ავტორებისათვის
მიზნები და ამოცანები
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ჟურნალი „ქიმიის უწყებანი“ წარმოადგენს ელექტონულ ჟურნალს და აქვეყნებს სამეცნიერო-შემეცებითი ხასიათის სტატიებს, ქართულ და ინგლისურ ენებზე ქიმიის, ქიმიური ინჟინერინგისა და მათი მონათესავე დარგებში.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი მოიცავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფართო სპექტრს, იგი ძირითად ფოკუსირებას აკეთებს ახალი მასალებისა და მოწინავე ტექნოლოგიების ამსახველ შრომებზე.
სარედაქციო კოლეგიის მოვალეობაა უზრუნველყოს ჟურნალში დაბეჭდილი სტატიების მაღალი სამეცნიერო დონე.
კრებულში წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ორიგინალური, მოიცავდეს გარკვეულ სიახლეს და არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული ან განიხილებოდეს გამოსაქვეყნებლად სხვა რომელიმე ჟურნალში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მასზე არ არის გაკეთებული წინასწარი შეტყობინება („წერილი რედაქტორს“, „შეტყობინება“).
თითოეული წარმოდგენილი შრომა გაივლის რეცენზირებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ორიგინალურობა, შედეგების საიმედოობა და მოცულობა, პირველი ორის სამეცნიერო ღირებულების გათვალისწინებით.
შრომები, რომელიც მოიცავს უკვე ცნობილი მონაცემების უმნიშვნელოდ გავრცობას დასაბეჭდად არ მიიღება. ავტორებს უარი ეთქმებათ იმ შემთხვევაშიც, თუ ნაშრომი მოიცავს სუსტ ან საერთოდ არ მოიცავს ინოვაციურ მასალას მასში დასმული პრობლემის გადაწყვეტისათვის.
საავტორო უფლებები
ჟურნალში „ქიმიის უწყებანი“ გამოქვეყნებულ სტატიებზე საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს.
ნაშრომის განხილვის პროცედურა:
ხელნაწერის წარდგენა ჟურნალის რედაქციაში წარმოებს ონ-ლაინ რეჟიმში. ავტორი გადის რეგისტრაციას შესაბამის გვერდზე და ატვირთავს წინასწარ ინსტრუქციის თანახმად შესრულებულ შრომას.
პასუხისმგებელი რედაქტორი განიხილავს მას და უკეთებს რეცენზირებას 1-3 სამუშაო დღეში. რედაქტორს უფლება აქვს დაუბრუნოს ავტორს ნაშრომი კორექტირებისათვის. რედაქტორის ნებისმიერი გადაწყვეტილება ავტორს ეცნობება წერილობით.
ჟურნალის ნომერის სრულად დაკომპლექტების შემდეგ ავტორს შეუძლია მოითხოვოს ჟურნალის ნომრის ელექტრონული ვერსია (pdf ფორმატში).
ხელნაწერის წარდგენა რედაქციაში
ხელნაწერის წარდგენა ჟურნალის რედაქციაში წარმოებს ონ-ლაინ რეჟიმში. ავტორი გადის რეგისტრაციას შესაბამის გვერდზე და ატვირთავს წინასწარ ინსტრუქციის თანახმად შესრულებულ შრომას.
ხელნაწერის მომზადება
ხელნაწერი ფორმდება A4 ფორმატის თაბახზე. გვერდები უნდა დაინომროს გამჭოლად.
- ქართული ფონტი – Sylfaen
- რუსული და ინგლისური ფონტი –Times New Roman ან Calibra
- ფონტის ზომად – 11 პუნქტი,
- ინტერვალი – 1.5 პუნქტი.
- ხელნაწერის საერთო მოცულობა – არანაკლებ 1500 სიტყვა (≈6-7 გვერდი) და არაუმეტეს 10-11 გვერდისა.
- მინდორი – 30 მმ (მარცხნივ), 25 მმ (მარჯვნივ), 25 მმ (ზევით), 25 მმ (ქვევით)
ხელნაწერი უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს (არა აუცილებელი პუნქტები მოცემულია აღნიშნულია ვარსკვლავით):
- სათაური
- ავტორები
- მისამართი
- რეზიუმე
- საკვანძო სიტყვები
- შესავალი
- სტატიის ძირითადი ნაწილი
- ექსპერიმენტული ნაწილი*
- დასკვნა
- მადლიერება*
- გამოყენებული ლიტერატურა*
სათაური
ხელნაწერის სათაური უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე, მაგრამ იმავდროულად ზუსტად უნდა ასახავდეს ნაშრომში დასმულ სამეცნიერო პრობლემას. ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა –12 პუნქტი, ფონტის სტილი - მსხვილი შრიფტი.
ავტორები
ავტორები მიეთითება მისი ინიციალისა და გვარის მიხედვით. რამდენიმე ავტორის არსებობის შემთვევაში ავტორები ერთმანეთისაგან გამოიყოფა მძიმით („ , “), ხოლო კორესპონდენტი ავტორის გვარი მიეთითება ვარსკვლავით („*“).
ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა – 11 პუნქტი, ფონტის სტილი - მსხვილი შრიფტი.
ნიმუში: ა.გიორგობიანი, ბ. ქავთარაძე*
მისამართი
მისამართი უნდა იყოს ზუსტად მითითებული, რათა როგორც რედაქციამ, ისე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერ დაინტერესებულმა პირმა შეძლოს კორესპონდენტ ავტორთან დაკავშირება. მისამართის მითითებისას მითითებული უნდა იყოს საფოსტო მისამართი და ელ–ფოსტა.
ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა – 10 პუნქტი, ფონტის სტილი – რეგულარული (ნორმალური) დახრილი.
ნიმუში: ქიმიური ტექნოლოგიის დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 77 კოსტავას ქ., თბილისი, 0175, საქართველო, avtori@dome.ge.
იმ შემთხვევაში, თუ ავტორები სხვადასხვა ორგანიზაციიდან არიან, უნდა მიეთითოს ყველა ორგანიზაცია იმავე ფორმით, ხოლო თითოეული ავტორის გვარის შემდეგ უნდა შესაბამისი ორგანიზაციის მითითება უნდა მოხდეს ლათინური ანბანის მიხედვით. ასევე უნდა მიეთითოს კორესპონდენტი ავტორის მისამართი ვარსკვლავით.
ნიმუში:
ა.გიორგობიანიa, შ. სამსონიაb, ბ. ქავთარაძეa*
a* ქიმიური ტექნოლოგიის დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 77 კოსტავას ქ., თბილისი, 0175, საქართველო, avtori@domen.ge.
b ქიმიის დეპარტამენტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 3 ი. ჭავჭავაძის გამზ., თბილისი, საქართველო, avtori_1@ domen.ge
რეზიუმე
რეზიუმე ტექსტს ორივე მხრიდან (ზევიდან და ქვევიდან) უნდა გამოიყოს ცარიელი აბზაცებით. მისი მოცულობა უნდა შეადგენდეს 100-150 სიტყვას. რეზიუმეში მოკლედ უნდა იყოს აღწერილი ნაშრომში დასმული პრობლემის აქტუალურობა. დაუშვებელია რეზიუმეში მხოლოდ ზოგადი პოსტულატებით შემოფარგვლა.
ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა – 11 პუნქტი, ფონტის სტილი – რეგულარული.
საკვანძო სიტყვები
უნდა მიეთითოს ნაშრომის თემატიკასთან დაკავშირებული 5 საკვანძო სიტყვა. საკვანძო სიტყვების შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს მეცნიერთა ფართო წრისათვის მიღებულ ტერმინოლოგიას.
ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა– 10 პუნქტი, ფონტის სტილი - რეგულარული.
შესავალი
შესავალი წარმოადგენს ნაშრომის ძირითადი ტექსტის პირველ ნაწილს. მასში მოკლედ და ამომწურავად უნდა იყოს ჩამოყალიბებული ნაშრომში დასმული პრობლემის აქტუალობა და სიახლე. შესავალში ასევე უნდა გაკეთდეს აღნიშნული პრობლემის შესახებ გამოქვეყნებული შრომების მოკლე მიმოხილვა.
ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა– 11 პუნქტი, ფონტის სტილი -რეგულარული.
ძირითადი ნაწილი
იგი წარმოადგენს ძირითადი სტატიის უმთავრეს ნაწილს. შესაძლებელია ძირითადი ნაწილი დასახელდეს ქვესათაურით. დასაშვებია ძირითადი ნაწილის დაყოფა ქვენაწილებად.
მიღებული შედეგების წარმოდგენისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას ცხრილები, ნახაზები, დიაგრამები, სურათები და სხვ. ამასთან, დაუშვებელია ერთი და იგივე შედეგის ორი სხვადასხვა ფორმით წარმოდგენა („ინფორმაციული ტავტოლოგია“). ამასთანავე, ძირითადი ტექსტიდან უნდა იყოს მიმართება ცხრილებზე, ნახაზებზე, დიაგრამებზე, სურათებზე და სხვ. ან მათში მოცემულ მონაცემებზე.
აუცილებელია ცხრილების, ნახაზების, დიაგრამების, სურათების და სხვ. გამჭოლი ნუმერაცია და დასახელება. დასახელება მოკლედ და კონკრეტულად უნდა ასახავდეს მის შინაარსს.
ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა– 11 პუნქტი, ფონტის სტილი - რეგულარული.
ექსპერიმენტული ნაწილი*
ექსპერიმენტული სახის ნაშრომებისათვის აუცილებელია ექსპერიმენტული ნაწილი დართვა. მასში უნდა იქნას აღწერილი ექსპერიმენტში გამოყენებული მასალები, მეთოდები და პროცედურები იმდენად დეტალურად, რომ სხვა ექსპერიმენტატორს მისი განმეორების საშუალება ჰქონდეს. ახალი ექსპერიმენტული პროცედურები უნდა იყოს დეტალურად აღწერილი, ხოლო ის ექსპერიმენტი, რომელიც უკვე ერთხელ მაინც იყო აღწერილი რაიმე სახის ლიტერატურაში, მისი დეტალური აღწერა არ არის საჭირო. როგორც წესი, იგი მიეთითება ლიტერატურის სახით.
სიმბოლოები
ტექნიკური სახის ტექსტების გაფორმებისას, როგორც წესი, აუცილებლია სხვადასხვა სახის სიმბოლოების გამოყენება. ტექსტში უშუალოდ მითითებული მარტივი სიმბოლოებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ფონტი „Symbol“.
ათწილადებში მეათედის ნიშნად გამოიყენება წერტილი „ . “
მათემატიკური ფორმულები
მათემატიკური ფორმულები შესრულებული უნდა იქნას MS Word-ის მათემატიკური ფორმულის რედაქტორის საშუალებით. სიმბოლოების შრიფტი Calibra ან Times New Roman, ზომა - 11 პუნქტი.
ქიმიური ფორმულები
ქიმიური სტრუქტურული ფორმულები და რეაქციის სქემები შესრულებულ უნდა იქნას ქიმიური რეაქციების რედაქტორების ChemSketch ან ISIS Draw-ს საშუალებით. აღნიშნული პროგრამების უფასო ვერსიები შეიძლება ჩამოტვირთული იქნას მათი ოფიციალური ვებ-გვერდებიდან. http://www.acdlabs.com/download/ და www.mdl.com
სტრუქტურული ფორმულების აგებისას გამოყენებულ უნდა იქნას ACS-სტილი, რომელიც მოიცავს:
ფონტის ზომა - 10 პუნქტი
ბმის სიგრძე - 5.1 მმ
ბმის ტიპი - 0.7 pt
ნახაზები, დიაგრამები
ნახაზები და დიაგრამები უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მცირე ზომის. მათი ნუმერაცია წარმოებს გამჭოლად. თუ ნახაზის ან დიაგრამის რაოდენობა 1-ზე მეტი არ არის, მაშინ ნომერი არ იწერება. ნახაზები და დიაგრამები უნდა იყოს მოთავსევული ჩარჩოში. რეკომენდირებული ზომა არის (70-80)x(70-80) მმ. შეძლებისდაგვარად ყველა ნაზაზი უნდა იყოს ერთი და იგივე ზომის, ან როგორც მინიმუმ, ერთი და იგივე სიმაღლის. განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვებია (70-160)x(70-200) მმ ზომის ნახაზების გამოყენება. გრაფიკების წირები შესრულებული უნდა იქნას შედარებით უფრო მუქი წრფეების საშუალებით, ვიდრე საკოორდინატო ღერძები. გრაფიკები დიაგრამებზე უნდა დაინომროს არაბული ციფრებით. ასევე დასაშვებია დამატებით სიმბოლოების (●,o, n, ¡, l, ▼, ►, •, ¡, ●,) გამოყენება.
ელექტრონულად აგებული გრაფიკები შენახული უნდა იქნას გრაფიკული ფაილის ფორმატში: TIFF, Jpg, PDF მინიმალური რეზოლუციით 300 dpi.
სკანერით ჩაწერილი გრაფიკები მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ხარისხი იქნება ელექტრონულად აგებული გრაფიკების ექვივალენტური.
ცხრილები
ცხრილის ზომა უნდა იყოს მაქსიმალურად მცირე. მისი სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 160 მმ-ს. როგორც წესი, ცხრილების გამოყენება სამეცნიერო ნაშრომს უფრო ინფორმაციულს ხდის. მაგრამ დაუშვებელია ცხრილებსა და დიაგრამებზე ერთი და იგივე ინფორმაციის მოტანა.
ცხრილები უნდა დაინომროს არაბული ციფრებით გამჭოლად. თუ ცხრილის რაოდენობა 1-ზე მეტი არ არის, მაშინ ნომერი არ იწერება. თითოეული ცხრილი უნდა დასახელდეს. სვეტების დასახელებები უნდა იყოს რაც შეძლება მოკლე. ინფორმაციის კომპაქტურობისათვის მიზანშეწონილია ცხრილებში სქოლიოების გამოყენება, რომლის აღნიშვნაც წარმოებს ხარისხად ატანილი ლათინური ანბანის ასოებით. ცხრილის იმ უჯრაში, სადაც არ არის მონაცემი, დაისმება დეფისი.
განზომილებები
ფიზიკური სიდიდეების განზომილებებისათვის გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ განზონილებათა SI სისტემის ერთეულები. განზომილების ერთეული მისი რიცხვითი მნიშვნელობიდან გამოიყოფა „ჰარით“.
ნიმუში: 10 °C, 100 კგ.
დასკვნა
ძირითადი ტექსტის ბოლო ნაწილს წარმოადგენს დასკვნა, რომლიც მოცულობაც უნდა იყოს 50-100 სიტყვა. მასში მოკლედ და მაქსიმალურად ინფორმაციულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, ის ძირითადი შედეგები, რომელიც მიღებულია სამეცნიერო ნაშრომში.
მადლიერება*
ავტრებს უფლება აქვთ გამოთქვან მადლიერება იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომელთაც გარკვეული წვლილი შეიტანეს აღნიშნული კონკრეტული სამუშაოს შესრულებაში. ამასთან პიროვნების ან ორგანიზაციის დასახელებისას უნდა მითითებულ იქნას მათი კონკრეტული წვლილი.
გამოყენებული ლიტერატურა
სამეცნიერო ნაშრომში აუცილებელია ბიბლიოგრაფიული მონაცემების მითითება მკაცრად დაცული სტილისტიკით. გამოყებენული ლიტერატურის მითითება უნდა მოხდეს მხოლოდ ძირითად ტექსტის ისეთ ნაწილებში, როგორიცაა „შესავალი“, „შედეგები და მათი განსჯა“ და „ექსპერიმენტული ნაწილი“. დაუშვებელია ლიტერატურის მითითება რეზიუმეში და დასკვნაში. ძირითად ტექსტში ლიტერატურის მითითება როგორც წესი წარმოებს აბზაცის ბოლოს კვადრატული ფრჩხილების გამოყენებით. ნუმერაცია უნდა იყოს გამჭოლი და მზარდი.
ბიბლიოგრაფიის მითითება უნდა მოხდეს გამოყენებული ლიტერატურის ტიპის (სტატია, თეზისი, წიგნი, პატენტი და ა.შ.) მიხედვით, იმ პრინციპით, რომ დაინტერესებულ პირს (ექსპერტი, რეცენზენტი, და ა.შ.) შეეძლოს მისი მარტივად მიწვდომა. ამიტომ პუნქტუაციისა და სტილისტიკის მკაცრი დაცვა აუცილებელია.
ნიმუში:
სტატია:
გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. ჟურნალის სრული დასახელება ან აბრევიატურა, წელი, ტომი, [ნომერი,] გვ. დასაწისი–დასასრული.
მაგ.:
1. Xie W., Pu J., MacKerell A.D. Development of a Polarizable Intermolecular Potential Function (PIPF) for Liquid Amides and Alkanes. J. Chem. Theory Comput., 2007, 3, 6, 1878 -1889.
2. კიკნაძე ნ. საინვესტიციო საქმიანობის აქტივაცია. საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის შრომები, 2008, 454, 2, 102-106.
3. Элизбарашвили Э.Н., Лагвилава И.В., Самсония Ш.А. Новый способ N-алкилирования пиридонового кольца. Химия Гетероциклических Соединении, 2005, 12, 1868-1869.
წიგნი:
ცალკეული გვერდების მითითებისას:
გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წელი, [ტომი,] გვ. დასაწისი–დასასრული.
მაგ.:
1. Bruice P. Organic Chemistry. New-York: Pearsonn Education, Inc., 2004, pp 45-123.
2. ჭირაქაძე გ. ორგანული ქიმია. თბილისი: განათლება, 2001, ტ. 1, გვ. 12-16.
მთლიანი წიგნის მითითებისას:
გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წელი, [ტომი,] გვერდების რაოდენობა გვ.
1. Bruice P. Organic Chemistry. New-York: Pearsonn Education, Inc., 2004, 896 p.
2. ჭირაქაძე გ. ორგანული ქიმია. თბილისი: განათლება, 2001. ტ. 1, 216 გვ.
პატენტი:
გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი პატენტის ნომერი. გამოქვეყნების თარიღი, განაცხადის ნომერი. განაცხადის შეტანის თარიღი.
1. Cunningham B. T., Li P. Method and instrument for detecting biomolecular interactions. USA Pat . No. 7292336. 6.11.2007. Appl. No.: 11/605,798. Filed: 28.03.2007.
ინფორმაცია გლობალური ქსელი:
ვებ–გვერდის დასახელება. უკანასკნელად იქნა გადამოწმებული – რიცხვი, თვე, წელი.
მაგ.:
1. http://patft.uspto.gov/netacgi/doc.html, უკანასკნელად გადამოწმებულია - 5.03.2007.
რეზიუმე
რეზიუმეები უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენაზე. ამასთან ისინი უნდა იყვნენ ნაშრომის ენის შესაბამისი რეზიუმეს ზუსტი ანალოგი.
დამატებითი ინფორმაცია
ჟურნალის ვებ-გვერდიდან შეგიძლიათ ჩამოწეროთ სტატიის შაბლონები.