს ინგრედიენტი უსაფრთხოდ ითვლება მანამ, სანამ არ დაიდება საბოლოო დასკვნები მის მავნებლობაზე.
მინერალური ზეთები- კანის დამარბილებელი კიდევ ერთი საშუალებაა ცუდი რეპუტაციით. მას ღებულობენ ნავთობიდან. ფიქრობენ, რომ მინერალური ზეთები დაბინძურებულია კანცეროგენებით, ის აშრობს კანს და იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, ახშობს ფორებს, აჩენს აკნეს და კანს აღარიბებს ვიტამინებით.
ვაზელინი–Petrolatum– ინგრედიენტი, რომელიც დიდი ხანია ცნობილია როგორც კანის დამარბილებელი საშუალება. ქიმიურად სუფთა, ე.წ. თეთრი ვაზელინი უსაფრთხოა, ხოლო ნაკლებად გასუფთავებული, ე.წ. ყვითელი ვაზელინი ზოგიერთი მეცნიერის აზრით კანცეროგენულია. აქედან გამომდინარე, კოსმეტიკურ საშუალებებში ამ ინგრედიენტის არსებობისას მხოლოდ მწარმოებელთა კეთილსინდისიერებას, თუ რამდენად ხარისხიან ნედლეულს იყენებს ის თავის პროდუქციაში, შეიძლება ვენდოთ.
ტრიეთანოლამინი– Triethanolamine (TEA) –ძლიერი ტუტე რეაქცია აქვს და გამოიყენება კოსმეტიკური საშუალებების pH -ის ნორმალიზაციისათვის. თუმცა, პირიქით, მასთანაა დაკავშირებული ალერგიული რეაქციები კოსმეტიკურ საშუალებებზე, თმებისა და კანის სიმშრალე, თვალების გაწითლება და გაღიზიანება. ტრიეთანოლამინი კანში შეიწოვება, შესაძლოა მისი დაგროვება და გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მისი ტოქსიკური თვისებების გამოვლენა. ექსპერტების მიერ შესწავლილი იქნა მონაცემები ტრიეთანოლამინზე და მათ მიერ გაკეთდა დასკვნა, რომ ეს ინგრედიენტი უსაფრთხოა კოსმეტიკური და პირადი ჰიგიენის საშუალებებში, თუ მას არ ვიყენებთ ხანგრძლივი დროის მანძილზე და გამოყენების შემდეგ ხდება წყლით მისი გულმოდგინედ ჩამობანა. ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებში, რომლებიც გათვალისწინებულია კანზე ხანგრძლივი კონტაქტისათვის, მისი დასაშვები ნორმაა არაუმეტეს 5%-ია.
ჰიდროქინონი– Hydroquinone – გამოიყენება მათეთრებელ კოსმეტიკაში პიგმენტური ლაქებისა და კანის გასათეთრებლად. ის აკრძალულია იაპონიაში, კანადაში და ევროპაში, ხოლო აშშ-ში მისი დასაშვები ნორმაა არა უმეტეს 2%. ვინაიდან ის აქვეითებს კანის დამცავი მელანინის წარმოქმნას, იზრდება კანზე უი სხივების ზემოქმედება და შესაბამისად კიბოს წარმოქმნის რისკი.
პროპილენგლიკოლი– Propylene Glycol– გამოიყენება როგორც დამარბილებელი და გამხსნელი. მოსაზრებაა, რომ პროპილენგლიკოლი შეიწოვება კანიდან და შლის კანის ცილებს, აუარესებს თავის ტვინის, თირკმლებისა და ღვიძლის მუშაობას, ასევე ხელს უწყობს კიბოს განვითარებას. პროპილენგლიკოლის მიმართ ასეთი ვარაუდი გამოითქვა იქედან გამომდინარე, რომ ის გამოიყენება, როგორც ანტიფრიზი, თუმცა ჯერჯერობით არ არის მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები მის კანცეროგენულ თვისებებზე.
არომატიზატორები– მათ უმატებენ კოსმეტიკურ საშუალებებს სასიამოვნო სუნის მისანიჭებლად.
ვანილინი
ვანილინი. არომატიზატორები შეიძლება იყვნენ ალერგენები, თუმცა მათი უსაფრთხოება პერიოდულად მოწმდება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. არსებობს მათი გამოყენების დასაშვები ზღვრები.
ფტალატები – გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებში არომატის გასაძლიერებლად.
დიბუტილფტალატი – DBP
ფტალატები– არიან ფტალმჟავას მარილები და ეთერები. დიბუტილფტალატი– (dibutyl phthalate), დი–2–ეთილჰექსილფტალატი (di-2-ethylhexylphthalate), დიიზოპროპილ¬ფტალატი (diisopropylphthalate) და ბენზილბუტილფტალატი (benzylbutyl phthalate) არიან ეკოესტროგენები და მოქმედებენ ჰორმონალურ სისტემაზე, თრგუნავენ მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებას და პირიქით, აძლიერებენ ქალის ჰორმონების წარმოქმნას. კვლევების შედეგად დადგინდა კავშირი ფტალატებსა და მამრობითი სქესის ახალშობილებში ქალური სასქესო ნიშნების განვითარებას შორის, სწორედ ფტალატები დასახელდა ამ ანომალიების მთავარ მიზეზად. ფტალატები, როგორც ინგრედიენტი, პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული არაა, მათი აღმოჩენა შეიძლება მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში. ამერიკელი ექიმების აზრით, ფტალატების შემცველი შამპუნები, საპნები და კოსმეტიკური საშუალებები აზიანებენ ენდოკრინულ სისტემას. ფტალატებიდან ყველაზე სახიფათოა დიბუტილფტალატი (DBF). ამ ნივთიერებებს ხშირად შეიცავს შამპუნები, ლოსიონები, კონდენციონერები, თმის გაზრდის საშუალებები, ანტიპესპერანტები, ფრჩხილისა და თმის ლაქები, მზისგან დამცავი კოსმეტიკა და საღეჭი რეზინები, კანფეტები და ტაბლეტები. ფტალატები ნეგატიურად მოქმედებენ ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. მეცნიერთა კვლევების შედეგების შედეგად, ევროკავშირმა აკრძალა ორი შედარებით აქტიური ფტალატის– DBP და DEHP–ის შემცველი კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვა, თუმცა სხვა ქვეყნებში, ეს აკრძალვა არ მოქმედებს. ტესტირებული პროდუქტებიდან ფტალატების შემცველობა დადასტურდა: კომპანია L'Oreal –ის სუნამოში, Wella–ას თმის ლაქში, სუნამო–Poison от Cristian Dior–ში, Lever Faberge–ს, Nivea–ს, Body Shop–ის, Procter and Gamble–ს დეზადორებში და სუნამო Chanel 5–ში. არის ინფორმაცია, რომ ფტალატებს ყველაზე მეტად იყენებს კომპანია Procter & Gamble, მას აღმოაჩნდა ამ ქიმიკატის შემცველი 37 პატენტი. მას იყენებენ, ასევე ისეთი ცნობილი კოსმეტიკური კომპანიები, როგორებიცაა: L'Oreal, Maybelline, Shiseido, Akzo Nobel, Colgate Palmoliv, Revlon, Unilever, Elizabeth Arden, Henkel და სხვები.
ფტალატები
პიგმენტები–შეფერილობის მიმნიჭებელი ინგრედიენტებია, მათ მიმართ ძირითადი ჩივილი ის არის, რომ ხელოვნური პიგმენტები კანცეროგენულია. კოსმეტიკურ საშუალებებში, მათი გამოყენება სხვა ინგრედიენტებთან შედარებით, მკაცრად რეგულირდება.
პოლიეთილენგლიკოლი– PEG– ის კოსმეტიკაში გამოიყენება როგორც კანის გამამკვრივებელი, დამარბილებელი, გამხსნელი, ემულსიების წარმოქმნისათვის და ა.შ. თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებების წარმოება მათ გარეშე ძალზე რთული იქნებოდა. არის მოსაზრება, რომ პოლიეთილენგლიკოლი შეიძლება იყოს კანცეროგენული, იწვევს კანის გამოშრობას და ნაადრევ სიბერეს. თუმცა, ეს არის ტიპიური ბრალდება, რომელსაც ნებისმიერ ნავთობპროდუქტს უყენებენ, ხოლო მეცნიერებთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ პოლიეთილენგლი¬კოლი უსაფრთხოა .
ტალკი –კოსმეტიკურ საშუალებებში გამოიყენება როგორც შემავსებელი და ტენის აბსორბენტი. მის მიმართ მთავარი პრობლემაა საკვერცხეების კიბოსთან მისი შესაძლო კავშირი, რომელიც ეყრდნობა ამერიკის National Toxicology Program–ის მიერ 1993 წელს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში, რომლის მიხედვით, ვირთხებს, რომლებსაც ასუნთქებდნენ ტალკს 113 კვირის მანძილზე -დღეში 6 საათი და კვირაში 5 დღის განმავლობაში, განუვითარდათ კიბო. ფიქრობენ, რომ შესაძლებელია მასში აზბესტის მინარევების არსებობა, აზბესტი კი კანცეროგენულ ნივთიერებად ითვლება. ტალკი გვხვდება ყოველდღიურ კოსმეტიკაში, ისეთებში, როგორიცაა „რუმიანა“, „პომადა“ და ასევე ბავშვის ჰიგიენური საშუალებებიც, თუმცა მეცნიერთა ნაწილი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.
და ბოლოს, ზემოთ მოტანილ კოსმეტიკურ საშუალებებში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების მცირე ნაწილის მოკლე დახასიათებაც კი ალბათ საკმარისია, რათა ყურადღებით შევისწავლოთ იმ კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობა, რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ, და ვეცადოთ, რომ არჩევანი ისეთ პროდუქტზე გავაკეთოთ, რომელიც შედარებით მარტივი შედგენილობისაა და ნაკლებ ქიმიას შეიცავს.
ლიტერატურა
1.http://www.sestrenka.ru/s1000
2.http://www.arise-cosmetic.com.ua/show_news_9.html
3.http://lem.ucoz.ru/publ/sostavy_kosmetiki/sostav_kosmetiki_vrednye_kancerogennye_toksichnye_dobavki_v_sostave_kosmetiki_pamjatka_dlja_kazhdogo/2-1-0-5
4.http://dobroweb.ru/secrets/1139Список вредных ингредиентов косметики (А-Я)
5.http://spbstudiofusion.ru/ingrid/ingrid21.php
6. http://naturalrating.ru/himiya-v-kosmetike
7.Вилламо, Х. Косметическая химия . М.: Мир, 1990. – 285 с.
გამოქვეყნებულია: 01-07-2013