სალომე გოშაძე

sally.goshadze@yahoo.com





ასევე იხილეთ

ტომი: 3, ნომერი: 1, გვ: 12-14

ტომი: 3, ნომერი: 2, გვ: 8-9

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:3, 10-13 გვ.

ტყის ხანძრების გავლენა ეკოლოგიაზე

სალომე გოშაძე*, ანი ჭიჭინაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რეზიუმე: ხანძარი სპეციალური კერის არაკონტროლირებადი წვაა, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებას. ტყის ხანძრები კი ტყის მასივებსა და მცენარეებს ანადგურებს. მის წარმოქმნას ბუნებრივი და ანთროპოგენური მიზეზები აქვს. პირველი მათგანი ელვასა და გვალვას გულისხმობს, მეორე კი ადამიანის დაუფიქრებელ ქმედებას მოიაზრებს. ტყეში გაჩენილი ხანძრის გამწვავებას ქარი, ფერდობის დახრილობა ან ადვილად აალებადი მცენარეები უწყობენ ხელს, ხოლო თუ სამივე ფაქტორი ერთდროულად ზემოქმედებს, მაშინ ტყე ათასობით ჰექტრის გადაწვის საშიშროების წინაშე დგას. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 10-15 მილიონი ჰექტარი ტყე იწვის. ნახანძრალი ტყის სრულფასოვან აღდგენას კი 80-100 წელი სჭირდება. ტყის ხანძარი სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მის თავიდან არიდებას.

საკვანძო სიტყვები: ტყის ხანძრები, ხანძარი, ეკოლოგია, ტყე

რა იწვევს ხანძარს? იმისთვის, რომ ხეს ცეცხლი წაეკიდოს, ზოგჯერ ერთი ნაპერწკალი, მეხის ერთი დაცემაც საკმარისია. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ქვეყანაში, ნიადაგზე სარეველის გასანადგურებლად მათ კი არ მარგლავენ, არამედ წვავენ, ხანძრების გაჩენის ალბათობა მკვეთრად გაზრდილია. ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი ფაქტორია მეხის დაცემა. ხანძრის წარმოქმნაში მისი წილი დაახლოებით 8%-ია. ჩვეულებრივ, ტყეებში, სადაც ბევრი ნორჩი ხეა, მეხის დაცემით ხანძრის გაჩენის ალბათობა მცირეა, განსხვავებით ტყის მასივებისგან, რომელიც ხმელი და ასაკოვანი ხეებისგან შედგება.

ტყის ხანძრების უმრავლესობა, დიდწილად, მაინც ადამიანების ქმედების შედეგია. ზოგჯერ ასეთ ხანძრებს გამიზნულად აჩენენ - მაგალითად, მავნე მწერებთან და ხეების დაავადებებთან საბრძოლველად. ასეთ დროს, პროცესი, როგორც წესი, კონტროლს ექვემდებარება; ხშირია დაუდევრობის შედეგად გაჩენილი ხანძრები - შემთხვევით გადაგდებული სიგარეტის ნამწვი და კოცონი, რომელსაც ბოლომდე არ აქრობენ; ყველაზე მასშტაბური ხანძრები წარმოიქმნება ტყეების შეგნებულად დაწვისას, როდესაც მიზანი ტყის შემდგომი გაჩეხვაა. ასეთ დროს, როგორც წესი, ცეცხლი ჩნდება ხოლმე რთულად მისადგომ ადგილას.

ყველაზე დიდი ტყის ხანძარი 1982 წლის სექტემბერში კუნძულ კალიმანტიზე დაიწყო და თითქმის 10 თვეს გაგრძელდა. ხანძრის მიზეზი ხანგრძლივი გვალვა და ინდონეზიური მიწათმოქმედების მეთოდი - „მიწის მოწვა“ გახდა. ხანძარმა, გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ფართობი გაანადგურა, საგრძნობლად შეცვალა მიკროკლიმატიც - განადგურდა ფლორა- ფაუნის რამდენიმე სახეობა.

ხანძრები ხშირია საქართველოშიც. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 2017 წლის „ხანძრების სერია“. 2017 წლის ზაფხულში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ყველაზე მასშტაბური იყო ბორჯომთან გაჩენილი ხანძარი, რომლის დროსაც 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე – 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში ხანძრის 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა და 3 769 ჰექტარი განადგურდა, ხოლო 2017 წელს - 55 შემთხვევა და 1300 ჰექტარი. ტყის მასივების ყველაზე დიდი ნაწილი განადგურდა ბორჯომის ხეობასა და კახეთში.

ტყის ხანძრის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია რამდენიმე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესის გათვალისწინება:

  • არ უნდა გადავაგდოთ ანთებული სიგარეტი და არ უნდა დავტოვოთ ჩაუმქრალი ცეცხლი;
  • არ უნდა დავწვათ ნაგავი მინდვრებში და ტყის სიახლოვეს;
  • არ უნდა დავანთოთ ცეცხლი გამხმარი ბალახისა და ტოტების სიახლოვეს;
  • არ უნდა დავტოვოთ ტყეში ნაგავი, მისი თვითაალების საშიშროებიდან გამომდინარე.

კონკრეტულად რა გავლენას ახდენს ტყის ხანძრები ეკოლოგიასა და ადამიანზე?

ტყის ხანძრების დროს იცვლება ატმოსფერული ჰაერი და მისი შემადგენლობა, სტრუქტურა. წვა ჰაერში არსებული ჟანგბადის ხარჯზე მიმდინარეობს. ამ დრო ჰაერი ბინძურდება ისეთი ნივთიერებებით, როგორებიცაა მხუთავი აირი, აზოტის ოქსიდები და სხვა პიროლიზული პროდუქტები. მერქნის არასრული წვის შედეგად კი ჰაერში დიდი რაოდენობით მუტაგენური და კანცეროგენული თვისებების მქონე ორგანული ნივთიერებების, ფენოლური შენაერთებისა და რადიონუკლიდების შემცველი ჭვარტლი ვრცელდება. მცირდება ატმოსფეროს გამჭვირვალობა, იზრდება ნისლიანი დღეების რაოდენობა, შედეგად, გაუმჭვირვალე ჰაერი აკავებს ულტრაიისფერ სხივებს და ფერხდება ფოტოსინთეზი. თავის მხრივ, ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს მცენარეების ზრდა-განვითარებაზე.

რაც შეეხება ადამიანზე გავლენას, გამოყოფილი მხუთავი აირები და ტოქსიკური გაზები ორგანიზმში მოხვედრისას აღიზიანებს ლორწოვან გარსს და საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, კერძოდ კი, იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. უარესდება სასუნთქი ორგანოების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ჯანმრთელობაც.

ჰაერის კვამლით დაბინძურება აუარესებს ნიადაგის მიკროკლიმატსაც. იცვლება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები და მიკრობიოლოგიური მდგომარეობა, იზრდება pH დონე. მაღალი ტემპერატურის შედეგად უარესდება ნიადაგის მიკროაგრეგაციის უნარი, ძლიერდება ქარების ზემოქმედება, რაც ეროზიასა და გაუდაბნოებას იწვევს. ნიადაგის საბურველის მთლიანი დაწვა უარყოფითად აისახება მცენარეთა ნიადაგურ კვებაზე და, ზოგადად, ტყის თვითაღდგების პროცესზე. იზრდება ნიადაგის ტენიანობა, რაც შემდეგ დაჭაობების მიზეზი ხდება.

ხანძარი არანაკლებ გავლენას ახდენს ჰიდროსფეროზე. იგი იწვევს წყლისა და მყარი ჩამონადენის ჰიდროთერმული და ბიოქიმიური მაჩვენებლის ცვლილებას, აგრეთვე, წყლის ნაკადების კალაპოტების ჰიდროლოგიური რეჟიმის ცვლილებას.

გარდა ამისა, ტყის ხანძარი სერიოზულ ზიანს აყენებს ბიოსფეროს, რაც ხშირად ფლორისა და ფაუნის იშვიათი სახეობების კარგვას იწვევს. ცხოველები იხოცებიან კვამლისგან, ნადგურდება მათი საცხოვრებელი გარემო, რის გამოც გადარჩენილ ცხოველებს ახალი ადგილის ძებნა უწევთ. საცხოვრებლის ძიება და საკვების ნაკლებობა ზოგიერთი პოპულაციის დაღუპვის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

ხანძრისგან მიღებული ზარალი მის ინტენსივობაზეა დამოკიდებული. ინტენსივობის შესაბამისად მცირდება ტყის ბიოლოგიური პროდუქტიულობა, იცვლება ტყის ბუნებრივი

თვითაღდგენის პირობები. ხანძრის მეორე და მესამე წელს იწყება ბალახოვანი ბიომასის ზრდა, იცვლება სახეობრივი შემადგენლობა, მცირდება მდგრადობა მავნებელ-დაავადებების მიმართ, უარესდება ტყის სანიტარული მდგომარეობა.

ტყის ხანძრების ხასიათი და ხანგრძლივობა დამოკიდებულია:

  • საწვავი ნედლეულის მარაგებზე,
  • ადგილის რელიეფზე,
  • ჰაერის ტენიანობაზე,
  • კლიმატურ პირობებზე,
  • დღე-ღამის მონაკვეთზე
  • ქარის სიძლიერეზე.

ერთ შემთხვევაში, ხანძარი შეიძლება იყოს ზედაპირული, როდესაც იწვის მშრალი ნიადაგის საბურველი. მცოცავი ცეცხლი სწრაფად ვრცელდება ყველა მიმართულებით და იკავებს დიდ ფართობებს. მიწაც შედარებით სუსტად ცხელდება. ძირითადად ზიანდება მიწისპირა ფენა, ნადგურდება ხავსები, ლიქენები, ბალახი, ბუჩქები და ახალგაზრდა აღმონაცენი. ზიანდება ძირითადად თხელქერქიანი ხეების (ნაძვი, სოჭი და სხვ.), მიწის ზედაპირთან ახლოს მყოფი ნაწილები. მთლიანობაში ტყე არ ნადგურდება და ინარჩუნებს თვითაღდგენის უნარს. მერქნიანების იარუსი არ განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებას. ტყის ქვედა დაზიანებული იარუსები მალევე აღდგება. ასეთი ხანძრისგან მიყენებული ზიანი გაცილებით მცირეა. თუმცა, ნაწილობრივ დამწვარი ხეები კარგი მასალაა ახალი ხანძრისთვის. ხშირად, ასეთი ხანძრების შემდეგ, ტარდება პირწმინდა სანიტარული ჭრები და ხდება მთლიანი ტერიტორიის გაწმენდა.

ინტენსიური ხანძრის დროს მთლიანად ნადგურდება ტყის მცენარეული საფარი და მიწის საბურველი, ზიანდება მიწის ნაყოფიერი ფენა, ნადგურდება ნიადაგის მიკროფლორა და ენტომოფაუნა, ნიადაგის ზედაპირი იფარება ჭვარტლით. ეს, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს ტყის თვითაღდგენის პროცესებზე. ხანძრის შედეგად გამოფიტულ ნიადაგებზე მერქნიანების თესლებს უჭირს განვითარება და იძლევიან სუსტ აღმონაცენს.

თუ ნიადაგის ძალიან ღრმა ფენები არ არის ხანძრისგან დაზიანებული, ამ ფართობებზე იქმნება ნოყიერი საკვები ფონი. რასაც ხელს უწყობს ნიადაგის მიკროორგანიზმების გააქტიურება, რომლებიც ღრმა ფენებში დაგროვილ ორგანულ ნარჩენებს შლიან მცენარეებისთვის შესათვისებელ ფორმად და ასეთი გზით ანოყიერებენ ნიადაგს აზოტოვანი და არაორგანული ნაერთებით. ეს კი მომავალში ხელს უწყობს მეორეული მცენარეული საფრის და ტყეების თვითგანახლებას.

ნახანძრალზე, დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, ჩნდება სიცოცხლის პირველი ნიშნები. თავდაპირველად, მასობრივად ვითარდება სინათლის მოყვარული ტყისა და მდელოს ბალახოვანი პიონერი სახეობები. ხანძრიდან ორი წლის შემდეგ, თანდათანობით ჩნდება მერქნიანი სახეობებიც, რომლებიც ძირითადად აღმოცენდება ხანძრის შემდეგ ქარის ან ფრინველების მიერ მოტანილი და მიწის ღრმა ფენებში გადარჩენილი თესლებიდან. დროთა განმავლობაში მათი რიცხვი მატულობს. 10-15 წლის შემდეგ იწყება მერქნიანი სახეობების იარუსის შეკვრა. ტყის საბურველის ქვეშ, თანდათან გაბატონებას იწყებს ტყის ტიპური სახეობები.

ნახანძრალ ფართობებზე საწყისი სახეობების აღდგენა ვერ მოხდება მანამ, სანამ მთლიანად არ აღდგება ნიადაგის პირვანდელი სტრუქტურა. იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგის ჰუმუსოვანი

ფენა განადგურებული, ან მნიშვნელოვნად გაღარიბებულია, ნახანძრალი ტყის ფართობებს ბუჩქნარი იკავებს, რომელიც დომინანტი ხდება და ხელს უშლის ტყის თვითაღდგენას. ასეთი ღარიბი თანასაზოგადოებების ნიადაგები დროთა განმავლობაში ისე იფიტება, რომ ვეღარ იკავებს მერქნიან მცენარეულობას. ამიტომ ტყის აღდგენისთვის აუცილებელი ხდება ბიოტექნიკური ღონისძიებების გატარება — დამწვარი ადგილების რეკულტივაცია, ნაყოფიერი ფენის და მინერალური სასუქების შეტანა გასატყიანებელ ფართობებზე. სრულფასოვანი ტყის ჩამოყალიბებას 80-100 წელი ჭირდება. თუმცა, არც თუ იშვიათად, თვითგანახლებული ტყეების სახეობრივი შემადგენლობა შეცვლილია. წიწვოვნები ჩანაცვლებულია ფოთლოვნებით, ან სხვა სახეობის წიწვოვნებით.

თუ ხანძარი გავრცელდა არა ერთიან, დიდ ფართობზე, არამედ რამდენიმე ზონაში ცალ-ცალკე, ასეთ შემთხვევაში, ტყის მასივის ნაწილი გადარჩენილია, რაც არსებული ტყის თვითაღდგენისათვის სადედე მასალას წარმოადგენს.

სანამ მოხდება ახალი ნერგების დარგვა, საჭიროა ნახანძრალი ფართობების გაწმენდა დამწვარი ხის ნარჩენებისგან. აუცილებელია ასევე, მოხდეს ნახანძრალი ზედაპირების დამუშავება — გადახვნა და შერევა მიწის ფენებთან. ამის შემდეგ, ნახანძრალ ფართობზე ადრე არსებული, ან კონკრეტულად, ბორჯომის ხეობისთვის დამახასიათებელი ხეების სახეობების დარგვა, ან დათესვა და მათი შემდგომი მოვლა.

დასკვნა

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ხანძრები მხოლოდ უარყოფითი შედეგების მომტანია, არ იქნება სწორი, რამდენადაც, ზოგ შემთხვევაში ტყის ეკოსისტემების განახლების, თავდაპირველი ბიომრავალფეროვნების აღდგენისა და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ტყის ხანძრები აუცილებელიც კია. თუმცა, ხანძრის დადებითი შედეგები უმნიშვნელო ხდება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების მასშტაბების ფონზე.

ლიტერატურა:

1. https://sputnik-georgia.com/actual/20170827/237104842/tyis-agdgenas-100-celi- chirdeba.html
2. http://metviton.ge/page.php?cat=147
3. http://mastsavlebeli.ge/?p=15612

 

გამოქვეყნებულია: 24-06-2018