ნინო ცუხიშვილი

ninotsukhishvilits@gmail.com





ასევე იხილეთ

ტომი: 3, ნომერი: 3, გვ: 22-24

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:4, ნომერი:2, 10-12 გვ.

ფრჩხილის ლაქის ქიმია

ნინო ცუხიშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

რეზიუმე: ადამიანისთვის ერთ-ერთ ყურადღების ცენტრში მყოფ ნაწილს ფრჩხილი წარმოადგენს. განსაკუთრებით ქალბატონები ყოველთვის ცდილობენ ფრჩხილი მუდმივად მიმზიდველი და მომხიბვლელი იყოს. ამ სტატიაში საუბარი გვექნება ფრჩხილის ლაქის ქიმიური შედგენილობის შესახებ

საკვანძო სიტყვები: ფრჩხილი, ლაქი, გამხსნელი, პიგმენტი

ფრჩხილი- ადამიანის ერთ-ერთი (რა თქმა უნდა სიცოცხლის მაღალ საფეხურზე მყოფი ოგანიზმებისთვისაც) უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომლითაც თითები ბოლოვდება, ყველა სიკეთესთან ერთად, ისინი წარმოადგენენ დამცავ საშუალებასაც, ვინაიდან, ფრჩხილები სხეულის კიდურების შორეული ნაწილებია, რომლებიც განიცდიან მაქსიმალურ მექანიკურ სტრესს. ფრჩხილი არის ეპიდერმისის სპეციალიზებული სტრუქტურა, რომელიც შედგება რამდენიმე სხვადასხვა ნაწილისგან, მათ შორისაა: ფრჩხილის ფირფიტა, ფრჩხილის საწოლი (კანი ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ), კუტიკულა (ქსოვილი, რომელიც ფარავს ფირფიტას და ფარავს ფრჩხილის ფუძეს), ფრჩხილის ნაკეცები და ლუნულა. ისინი მატრიციდან იზრდებიან.

ფრჩხილის შემადგენელი უმთავრესი ნივთიერებაა: კერატინი და გამაგრებული ცილა, (რომლებსაც ასევე კანი და თმები შეიცავს). როგორც ყოველთვის, ეპიდერმისის შრემ, აქაც, სხეულის ამ ნაწილში შეიმუშავა განსაკუთრებული სტრუქტურა, რომელზეც ყალიბდება ფრჩხილები. ფრჩხილის სხეული იქმნება ფრჩხილის ფესვთან და თავისი სხეულის ფორმირებას ხელს უწყობს გვერდითი ფრჩხილისა და კანის ნაკეცები. ფრჩხილის საწოლზე, მდიდრადაა განფენილი სისხლძარღვები, რაც მას ვარდისფერს ხდის, გარდა ფუძისა, სადაც არის ნახევარმთვარის ფორმის ლუნულა. მატრიქსში ახალი უჯრედების ზრდის შედეგად, ხანდაზმული უჯრედები გამოიდევნება გარეთ, იტკეპნება და ხდება თითის ფრჩხილის გაბრტყელებული, გამაგრებული ფორმის მიღება. ფრჩხილების ზრდის საშუალო სიჩქარეა ყოველდღე 0,1მმ, რომელიც დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მაგალითად, ინდივიდის ასაკზე, სქესზე და წლის პერიოდზეც კი. სწორედ ამიტომაა, რომ მამაკაცებში, ახალგაზრდებში და ზაფხულის პერიოდში ფრჩხილები უფრო სწრაფად იზრდება.

კოსმეტოლოგიური საშუალებების განვითარებამ და აგრეთვე, ადამიანისგან მისი დაინტერესების გაძლიერებამ (უხსოვარი დროიდან) ადამიანს გადააწყვეტინა (უმეტესად ქალებს) ფრჩხილების ლამაზი, ფერადი ზედნადებით დაფარვა, რომელიც უფრო მიმზიდველსა და მომხიბვლელს ხდის. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ჩვენ ყველასათვის ნაცნობ ფრჩხილის ლაქებზე ვსაუბრობთ.

ფრჩხილების ლაქით შეღებვა შეიძლება არ ჩანდეს განსაკუთრებით რთული ქიმიური პროცესი, მაგრამ იგი უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ფრჩხილის ლაქი უმთავრესად შეიცავს ორგანულ პოლიმერებსა და კიდევ რამდენიმე კომპონენტს, რაც მას ანიჭებს უნიკალურ ფერს და სტრუქტურას. იგი წარმოიშვა ჩინეთში და თარიღდება ქ.შ-მდე 3000 წელს. ჟოუს დინასტიის დროს, სამეფო სახლი უპირატესობას ანიჭებდა ოქროს და ვერცხლის ფერებს. თუმცა, საბოლოოდ წითელმა და შავმა ფერებმა ჩაანაცვლა ისინი. ადრე ფრჩხილი ლაქები მზადდებოდა ფუტკრის ცვილის, ჟელატინისა და კვერცხის ნარევისაგან, რომელსაც პიგმენტის სახით ორქიდეის ან ვარდის ფერები ჰქონდა დართული. თავდაპირველად ამ ნარევს რამდენიმე საათის განმავლობაში ფრჩხილზე იჩერებდნენ, შემდგომ კი, იშორებდნენ, რის შედეგადაც ფრჩხილზე რჩებოდა ნარევის მკვეთრი კვალი. რომელიც წინაპირობა გახდა ფრჩხილის ლაქების შექმნისა. ამასთანავე, იხვეწებოდა თავად ფრჩხილის სტრუქტურული ცვლილების პროცესები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაზიანებული ფრჩხილის აღდგენა, და აი 1950-იან წლებში სტომატოლოგმა ფრედ სლეკმა შემთვევით აღმოაჩინა ,აკრილის ფრჩხილების“ ტექნოლოგია. სლეკს ერთ-ერთი სტომატოლოგიური სამუშაოს დროს უეცრად მოტყდა ფრჩხილი დაა შემდეგ შექმნა დროებითი ხელოვნური ყალიბი ფრჩხილისთვის. მასალები, რომლებიც გამოიყენება კბილებში ღრუების შესავსებად, გახდა ცრუ ფრჩხილები!

ფრჩხილის ლაქი არის ლაქების ის სახეობა, რომელიც გამოიყენება ფრჩხილების და ფეხის ფრჩხილების გასაფორმებლად. იმის გამო, რომ ის უნდა იყოს ძლიერი, მოქნილი და წინააღმდეგობა გაუწიოს გახეხვასა და პილინგს, იგი შეიცავს უამრავ ქიმიურ დანამატს. ძირითადი გამჭვირვალე ლაქი შეიძლება გაკეთდეს ბუტილის აცეტატში ან ეთილის აცეტატში გახსნილი ნიტროცელულოზისგან. ამასთან, უმეტესი საპრიალებლები შეიცავს ინგრედიენტების ვრცელ ჩამონათვალს. ჩვეულებრივ, ფრჩხილის ლაქში პირველი ინგრედიენტი (ინგრედიენტები) არის გამხსნელები. გამხსნელები არის სითხეები, რომლებიც ქმნიან არეს, სხვადასხვა კომპონენტების შერევისთვის ერთგვაროვანი პროდუქტის მისაღებად. ლაქის წასმისთანავე გამხსნელები ორთქლდებიან. გამხსნელის რაოდენობა და ტიპი განსაზღვრავს რამდენად სქელია ლაქი და რამდენ ხანს დასჭირდება გაშრობა. გამხსნელებად იყენებენ მაგალითად: ეთილის ან ბუტილის აცეტატს და სპირტს. აგრეთვე ტოლუოლს, ქსილოლს და ფორმალინს ან ფორმალდეჰიდს, მაგრამ ეს უკანასკნელნი მომწამვლელი ნივთიერებებია, რომლებიც ადრე ფრჩხილის ლაქების წარმოებაში გამოიყენებოდა, მაგრამ ახლა იშვიათად იყენებენ ან თუ იყენებენ მხოლოდ დაბალი კონცენტრაციით. რაც შეეხება ფისს, ის არის ინგრედიენტი, რომელიც ლაქს სიღრმეს, სიპრიალეს და სიმტკიცეს მატებს. ხოლო, პლასტიფიკატორები არიან ის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ლაქის მოქნილობას და ამცირებს გაბზარვის ალბათობას, რასაც ისინი პოლიმერული ჯაჭვების შეერთებით წარმართავენ მათ შორის მანძილის გაზრდით. ფრჩხილის ლაქი, რომელსაც აქვს მბზინავი ან ბრჭყვიალა ეფექტი, შეიძლება შეიცავდეს მარგალიტისებრ მინერალებს, როგორიცაა ტიტანის დიოქსიდი ან დაფქვილი მიკა. ზოგიერთი საპრიალებელი მასალა შეიძლება შეიცავდეს პლასტმასის ბრჭყვიალა ან სხვა დანამატებს, რომლებიც სპეციალურ ეფექტს წარმოქმნის. ფრჩხილების ლაქები აგრეთვე შეიძლება შეიცავდეს გამასქელებელ საშუალებებს, როგორიცაა: სტეარალკონიუმის ჰექტორიტი, რათა ლაქების ძირითადი ინგრედიენტები ბოლომდე დარჩეს ხსნარში (არ გამოილექოს), რაც ლაქის გამოყენებას უფრო მარტივს ხდის.

ფრჩხილის ლაქების ძირითად ინგრედიენტებს ის ნაერთები წარმოადგენენ, რომლებიც განსაზღვრავენ ფრჩხილის ლაქის ფერს. ეს პიგმენტები კი თავის მხრივ არაორგანულ ან ორგანულ ნაერთებს წარმოადგენენ. იმ პიგმენტებს, რომლებიც არაორგანული ნაერთებიდანაა მიღებული შეიძლება ჰქონდეთ მწვანე  (ქრომის ოქსიდი), წითელი ( რკინის ოქსიდი), და ცისფერ (ფეროციანიდი) ფერი.

არსებობს თერმოქრომული (ტემპერატურისადმი მგრძნობიარე) და ფოტოქრომული (სინათლისადმი მგრძნობიარე) ლაქები. თერმოქრომულ ლაქში გამოყენებულია ლეიკო საღებავები, რომელიც შეიცავს მიკროკაფსულებს. ხოლო ეს მიკრო კაფსულები შეიცავს დაბალი დნობის წერტილის გამხსნელს და მჟავას. როდესაც ტემპერატურა საკმარისად დაბალია, საღებავი და მჟავას მოლეკულები ახლოსაა, რაც საშუალებას იძლევა წყალბადის ატომები გადავიდეს მოლეკულებს შორის და საღებავმა შეინარჩუნოს მისივე ფერი. ტემპერატურის მატებასთან ერთად, გამხსნელი დნება და მოლეკულები ერთმანეთს შორდებიან, რის გამოც საღებავი უფერულდება. რაც შეეხება ფოტოქრომულ საპრიალებლებს, ისინი შეიცავს სინათლისადმი მგრძნობიარე ნაერთებს, რომელთაც მზის სხივების ზემოქმედებისას სტრუქტურა ეცვლებათ, მაგალითად, სპიროპირანები და სპიროქსაზინები. დროთა განმავლობაში მზის სხივების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ლაქების ფერის გაქრობა. ამის თავიდან ასაცილებლად ნარევს ემატება ისეთი დანამატები, როგორიცაა ბენზოფენონი -1. ეს დანამატი შთანთქავს სინათლეს და ხელს უშლის ლაქში არსებული ფერადი პიგმენტების გაუფერულებას.

 ლიტერატურა

  1. Integumentary Levels of Organization. Authored by: Open Learning Initiative. Provided by: Carnegie Mellon University. Project: Anatomy & Physiology. Hair and Nails. Hair and Nails | Anatomy and Physiology I (lumenlearning.com)
  2. Compound Interest. The Chemistry of Nail Polish – Polymers, Plasticisers and Pigments. April 6, 2017: http://www.compoundchem.com/2017/04/06/nail-polish/
  3. Sienna Byron Bay. The history of nail polish from ancient Chinese high society to Cleopatra. The history of nail polish you never knew about! (sienna.co)

 

გამოქვეყნებულია: 12-12-2020