იერსახე

თუთიის ფირფიტა

ძირითადი თვისებები

იერსახე: მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი ლითონი
Ar (სტანდარ).: 65.38
Ar (დაყვანლი): 65.38

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

ატომური ნომერი: 30
ჯგუფი: 12
პერიოდი: 4
ბლოკი: d
ელექტრონული კონფიგურაცია: [Ar] 3d10 4s2
ელექტრონები ორბიტალებზე: 2, 8, 18, 2

ფიზიკური თვისებები

აგრეგატ. ფაზა (ნპ) მყარი
ლღობის ტემპ.,°C 419.53
დუღილის ტემპ.°C 907
სიმკვრივე, გ/სმ3 7.14
კრიტიკული წერტილი:
წვის სითბო: 7.32
აორთლების სითბო: 115
მოლური სითბოთევადობა: 25.470 

ატომის თვისებები

ჟანგვითი რიცხვები: −2, 0, +1, +2 
ელექტოუარყოფითობა: 1.65 
იონიზაცია: I: 906.4 kJ/mol
II: 1733.3 kJ/mol
ატომური რადიუსი: 134  
კოვალენტური რადიუსი: 122 

სხვა თვისებები

კრისტალური სტრუქტურა: ჰექსაგნალური 
თერმული გაფართოვება: 30.2  
თერმული გამტარებლობა: 116  
ელექტრული წინაღობა: 59.0  
მაგნიტურობა: დიამაგნიტური 
იუნგის მოდული: 108  
ბალკის მოდული: 70  

ისტორია

დასახელება:  
აღმოჩენა: ინდოეთი, 1000 წ ქ.შ-მდე. 
პირველი სინთეზი: ანდრეას მარგრაფტი (1746) 

თუთია

თუთია – ელემენტების პერიოდულობის ცხრილის მე-11 ჯგუფის, მეოთხე პერიოდის ელემენტია ატომური ნომერით 30. აღინიშნება სიმბოლოთი Zn (ლათ. Zincum). მარტივი ნივთიერება თუთია (CAS - ნომერი: 7440-66-6) ნორმალურ პირობებში - წარმოადგენს  მოცისფრო-მოთეთრო ფერის მქონე  მყიფე გარდამავალ ლითონს, რომელიც ჰაერზე იფარება თუთიის ოქსიდის თხელი ფენითა და ფერმკრთალდება.

 

ისტორია

თუთიის სპილენძთან შენადნობი - თითბერი - ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში (VII საუკუნე), ჩინეთში (XI საუკუნე). ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა სუფთა თუთიის გამოყოფა. 1746 წელს ა. ს. მარგგრაფმა შეიმუშავა სუფთა თუთიის მიღების მეთოდი მისი ოქსიდების ნარევის შეცხობით ნახშირთან უჰაერო არეში, ცეცხლგამძლე თიხის რეტორტებში, მაცივრებში თუთიის ორთქლის შემდგომი კონდენსაციით. სამრეწველო მასშტაბით თუთიის გამოდნობა დაიწყო XVII საუკუნეში.

სიტყვა ”თუთია” პირველად გვხვდება პარაცელსის შრომებში, რომელმაც დაასახელა ეს მეტალი ”zincum” ან ”zinken” წიგნში Liber Mineralium II. ეს სიტყვა ალბათ წარმოშობილია გერმანულიდან ”Zinke”, რაც ნიშნავს ”კბილს” (მეტალური თუთიის კრისტალები ნემსისებურია).

 

იზოტოპები

ბუნებაში გვხვდება თუთია და მისი ხუთი სტაბილური იზოტოპი: 64Zn, 66Zn, 67Zn, 68Zn და 70Zn, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია 64Zn (48.89%). ხელოვნურად შესაძლებელი გახდა მიეღოთ ცხრა რადიოაქტიური იზოტოპი. მათ შორის ყველაზე სიცოცხლისუნარიანია 65Zn, რომლის ნახევარდაშლის პერიოდია 245 დღე, იგი გამოიყენება როგორც  იზოტოპური ინდიკატორი.

შპარელიტი (ZnS)

 

გავრცელება

თუთიის მინერალებს შორის შედარებით გავრცელებულია  სფალერიტი,  იგივე თუთიის მატყუარა. მინერალის ძირითადი კომპონენტია - თუთიის სულფიდი ZnS, ხოლო სხვადასხვა მინარევები ანიჭებენ მას ყველა შესაძლო ფერს. ამიტომ, ამ მინერალს უწოდებენ თუთიის მატყუარას. ივარაუდება, რომ ელემენტ თუთიის სხვა მინერალები: სმიტსონიტი ZnCO3, ცინკიტი ZnO, კალამინი 2ZnO·SiO2·Н2O და სხვა წარმოქმნილია მინერალ თუთიის მატყუარადან.

თუთიის საბადოები ცნობილი ავსტრალიაში, ბოლივიაში.

 

მიღება

თუთია ბუნებაში, როგორც თვითნაბადი მეტალი არ გვხვდება. მას მოიპოვებენ Cu, Pb, Ag, Au, Cd, Bi-ს შემცველი პოლიმეტალური საბადოებიდან, რომელიც შეიცავს 1-4% თუთიას სულფიდის სახით.  მადნის გამდიდრება ხდება სელექციური ფლოტაციით და ღებულობენ თუთიის კონცენტრატებს (50-60% Zn). ამავდროულად ადგილი აქვს ტყვიის, სპილენძის და ზოგჯერ პირიტულ კონცენტრატების მიღებასაც.

შემდეგ მდუღარე შრის ღუმელებში გამოწვავენ თუთიის კონცენტრატებს და თუთიის სულფიდი გადაჰყავთ თუთიის ოქსიდში ZnO. ამ დროს წარმოქმნილი გოგირდოვანი აირი ხმარდება გოგირდმჟავას წარმოებას.

სუფთა თუთიას ოქსიდიდან ღებულობენ ორი მეთოდით. პირომეტალურგიული (დისტილაციური) მეთოდით (ცნობილია დიდი ხანია) - გამომწვარი კონცენტრატს აღადგენენ ნახშირით ან კოქსით 1200-1300 °С ტემპერატურაზე:

ZnO + С → Zn + CO

დღეისათვის, თუთიას ძირითადად იღებენ ელექტროლიტური (ჰიდრომეტალურგიული) მეტოდით. გამომწვარ კონცენტრატებს ამუშავებენ გოგირდმჟავით, მიღებულ სულფატურ ხსნარს ასუფთავებენ მინარევებისაგან (თუთიის მტვერის გამოლექვით) და აღადგენენ ელექტროლიზურად. თუთია ილექება ალუმინის კათოდზე, რომლისგანაც მას ყოველდღე ასუფთავებენ და ალღობენ ინდუქციურ ღუმელებში.

ელექტროლიტური თუთიის სისუფთავე 99.95%-ია. წარმოების ნარჩენებიდან ღებულობენ თუთიის სულფატს,  Pb, Cu, Cd, Au, Ag და  ზოგჯერ In, Ga, Ge, Tl.

 

ფიზიკური თვისებები

თუთია სუფთა სახით - საკმაოდ პლასტიური, მოვერცხლისფერო-თეთრი მეტალია. ახასიათებს ჰექსაგონალური მესერი პარამეტრებით а = 0.26649 ნმ, с = 0.49468 ნმ. ოთახის ტემპერატურაზე მყიფეა, ფირფიტის მოღუნვისას ისმის კრისტალების დაბზარვის ხმა. 100-150 °C-ზე თუთია პლასტიური ხდება. მინარევები, თუნდაც უმნიშვნელო, მკვეთრად ზრდიან თუთიის სიმყიფეს.

 

თუთიის აცეტატი

ფუძე თუთიის აცეტატი

ქიმიური თვისებები

 

თუთია ტიპიური ამფოტერული მეტალია. სტანდარტული ელექტროდული პოტენციალი - 0.76 ვ, სტანდარტული პოტენციალის რიგში განლაგებულია რკინამდე.

ჰაერში თუთია იფარება თუთიის ოქსიდის ZnO თხელი ფენით. ძლიერი გაცხელებისას იწვის და წარმოქმნის ამფოტერულ თეთრ ოქსიდს ZnO.

2Zn + O2 → 2ZnO

 

თუთიის ოქსიდი ურთიერთქმედებს, როგორც მჟავებთან, ისე ტუტესთან:

ZnO + 2HNO3 → Zn(NO3)2 + H2O

ZnO + 2NaOH → Na2ZnO2 + Н2О

 

 

ჩვეულებრივი სისუფთავის თუთია აქტიურად ურთიერთქმედებს მჟავათა ხსნარებთან:

Zn + 2HCl  → ZnCl2 + H2

Zn + H2SO4(განზ.)  → ZnSO4 + H2

ტუტის ხსნარებთან და წარმოქმნის ჰიდროქსიცინკატებს:

Zn + 2NaOH + 2H2O  → Na2[Zn(OH)4] + H2

მჟავასა და ტუტის ხსნარებთან ძალიან სუფთა თუთია არ ურთიერთქმედებს. ურთიერთქმედება იწყება რამდენიმე წვეთი სპილენძის სულფატის CuSO4 დამატების შემდეგ.

გაცხელებით თუთია ურთიერთქმედებს ჰალოგენებთან და წარმოქმნის ჰალოგენიდებს ZnHal2.

ფოსფორთან თუთია წარმოქმნის ფოსფიდებს Zn3P2 და ZnP2. გოგირდთან და მის ანალოგებთან სელენთან და ტელურთან, ასევე წარმოქმნის  ჰალკოგენიდებს ZnS, ZnSe, ZnSe2 და ZnTe.

თუთიის ქლორიდი

წყალბადტთან, აზოტთან, ნახშირბადთან, სილიციუმთან და ბორთან თუთია პირდაპირ არ რეაგირებს. თუთიის ნიტრიდს Zn3N2 ღებულობენ თუთიის ამიაკთან ურთიერთქმედებით 550 - 600 °C ტემპერატურაზე.

წყალხსნარებში თუთიის იონები Zn2+ წარმოქმნიან აკვაკომპლექსებს [Zn(H2O)4]2+ და [Zn(H2O)6]2+.

 

გამოყენება

თუთიის გამოყენება შემდეგი სქემის მიხედვით შეიძლება განაწილდეს:

სუფთა მეტალური თუთია გამოიყენება ძვირფასი ლითონების აღსადგენად, რომელიც მოიპოვება სასარგებლო წიაღისეულის სახით (ოქრო, ვერცხლი). გარდა ამისა, თუთია გამოიყენება ვერცხლის, ოქროს (და სხვა მეტალების) ამოსაღებად შავი ტყვიიდან თუთიის ინტერმეტალიდების სახით ვერცხლთან და ოქროსთან (ე. წ. ”ვერცხლის ქაფი, ქერქი”), რომელიც შემდგომ ექვემდებარება ჩვეულებრივ აფინაჟის ( ფრანგ. affinage < affiner „გაწმენდა“, მაღალი სიწმინდის კეთილშობილი ლითონების მიღების პროცესი) მეთოდით დამუშავებას.

ფოლადისა და რკინის ნაკეთობების ატმოსფერული კოროზიისაგან დასაცავად მიმართავენ თუთიით დაფარვას. სილაჭავლური გზით გაწმენდილ რკინის ზედაპირს ათავსებენ სპეციალურ ჭურჭელში და ახურებენ 440°C-მდე თუთიის მტვერთან ერთად. ამ ხერხით მიიღება რკინა-თუთიის დიფუზური შრე. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტია შეხების ხანგრძლივობა. თუთიის დანაფარის სისქე მერყეობს 0.05-0.06 მმ ინტერვალში, რაც საკმარისია ნაკეთობის დასაცავად. რკინა არ დაიჟანგება მანამ, სანამ მის ზედაპირზე იქნება თუთია. თუთია რკინაზე უფრო უარყოფითი პოტენციალის მქონეა.

თუთიის სულფიდი გამოიყენება დროებითი მოქმედების ლუმინოფორების და ასევე სხვადასხვა სახის ლუმინესცენტეური ნაერთების სინთეზისათვის. ლუმინოფორები თუთიისა და კადმიუმის სულფიდის ბაზაზე, ასევე გამოიყენება ელექტრონულ წარმოებაში მანათობელი ელასტიური (მოქნილი) პანელებისა და ეკრანების დასამზადებლად ელექტროლუმინოფორების სახით და მოკლე ხანგრძლივობის გამონათების შემადგენლობების შესაქმნელად.

 

ელექტროქიმიური დაცვა

ეს მეთოდი შემუშავებულ იქნა რუსი მეცნიერის, იაკობის მიერ. ელექტროქიმიური დაცვა იხმარება ძირითადად ნიადაგში მოხეტიალე დენების ან ელექტროლიტების მოქმედებისაგან დასაცავად. სხვადასხვა ტიპის ნიადაგები სხვადასხვანაირად მოქმედებენ ამ პროცესზე. მაგ. თიხიანი ნიადაგები, რომელთაც ტუტე რეაქცია აქვთ, რკინის ნაკეთობებს კარგად ინახავენ. შესწავლილია, რომ მიწისქვეშა მილებზე ყველაზე ძლიერ კოროზიას ტორფიანი, წითელი და ცისფერი თიხიანი ნიადაგები ახდენენ. ქვიშიანი და ხრეშიანი ნიადაგები ყველაზე უვნებელი აღმოჩნდა. ამ მილებზე ძლიერ კოროზიას იწვევენ აგრეთვე მოხეტიალე დენების არხები. მოხეტიალე დენები ლითონს იმ ადგილებში აზიანებენ, სადაც ლითონებიდან დენი გარემო არეში გადადის (ანოდურ ზონაში) ხოლო იმ ადგილებში, სადაც ლითონში დენი შედის (კათოდური ზონა) ლითონი არ იშლება. აღმოჩნდა, რომ მოხეტიალე დენები ყველაზე მეტად არსებობენ ტორფიან, წითელ და ცისფერ თიხიან ნიადაგებში და ამიტომ აუცილებელია მიწისქვეშა წყალგაყვანილობის ელექტრონული დაცვა. მისი არსი შემდეგშია:

ელექტროლიტში დენის გატარებისას, კათოდზე განიმუხტება კატიონები. ე. ი. გამოილექება ლითონი. თუ ელექტროლიტი შეიცავს ZnSO4 და ანოდად გამოიყენებენ თუთიის ღეროს, ელექტროლიზის დროს კათოდზე განიმუხტება თუთიის იონები.

Zn2+ + 2e → Zn

ხოლო ანოდზე წავა შებრუნებული პროცესი. თუთიის ელექტროდი იწყებს გახსნას

Zn → Zn2+ + 2e

რის გამოც ხსნარში Zn2+ იონების კონცენტრაცია მუდმივი იქნება. ასეთივე ხერხით ხდება მონიკელება, მოქრომვა და სხვ. საერთოდ ელექტროქიმიური დაფარვის გზით მიღებული საფარი უფრო სუფთა და ლამაზია.

თუთია ასევე გამოიყენება უარყოფითი ელექტროდის დენის ქიმიური წყაროში, ანუ ბატარეებში და აკუმულატორებში. მაგალითად, მაგნიუმ-თუთიის ელემენტი, ვერცხლისწყალ-თუთიის ელემენტი, ვერცხლი-თუთიის აკუმულატორი, ქრომ- თუთიის ელემენტი, ნიკელ-თუთიის აკუმულატორი, თუთია-ბრომის აკუმულატორი, თუთია-ქლორის აკუმულატორი და ა. შ. ძალიან მნიშვნელოვანია თუთიის როლი თუთია-საჰაერო აკუმულატორებში, რომელიც უკანასკნელ წლებში ინტენსიურად მუშავდება თუთია-ჰაერის სისტემის საფუძველზე - აკუმულატორები კომპიუტერისათვის (ნოუთბუქები) და ამ სფეროში არის მნიშვნელოვანი წარმატება (უფრო მეტი მოცულობა და რესურსები, ვიდრე ლითიუმის ბატარეას, თვითღირებულება კი 3-ჯერ ნაკლები), ეს სისტემა ასევე პერსპექტიულია ძრავების გამშვებებისათვის (ტყვიის აკუმულატორი - 55 ვტ×სთ/კგ, თუთია-ჰაერი - 220-300 ვტ×სთ/კგ) და ელექტრომანქანებისათვის (გარბენი 900კმ).

თუთია შედის მრავალი მაგარი სარჩილის შემადგენლობაში მათი ლღობის ტემპერატურის შემცირების გამო. თუთია თითბერში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი. თუთიის ოქსიდი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, როგორც ანტისეპტიკური და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება. ასევე თუთიის ოქსიდი გამოიყენება საღებავების საწარმოებლად - თუთიის თეთრა.

თუთიის ქლორიდი - არის მნიშვნელოვანი ფლუსი მეტალების შედუღებისთვის.

თუთიის ტელურიდი, სელენიდი, ფოსფიდი - ფართოდ გამოყენებადი ნახევარგამტარებია.

თუთიის სელენიდი გამოიყენება ოპტიკური მინების წარმოებისას ძალიან დაბალი შთანთქმის კოეფიციენტით საშუალო ინფრაწითელ დიაპაზონში, მაგალითად ნახშირმჟავას ლაზერებში.

.

 

ბიოლოგიური როლი

კვების პროდუქტებს შორის, რომელსაც ადამიანი საკვებად იყენებს თუთიის ყველაზე მაღალი შემცველობა ხამანწკებშია. გოგრის თესლი შეიცავს 26%-ით ნაკლებ, თუთიას ვიდრე ხამანწკები. მაგალითად, 45 გ ხამანწკების მიღებისას ადამიანი ღებულობს იმდენ თუთიას, რამდენსაც შეიცავს 60 გ გოგრის თესლი.

პრაქტიკულად თითქმის ყველა ხორბლეული შეიცავს თუთიას საკმაო რაოდენობით და ადვილად ათვისებადი ფორმით. ამიტომაც ბიოლოგიური მოთხოვნილება ადამიანის ორგანიზმისა თუთიაზე, ჩვეულებრივ მთლიანად უზრუნველყოფილია მარცვლეული პროდუქტების ყოველდღიური მოხმარებით (არარაფინირებული მარცვლეული).

თუთიით მდიდარია ასევე საქონლისა და ქათმის ხორცი, თევზი, საქონლის ღვიძლი, რძე.

თუთიის ელემენტს შეიცავს ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი, კარტოფილი, კომბოსტო, ჭარხალი და სტაფილო.

 თუთიის შემცველობა:

 

თუთიის შემცველი საკვები პროდუქტები

თუთია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ელემენტია. თუთიის ნაერთთა ხსნარების პრეპარატები მედიცინაში გამოიყენება სადეზინფექციო საშუალებებად.

თუთია ფერმენტების შემადგენლობაში შედის, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ის ნერვული და შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღე-ღამეში 10 მგ თუთია საკმარისია, რომ ბავშვის ორგანიზმი ადეკვატურად განვითარდეს.

თუთია დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ჰორმონულ ფუნქციათა რეალიზებაში. თუთია ის მიკროელემენტია, რომელსაც შეიცავს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზის გადამწყვეტ რეაქციაში მონაწილე ფერმენტი, აგრეთვე სუპეროქსიდდისმუტაზა - მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური ფერმენტი. ის უშუალოდ ახდენს გავლენას ინსულინის პროდუქციასა და ფუნქციობაზე და ამით ინსულინდამოკიდებული პროცესების მთელ სპექტრზე.

თუთია შედის ასობით მეტალოფერმენტის აქტიური ცენტრის სტრუქტურულ შემადგენლობაში. ის აუცილებელია დნმ და რნმ-პოლიმერაზების ფუნქციობისთვის, რომლებიც ახორციელებენ მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემას, ცილების ბიოსინთეზს (წარმოქმნას) და ორგანიზმის რეპარაციულ (განახლების) პროცესებს აკონტროლებენ.

მამაკაცებში თუთია მონაწილეობს ტესტოსტერონის (მამრობითი სასქესო ჰორმონის) სინთეზში და სასქესო ჯირკვლების ფუნქციობაში. სწორედ ამიტომ ორგანიზმში თუთიის დონესა და პოტენციას შორის მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. თუთია აინჰიბირებს (ბოჭავს) 5-ალფა-რედუქტაზას, რითაც არეგულირებს ტესტოსტერონის მეტაბოლიტის დიჰიდროტესტოსტერონის დონეს (შეგახსენებთ: ამ უკანასკნელის სიჭარბე პროსტატის - წინამდებარე ჯირკვლის - ჰიპერპლაზიას განაპირობებს). თუთია აუცილებელია არა მხოლოდ მამაკაცის, არამედ ქალის ორგანიზმისთვისაც. მას შეიცავს ესტროგენებისთვის (მდედრობითი სასქესო ჰორმონებისთვის) განკუთვნილი რეცეპტორები (მგრძნობიარე წარმონაქმნები), რის გამოც თუთია ფაქტობრივად ესტროგენდამოკიდებული პროცესების რეგულატორად გვევლინება. თუთიას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვალი) ფუნქციობისა და ორგანიზმის იმუნური სისტემის ნორმალური მდგომარეობისთვის. აღნიშნული მიკროელემენტი წარმოადგენს რეტინოლგადამტანი ცილის კომპონენტს, A და C ვიტამინებთან ერთად ასტიმულირებს ანტისხეულების სინთეზს და ავლენს ანტივირუსულ მოქმედებას, რითაც აფერხებს იმუნოდეფიციტის აღმოცენებას. თუთიას აქვს ჭრილობებისა და წყლულების შემხორცებელი მოქმედება, მონაწილეობს ყნოსვითი და გემოვნებითი აღქმის პროცესებში, აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობისთვის, მათ შორის - მეხსიერების პროცესებისთვისაც. თუთიას დიდი ოდენობით შეიცავს ხორბლის ქატო და ღივი, მზესუმზირისა და გოგრის თესლი (130-დან 202 მგ/კგ-მდე), საქონლის ღვიძლი, თევზის ზოგიერთი სახეობა (30-დან 85 მგ/კგ-მდე), ლობიო, ბარდა, მწვანე ჩაი, კურდღლისა და წიწილის ხორცი, ნიგოზი, კვერცხის გული, კაკაო (20-დან 50 მგ/კგ-მდე).

 

 ტოქსიკურობა

თუთიის იონები Zn2+ ტოქსიკურია. ხოლო მისი ყველა მარილი ტოქსიკურია ადამიანისათვის, განსაკუთრებით კი სულფატები და ქლორიდები. 1 გრ თუთიის სულფატს ZnSO4 შეუძლია გამოიწვიოს მძიმე მოწამვლა. ქლორიდები, სულფატები და თუთიის ჟანგი შეიძლება წარმოიქმნას საკვები პროდუქტების თუთიის ან მოთუთიებულ ჭურჭელში შენახვისას. თუთიით მოწამვლისას ადგილი აქვს პანკრეასის ფიბროზულ გადაზრდას . თუთია აფერხებს ზრდას და ირღვევა ძვლების მინერალიზაციის პროცესი.

სისხლში თუთიის ჭარბ შემცველობას მივყავართ პროგრესირებად სისუსტემდე, მყესების რეფლექსების დაქვეითებას, სისხლიან დიარეას, კიდურების პარეზი. გახსნისას შეინიშნება ღვიძლის ნეკროზი და თეძოს თავების დეკალციფიკაცია. თუთიის სულფატით ZnSO4 მოწამვლა იძლევა ანემიის ნათელ სურათს, უშვილობას.

თუთიის ჟანგით მოწამვლა ხდება მისი ორთქლის შესუნთქვით. ის ვლინდება პირის ღრუში ტკბილი გემოს შეგრძნებით, მადის დაქვეითებით ან სრული დაკარგვით, არც თუ ისე იშვიათად ძლიერ წყურვილს შეგრძნებით. წარმოიშობა დაღლილობა, შერყეული ჯანმრთელობის შეგრძნება, შევიწროება და ტკივილი გულმკერდის არეში. ხოლო 4-5 საათის შემდეგ ეს შეგრძნებები განვითარების მაქსიმუმს აღწევს. ეს პირველი პერიოდი იცვლება სიცივის შეგრძნებით ფეხებიდან, შემდეგ უცებ ციება, კანკალი 1-1.5 საათი და ტემპერატურა ადის 37.4°C-მდე, შემდეგ იწყება ძლიერი ოფლდენა. ავადმყოფი განიცდის მტვრევას მთელ სხეულში, ტკივილს კუნთებში, თავის ტკივილს, ხმაურს ყურებში, სიმშრალეს პირის ღრუსა და ყელში, გულისრევას, ზოგჯერ ღებინებას. იშვიათად - დიარეას. შარდში საქარი და ურობილინია. სისხლში შაქრის სემცველობა მნისვნელოვნად იზრდება.

 

 

 

 

 

 

 

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით