გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:5, ნომერი:1, 19-21 გვ.

აკადემიკოსი ალექსეი ჩიჩიბაბინი

გია ადამია

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

რეზიუმე: ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევები ჩიჩიბაბინმა ჩაატარა პირიდინის შესწავლისას. პირიდინი ფართოდ გამოიყენება, როგორც გამხსნელი წამლების, ჰერბიციდების, პესტიციდების და სხვა აგროქიმიური პრეპარატების წარმოებაში. ჩიჩიბაბინმა შეიმუშავა ალკილ- და ფენილპირიდინების სინთეზის ახალი მეთოდი, განახორციელა ალდეჰიდების ციკლოკონდენსაცია ამიაკის თანაობისას და ბოლოს აცეტალდეჰიდისა და ფორმალდეჰიდისაგან პირიდინის სინთეზი ამიაკის თანაობისას.

საკვანძო სიტყვები: ჩიჩიბაბინის რეაქცია, პირიდინი, ნუკლეოფილური ჩანაცვლება პირიდინში

ალბათ უპრიანია ეს სტატიაც წინამორბედის მსგავსად დავიწყო: 1936 წლის 29 დეკემბერს სსრკ მეცნირებათა აკადემიის საერთო კრებამ ორ დიდ მეცნიერს ვლადიმერ ნიკოლოზის ძე იპატიევს და ალექსეი ევგენის ძე ჩიჩიბაბინს ჩამოართვეს სსრკ მეცნირებათა  აკადემიის ნამდვილი წევრების წოდება იმ მოტივით, რომ მათ დაკარგეს კავშირი მეცნიერებთა აკადემიასთან. ამ დროისთვის ისინი უცხოეთში ცხოვრობდნენ [[1]].

და როგორც იმ დროისთვის მიღებული იყო მათი სახელები და ნაშრომები იძულებით დავიწყებას მიეცა!

ალექსეი ჩიჩიბაბინი დაიბადა პოლტავის გუბერნიაში 1871 წელს მოსამსახურეების ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ (1874 წ), ოჯახზე დედა ზრუნავდა, რომელმაც უზრუნველყო შვილის განათლება. 1879 წელს ის შევიდა ქ. ლუბნის გიმნაზიის მოსამზადებელ კლასში. სწავლობდა არათანაბრად, რადგან ხშირად უხდებოდა დამატებითი თანხის მოძიება რეპეტიტორობით.

ალექსეი ჩიჩბაბინი

 

1888 წელს მან დაამთავრა გიმნაზია და ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკურ-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. მისი პირველი მასწავლებლები იყვნენ: პროფესორი მარკოვნიკოვი და პრივატ-დოცენტი კონოვალოვი, სწორედ მათი ხელმძღვანელობით შეასრულა პირველი სამეცნიერო ნაშრომი „იოდწყალბადმჟავის მოქმედება პროპილბენზოლზე“, რომელიც 1891 წელს წარადგინა რუსეთის ქიმიური საზოგადოების სხდომაზე.

ჩიჩიბაბინის სამეცნიერო კარიერა საკმაოდ რთულად დაიწყო. 1892 წელს მან დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ არ დატოვეს კათედრაზე ასისტენტად, ამიტომ ის მუშაობდა არასაშტატო ლაბორანტად უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიაში. თითქმის 3 წელი ის ხან რეპეტიტორობდა, ხან მისი შემოსავალი იყო შემთხვევითი ლაბორატორიული ანალიზები და სხვა.

1899-1909 წლებში ის მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ქიმიის კათედრის ასისტენტია უკვე. 1903 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია „ჰალოგენნაწარმების მოქმედება პირიდინზე და ქინოლინზე“.  სწავლობდა სამატომიანი ნახშირბადის და ტრიფენილმეთანის წარმოებულებს. 1912 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „სამატომიანი ნახშირბადისა უმარტივესი შეფერილი ტრიფენილმეთანის ნაწარმების საკითხების შესწავლა“, რომელიც პირველი სიტყვა იყო თავისუფალი რადიკალების ქიმიაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევები ჩიჩიბაბინმა ჩაატარა პირიდინის შესწავლისას. პირიდინი ფართოდ გამოიყენება, როგორც გამხსნელი წამლების, ჰერბიციდების, პესტიციდების და სხვა აგროქიმიური პრეპარატების წარმოებაში. ჩიჩიბაბინმა შეიმუშავა ალკილ- და ფენილპირიდინების  სინთეზის ახალი მეთოდი, განახორციელა ალდეჰიდების ციკლოკონდენსაცია ამიაკის თანაობისას და ბოლოს აცეტალდეჰიდისა და ფორმალდეჰიდისაგან პირიდინის სინთეზი ამიაკის თანაობისას.

რეაქცია შემდეგ პირობებში მიმდინარეობდა: აცეტალდეჰიდის, ფორმალდეჰიდისა და ამიაკის ნარევს აცხელებდნენ 400-450 °C-ზე გაზურ ფაზაში, კატალიზატორად გამოყენებული იქნა CdF9 ან MnF2, გამოსავალი შეადგენდა 20%. მეთოდის უარყოფითი მხარე იყო მინარევების არსებობა ალკილპირიდინის სახით.

ჩვეულებრივი მკითხველისთვის ეს არაფრისმთქმელი სიტყვებია, მაგრამ ქიმიურ მრეწველობაში აღნიშნული სინთეზები ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი იყო წამლებისა და საღებრების წარმოებაში. კერძოდ სალიცილმჟავას წარმოებაში პირველ ეტაპზე გამოიყენება რეაქცია, რომელიც ჩიჩიბაბინმა აღმოაჩინა და ეს რეაქცია მის სახელს ატარებს [2]:

ჩიჩიბაბინის მიერ იქნა აღმოჩენილი ფოტოტროპიის მოვლენა. ფოტორტოპია ეს არის ნივთიერების თვისება შეიცვალოს ფერი სხვადასხვა განათების დროს. ეს თვისება ფართოდ გამოიყენება ფულის კუპიურების წარმოებაში, კერძოდ ჰოლოგრაფიულ დაცვაში  - ფარული ჩანაწერი ჩანს მხოლოდ ულტრაიისფერი სხივებით დასხივების დროს.

I მსოფლიო დროს რუსეთი იძულებული გახდა მეტი ყურადღება მიაქცია ფარმაციის განვითარებისათვის. ფრონტიდან ათასობით დაჭრილი ჩამოყავდათ, ფრონტის ხაზზე ფიქსირდებოდა ქოლერას, ყვავილის, ტიფის ეპიდემიები. სინთეზირებული წამლები კი არ იყო, 1914 წლამდე რუსეთს ისინი გერმანიიდან შემოქონდა. ჩიჩიბაბინმა გაზეთ „Русские ведемости“-დან მოუწოდა ქიმიკოსებს დაეწყოთ მუშაობა სამამულო ფარმაცეტული წარმოების შექმნისათვის, ხოლო თავის ლაბორატორიაში შეიმუშავა ალკალოიდების, კერძოდ მორფისა და კოდეინის მიღების საწარმოო მეთოდი საბაჟოზე ჩამორთმეული ოპიუმისაგან. მისი ინიციატივით თურქმენეთში დაიწყეს ოპიუმის ყაყაჩოს პლანტაციების მოშენება. მის ლაბორატორიაში შეიმუშავეს სალიცილის მჟავის, ასპირინის, ფენაცეტინის და სალოლის (ანტისეპტიკური საშუალება) მიღების საწარმოო მეთოდები. 1917 წელს ჩიჩიბაბინის უშუალო ხელმძღვანელობით მოსკოვში მუშაობა დაიწყეს ალკოლოიდისა და სალიცილ მჟავის  ქარხნებმა.


ჩიჩიბაბინი ქალიშვილთან ერთად [3]

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც ჩიჩიბაბინი განაგრძობდა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. 1922-27 წლებში იყო სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოსთან არსებული სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს თავჯდომარე, 1923 წლიდან ფარმაკოპეის საბჭოს თავჯდომარე, 1926 წელს არჩეული იქნა სსრკ მეცნირებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტად, ხოლო 1928 წელს-აკადემიკოსად. ჩიჩიბაბინი იყო უდიდესი ქიმიკოს-ორგანიკოსთა სამეცნიერო სკოლის დამაარსებელი. 1925 წელს მან გამოსცა სახელმძღვანელო „ორგანული ქიმიის ძირითადი საწყისები“, რომელმაც 7 გამოცემას გაუძლო (VII გამოცემა 1963 წ!)

1930 წელს ჩიჩიბაბინის ცხოვრებაში მომხდარმა უდიდესმა ტრაგიკულმა შემთხვევამ მთლინად შეცვალა მისი ცხოვრების სტილი.

ალექსეი ევგენის ძეს ჰყავდა ერთი ქალიშვილი-ნატალია. ის სწავლობდა მოსკოვის ბაუმანის სახელობის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში. I კურსის სტუდენტი პრაქტიკებზე მიავლინეს დოროგომილოვსკის ქიმიურ ქარხანაში, ნაფთალინის სულფირირების პროცესის შესასწავლად. ნიმუშების აღების დროს ერთერთი ონკანი გაიჭედა და ინჟინერმა, უსაფრთხოების წესების სრული დარღვევით,  დააპირა გაეხსნა ავტოკლავი, ვითომ წნევის შესამცირებლად, სახურავი მოწყდა და 180 °C -ის სხვადასხვა შემადგენლობის სითხე (მათ შორის ოლეუმიც) გადმოიღვარა. შენობა მომენტალურად ნისლით დაიფარა. ნატალიას ფეხი დაუცდა და ჩავარდა ამ სითხეში.

ალექსეი ევგენის ძემ და მისმა მეუღლემ ძალიან მძიმედ გადაიტანეს დანაკარგი. ერთერთ წერილში ის წერდა: „მე გადავიქეცი მოხუცად, რომელმაც დაკარგა ცხოვრების არსი...“

ამავე წელს მეცნიერი მივლინებით პარიზში გაემგზავრა.

პარიზში ჩიჩიბაბინი ჩვეულებრივ „ქიმიურ მოღვაწეობას“ განაგრძობდა, მეუღლე კი-მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ცხოვრებდნენ მოკრძალებულად, ერთ პატარა ოთახში, თითქმის არავისთან ურთიერთობდნენ.


ალექსეი ევგენის ძე პარიზში მუშაობდა ფარმაცევტულ ლაბორატორიაში პროფესორ ტიფანოთან Hotel-Dieu-ში, შემდეგ ის ხელმძღვანელობადა უდიდესი ქიმიური კონცერნის „Etablissements Kuhlmann ”-ის კვლევით ლაბორატორიას, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიძინეს. ამ ლაბორატორიაში ის მუშაობდა პირიდინის სხვადასხვა ჰომოლოგების, ძირითადად სულფოწარმოებულების მიღებაზე, რომელიც შემდგომ ფარმაცევტულ წარმოებაში გამოიყენებოდა. 1933-1945წ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას დე ფრანსის კოლეჯში ქიმიის კათედრაზე. 1936 წელს მან საბოლოოდ უარი განაცხადა სსრკ-ში დაბრუნებაზე.

ალექსეი ევგენის ძე ჩიჩიბაბინი გარდაიცვალა 1945 წელს პარიზში. სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ის სრულიად დაბრმავდა.  დაკრძალულია პარიზში.

და ბოლოს ჩემი პირველი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც აკადემიკოს იპატიევის ცხოვრებას ეხებოდა, ზოგიერთმა ნაცნობებმა საყვედურიც კი  მითხრეს რუსი მეცნიერის „არჩევისთვის“. მინდა მათ და კიდევ სხვასაც ვუთხრა: პირველი, მეცნიერებას და ხელოვნებას ეროვნება არ გააჩნიათ და  მეორე, ჩემი აზრით ეს უდიდესი მეცნიერები, რომლებმაც დიდი  წვლილი შეიტანეს ქიმიის  განვითარებაში, უსამართლოდ იყვნენ მივიწყებულნი და მე ჯერ როგორც ადამიანმა და მერე როგორც ქიმიკოსმა, გარკვეულ წილად ვალი მოვიხადე მათი ხსოვნის წინაშე!

 

ლიტერატურა:

[1] გია ადამია."აკადემიკოსი ვლადიმერ იპატიევი ", "ქიმიის უწყებანი", ტომი: 5, გვ.14-16, 2021

[2] J. Russ. Phys. Chem. Soc. 1914, 46, 1216

[3] Synform 2021/05, A79–A86  Aleksei Yevgen’evich Chichibabin (1871–1945) and Pyridine Chemistry

 

გამოქვეყნებულია: 14-12-2021