მნიშვნელოვანი თარიღები
01-12-2022 - რეგისტრაციის დაწყება
15-03-2023 - რეგისტრაციის დასრულება
30-03-2023 - I ტური (VIII და IX კლასები)
19-03-2023 - I ტური (X-XII კლასები)
22-04-2023 - II ტური (VIII და X კლასები)
22-04-2023 - II ტური (IX, XI და XII კლასები)
მიმდინარე შედეგები
არქივი
ოლიმპიადის დებულება
ოლიმპიადის მიზნებია:
- ქიმიის საგნის მიმართ მოსწავლეთა ინტერესების გაღვივება;
- ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეების მხარდაჭერისა და წახალისებისათვის;
- სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
- საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეთა მომზადების პროგრამის მხარდაჭერა.
ოლიმპიადა ჩატარდება 3 ტურად, შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
1) მე-8 კლასელები;
2) მე-9 კლასელები;
3) მე-10 კლასელები;
4) მე-11-12 კლასელები.
ოლიმპიადის მონაწილე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელიც სწავლობს ასაკობრივი ჯგუფის შესაბამის კლასში და დარეგისტრირდება ოლიმპიადის ვებ-გვერდზე.
ოლიმპიადის ვებ გვერდის მისამართია: https://chemistry.ge/school/olympiada
მოსწავლეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უფრო მაღალი კლასის ასაკობრივ ჯგუფში.
ოლიმპიადის დავალებათა თემატიკა შესაბამისობაში იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და გათვალისწინებული იქნება ჩატარების მომენტისათვის სკოლის პროგრამით განვლილი მასალა. საჭიროების შემთხვევაში ტურის ჩატარებამდე გამოქვეყნდება კონკრეტული პროგრამა თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის.
ოლიმპიადის ტესტები და დავალებათა შეფასების სქემები შედგენილი იქნება ორგანიზატორთა მიერ, კონფიდენციალობის დაცვით.
ოლიმპიადა ჩატარდება სასწავლო წლის მეორე სემესტრში (თებერვალი - აპრილი). ზუსტი თარიღი ცალკე გამოცხადდება ოლიმპიადის ვებ გვერდზე.
ოლიმპიადა მოიცავს სამ ტურს:
პირველი ტური
პირველი ტური სრულად online რეჟიმში ჩატარდება და ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილეებს გამოავლენს.
ტურში მონაწილეობისათვის მოსწავლეს დასჭირდება ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი საკომუნიკაციო მოწყობილობა, თუმცა რეკომენდებულია კომპიუტერი.
ტესტირებისათვის მოსწავლეებმა დადგენილ დროს უნდა გაიარონ ოლიმპიადის ვებ გვერდზე ავტორიზაცია, რეგისტრაციის დროს გამოყენებული მონაცემებით (ელ-ფოსტის მისამართი და პაროლი). Online საგამოცდო ოთახში მიიღებენ დავალებებს.
დავალებები მოიცავს დახურულ და/ან ღია პასუხებიან ამოცანებს.
საგამოცდო ონლაინ ბილეთი ასევე მოიცავს პასუხების ჩასაწერ სპეციალურ ფანჯრებს, რომელშიც უნდა ჩაიწეროს პასუხები.
ტესტირების დრო განსაზღვრულია და მოსწავლე ვალდებულია საბოლოო პასუხი დააფიქსიროს დროის ამოწურვამდე.
გამოცდის დასრულების დრო მითითებული იქნება ონლაინ საგამოცდო ოთახში.
დროის ამოწურვის შემდეგ მიღებული მონაცემები არ დაფიქსირდება და შესაბამისად მონაწილეობა არ იქნება აღიარებული.
მოსწავლეები ტესტირების დასრულებისთანავე მიიღებენ შეფასებს.
მეორე ტურში გამსვლელი ქულა დადგინდება ოლიმპიადის ორგანიზატორთა მიერ, თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ცალ-ცალკე, საერთო შედეგების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე.
ტესტირების დეტალურ ინსტრუქციას მონაწილეები უშუალოდ ტურის დაწყებისას მიიღებენ.
მეორე ტური
მეორე ტური გაიმართება დაუსწრებლად - ოლიმპიადის ოფიციალური ვებგვერდისა და ვირტუალური რეალობის პლატფორმების (zoom) ერთდროული გამოყენებით. მონაწილეები საგამოცდო ბილეთის მიღებისათვის პირველი ტურის ანალოგიურად გაივლიან ოლიმპიადის ვებგვრდზე ავტორიზაციას და პარალელურად ჩაერთვებიან zoom-ის ოთახში.
ტურში მონაწილეობისათვის მოსწავლეს დასჭირდება ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი, რომელიც აღჭურვილია ვიდეოთვალითა და მიკროფონით, ასევე მობილური ტელეფონი, რომლითაც შეიძლება სურათის გადაღება. თუ კომპიუტერი ვიდეოთვალისა და მიკროფონის გარეშეა, შესაძლებელია ამ მიზნით მობილური ტელეფონის კამერის გამოყენებაც.
ტესტირების დეტალურ ინსტრუქციას მონაწილეები უშუალოდ ტურის დაწყებისას მიიღებენ.
ტესტირებისათვის განკუთვნილი დროის განმავლობაში, დავალებების შესრულებისას ისინი იმუშავებენ ოლიმპიადის ორგანიზატორთა ვიდეო-მეთვალყურეობის ქვეშ. ამისათვის მონაწილეები ვალდებულნი იქნებიან იმუშაონ ჩართული მიკროფონითა და ვიდეოკამერით.
ტესტი შესრულდება ნებისმიერი ფორმატის ქაღალდზე. დასრულების შემდეგ მოსწავლე ნაწერს გადაუღებს სურათებს და მათ ატვირთავს სპეციალურ ვებ-მისამართზე, რომელიც ცალკე ეცნობება.
ნაშრომი ამოიბეჭდება, დაიშიფრება და ამ სახით გასწორდება. ოლიმპიადის მონაწილის ტესტური ნაშრომი ტესტის გამსწორებელს წარედგინება დაშიფრული ინდივიდუალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ოლიმპიადის მონაწილის კონფიდენციალობას.
მეორე ტურის ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს. თითოეული დავალება მინიმუმ ორი გამსწორებლის მიერ გასწორდება. დავალების განსხვავებულად შეფასების შემთხვევაში საბოლოო შეფასება მოხდება ჟიურის საერთო სხდომაზე.
მიღებული ქულა მონაწილეს ეცნობება ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
მეორე ტურის შედეგების საფუძველზე შედგება რანჟირებული სია და შეირჩევა მესამე, ფინალური ტურის მონაწილეები.
მესამე ტურში გამსვლელი ქულა დადგინდება ოლიმპიადის ორგანიზატორთა მიერ, თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ცალ-ცალკე, საერთო შედეგების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე.
მესამე ტური
ოლიმპიადის ფინალური, მესამე ტური ჩატარდება პირისპირ. მონაწილეთა დასწრებით გაიმართება.
ტურის ჩასატარებლად შერჩეული იქნება გარემო, რომელიც სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს და რეკომენდებულ კოვიდ-რეგულაციებს.
მონაწილეები მიიღებენ ტესტის ბუკლეტს და პასუხების ფურცლებს, რომლებშიც ამოხსნისა და პასუხების ჩასაწერად ველები ჩარჩოებით იქნება გამოყოფილი.
დამხმარე მასალა (საჭირო ფორმულები და ცხრილები) ჩაბეჭდილი იქნება დავალებების ბუკლეტში, სამუშაო ფურცლებად კი მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გამოიყენონ სამუშაო ფურცლების უკანა მხარე.
ტესტირების დასრულებისას ნაწერი მოთავსდება სპეციალურ კონვერტში და დაიშიფრება.
მესამე ტურის ნაშრომთა გასწორება მეორე ტურის მსგავსად ჩატარდება.
აპელაცია
ოლიმპიადის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოითხოვონ მეორე და მესამე ტურის ტესტირებისას მიღებული შეფასებების გადახედვა.
ტესტირებისას გამოყენებული დავალებები და მათი შეფასების სქემები გამოქვეყნდება ოლიმპიადის ვებ-გვერდზე.
აპელაციის მოთხოვნის საშუალება მონაწილეს შეფასების გაცნობიდან 3 დღის განმავლობაში მიეცემა.
აპელაციის განაცხადი ივსება ონლაინ ოლიმპიადის ვებგვერდზე.
აპელაციის პროცედურა შეიძლება ჩატარდეს მონაწილის თანდასწრებით, Zoom-ის პლატფორმის გამოყენების საშუალებით.
მესამე ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდება ოლიმპიადის გამარჯვებულები.
ოლიმპიადის მონაწილეთა დაჯილდოება
ოლიმპიადის მესამე ტურის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილის სიგელი.
თითოეულ კლასში რანჟირებული სიის პირველ 10%-ს გადაეცემა პირველადგილოსნის დიპლომი, შემდეგი 20% - დაჯილდოვდება როგორც მეორეადგილოსანი, ხოლო შემდეგი 30% - როგორც მესამე ადგილოსანი.
საუკეთესო შედეგის მქონე დამატებით აბსოლუტური გამარჯვებულის დიპლომსაც მიიღებს.
ერთნაირი ქულების შემთხვევაში აბსოლუტური გამარჯვებულის გამოსავლენად გათვალისწინებული იქნება წინა ტურებში დაგროვებული ქულათა ჯამი.
უფროსი ასაკობრივი ჯგუფების (მე-10 და მე-11-12 კლასები) რანჟირებული სიის პირველ 10 წევრს მიეცემა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის მზადების ტრეინინგებში.