მაკა მაკარიძე

m.makaridze@gmail.com





ასევე იხილეთ

ტომი: 6, ნომერი: 1, გვ: 31-33

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:3, 13-16 გვ.

ChatForge - როგორ გამოვიყენოთ ჩატბოტები საგანმანათლებლო პროცესებში

მაკა მაკარიძე1, თამარ ტურაშვილი2

1 სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლა, 
2 სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS

რეზიუმე: ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი (AI) XXI საუკუნის სასწავლო სივრცის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მოსწავლეებს ხშირად არ ესმით ჩატბოტების მუშაობის პრინციპები. ამ გამოწვევის საპასუხოდ, განხორციელდა პროექტი, რომლის მიზანიც იყო ჩატბოტების ფუნქციონირების პრინციპების შესწავლა, სწორი კომუნიკაციის განვითარება და საგნობრივი ბოტის შექმნა. მოსწავლეებმა შეისწავლეს თეორია, იპოვეს შესაბამისი პლატფორმა (Chatrace) და შექმნეს ქიმია-ბიოლოგიის კითხვებზე დაფუძნებული ჩატბოტი, რომელიც მხოლოდ წინასწარ პროგრამულად შეტანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით უპასუხებდა. პროექტის პრეზენტაცია ინტერაქტიულად მოხდა, რასაც მოჰყვა დიდი ინტერესიც და ემოციური გამოხმაურება. პროექტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონაწილეთა ციფრული და კრიტიკული უნარები და ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნა ინოვაციურ საგანმანათლებლო ინსტრუმენტად.

საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი (AI), ჩატბოტი, STEM განათლება, ციფრული მოქალაქეობა, კრიტიკული აზროვნება

XXI საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიები ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად, ხოლო სოციალური ქსელები განსაკუთრებით აქტუალურ საკითხად იქცა. სტატისტიკური მონაცემებით, ინტერნეტს ყოველდღიურად ოთხ მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ინტერნეტის ყველაზე აქტიური მომხმარებლები 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან, ხოლო მსოფლიოს ინტერნეტ-მომხმარებელთა ყოველი მესამე ადამიანი 18 წლამდე ასაკის მოსწავლეა. მათგან 70%-ზე მეტი ინტერნეტს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში იყენებს. აღსანიშნავია, რომ 15 წლამდე ასაკის ბავშვები ინტერნეტს უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე 25 წელს გადაცილებული პირები. შესაბამისად, დღეისათვის სოციალური ქსელები ახალგაზრდა თაობის ცხოვრების ნაწილია [1].

ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად, ადამიანის ცხოვრებაში დიდი დოზით შემოიჭრა ხელოვნური ინტელექტი - AI (Artificial Intelligence). იგი ყოველდღიური ცხოვრების მრავალი ასპექტის განუყოფელ ნაწილად იქცა უკვე.

ინფორმაციის სწრაფად მოსაძიებლად ჩატბოტებს, მათ შორის ChatGPT-ს, აქტიურად იყენებენ  როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები. თუმცა დაკვირვებები აჩვენებს, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას არ აქვს სათანადო ცოდნა საჭირო წესებისა და სპეციფიკის შესახებ ჩატბოტებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის, რის გამოც ვერ იღებენ მიზნობრივ და სრულფასოვან პასუხებს.  მათ არც ჩატბოტების მუშაობის პრინციპები ესმით საფუძვლიანად და ხშირად აქვთ არასწორი წარმოდგენები მათ შესაძლებლობებზე, ზოგჯერ კი ჩნდება შიში, რომ AI დამოუკიდებელ ერთეულად იქცევა და ადამიანურ კონტროლს დაკარგავს.

ხსენებული პრობლემების გათვალისწინებით დაიგეგმა საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ჩატბოტების მუშაობის პრინციპებზე, კომუნიკაციის სწორი სტრატეგიების გაცნობა [2], [3] და იმის დემონსტრირება, რომ ადამიანი თავად ქმნის და მართავს AI-ს. პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზნად განისაზღვრა AI-ის გამოყენება STEM-საგნებში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.

პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს უნდა შეესწავლათ ბოტების მუშაობის პრინციპები,  გაეანალიზებინათ მისი ალგორითმები და საბოლოოდ, შეექმნათ ისეთი ქიმიური ჩატბოტი, რომელიც პასუხებს არ აიღებდა google-დან ან სხვა მონაცემთა ბაზებიდან, არამედ მხოლოდ პროგრამულად შეტანილი ინფორმაციიდან.

პროექტი მიმდინარეობდა 6 კვირის განმავლობაში. მასში ჩართულები იყვნენ მე-9 და მე-12 კლასების მოსწავლეები, ხოლო დასრულებული პროექტის პრეზენტაცია მე-8 კლასის მოსწავლეებთან მოხდა.

პროექტი ასეთი დაგეგმარებით განხორციელდა:

პირველ ეტაპზე გავერკვიეთ ციფრული მოქალაქეობის პრინციპებში [1], მოვიძეთ, შევაგროვეთ ინფორმაცია და შევისწავლეთ ჩატ-ბოტების მუშაობის  თეორიული პრინციპები. შემდეგ, დავიწყეთ ისეთი პლატფორმების მოძიება, რომლებიც უფასოდ მოგვცემდა ბოტის შექმნის საშუალებას და ამასთან, არ იქნებოდა მიბმული სხვადასხვა ცნობილ საინფორმაციო ბაზებზე.

ასევე უნდა მოგვეფიქრებინა, თუ როგორი სახით უნდა მიგვეწოდებიდა მოსწავლეებისთვის ეს ბოტი, რათა ყველას შესძლებოდა მისით სარგებლობა (ვგულისხმობთ, რომ კომპიუტერის გარდა, ბოტს ნებისმიერი ოპერაციული სისტემის მქონე მობილურ ტელეფონშიც უნდა ემუშავა).

აღსანიშნავია, რომ მოცემული პროცესი საკმაოდ შრომატევადი და რთული გამოდგა. ინფორმაციის მოგროვებამ, დამუშავებამ და ანალიზმა საკმაო დროითი რესურსი მოითხოვა, რადგან პლატფორმების უმეტესობა ინგლისურ ენაზე მუშაობს გამართულად, ხოლო ქართული კითხვა-პასუხის ატვირთვისას, გარკვეული ხარვეზები აქვს თარგმნის გამო. ასევე,  პლატფორმების უმეტესობა ფასიანია, ჩვენ კი უფასო ვერსიას ვეძებდით.


სურათი 1. ჩატ-ბოტების შექმნის პროცესი

 

ბოტის შექმნისას ასევე გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტიც, რომ ინტერნეტ-სივრცეში წინასწარ უნდა შეგვექმნა გვერდი, რომელზეც ბოტი იქნებოდა მიბმული. ასეთ გვერდად ავირჩიეთ ჩვენი სკოლის STEM-კლუბის სოციალური ქსელის გვერდი, რადგან მისი ადმინისტრატორები ჩვენ თავად ვართ და თავად ვახორციელებთ მასზე განთავსებული ინფორმაციის მართვას.

ინფორმაციის კვლევისა და დამუშავების შემდეგ პლატფორმა, რომელზეც პირველი ჩატ-ბოტი შევქმენით, იყო poe.ai [4]. იგი მუშაობდა ყველა ელექტრონულ მოწყობილობაზე (ანუ როგორც კომპიუტერში, ასევე ნებისმიერი ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონში), მაგრამ სამწუხაროდ, პასუხებს იძლეოდა სხვა ბოტების საინფორმაციო ბაზებიდან (მაგ.: chat GPT, Gemini, Claude). ჩვენ კი გვსურდა, რომ მხოლოდ ჩვენგან ატვირთული პასუხებით გაეცა მოსაუბრისათვის.

მეორე ცდისას, თითქოს აღმოვაჩინეთ ოპტიმალური ვერსია - console.cloud.google.com-ისა და dialogflow-ს ინტეგრაცია [5]. აქ დაგვჭირდა ჩვენი ციფრული უნარების გაძლიერება, რადგან საჭირო იყო კოდირების მინიმალური ცოდნა და პლატფორმების ერთმანეთში ჩაშენება. აქაც შევქმენით მეორე ბოტი, თუმცა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ იგი მხოლოდ კომპიუტერის მომხმარებლებთან მუშაობდა გამართულად, ხოლო სატელეფონო აპლიკაციებით გაგზავნისას, აღარ იხსნებოდა.

 


სურათი 2. ჩატ-ბოტის შექმნა

 


სურათი 3.  ჩატ-ბოტის შექმნა Poe.ai

 

მესამე ვარიანტის დატესტვისას, როგორც იქნა, მივაგენით ჩვენთვის ოპტიმალურ ვარიანტს და ციფრული პლატფორმა chatrace-ის [6] დახმარებით შევქმენით ბოტი, რომლებიც ჩვენი სკოლის STEM-კლუბის მოსწავლეების მიერ სპეციალურად შექმნილი გვერდიდან მხოლოდ ისეთ პასუხებს იძლევა, რასაც ჩვენ მივუთითებს ალგორითმში. ამასთან, ჩატ-ბოტს ნებისმიერი მომხმარებელი ხსნის და სრულყოფილად ხედავს, როგორც ტელეფონით, ასევე კომპიუტერით.

მას შემდეგ, რაც მივაგენით ჩვენი ჩატ-ბოტის შექმნის გზას და ავითვისეთ მისი ალგორითმის მუშაობის პრინციპები, ბაზაში შევიტანეთ ინფორმაცია კითხვა-პასუხების სახით ქიმიისა და ბიოლოგიის რამდენიმე თემიდან [7]. ქიმიის დისციპლინიდან დასამუშავებლად შევარჩიეთ ისეთი თემები, რომლებსაც ჩვენი სამიზნე ჯგუფის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა შეისწავლეს. სამიზნე ჯგუფად იმ კლასების მოსწავლეებია მიჩნეული, რომლებთანაც პროექტის დასრულების შემდეგ პრეზენტაცია უნდა განგვეხორციელებინა.

ამრიგად, ბოტის ალგორითმში შევიტანეთ კითხვები და პასუხები თემებიდან:

  • ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა და მისი ცვლილება;
  • ნივთიერების შემადგენლობა: მოლეკულები და ატომები;
  • ჰაერი, მისი შემადგენლობა და კომპონენტები;
  • არაორგანულ ნაერთთა კლასები: მჟავები, ფუძეები, მარილები და ოქსიდები;
  • მოლი და ავოგადროს მუდმივა;
  • ხოლო ბიოლოგიიდან დავამუშავეთ თემა ფოტოსინთეზი.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ბიოლოგიის თემასთან დაკავშირებით, პროექტში ჩაერთო მეგობარი სკოლის - „სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS“ კლუბი  „აია-ბიოლოგები“, რომლებმაც მათ მიერ შერჩეული შეკითხვები და პასუხები მოგვაწოდეს ბოტის ალგორითმში შესატანად.


სურათი 4.  კითხვების ატვირთვა ბოტის ალგორითმში:

საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ შექმნილი ჩატ-ბოტის ბაზაში 200-მდე კითხვა და პასუხი ავტვირთეთ. რა თქმა უნდა, ეს 200 კითხვა-პასუხი არ ნიშნავს იმას, რომ ბოტი სრულყოფილად ფარავს შესასწავლ თემებს,  მაგრამ მთავარი მიზანი, რომ მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის შექმნის, გამოყენებისა და მართვის პროცესებში გაგვერკვია, მიღწეულად ჩავთვალეთ.

პროექტის პრეზენტაცია დავგეგმეთ ჩვენივე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებთან. იმისათვის, რომ პრეზენტაციის პროცესი ინტერაქტიული და სახალისო ყოფილიყო, ასეთი რამ მოვიფიქრეთ: მე-8 კლასიდან ერთ მოსწავლეს ვთხოვეთ რომ თავისი კლასელების შესახებ მოეწოდებინა ისეთი კითხვა-პასუხები, რომლებიც არ შეიცავდა პირად  ინფორმაციას, არ არღვევდა ეთიკის ნორმებს და არ გამოიწვევდა არავის წყენასა და აგრესიას (მაგალითად: სკოლის ყველაზე პოპულარული, ცელქი, ბეჯითი, მხიარული მოსწავლე, ბავშვების ზედმეტი სახელები, მათი პიროვნული ჩვევები, ჩვენი სკოლის მასწავლებლების სახუმარო აღწერები და ა.შ.). მას ავუხსენით, რისთვისაც გვინდოდა ეს და ვთხოვეთ, რომ პროექტის შესახებ ინფორმაცია პრეზენტაციამდე კლასელებისგან საიდუმლოდ შეენახა. ამის შემდეგ, მის მიერ მოწოდებული სახუმარო კითხვა-პასუხები ბოტის ალგორითმში შევიტანეთ.

პროექტის პრეზენტაციისას, აუდიტორიას დავუსვით შემდეგი ტიპის კითხვები:

  • თუ გამოგიყენებიათ ჩატ-ბოტი და რომელი?
  • იცით, როგორ მუშაობს იგი? როგორ აგროვებს იგი ინფორმაციას?
  • ყველაფერი იცის ბოტმა?
  • როცა ვერ იღებ ზუსტ პასუხს, რა უნდა ქნა საჭირო ინფორმაციის მისაღებად?
  • თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა, რომ Chat GPT ვეღარ მართოს ადამიანმა?
  • როგორ გგონიათ, შეიძლება თუ არა ჩვენი სკოლის ამბები იცოდეს ბოტმა?
  • როგორ ფიქრობთ, ჩვენ თუ შეგვიძლია შევქმნათ ბოტი?

პრეზენტაცია ინტერაქტიული ტიპის იყო და ჩვენ აუდიტორიასთან ერთად ვმსჯელობდით და ვაცნობდნენ მათ სწორ პასუხებს.

ბოლოს, მე-8 კლასის მოსწავლეებს გავაცანით ჩვენს მიერ შექმნილი ბოტი და ვთხოვეთ დაესვათ კითხვები ჯერ ქიმიისა და ბიოლოგიის თემებიდან, ხოლო შემდეგ - ჩვენი სკოლისა და საკუთარი თავების შესახებ.

სურათში შევეცადეთ, რომ აუდიტორიის ემოციები სრულყოფილად გადმოგვეცა, მაგრამ მოსწავლეები სახეების დაფარვის გამო, შეიძლება ემოციამ სრულად ვერ მოაღწიოს თქვენამდე. თუმც გეტყვით, რომ შედეგმა ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა: კლასში ისმოდა აღტაცებული და მხიარული შეძახილები, როცა ბოტისგან მოულოდნელად, მხიარულ და ისეთ პასუხებს იღებდნენ, რომლებიც მათი აზრით, მხოლოდ მათ უნდა სცოდნოდათ.


სურათი 5. პროექტის პრეზენტაცია

 

 

პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა სკოლის STEM-დისციპლინების მასწავლებლების მხრიდანაც. ისინი მიიჩნევენ, რომ ატვირთული კითხვა-პასუხები მომავალში მათთვის სასარგებლო სასწავლო რესურსად დარჩება და სხვა მოსწავლეებიც ჩაერთვებიან ბოტის შინაარსის განვითარებაში.

საბოლოო ჯამში, პროექტმა მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო: გაუმჯობესდა მონაწილეთა ციფრული უნარები, გაღრმავდა ცოდნა ხელოვნური ინტელექტის მუშაობის შესახებ და შეიქმნა სასწავლო მიზნებისთვის გამოყენებადი პრაქტიკული ინსტრუმენტი – საგნობრივი ჩატბოტი.

მონაწილეებმა უკეთ გააზრეს AI-ის მოქმედების პრინციპები, ისწავლეს ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი და თემების მრავალფეროვანი ფორმულირება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამომავლო საგნობრივი ცოდნის გამყარებას. პროექტი წარმოადგენს წარმატებულ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიური ინოვაციების ეფექტური ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროცესში.

 

 

ლიტერატურა:

  1. მ. სიხარულიძე, ს. ლობჟანიძე, გ. ურჩუხიშვილი „ციფრული მოქალაქეობა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2022 წ.
  2. Directorate-General for Education, Ethical guidelines on the use of artificial intelligence (AI) and data in teaching and learning for educators. LU: Publications Office of the European Union, 2022. Available: https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/d81a0d54-5348-11ed-92ed-01aa75ed71a1/language-en (გადამოწმებულია 18 ივლისი, 2025).
  3. “Document AI | Google Cloud,” Google Cloud, 2025. https://cloud.google.com/document-ai?hl=ru (a(გადამოწმებულია 18 ივლისი, 2025).
  4. “Poe Creator Guide,” Poe for Creators, 2024. https://creator.poe.com/docs/welcome-to-poe-for-creators (გადამოწმებულია 18 ივლისი, 2025).
  5. “Dialogflow Documentation,” Google Cloud. https://cloud.google.com/dialogflow/docs (გადამოწმებულია 18 ივლისი, 2025).
  6. “Chatrace Free Basic Course,” YouTube. http://www.youtube.com/playlist?list=PLtVr4HgJMyadDeZn86_CjeoxyfOW5rza6 (გადამოწმებულია  18 ივლისი, 2025).
  7. თ. ბუთხუზი, ს. ფაცაცია, მ. კუჭუხიძე, თ. ხატისაშვილი, „ქიმია, მოსწავლის წიგნი, მე-8 კლასისათვის“, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, თბილისი, 2020 წ.
  8. თ. ბუთხუზი, ს. ფაცაცია, მ. კუჭუხიძე, თ. ხატისაშვილი, „ქიმია, მოსწავლის წიგნი, მე-9 კლასისათვის“, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, თბილისი, 2021 წ.

 

 

გამოქვეყნებულია: 12-12-2025