მაკა მაკარიძე

m.makaridze@gmail.com





ასევე იხილეთ

ტომი: 6, ნომერი: 1, გვ: 31-33

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:6, ნომერი:1, 39-41 გვ.

ნიადაგის pH-ის განსაზღვრა სასკოლო პირობებში

მ. მაკარიძე1, თ. კეკოშვილი2, ნ. დემეტრაშვილი3, ჟ.ყუთულაშვილი4

1 სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლა
2 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
3 სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლა
4 სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლა

რეზიუმე: ნიადაგის ნაყოფიერების გამსაზღვრელი ძირითადი პარამეტრებია: მექანიკური შედგენილობა, სტრუქტურა, შთანთქმული ფუძეები, კარბონატულობა, pH, მჟავიანობა, ჰუმუსი, ჰიდროდიფიზიკური თვისებები (მოცულობითი წონა, ხვედრითი წონა, წყალგამტარობა) და საკვები ელემენტების (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი) საერთო და შესათვისებელი ფორმები. ნაშრომში განხილულია შიდა ქართლის 3 სოფელში ნიადაგის pH-ის განსაზღვრის მარტივი, სასკოლო პირობების შესაბამისი გაზომვის გზები და გაკეთებულია დასკვნა იმ მცენარეების შესახებ, რომლების ზრდა-განვითარებისთვისაც ნიადაგის მიღებული pH-ის მნიშვნელობა ოპტიმალურია.

საკვანძო სიტყვები: ნიადაგის ნაყოფიერება, ნიადაგის pH, ნიადაგის მჟავიანობა, ნიადაგის pH-ის განსაზღვრა, მცენარეების ზრდა-განვითარება

ჩვენი დაინტერესება - გამოგვეკვლია ნიადაგის მჟავიანობა, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სკოლის ბაღში მოსწავლეებმა თავად დარგეს კიპარისის ნერგები, რომლებმაც იხარა, მაგრამ ზრდის ტემპი მოსალოდნელს მაინც ჩამორჩებოდა. ამიტომ, კოლეგებთან ერთად, დაიგეგმა პროექტი, რათა შესაძლებლობის ფარგლებში შეგვესწავლა ნიადაგის ტიპი, გაგვეზომა pH და შემდგომ, კიპარისების ზრდის დასაჩქარებლად ნიადაგი შესაბამისად დაგვემუშავებინა.

კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთათვის ქიმიისა და ბიოლოგიის ინტეგრირებით, გამოყენებადი, პრაქტიკული სწავლების განხორციელება, რისთვისაც, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტების გათვალისწინებით, დაისახა სკოლის ეზოსა და ბაღის ნიადაგის pH-ის განსაზღვრის გეგმა. მიღებული შედეგების შედარებისა და განზოგადებისთვის, პროექტი ერთდროულად განხორციელდა შიდა ქართლის რეგიონის 3 სკოლაში: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისსა და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში. სკოლები მუშაობას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოორდინირებით ახორციელებდნენ.

გაზომვის განხორციელებისას, პირველ ეტაპზე მოძიებული მეთოდიკის მიხედვით, ავიღეთ ნიადაგის სინჯები 20-25 სმ-ის სიღრმიდან:

სურათი 1. ნიადაგის სინჯების აღება

აღებული სინჯები შემდეგნაირად დავამუშავეთ: გავხსენით წყალში, გადავფილტრეთ და ფილტრატის pH გავზომეთ უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდით და pH-მეტრით. ასევე, ვაკეთებდით ტიტვრასაც, რათა ფილტრატის ტუტით ნეიტრალიზაციის პროცესი გვენახა.

 


სურათი 2. გაფილტვრა

 
 სურათი 3. pH-ის გაზომვა უნივერსალური ინდიკატორით და pH მეტრით


სურათი 4. გატიტვრა


შეცდომის გამორიცხვისთვის, გაზომვა ჩატარდა სკოლის ბაღის სხვადასხვა ადგილიდან აღებული ნიადაგის 10-მდე ნიმუშისთვის, როგორც უკვე ვახსენეთ, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 3 სკოლაში.

გაზომვების შედეგები მოცემულია ცხრილში 1:

 

ცხრილი #1: ნიადაგის pH-ის მნიშვნელობა სოფლების მიხედვით:

ადგილმდებარეობა

pH-ის მნიშვნელობა
ტინისხიდი, გორის მუნიციპალიტეტი ≈ 6.5
სამთავისი, კასპის მუნიციპალიტეტი ≈7.0
კავთისხევი,  კასპის მუნიციპალიტეტი ≈7.0

 

დამატებით გაცნობებთ, რომ მიღებული შედეგები შედარებული იქნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ბაზაში არსებულ მონაცემებთან და მათ ჩვენი შედეგების სანდოობა მეათედის სიზუსტით დაადასტურეს.

ჩვენი პროექტისა და კვლევის შემდეგ ეტაპზე, საგანთაშორის ინტეგრაციისათვის, მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მცენარეების ზრდა-განვითარებისთვის არის ჩვენი ნიადაგის მჟავიანობის მნიშვნელობა ოპტიმალური. წარმოგიდგენთ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ-ენოვან ლიტერატურაში მოძიებულ ინფორმაციას კონკრეტული მცენარისთვის სასურველი ნიადაგის pH-ის შესახებ.

ჩატარებული სამუშაოს და მოძიებული ინფორმაციის ანალიზით, დასკვნის სახით მოგახსენებთ, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე ნიადაგის pH-ის მნიშვნელობა, გორის რაიონში ძირითადად, ხილის (ვაშლისა და მსხლის), ხოლო კასპის რაიონში ბოსტნეულის მოსაყვანადაა საუკეთესო. ხოლო რაც შეეხება ჩვენს კიპარისებს, მათთვის ოპტიმალური pH დაახლოებით 6-ია, ამიტომ, ელემენტარული გოგირდის დამატებით, ჩვენ 2 თვეში შევძელით მათი ზრდის ტემპის დაჩქარება.

 

ცხრილი #2. სხვადასხვა წყაროების მონაცემები მცენარეებისთვის ოპტიმალური pH-ის მნიშვნელობის შესახებ

მცენარე ოპტიმალური
 pH
მსხალი 6.5-7.5
ვაშლი 5.5-6.5
ალუბალი 6.5-7.5
ქლიავი 6.5-7.5
ბადრიჯანი 6.0-6.5
პომიდორი 5.5-6.5
ცხარე წიწაკა 5.5-7.0
სუფრის ჭარხალი 6.0-7.2
სტაფილო 5.5-6.5
ხახვი 6.0-6.5
ნიორი 6.5-7.0
კიტრი 6.4-7.0
ბოლოკი 5.8-6.5
კომბოსტო 6.7-7.4
ბროკოლი 6.5-7.5
ყვავილოვანი კომბოსტო 6.5-7.0
მუხუდო 6.5-7.0
სალათი 6.0-6.5
ჟოლო 5.5-7.0

 

სურათი 5.  კიპარისების ზრდა ნიადაგის შემჟავებით

 

მადლობას ვუხდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრ SALiS-ს გაწეული დახმარებისა და ჩვენი ნაშრომის დადებითად შეფასებისათვის.

 

ლიტერატურა:

  1. https://agrokavkaz.ge/ - "აგროკავკასია", ქართული აგრარული ინტერნეტ-გაზეთი;
  2. https://srca.gov.ge/ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მასალები ნიადაგის მჟავიანობის შესახებ
  3. http://old.bioagro.ge/ - ბიოლოგიური სოფლის მეურნეობა

 

 

 

 

გამოქვეყნებულია: 31-10-2023