ნანა ნაჭყებია

nana-nanka18@mail.ru





ასევე იხილეთ

ტომი: 3, ნომერი: 2, გვ: 8-9

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:1, 12-14 გვ.

ნარჩენების მართვის პროცესის მიმდინარეობა და შედეგები

ნანა ნაჭყებია, სალომე გოშაძე

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

რეზიუმე: მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის პარალელურად მკვეთრად იზრდება ნარჩენების რაოდენობა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მრავალი წელია ცდილობენ ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, ვინაიდან ის ეკოსისტემის დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების წყაროა. ნარჩენების მართვის საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს არსებულ სფეროში გამოწვევები, პრობლემები და გადაჭრების გზები, კერძოდ, ნარჩენების მართვის ეფექტური პოლიტიკის არარსებობა, იმ ნაგავსაყრელებისა და ნაგავგადამამუშავებელი ქარხნების ფუნქციონირება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ევროპულ სტანდარტებს, დარღვეულია უსაფრთხოების მოთხოვნები, არ არსებობს ნარჩენების ხელახალი გამოყენების პრაქტიკა, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავება და მათგან მაქსიმალური სარგებლის მიღება

საკვანძო სიტყვები: ნარჩენები, რეციკლირება, 3R ინიციატივა, სეპარაცია, ნაგავსაყრელები

შესავალი

დღესდღეობით ნარჩენების მართვა განვითარებული თუ განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად იქცა. უკანასკნელ ხანს დამკვიდრდა ტერმინი "ნარჩენების მართვა". ეს ტერმინი უფრო ფართოა, ვიდრე ცნებები "გადამუშავება", "რეციკლირება", რადგან მოიცავს ნარჩენების შეგროვების, რეციკლირების, ასევე მათი რაოდენობის შემცირების ღონისძიებებს. ნარჩენების სწორი მართვა საკმაოდ რთული პროცესია და აქტუალურია ნარჩენების იერარქიის ევროპული მოდელი, რომელიც 5 ძირითადი კომპონენტისგან შედგება: 1. შემცირება; 2. ხელახალი გამოყენება; 3. გადამუშავება; 4. ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად; 5. ნარჩენების განთავსება.

გამოყოფენ ნარჩენების რამდენიმე სახეობას. ესენია:

  •  საყოფაცხოვრებო ნარჩენები - მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები;
  • მუნიციპალური ნარჩენები - საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავისი მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია;
  •  სამრეწველო ნარჩენები;
  •  სამედიცინო ნარჩენები;
  •  ბიოდეგრადირებადი ნარჩენები;
  •  სოფლის მეურნეობის ნარჩენები;
  •  ცხოველური ნარჩენები;
  • სპეციფიკური ნარჩენები (საბურავები, ბატარეები, ელექტრო და ელექტრონული ხელსაწყობის ნარჩენები);
  •  სხვა

ნარჩენების მართვის საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ფაქტობრივად, ის რჩება ეკოსისტემის დაბინძურების და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების წყაროდ. მწვავედ დგას ჰაერის, წყლისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება და დაბინძურება, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია ბუნებაზე საზოგადოების მუდმივი ზემოქმედებით, მეურნეობის განვითარებითა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური ხარჯვით.

საყურადღებოა, რომ საქართველოში 56 მუნიციპალური ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს, რომელთაგან 53 ნაგავსაყრელს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია განაგებს. თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია ლილოს მახლობლად მდებარე ნაგავსაყრელი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მართვას ორ - ბათუმსა და ქობულეთში არსებულ ნაგავსაყრელებს. თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმე თუ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. აქ ვხვდებით უსაფრთხოების ნორმების დარღვევებს, არ არსებობს ნარჩენების ხელახალი გამოყენების პრაქტიკა, არ ხდება მათი გადამუშავება და მაქსიმალური სარგებლის მიღება. ხშირია მოსახლეობის მხრიდან არალეგალური ნაგავსაყრელების გამოყენების შემთხვევაც. აქ უკვე ჩნდება რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურებასთან. ვხვდებით ცხოველების ნაგავსაყრელზე ყოფნის შემთხვევებსაც. რაც შეეხება უშუალოდ ჰაერის დაბინძურებას, ნარჩენების წვის შედეგად გამოიყოფა:

  • ნახშირორჟანგი: წიაღისეული საწვავის (ქვანახშირი, ბუნებრივი გაზი,ნავთობი) მყარი ნარჩენების,ხეების და ხის პროდუქტების წვის შედეგად- (GHG)
  • მეთანი: მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე ორგანული ნარჩენების გახრწნისას გამოიყოფა - (GHG)
  • აზოტის ოქსიდი/ები: მყარი ნარჩენების წვის დროს- (GHG)
  • აზბესტის ნარჩენების მტვერი
  • მტვერი

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მდგრადი ნარჩენების გახსნა ათწლეულები გრძელდება და მთელი ამ დროის განმავლობაში ბინძურდება ჰაერი და წყალი. როგორც აღვნიშნეთ, პოლიგონებზე განთავსებული ნარჩენები ლპობის შედეგად გამოყოფენ ნახშირორჟანგს, მეთანსა და სხვა მომწამვლელ აირებს. მათ მძაფრი სუნი აქვთ და სწრაფად ვრცელდებიან. ამ აირების პროცენტული მაჩვენებელი ნარჩენებისგან გამოყოფილი აირბის მთელ მოცულობაში დაახლოებით ასე გამოიყურება:

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია პოლიეთილენის პარკები, რომლებიც უხვად გვხვდება არა მარტო „მრავალფეროვან“ ნაგავსაყრელებზე, არამედ ყველგან - ქალაქებში, სოფლებში, ბუნებაში, ხეებზე, მდინარეებში, მიწაში... პოლიეთილენის პარკები ყრია, კიდია ეკვრის თუ ეხვევა ყველგან, საითაც კი გაიხედავთ. არადა ქიმიური შემადგენლობის გამო მათ დაშლას 400-1000 წელი სჭირდება.

უაღრესად სერიოზულ დაბინძურებას იწვევს ატომური ელექტროსადგურების რადიაქტიური ნარჩენები. ამგვარ ნარჩენებს, ძირითადად, კონტეინერში ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში ან ჰაერში. მეცნიერებს აშფოთებთ ამგვარი დაბინძურების ხანგრძლივი ზემოქმედება, რადგან რადიაქტიური ნარჩენები ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებს მავნე გამოსხივების უნარს.

გარდა ამისა, მიწით ან სხვა ინერტული მასალით დამალულ ნარჩენებში მუდმივად ჟონავს წვიმის წყალი, რომელიც ბინძურდება იქ არსებული მავნე ნივთიერებებით (ნარჩენების დაუხარისხებლად/სეპარაციის გარეშე ჩამარხვისას საყოფაცხოვრებო ნარჩენებში რჩება დიდი რაოდენობით სახიფათო ნივთიერებები). ვინაიდან საქართველოს ნაგავსაყრელების უმრავლესობას არ გააჩნია ნაჟური წყლების შემკრები სისტემა, დაბინძურებული წვიმის წყალი საბოლოოდ გრუნტის წყლებს ან მდინარეებს შეერევა და მნიშვნელოვნად აბინძურებს, რაც, თავის მხრივ, მრავალნაირი ინფექციური დაავადების გავრცელების მიზეზი ხდება. ნარჩენებით დაბინძურებული გარემო ხშირად ხდება მიზეზი ისეთი დაავადებების განვითარებისა, როგორიცაა:

  • რესპირატორული დაავადებები
  • იმუნური სისტემის დაქვეითება
  • კანი და ლორწოვანი ქსოვილები
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა.

 

ერთი შეხედვით, ამ ნარჩენებისგან გასათავისუფლებლად საჭიროა მათი განადგურება, ჩამარხვა და, კიდევ უარესი, დაწვა (რაც დაუშვებელია ჰაერში მავნე ნივთიერებების მოხვედრის გამო), მაგრამ არსებობს უკეთესი საშუალებაც - ნარჩენების გამოყენება. საყოფაცხოვრებო ნარჩენი ეს არის მთელი რიგი ფასეული კომპონენტების შემცველი კომპლექსური ნედლეული, მით უმეტეს, რომ ის ფაქტობრივად წარმოადგენს "მუქთა" რესურსს და ეს მაშინ, როდესაც ბუნებრივი რესურსების ფასი დღითიდღე იზრდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების შედეგად მცირდება მათი რაოდენობა, რაც თავის მხრივ, ამცირებს ნაგავსაყრელების ტერიტორიების ფართობს და ამ ადგილების სხვა დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა (რაც ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი მაღალმთიანი და მცირემიწიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა).

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დამკვიდრდეს 3R ინიციატივაც, რომელიც ემყარება მდგრადი განვითარების, ნარჩენების მინიმალიზაციისა და რეციკლირების პრინციპებს. 3R ინიციატივის სლოგანია: „ნული ნარჩენი - უდანაკარგო წარმოება“. ტერმინი 3R აღნიშნავს შესაბანისი სამი ინგლისური სიტყვის პირველ ასოებს:

Reduce - შემცირება;

Reuse - ხელახალი გამოყენება;

Recycle - რეციკლირება ანუ გადამუშავება.

განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ნარჩენების მართვის საკითხის დარეგულირებაში, კერძო კი ნაგავგადამამუშავებელი ქარხნების ფუნქციონირებას. მათი მეშვეობით, ხელახლა მიიღება ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქცია, ხოლო გადამუშავებისას მიღებული ნარჩენი განთავსდება პოლიგონზე. თავის მხრივ, უნდა აშენდეს თანამედროვე პოლიგონები, რომლებიც ეფექტურად იცავენ გრუნტისა და ზედაპირულ წყლებს.

 

დასკვნა

საკითხის შესწავლის საფუძველზე ვფიქრობთ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება და სხვადასხვა აქტიური ღონისძიებით საზოგადოების დაინტერესება. საჭიროა ჩამოყალიბდეს ნარჩენების მართვის თანამედრვე, მდგრადი, ინტეგრირებული სისტემა. ასევე მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ნარჩენების მართვის თანამედრვე, მდგრადი, ინტეგრირებული სისტემა და უზრუნველვყოთ ევროსტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულ ქვეყანას მისთვის დამახასიათებელი ნარჩენების მართვის სისტემა გააჩნია. ამ მიმართულებით კი შედეგის ეფექტურობის გაზრდა საჭიროებს საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობასა და გააზრებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ , 2014/2015;
  2. საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 - „საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია“ და „2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“;
  3. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ - http://waste.gov.ge/ka/ ;
  4. ბიტ-ბაბიკოვი, ლ. (2015), მოუგვარებელი ეკოლოგიური პრობლემები - რა აბინძურებს დღეს დედაქალაქს?! - http://www.ttimes.ge/archives/40411 ;
  5. „ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები“ http://www.cleanup.ge

 

გამოქვეყნებულია: 22-02-2017