გია ადამია
ასევე იხილეთ
გაფართოებული ძებნა
"ქიმიის უწყებანი" ტომი:5, ნომერი:1, 15-18 გვ.
აკადემიკოსი ვლადიმერ იპატიევი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
რეზიუმე: XVII საუკუნის დასაწყისში რუსეთში ძალიან მძიმე პოლიტიკური ვითარება იყო, მეფის გარეშე დარჩენილ ერს განადგურება ემუქრებოდა და ბოაირების კრებამ გადაწყვიტა ეთხოვა რომანოებისთვის ხელში აეღო სამეფო სკიპტრა და ემართა რუსი ერი. რომანოვების გვარი დევნილი იყო და იპატიევის მონასტერში მოღვაწეობდა. სწორედ ამ მონასტრიდან 1613 წელს „ჩამოიყვანეს“ რუსეთის პირველი რომანოვი-მეფე მიხაილ ფეოდორის ძე და 1918 წლის შემოდგომაზე ეკატერინბურგში იპატიევის სახლში სამეფო ოჯახის დახვრეტით დასრულდა დინასტიის არსებობა.
საკვანძო სიტყვები: ვლადიმერ იპატიევი, კატალიზი, მაღალტემპერატურული რეაქციები, იპატიევის ბომბი
Tu natu est non tibi, non miki, sed patria!
შენ დაიბადე არა შენთვის, შენ დაიბადე არა ჩემთვის, შენ დაიბადე ქვეყნისთვის!
ციცერონი
1936 წლის 29 დეკემბერს სსრკ მეცნირებათა აკადემიის საერთო კრებამ ორ დიდ მეცნიერს ვლადიმერ იპატიევს და ალექსეი ჩიჩიბაბინს ჩამოართვეს სსრკ მეცნირებათა აკადემიის ნამდვილი წევრების წოდება იმ მოტივით, რომ მათ დაკარგეს კავშირი მეცნიერებთა აკადემიასთან. ამ დროისთვის ისინი უცხოეთში ცხოვრობდნენ.
და როგორც მაშინ საბჭოთა კავშირში იყო მიღებული, მათი სახელები და ნაშრომები იძულებით დავიწყებას მიეცა!
ვინ იყო ვლადიმერ ნიკოლოზის ძე იპატიევი, რომელმაც დიდი კვალი დაასვა ქიმიის განვითარებას, მას ხშირად ჰეტეროგენული კატალიზის დამფუძნებელსაც უწოდებენ.
მოკლედ მისი ცხოვრების განვლილი გზა ასეთია. დაიბადა მოსკოვში 1876 წელს თავადაზნაურთა ოჯახში. მამამისი - ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე იპატიევი ცნობილი არქიტექტორი, ხოლო დედა - ანნა დიმიტრის ასული, ფრიად განათლებული ქალი იყო. ფლობდა რამდენიმე ენას. პატარა ვლადიმერი 5 წლის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და ის საცხოვრებლად მამასთან დარჩა. სწორედ მამის სურვილი იყო მისი სამხედრო სასწავლებელში მიბარება.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ორწლიან სამხედრო სასწავლებელში.
სანქტ-პეტერბურგის საარტილერიო აკადემია ოფიცრებისთვის იძლეოდა უმაღლეს საინჟინრო განათლებას, ხოლო მის დამთავრების შემდეგ ოფიცრები მსახურობდნენ სამხედრო ქარხნებში. 1889 წელს იპატიევი წარმატებით მოეწყო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1892 წელს იპატიევი დატოვეს აკადემიაში პედაგოგად შტაბს-კაპიტანის ჩინით.
იპატიევს კლასიკური ქიმიური განათლება არ ჰქონდა, რასაც ხშირად „წამოაძახებდნენ“ ხოლმე კოლეგები. მან დამოუკიდებლად შეისწავლა ქიმია მენდელეევის წიგნიდან „ქიმიის საფუძვლები“ და ნიკოლოზ მენშუტკინის „ანალიზური ქიმიიდან“.
1895 წელს იპატიევმა საარტილერიო აკადემიაში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ბრომის მესამეულ სპირტებზე და ბრომწყალბადის აცეტილენურ და ალენურ ნახშირწყალბადებზე მოქმედების შესახებ“.
1900 წლიდან ვლადიმერ იპატიევი მუშაობას იწყებს ჰეტეროგენული კატალიზის კვლევებში და იანვრის რუსეთის ფიზიკო-ქიმიური საზოგადოების სხდომაზე გამოდის მოხსენებით სპირტების კატალიზურ დაშლაზე. იმავე წელს მოხსენებას აკეთებს გერმანიის ქიმიკოსთა საზოგადოების და რუსეთის ბუნებისმეტყველთა და ექიმების X გაერთიანებულ სემინარზე: „ალკოჰოლების ორმაგი კატალიზური დაშლის შესახებ“
შემდგომ წლებში იპატიევის ძირითადი სამეცნიერო მიმართულება იყო კატალიზი მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში წყალბადის არეში. 1904 წელს მან გამოიგონა ცნობილი „იპატიევის ბომბი“ (სურათი 1), რომელიც თანამედროვე ავტოკლავის წინამორბედია. პირველი ვინც შეიძინა ეს ხელსაწყო ლაბორატორიისთვის, იყო პროფესორი ჩუგაევი (რომელიც შემდგომ მისი ნახევარძმა აღმოჩნდა).
სურ. 1. „იპატიევის ბომბი“ - პირველ ავტოკლავი [1]
1909 წელს იპატიევმა პირველმა გამოთქვა მოსაზრება ეთილის სპირტიდან ბუტადიენის (დივინილის) მიღების შესაძლებლობის შესახებ ალუმინის ოქსიდის თანაობისას და 1913 წელს განახორციელა პოლიეთილენის სინთეზი, რომელშიც პირველად იყო გამოყენებული მრავალკომპონენტიანი კატალიზატორები.
იპატიევის მიერ 1895 წელს საარტილერიო აკადემიაში დაცული დისერტაცია, „სამოქალაქო მეცნიერებმა“ არ მიიღეს და იპატიევი 1908 სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში წარმატებით იცავს ახლა უკვე აკადემიურ სადოქტორო დისერტაციას: „კატალიზური რეაქციები მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე“.
1900-1917 წლების პერიოდში მან გამოსცა სამი მონოგრაფია, ორი სახელმძღვანელო და 100 მეტი სტატია რუსულ და საერთაშორისო ჟურნალებში.
1896 წელს რუსეთის აკადემიამ იპატიევი სტაჟირებაზე გააგზავნა მიუნხენში, მომავალი ნობელის პრემიის ლაურიატის ადოლფო ფონ ბაიერის ლაბორატორიაში. ბაიერის ლაბორატორიაში გაკეთებული ექსპერიმენტების შედეგების პუბლიკაციას მეცნიერი მხოლოდ თავისი სახელით აქვეყნებდა. იპატიევი აქ გამონაკლისი იყო. სტატიაში, რომელიც იზოპრენის სინთეზს შეეხებოდა ფონ ბაიერის გვერდზე იპატიავის გვარიც ფიგურირებდა.
I მსოფლიო ომის წინ იპატიევმა მიაღწია როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო კარიერაში უმაღლეს რეგალიებს: იყო აკადემიკოსი, გენერალ-ლეიტენანტი და ეს ყველაფერი 50 წლის ასაკში. ომის პერიოდში ის ჯერ განაგებდა ე.წ. „ასაფეთქებელ ნივთიერებათა“ კომისიას, ხოლო შემდგომ რუსეთის იმპერიის ქიმიურ წარმოებას.
1917 წლის ზაფხულის დასაწყისში ეკატერინბურგის დინამიტის ქარხანაში მოხდა აფეთქება. დროებითმა მთავრობამ ამ ინციდენტის შესწავლა დაავალა იპატიევს. ის დაუყონებლივ გაემგზავრა ეკატერინბურგში, სადაც ცხოვრობდა მისი ძმა, ორსართულიან სახლში, რომელიც ქალაქში „იპტიევების სახლად“ იყო ცნობილი. სწორედ ამ სახლში1918 წელს დახვრიტეს რომანოვების სამეფო ოჯახი. ამის შემდეგ იპატიევის ძმამ ნიკოლოზმა დატოვა რუსეთი და ჩეხოსლოვაკიაში გადასახლდა.
ვლადიმერ იპატიევი კი საკმაოდ ლოიარულად შეხვდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას. მას სწამდა რუსეთის გამოყვანა ამ ანარქიიდან შეეძლო ლენინს და ტროცკის. ამ პოზიციამ აღშფოთება გამოიწვია რუსულ საზოგადოებაში. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამაც არ შეცვალა არსებული status quo და იპატიევმა ახლა უკვე ბოლშევიკური რუსეთის ქიმიური მრეწველობა ჩაიბარა.
ლენინი მას ენდობოდა და ხშირად გზავნიდა ევროპაში, როგორც მსოფლიო დონის მეცნიერს, მაგრამ ევროპა საკმაოდ ცივად შეხვდა „გაწითლებულ“ მეფის გენერალს. პარიზის ერთერთი გაზეთმა „იპატიევის სახლთან“ დაკავშირებით გვარის გამოცვლაც კი მოსთხოვა.
1930 წელს ბოლშევიკური მთავრობა შეტევაზე გადავიდა, დაიწყო ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილის დევნა. ათასნაირი ცილისმწამებლური და ბინძური საქმეები შექმნა .ე.წ. „შახტის საქმე“, სადაც გაასამართლეს ცნობილი ინჟინრები და იპატიევის ახლო მეგობრები (სურათი 2).
ის გრძნობდა თუ როგორ იკვრებოდა მარწუხები მის გარშემო. ამიტომ ამავე წელს მიიღო მეცნირებათა აკადემიის ნებართვა და სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა, საიდანაც აღარც დაბრუნებულა.
გერმანიაში ყოფნისას იგი მიიწვიეს ჩიკაგოში. დიდხანს არც უფიქრია, ევროპაში მას ალმაცერად უყურებდნენ, როგორც მეფის გენერალს, რომელიც ბოლშევიკებს „მიეყიდა“.
ამერიკაში იპატიევმა მუშაობა დაიწყო ჩიკაგოს უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს. ამავდროულად მან გააფორმა კონტრაქტი ფირმა “Universal Oil Products Co” (UOP). ამ ფირმის კვლევით ცენტრში იპატიევისთვის შექმნეს იმ დროისთვის საუკეთესო ლაბორატორია.
1936 წელს მან პირველად გამოიყენა კატალიზური კრეკინგი, წარმოებაში დანერგა მაღალოქტანური ბენზინის მიღების მეთოდი, იპატიევმა მიიღო ორასამდე პატენტი ორგანული სინთეზის დარგში, რამაც საშუალება მისცა მრეწველობაში დანერგილიყო ეთილენის, პროპილენის, დივინილის, იზოპრენის სინთეზი და პოლიმერიზაცია.
სურ. 2. ე.წ. „შახტიორთა საქმე“ პრესაში [2]
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მოკავშირეების ავიაცია საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა „ლუფთჰაზას“ ავიაგამანადგურებლებს სისწრაფეში.1940 წლის ბოლოს კი მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა, და ეს ყველაფერი იპატიევის მაღალოქტანური ბენზინის დამსახურებაც იყო. სწორედ ამ საწვავმა ითამაშა დიდი როლი სამეფო ავიაციის გამარჯვებაში ლონდონის საჰაერო ბრძოლაში 1940 წელს, გარდა ამისა ამერიკის მთავრობის მიერ საბჭოთა კავშირისთვის „Lend-Lease”-ით მიწოდებული ბენზინის მესამედი სწორედ იპატიევის მაღალოქტანური საწვავი იყო.
სურ. 3. იპატიევის მონასტერი [3]
სურ. 4. იპატიევის სახლი [4]
1942 წელს ამერიკის ქიმიურმა საზოგადოებამ აღნიშნა ვლადიმერ იპატიევის დაბადების 75 წლისთავი. ნობელის პრემიის ლაურეატმა ვილშტენტერმა აღნიშნა: „არასოდეს ქიმიის ისტორიაში არ გამოჩენილა იპატიევის მსგავსი მეცნიერი“
1944 წლიდან დაწყებული იპატიევმა სამჯერ სცადა სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ყოველთვის ცივ უარს იღებდა აშშ-ში საბჭოთა კავშირის ელჩისგან - გრომიკოსაგან. საბჭოთა დიპლომატი შემდგომში იგონებდა თუ როგორ ტიროდა მასთან მოხუცი მეცნიერი და ევედრებოდა სამშობლოში დაბრუნებას.
ვლადიმერ იპატიევი გარდაიცვალა 1952 წლის 29 ნოემბერს ჩიკაგოში, მის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: „In Memory of Russan Genius Vladimir Nikolaevich Ipatieff. The Invector of Octane Gasoline.”
ალბათ დაგვებადება მეტად აქტუალური კითხვა: ასეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო ვლადიმერ იპატიევი, რატომ არ გახდა ნობელის პრემიის ლაურიატი?
1931 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ გერმანელ ქიმიკოს-ტექნოლოგებს ბერგიუსსა და ბოშს, ქიმიაში მაღალი წნევის ტექნოლოგიების გამოყენებისთვის. მეცნიერების წარდგენისას შვეციის აკადემიის სახელით გამოსულმა პალმაიერმა აღნიშნა, რომ მაღალი წნევების ტექნოლოგიის დანერგვა ეპოქალური მოვლენაა ქიმიურ ტექნოლოგიაში. არც გახსენებიათ ვინ იყო ამ ეპოქალური მოვლენის წინამორბედი, ვინ შექმნა1904 წელს ე.წ. „იპატიევის ბომბა“, ვინ გამოიყენა პირველად ქიმიურ სინთეზში მაღალი წნევა (400-500ატმ). არსებობს მოსაზრება, რომ ნობელის პრემია იპატიევს არ მიანიჭეს პოლიტიკური მოსაზრების გამო, მას არ აპატიეს ბოლშევიკებთან აქტიური კავშირი, ის ფაქტი, რომ ის აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკური რუსეთის ეკონომიურ აღმასვლაში (1918-1927წწ) და „იპატიევის სახლი“.
იპატიევმა კაცობრიობას დაუტოვა 400-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, რამდენიმე ათეული წიგნი, 2000-მდე პატენტი.
1990 წლის მარტში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე ვლადიმერ იპატიევი აღდგენილი იქნა აკადემიის ნამდვილ წევრად (სიკვდილის შემდეგ).
1994 წელს რუსეთის აკადემიამ დააწესა იპატიევის სახელობის პრემია, რომელიც მიეკუთვნება ტექნიკურ ქიმიაში წარმატებულ მეცნიერს.
ვლადიმერ იპატიევს სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა: დიმიტრი, ნიკოლოზი, ვლადიმირი და ანნა. დიმიტრი I მსოფლიო ომში დაიღუპა, ნიკოლოზი სამოქალაქო ომის დროს „თეთრების“ მხარეს იბრძოდა, წავიდა ემიგრაციაში და აფრიკაში გარდაიცვალა. უმცროსი ვლადიმერ იპატიევი ქიმიკოსი იყო. ის სსრკ-ში დარჩა და 1936 წელს საჯაროდ უარყო მამა, მაგრამ დაჭერას და გულაგს მაინც ვერ გადაურჩა და გარდაიცვალა ციხეში. ქალიშვილი ანნა ამერიკაში ცხოვრობდა.
და ბოლოს „ლირიკული გადახვევა“- XVII საუკუნის დასაწყისში რუსეთში ძალიან მძიმე პოლიტიკური ვითარება იყო, მეფის გარეშე დარჩენილ ერს განადგურება ემუქრებოდა და ბოაირების კრებამ გადაწყვიტა ეთხოვა რომანოებისთვის ხელში აეღო სამეფო სკიპტრა და ემართა რუსი ერი. რომანოვების გვარი დევნილი იყო და იპატიევის მონასტერში მოღვაწეობდა. სწორედ ამ მონასტრიდან 1613 წელს „ჩამოიყვანეს“ რუსეთის პირველი რომანოვი-მეფე მიხაილ ფეოდორის ძე და 1918 წლის შემოდგომაზე ეკატერინბურგში იპატიევის სახლში სამეფო ოჯახის დახვრეტით დასრულდა დინასტიის არსებობა.
ლიტერატურა
[1]. The Life of a Chemist. Science First Hand. 15 May, 2018, Vol, 48, N. 1.
[2] Шахтинский процесс. https://histrf.ru/read/articles/shakhtinskii-protsiess-event
[3] https://en.wikipedia.org/wiki/Ipatievsky_Monastery
[4] "Where the Romanovs were murdered: archived images". Russia Beyond the Headlines. 17 April 2014. Retrieved 29 January 2020
გამოქვეყნებულია: 10-12-2021