ნანა ნაჭყებია

nananachkebia18@yahoo.com





ასევე იხილეთ

ტომი: 3, ნომერი: 1, გვ: 12-14

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:2, 8-9 გვ.

მჟავური წვიმების გავლენა დედამიწაზე

ნანა ნაჭყებია, სალომე გოშაძე

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

რეზიუმე: ადამიანის საქმიანობამ დედამიწაზე გარემოს ქიმიური მდგომარეობის შეცვლა გამოიწვია. ატმოსფეროში გაიზარდა ნახშირბადის დიოქსიდის, ნახშირბადის მონოქსიდის, გოგირდის დიოქსიდის, აზოტის ოქსიდებისა და სხვა აირების რაოდენობა. ჩამოთვლილი აირები ჰაერში არსებულ ტენთან და წვიმის წყალთან ურთიერთქმედებენ, რის შემდეგაც წარმოიქმნება მჟავური/მჟავა წვიმები. მჟავა წვიმები კლიმატის შეცვლასა და ოზონოსფეროს ტრანსფორმაციასთან ერთად თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური პრობლემაა.

საკვანძო სიტყვები: მჟავური წვიმა, ეკოლოგია, დაბინძურება, მჟავიანობა

დღესდღეობით ეკოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას მჟავური/მჟავა წვიმები წარმოადგენს. მჟავა წვიმის ორი უმთავრესი კომპონენტია გოგირდმჟავა და აზოტმჟავა. ის დედამიწაზე თოვლისა და წვიმის ნალექის სახით ხვდება. ბევრი რეგიონისთვის მჟავური წვიმა გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს პროცესი წვიმის წყლის მჟავიანობის მომატებას გულისხმობს. მჟავა წვიმა, თოვლი და ნისლი ამ მოვლენის შემადგენელი ნაწილია. თითოეული მათგანი ატმოსფერულ ტენში მჟავათა არსებობასა და გარემოზე მათ დამაზიანებელ მოქმედებას გულისხმობს.

ტერმინი „მჟავა წვიმა“ შოტლანდიელმა ქიმიკოსმა რობერტ ანგუს სმიტმა 1872 წელს დაამკვიდრა. მანვე დაამტკიცა პირველმა, რომ არსებობს კავშირი მჟავა წვიმასა და დაბინძურებულ ატმოსფეროს შორის [1].

მჟავა წვიმები ანადგურებს შენობა-ნაგებობებს, ძეგლებს, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს. მათი მოხვედრა ნიადაგში იწვევს ძლიერ მჟავიანობას, რის შედეგადაც ნიადაგიდან გამოიდევნება კალიუმი და კალციუმი. ნიადაგი საკვები ნივთიერებებებით ღარიბდება და მოსავლიანობა მცირდება. მჟავა წვიმების მიწაში ჩაჟონვით იშლება ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ტყვია, ნიკელი და ვერცხლისწყალი. ისინი თხევად მდგომარეობაში გადადის და ჯერ - მიწისქვეშა წყლებში, შემდეგ კი ტბებსა და ოკეანეებში ხვდება. ხოლო წყალში, სადაც მჟავა წვიმები დიდი რაოდენობით მოდის, იხსნება ტოქსიკური ნივთიერებები და მისი სასმელად გამოყენება უმძიმეს დაავადებებს იწვევს [2].

 

მჟავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველთა სამყაროზე. მათი გავლენით იშლება ფოთლების დამცავი აპკი - ეპიდერმისი, რაც ზრდის მცენარის დაავადების ალბათობას. გაზრდილი მჟავიანობა თევზის პოპულაციის მკვეთრ შემცირებასაც იწვევს. თევზების სახეობათა მხოლოდ მცირე რიცხვს შეუძლია გადარჩეს და მჟავე არეში რეპროდუქცია განახორციელოს [3,4].

ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ჰაერის დაბინძურებას ტყის მასივზეც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რის შედეგადაც შეინიშნება ტყის მასივების შემცირების ტენდენცია.

ზოგჯერ მჟავა წვიმები საკმაოდ შორს მოდის იმ ადგილებიდან, სადაც პირველადი დამაბინძურებელი ნაერთების წყაროებია. ამრიგად, ეს პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებით არ შემოისაზღვრება, რადგანაც ატმოსფერული დამაბინძურებლები ხშირად დიდი მასშტაბით გადაადგილდებიან. მაგალითად, მჟავური წვიმების უმეტესობა, რომელიც ნორვეგიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში მოდის, ევროპის სხვა ქვეყნებში გამოყოფილი გოგირდისა და აზოტის ოქსიდებიდან წარმოიქმნება.

მჟავა წვიმების შესამცირებლად საჭიროა საწვავი ნივთიერება გაიწმინდოს გოგირდისა და აზოტის ნაერთებისგან, ასევე აუცილებელი ღონისძიებაა, ავტომობილის მილზე დამაგრდეს კატალიზატორი, რაც ატმოსფეროში გამონაბოლქვის რაოდენობას შეამცირებს. აგრეთვე უნდა გაიფილტროს ფაბრიკა-ქარხნებიდან გამოყოფილი აირი, რათა ატმოსფეროში ნაკლები რაოდენობის დამაბინძურებელი აირი მოხვდეს. ამ ღონისძიებების გატარება, ბუნებრივია, არც ისე ადვილია, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია.

 

ლიტერატურა:

1. https://www.nationalgeographic.com/environment/global-warming/acid-rain/

2. https://www.epa.gov/acidrain/what-acid-rain

3. https://www.conserve-energy-future.com/causes-and-effects-of-acid-rain.php

4. http://liasaluqvadze.blogspot.com/p/blog-page_13.html

 

 

 

გამოქვეყნებულია: 15-02-2018