მაკა მაკარიძე

m.makaridze@gmail.com





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:6, ნომერი:1, 31-33 გვ.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კვლევა გორის რაიონ სოფელ ტინისხიდის სკოლის ტერიტორიაზე

მაკა მაკარიძე, ჟანა ყუთულაშვილი

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის ქიმიის წამყვანი მასწავლებელი

რეზიუმე: ტყვია ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს და ნიადაგის ისეთი ტოქსიკური დამაბინძურებელია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზეც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს. გარემოს ტყვიით დაბინძურების აქტუალობამ გვიბიძგა, რომ შეძლებისდაგვარად შეგვესწავლა ტყვიის გავრცელების არეალი შიდა ქართლის რეგიონში და კერძოდ, ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნაშრომში განხილულია ტყვიით გარემოს დაბინძურების წყაროების თეორიული საფუძვლები და პრევენციის გზები.

საკვანძო სიტყვები: ტყვიით დაბინძურება, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კონტროლი, ტყვიით ინტოქსიკაცია, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება შიდა ქართლში, ტყვიით ინტოქსიკაციის პრევენცია.

ჩვენი დაინტერესება - ჩაგვეტარებინა გორის რაიონ სოფელ ტინისხიდის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კვლევა, გამოიწვია პრესაში და მედიაში ატეხილმა აურზაურმა იმის შესახებ, რომ 2018 წელს საქართველოს მთავრობამ,  კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა “გაეროს ბავშვთა ფონდის“ დახმარებით გამოაქვეყნა საქართველოში მაცხოვრებელ 2-დან 7 წლამდე ბავშვების ვენურ სისხლში ტყვიის შედეგების შემცველი საგანგაშო მონაცემები.

განმარტების სახით ვიტყვით, რომ ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი.  თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე).


სურათი 1: ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის s კვლევა

მიღებული შედეგები ცხადჰყოფს, რომ საქართველოში ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარის რეგიონშია, სადაც გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.

ტყვიით მოწამვლა განსაკუთრებით სახიფათოა ექვს წლამდე ბავშვებისათვის, რომელთა ცენტრალური ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ტყვიის მომატება ორგანიზმში იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გონებრივი განვითარების შეფერხებას და ა.შ.

კვლევის შემდეგ ეტაპზე შევეცადეთ მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან ხვდება ადამიანის სისხლში ტყვია. ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის რამდენიმე გზა არსებობს. ეს შეიძლება იყოს ინდუსტრიული ნარჩენითა და ტყვიის შემცველი საწვავით გაჯერებული ჰაერი, რომელიც გარემოს აბინძურებს. ამ დროს ტყვია ხვდება ატმოსფეროსა და წყალში, საბოლოო ჯამში კი - ადამიანის ორგანიზმში.

როგორც ვიცით, ჰაერი ატმოსფეროს აირების ბუნებრივი ნარევია, რომელიც აზოტის (78%), ჟანგბადის (21%), არგონის (0,93%), წყლის ორთქლის (0,4 - 3%), ნახშირბადის დიოქსიდის (0,039%), ასევე წყალბადისა და მცირე რაოდენობით სხვა აირებითაა წარმოდგენილი.

დღეისათვის, ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს, რადგან გარემოში სხვადასხვა დამაბინძურებლის რაოდენობის ზრდა უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ასევე ეკოსიტემებში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე.  დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით საშიშია ადამიანების (ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმების) ჯანმრთელობისათვის.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას უმთავრესად ანთროპოგენური წყაროები (ტრანსპორტი, სამრეწველო საწარმოები, ენერგეტიკული ობიექტები, სოფლის მეურნეობა და სხვა) განაპირობებს,  თუმცა ხანდახან ადგილი აქვს  ბუნებრივ ფაქტორებსაც (ქარის შედეგად მოტანილი მტვერი, ტყის ხანძრები, ქარისმიერი ეროზია, ჭაობებში არსებული მეთანის გაზი, ნახშირორჟანგი და სხვა).

ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებებია: აზოტის ოქსიდები, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი, მყარი შეწონილი ნაწილაკები, ოზონი, ტყვია და სხვა.

ჰაერის დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ასეთი სქემის შეიძლება გამოისახოს:


სურათი 2: ჰაერის დაბინძურება და ჯანმრთელობა

 

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი დაიწყო გასული საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს.  2017 წელს მასშტაბურად ჩატარდა  საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კვლევა და ინდიკატორული გაზომვები, მათ შორის ქ. გორში მოხდა 26 გაზომვა ოთხ ეტაპად ქალაქის სამ წერტილში.

 

გაზომვების შედეგები მოცემულია ცხრილ #1-ში:

ცხრილი #1: ატმოსფერული ჰაერის დაბიძნურების კვლევის შედეგები ქ. გორში 2017 წელს:

ჩვენ დავინტერესდით ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის სისუფთავის ხარისხით. ვინაიდან ქ. გორში და შიდა ქართლში არ არსებობს შესაბამისი ორგანიზაცია, დავუკავშირდით გარემოს ეროვნულ სააგენტოს და მათი მხარდაჭერით მოვიწვიეთ მათი სპეციალისტები და მოძრავი ლაბორატორია. მართლაც, ისინი გვეწვივნენ სკოლაში და ავიღეთ ატმოსფერული ჰაერის სინჯები.


 სურათი 3. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ჩვენს სკოლაში:

აღებული სინჯის ანალიზი გაკეთდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. შედეგები წარმოდგენილია ცხრილ #2-ში:

 

ცხრილი #2. ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ინგრედიენტების გაზომვის  შედეგები:

  ტყვია - Pb მკგ/მ3 ნახშირჟანგი - CO მგ/მ3 აზოტის დიოქსიდი - NO2 მგ/მ3 ელექტრომაგნიტური  ველის სიმკვრივე (რადიაცია) კვ/მ ხმაური, დბ
მიღებული შედეგი 0.07 0.02 0.001 0.0 57.9
ზ.დ.კ.
(ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია)
1.0 5 0.2 5 35-55

 

მიღებულმა შედეგებმა ცხადჰყო, რომ ჰაერი ჩვენი სკოლის ტერიტორიაზე ზედმიწევნით სუფთაა და სანერვიულო არაფერია.

კვლევის მიღებული შედეგებით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურება არ არის გლობალური და მასშტაბური ხასიათის, საყურადღებო ცვლილებები მხოლოდ დიდ ინდუსტრიულ ქალაქებში (ძირითადად რუსთავში, თბილისის ზოგიერთ უბანსა და ზესტაფონში) იყო მიღებული.

ამის შემდეგ მოვიძიეთ ინფორმაცია ტყვიის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის სხვა გზების შესახებაც და თურმე... საშიშია ტყვიის შემცველი საღებავი, რომელსაც საყოფაცხოვრებო დანიშნულებით იყენებენ. მაგალითად, მკვეთრი ყვითელი და წითელი ფერის გამო, ტყვიას უმატებენ საღებავებს, რომლებიც, თავის მხრივ, გამოიყენება როგორც საკვებ დანამატებად (სუნელებში, საკონდიტრო ნაწარმში და სხვ.), ასევე ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. საფრთხე მოდის ინდუსტრიული ნარჩენებითა და საწვავით დაბინძურებული ნიადაგისგან, რომელზე მოწეული მოსავალიც ტყვიას შეიცავს. ბოლო წლებში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი სათამაშოებში, სამკაულებსა და პარფიუმერულ ნაწარმშიც აღმოაჩინეს.

გამოვლინდა დაბინძურების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც, მართალია, ვერ განზოგადდება, მაგრამ ნამდვილად საყურადღებოა. მაგალითისთვის, ერთ-ერთ ოჯახში ინტოქსიკაციის წყარო აღმოჩნდა სამზარეულოში არსებული ტყვიის ნაჭერი, რომელსაც კაკლისა და თხილის სამტვრევად იყენებდნენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მონადირეები ტყვიას სახლში ინახავდნენ და ბავშვის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა სწორედ ამის გამო გაჩნდა. ერთ-ერთ ოჯახში კი აკუმულატორი იყო განთავსებული ისეთ ადგილზე, სადაც ბავშვი თამაშობდა და დაბინძურების წყაროც სწორედ ეს დანადგარი აღმოჩნდა.

შესაძლებელია თუ არა ტყვიით ინტოქსიკაციის პრევენცია?

დიახ და ძალიან მარტივადაც. პირველ რიგში, პრევენცია შესაძლებელია ხელების ხშირი დაბანით, რაც  ტყვიით ინტოქსიკაციის რიკს 80%-ით ამცირებს. მნიშვნელოვანია სველი წესით სახლის და ნივთების დამუშავებაც, რადგან მტვერი ტყვიის ნაწილაკებს შეიცავს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლის რეგიონში და მით უმეტეს - ჩვენი სკოლის ტერიტორიაზე ჰაერი ზედმიწევნით სუფთაა და სანერვიულო არაფერი გვაქვს, ყურადღების მოდუნება მაინც არ შეიძლება, რადგან ტყვიის მოხვედრა ადამიანის სისხლში ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევას შეიძლება მოჰყვეს.

 

მადლობას ვუხდით გარემოს ეროვნული სააგენტოს და მის თანამშრომლებს  მხარდაჭერისათვის, რომლებმაც არ დაზოგეს დრო და ენერგია იმისათვის, რომ გვსტუმრებოდნენ შიდა ქართლის რეგიონში, აეღოთ სინჯები ჩვენი სკოლის ეზოში და გაზომვის შედეგები ჩვენთვის გადმოეგზავნათ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება 2001 წლის 16 აგვისტოს და 2002 წლის 17 სექტემბრის №297/ნ და №259/ნ ბრძანებები “გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ და „ელექტროსტატიკური, სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ნორმების დამტკიცების შესახებ“;
  2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წელს ინტერნეტით გამოქვეყნებული მონაცემები;
  3. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრის მონაცემები;
  4. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილება „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“.

 

გამოქვეყნებულია: 20-03-2023