ქლორი
ქლორი (Chlorum) (ბერძ. chlōros – ღია მწვანეს ნიშნავს ), აღინიშნება სიმბოლოთი Cl, ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის 17 ჯგუფის ქიმიური ელემენტია ატომური ნომრით 17, ხოლო მისი ფარდობითი ატომური მასაა 35.453, tდნ -101°C, tდუღ - 34.05 °C, სიმკვრივე (აირადი ქლორი) 3.214 კგ/მ³.
ქლორი მოყვითალო-მომწვანო აირია და მიეკუთვნება ჰალოგენებს. მისი უმთავრესი ბუნებრივი ნაერთია ნატრიუმქლორიდი (NaCl) - სუფრის მარილი, რომელიც ზღვებსა და ოკეანეებში დაახლ. 3%–ის რაოდენობითაა. ის აგრეთვე დიდი რაოდენობითაა ზოგიერთ ტბასა და წყაროში, მოიპოვება ქვამარილის სახით (საქართველო, უკრაინა, ურალი). ქლორი გვხვდება მინერალების: გალენიტის (NaCl), სილვინის (KCl), სილვინიტის (KCl·NaCl), კარნალიტის (KCl·MgCl2·6H2O) სახით. ადამიანის სხეულში ქლორის რაოდენობა უდის 0.25%–ს მასით. იგი აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმებისათვის და მათ შორის ადამიანისათვის. ქლორი ტოქსიკური აირია. იგი აღიზიანებს სასუნთქ სისტემას. ქლორი ძლიერი დამჟანგველია.
ისტორია
ქლორის ყველაზე გავრცელებული ნაერთია ნატრიუმის ქლორიდი, რომელიც უძველესი დროიდანაა ცნობილი. ეს მტკიცდება არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი ქვამარილით, რომელიც გამოიყენებოდა ჩვენს ერამდე 2000 წლის წინ და მარილიანი წყლით, რომელიც ჩვენს ერამდე 6000 წლის წინანდელ პერიოდს ეკუთვნის.
ელემენტური ქლორი პირველად მიიღო და შეისწავლა 1774 წელს შვედმა ქიმიკოსმა კ. შეელემ. მან გამოყო ქლორი MnO2-ის (მინერალი პიროლუზიტი) ურთიერთქმედებით HCl-თან.
4 HCl + MnO2 → MnCl2 + 2 H2O + Cl2
შეელემ განსაზღვრა ქლორის ზოგიერთი თვისება: მისი გამათეთრებელი ეფექტი ლაკმუსის მიმართ, მწერების მოკვდინების უნარი, მისი ყვითელ მომწვანო ფერი და სამეფო წყლის მსგავსი სუნი. შემდგომში მ. ფარადეიმ პირველად მიიღო გათხევადებული ქლორი. ქლორი, როგორც ქსოვილის გამათეთრებელი გამოყენებულ იქნა 1785 წელს. პირველად, 1826 წელს ვერცხლის ქლორიდი გამოიყენეს ფოტოგრაფიაში.
ქლორის კირიანი წყალი (ჰიპოქლორიდი) პირველად იქნა გამოყენებული, როგორც ჰერბიციდი. 1912 წლს მიღებულ იქნა პოლივინილქლორიდი.
აირადი ქლორი პირველად 1915 წელს გერმანულმა არმიამ გამოიყენა როგორც იარაღი და შედეგი იყო დამღუპველი, რადგანაც იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო გამოგონებული აირწინაღები. მისი საბრძოლო მიზნით პირველი გამოყენების შემდეგ, აირადი ქლორი, რომელიც ასევე ცნობილია ბერტოლიტის სახელწოდებით, როგორც ქიმიური იარაღი უტილიზირებულ იქნა, მაგრამ იგი ჩაანაცვლა სხვა უფრო მომაკვდინებელმა აირებმა, როგორიცაა ფოსგენი და მდოგვის აირი (იპრიტი).
გავრცელება
ბუნებაში ქლორი უმთავრესად გვხვდება ქლორიდ იონების სახით, რომელიც წარმოადგენს მარილების შემადგენელ კომპონენტს. იგი გვხვდება დედამიწასა და ოკეანეებში. ზღვის წყლის დაახლოებით 1.9% მასით მოდის ქლორიდ იონზე. ქლორიდები დიდი რაოდენობითაა მკვდარ ზღვაში და მიწისქვეშა მარილიან ქანებში. ქლორიდების უმეტესობა წყალში ხსნადია, ამიტომ ქლორიდშემცველი მინერალების უმეტესობა ნაპოვნია მშრალ კლიმატიან ადგილებში ან მიწის ქვეშ ძალიან ღრმად. ყველაზე გავრცელებული მინერალები ჰალიტი (ნატრიუმის ქლორიდი), სილვიტი (კალიუმის ქლორიდი) და კარნალიტი (კალიუმმაგნიუმ ქლორიდ ჰექსაჰიდრატი). ბუნებაში გავრცელებული 2000-ზე მეტი ქლორორგანული ნაერთია ცნობილი. ქლორი მცირე რაოდენობით არის მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში. შედის ქლოროფილის შემადგენლობაში. დედამიწის ქერქში ქლორის შემცველობა შეადგენს 0.05%. ქლორს მარტივი ნივთიერებების სახით შეადგენს ვულკანური აირები.
ცხელ კონცენტრირებულ ტუტე ხსნარებში ჰიპოქლორიტი დისპროპორციონირებს:
2 ClO- → Cl− + ClO2-
ClO- + ClO2- → Cl- + ClO3-
ნატრიუმის ქლორატი და კალიუმის ქლორატი შეიძლება კრისტალიზებულ იქნას ზევით ნაჩვენები რეაქციებით გამოსახული ხსნარებიდან. კრისტალები გაცხელებით განიცდიან დისპროპორციონირებას:
4 ClO3- → Cl- + 3 ClO4-
მსგავსი გაგრძელება ქლორიდიდან პერქლორატამდე შეიძლება განხორციელებულ იქნას ელექტროლიზითაც. ანოდზე მიმდინარე რეაქციებია (ქლორის ელექტოლიზის რეაქციები ელექტროდის პოტენციალის ჩვენებით):
Cl− + 2 OH− → ClO- + H2O + 2 e- +0.89 ვოლტი
ClO− + 2 OH− → ClO2- + H2O + 2 e‑ +0.67 ვოლტი
ClO2- + 2 OH− → ClO3- + H2O + 2 e- +0.33 ვოლტი
ClO3- + 2 OH− → ClO4- + H2O + 2 e− +0.35 ვოლტი
ყოველი საფეხური კათოდზე მიმდინარეობს შემდეგნაირად
2 H2O + 2 e- → 2 OH- + H2 (−0.83 ვოლტი)
იზოტოპები
ბუნებრივი ქლორი ორ იზოტოპს შეიცავს: 35Cl და 37Cl. ხელოვნურად მიღებულია ორი რადიაქტიური იზოტოპი: 36Cl და 38Cl.
მდგრადი იზოტოპები იძლევიან ქლორის ატომებს ატომური წონით 35.4527გ/მოლი. რადიოაქტიური იზოტოპი 36Cl გარემოში არის კვალის სახით (ერთ სტაბილურ იზოტოპზე დაახლოებით 7x10−13 შეფარდებით). 36Cl წარმოიქმნება ატმოსფეროში 36Ar გარდაქმნით კოსმიური სხივების პროტონებთან ურთიერთქმედების დროს.
ფიზიკური თვისებები
სტანდარტულ წნევას და ტემპერატურაზე ქლორის ორი ატომი წარმოქმნის ორატომიან ქლორის მოლეკულას. მოლეკულაში ატომები კოვალენტური ბმით არის შეერთებული, თუმცა ეს კავშირი შედარებით სუსტია (242.580 ±0.004 კჯ/მოლი), რაც Cl2 მოლეკულას ხდის ძლიერ აქტიურს. ქლორი მომწამლავი, მოყვითალო მწვანე ფერის, მხრჩოლავი გაზია. 6.6 ატ. წნევასა და 20 °C-ზე ქლორი ადვილად თხევადდება. 1 მოცულობა წყალში იხსნება 2.3 მოცულობა ქლორი.
აირადი ქლორი ჰაერზე 2.5–ჯერ მძიმეა. მისი ატომის გარე გარსი შეიცავს 7 ელექტრონს.
ქიმიური თვისებები
ფტორთან, ბრომთან, იოდთან და ასტატთან ერთად ქლორი წარმოადგენს ჰალოგენების ჯგუფს. ქლორი ძლიერ აქტიური ელემენტია. ქლორი წარმოქმნის შენაერთებს თითქმის ყველა ელემენტთან და იძლევა ქლორიდებს. გაზური ქლორი ურთიერთქმედებს ბევრ ორგანულ ნაერთთან.
იგი განსაკუთრებით ადვილად უერთდება მეტალებს, როცა უკანასკნელი გავარვარებულია ან გაცხელებულია. ამის მაგალითია მეტალური ნატრიუმი. თუ მეტალურ ნატრიუმს ცეცხლს მოვუკიდებთ და შევიტანთ ქლორის არეში, ის კაშკაშა ალით დაიწყებს წვას. რეაქციის შედეგად მიიღება ნატრიუმის ქლორიდი:
2Na + Cl2 → 2NaCl + 196 კკალ.
ამ რეაქციას ახლავს სინათლისა და სითბოს გამოყოფა.
არამეტალებთან (გარდა ნახშირბადისა, აზოტისა, და ზოგიერთი ინერტული აირისა) ურთიერთქმედებისას წარმოქმნის შესაბამის ქლორიდებს.
სინათლეზე ან გაცხელებისას ის ენერგიულად ურთიერთქმედებს წყალბადთან (ზოგჯერ აფეთქებით) რადიკალური ჩანაცვლების მექანიზმით. წყალბადის ქლორთან ნარევი, რომელიც შეიცავს 5.8–დან 88.3%–მდე წყალბადს, ფეთქდება დასხივებისას ქლორწყალბადის წარმოქმნით.
Cl2 + H2 → 2HCl
5Cl2 + 2P → 2PCl5
2S + Cl2 → S2Cl2
ქლორის ოქსიდები
ჟანგბადთან ქლორი წარმოქმნის სხვადასხვა ოქსიდებს, რომლებშიც ის ავლენს ჟანგვის ხარისხს +1–დან +7–მდე.
ქლორის ოქსიდებია:
- Cl2O – ქლორის (I) ოქსიდი; დიქლორმონოქსიდი; მას ქვექლოროვან მჟავას ანჰიდრიდსაც უწოდებენ
- ClO2– ქლორის (IV) ოქსიდი; ასევე ქლორის დიოქსიდს უწოდებენ
- Cl2O6– ქლორის (VI) ოქსიდი; იგივე ქვექლორმჟავას ანჰიდრიდი
- Cl2O7– ქლორის (VII) ოქსიდი; დიქლორჰეფტოქსიდი; მას ქლორმჟავას ანჰიდრიდსაც უწოდებენ
ოქსიდები თერმულად და ფოტოქიმიურად არასტაბილურია და მიდრეკილნი არიან აფეთქებით დაშლისკენ.
Cl2O – გაზია, ადვილად თხევადდება ყავისფერ სითხეში, რომლის დუღილის ტემპერატურაა 20°C, მიიღება ქლორის მოქმედებით HgO-თან.
ის ფეთქებადი ნივთიერებაა, რომელიც იშლება ქლორად და ჟანგბადად, ხოლო წყალთან შეერთებით ქმნის ქვექლოროვან მჟავას:
Cl2O + H2O → 2HClO
ClO2 შეიძლება მივიღოთ ქლორატების გაცხელებით მჟაუნმჟავასთან:
2KClO3 + H2C2O4 → 2ClO2 + CO2 + K2CO3 + H2O
ClO2 აირია, -100°C-ზე თხევადდება მოწითალო – მოყავისფრო სითხეში, წყალთან ნელა რეაგირებს და წარმოქმნის HClO2 და HClO3.
ClO2 გამოიყენება ქაღალდის გასათეთრებლად, დეზინფექციისთვის და ა.შ.
Cl2O7 ქლორმჟავას ანჰიდრიდი სითხეა, დუღს 83°C-ზე, მიიღება ფოსფორის ანჰიდრიდის მოქმედებით ქლორმჟავაზე:
P2O5 + 6HClO4 → 3Cl2O7 + 2H3PO4
Cl2O7 - ძლიერი მჟანგავია, წყალთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის ქლორმჟავას:
Cl2+7O7 + H2O → 2HClO4
ოქსიდები წყალში გახსნისას იძლევიან ჟანგბადიან მჟავებს, სადაც ქლორი ამჟღავნებს დადებით ჟანგვის ხარისხს. ქლორის ჟანგბადოვანი მჟავები და მათი შესაბამისი მარილები:
- HClO – ქვექლოროვანი მჟავა; KClO– ჰიპოქლორიტი
- HClO2– ქლოროვანი მჟავა; KClO2– ქლორიტი
- HClO3– ქვექლორმჟავა; KClO3 – ქლორატი
- HClO4- ქლორმჟავა; KClO4 –პერქლორატი
ფთორთან ურთიერთქმედებისას კი წარმოქმნის არა ქლორიდს არამედ ფთორიდს.
Cl2 + 3F2 (ჭარბ.) → 2ClF3
სხვა თვისებები
ქლორი აძევებს ბრომს და იოდს მათი ნაერთებიდან:
Cl2 + 2HBr → Br2 + 2HCl
Cl2 + 2NaI → I2 + 2NaCl
ნახშირბადის მონოქსიდთან რეაქციის დროს წარმოქმნის ფოსგენს.
Cl2 + CO → COCl2
მშრალი კალციუმის ჰიდროქსიდის ქლორირებისას ღებულობენ ქლორიან კირს
Cl2 + Ca(OH)2 → CaCl(OCl) + H2O
ამიაკზე ქლორის ზემოქმედებით შესაძლებელია აზოტის ტრიქლორიდის მიღება:
4NH3 + 3Cl2 → NCl3 + 3NH4Cl
წყალში ან ტუტეში გახსნისას ქლორი დისპროპორციონირდება და წარმოიქმნება ქვექლოროვანი მჟავა HClO და მარილმჟავა HCl ან მათი მარილები.
Cl2 + H2O → HCl + HClO
3Cl2 + 6NaOH → 5NaCl + NaClO3 + 3H2O
ქლორი ძალიან ძლიერი დამჟანგველია:
Cl2 + H2S → 2HCl + S
ქლორის წყალხსნარს იყენებენ ქსოვილებისა და ქაღალდის გასათეთრებლად.
რეაქციები ორგანულ ნითიერებებთან
ნაჯერ ნახშირწყალბადებთან:
CH3-CH3 + Cl2 → C2H5Cl + HCl
უჯერ ნახშირწყალბადებთან მიმდინარეობს მიერთების რეაქცია:
CH2=CH2 + Cl2 → Cl-CH2-CH2-Cl
არომატულ ნახშირწყალბადებში მიმდინარეობს ჩანაცვლების რეაქცია, კატალიზატორების თანაობისას (მაგალითად, AlCl3 ან FeCl3):
C6H6 + Cl2 → C6H5Cl + HCl
ნაერთები
ქლორის დაჟანგულობის ხარისხი იცვლება -1-დან +7-მდე, ელემენტური ქლორის დაჟანგულობის ხარისხი ნულის ტოლია:
დაჟანგულობის ხარისხი |
სახელი | ფორმულა | შენაერთები |
---|---|---|---|
−1 |
ქლორიდები |
Cl− |
იონური ქლორი, |
0 |
ქლორი |
Cl2 |
ელემენტალური ქლორი |
+1 |
ჰიპერქლორიდები |
ClO− |
ნატრიუმის ჰიპოქლორიტი, |
+3 |
ქლორატები |
ClO2- |
ნატრიუმის ქლორატი |
+4 |
ქლორის დიოქსიდი |
ClO2 |
ქლორატები |
+5 |
ქლორატები |
ClO3- |
ნატრიუმის ქლორატი, |
+7 |
პერქლორატი |
ClO4- |
პერქლორმჟავა, |
ინტერჰალოგენ ნაერთები
ქლორი ჟანგავს ბრომიდებს და იოდიდებს ბრომამდე და იოდამდე შესაბამისად, მაგრამ იგი ვერ ჟანგავს ფტორიდებს ფტორამდე და იძლევა სხვადასხვა ინტერჰალოგენიდებს, მაგალითად ქლორფტორიდები: ქლორმონოფტორიდი (ClF), ქლორტრიფტორიდი (ClF3), ქლორპენტაფტორიდი(ClF5).
ქლორორგანული ნაერთები
ქლორი ფართოდ გამოიყენება ორგანულ ქიმიაში ჩანაცვლებისა და მიერთების რეაქციებში. ძალიან ხშირად იგი განსაზღვრავს ორგანულ ნაერთთა თვისებებს, რაც ნაწილობრივ გამომდინარეობს მისი ელექტროუარყოფითობიდან.
მრავალი მნიშვნელოვანი სამრეწველო პროდუქტი იწარმოება ქლორორგანული შუალედური ნაერთებისაგან, ასეთებია პოლიკარბონატური, პოლიურეთანული, სილიციუმორგანული ნაერთები, პოლიტეტრაფტორეთილენი, კარბოქსილმეთილ ცელულოზა და პროპილენოქსიდი. სხვა ჰალოგენების მსგავსად ქლორი მონაწილეობს თავისუფალ-რადიკალური ჩანაცვლების რეაქციებში წყალბადშემცველ ორგანულ ნაერთებთან, სადაც ხშირად შეიძლება მივიღოთ იზომერული პროდუქტები.
ხშირად ძნელია კონტროლი ჩანაცვლების რეაქციებში და ადგილი აქვს მულტიჩანაცვლებული პროდუქტების მიღებას. ამის მაგალითს წარმოადგენს მეთანისაგან მეთილქლორიდის, მეთილენქლორიდის, ქლოროფორმის და ოთხქლორიანი ნახშირბადის, პროპილენიდან ალილქლორიდის, ტრიქლორეთილენის და 1.2-დიქლოეთანიდან ტეტრაქლორეთილენის მიღება. ქლორი შედის მიერთების რეაქციებში უჯერ ნაერთებთან - ეთილენთან და აცეტილენთან, არომატულ ნაერთებთან პირობების მიხედვით მონაწილეობს როგორც ჩანაცვლების ისე მიერთების რეაქციებში. ორგანული ქლორნაერთები ნუკლეოფილური ჩანაცვლების რეაქციებში ნაკლებ აქტიური არიან, მაგრამ ისინი უფრო იაფია. ისინი შეიძლება გააქტიურებული იქნენ ტოზილატ ჯგუფის ჩანაცვლებით ან კატალიზური ნატრიუმის იოდიდის გამოყენებით.
ქლორის ანალიზი
მიღება
ქლორი მომწამლავია გაზია, ამიტომ მასთან მუშაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.
ლაბორატორიულ პირობებში და წარმოებაში ელემენტალური ქლორი ჩვეულებრივ მიიღება კონცენტრირებული ნატრიუმის ქლორიდის წყალხსნარის ელექტროლიზით. ამ დროს ქლორთან ერთად მიიღება აირადი წყალბადი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქვემოთ მოყვანილი განტოლების მიხედვით:
2 NaCl + 2 H2O → Cl2 + H2 + 2 NaOH
ელექტროლიზის პროცესს, როგორც ცნობილია, თან ახლავს ელექტრონების გადასვლა კათოდიდან კატიონებზე და ანიონებიდან ანოდზე. მაშასადამე, კათოდზე ხდება აღდგენის პროცესი, ანოდზე – კი დაჟანგვის, ამგვარად, ჟანგვა–აღდგენა შეიძლება ელექტროდენის საშუალებით.
ქლორნატრიუმის წყალხსნარის ელექტროლიზის დროს კათოდზე განიმუხტება წყალბად–იონები (აღდგენა), ანოდზე კი ქლორ–იონები(დაჟანგვა). ქლორიდის წყალხსნარის ელექტროლიზი მიმდინარეობს შემდეგი განტოლების მიხედვით:
კათოდი: 2 H+ (წყ) + 2 e− → H2 (გაზი)
ანოდი: 2 Cl− (წყ) – 2 e− → Cl2 (გაზი)
საბოლოო პროცესი ასეთია:
2 NaCl (ან KCl) + 2 H2O → Cl2 + H2 + 2 NaOH (ან KOH)
ელექტროლიზერში კათოდი და ანოდი ერთმანეთისგან გაყოფილია პოლიმერული ბოჭკოს დიაფრაგმით და ადგილი არა აქვს ანოდზე წარმოქმნილი ქლორის შერევას ნატრიუმის ჰიდროქსიდთან და კათოდზე წარმოქმნილ წყალბადთან. შედეგად გამოიყოფა თავისუფალი ქლორი და წყალბადი, ხოლო ხსნარში რჩება ნატრიუმის ტუტე. არ შეიძლება ქლორი წყლის ზემოთ შევაგროვოთ, რადგან იგი იხსნება წყალში. თუ წყალში გავხსნით NaCl–ს გაჯერებამდე, მასში ქლორის ხსნადობა მცირე იქნება. ამიტომ მოხერხდება ქლორის შეგროვება გაზომეტრში, რომელშიც წყლის ნაცვლად სუფრის ნაჯერი ხსნარია.
წარმოებაში მიღებულ ქლორს რკინის ბალონებში ინახავენ მაღალი წნევის ქვეშ. ჩაწნეხვის წინ ქლორს გააშრობენ, რადგან ტენიანი ქლორი რკინის ძლიერ კოროზიას იწვევს.
ლაბორატორიაში აირადი ქლორის მიღება შეიძლება ქლორწყალბადმჟავას და მაგნიუმის დიოქსიდის ურთიერთქმედებით. ალტერნატიული მეთოდია ქლორწყალბადმჟავას ურთიერთქმედება ნატრიუმის ჰიპოქლორიტთან ან ნატრიუმის ქლორატთან, რომლის დროსაც ქლორი გამოიყოფა აირის სახით.
ქლორი ნაერთებში თავის უარყოფით ვალენტობას ავლენს, ამიტომ თავისუფალი სახით ქლორის მისაღებად საჭიროა მისი დაჟანგვა ელექტრონეიტრალურ მდგომარეობამდე. ლაბორატორიულ პირობებში ქლორი შეიძლება მივიღოთ კონცენტრირებული მარილმჟავას მოქმედებით რაიმე მჟანგავზე, როგორიცაა მაგალითად, MnO2, KMnO4, CaOCl2 და სხვა.
ქლორის მიღებისას მანგანუმის მინერალის პიროლუზიტის MnO2-ის გამოყენებისას რეაქცია მიმდინარეობს განტოლებით:
4 HCl + MnO2 → MnCl2 + 2 H2O + Cl2
ეს რეაქცია ორ ფაზად მიმდინარეობს: ჯერ წარმოიქმნება შედარებთ ნაკლებად მდგრადი ოთხვალენტიანი მანგანუმის ქლორიდი MnCl4, რომელიც გათბობისას იშლება ორვალენტიან მანგანუმის ქლორიდად და თავისუფალ ქლორად:
4HCl + MnCl2 → MnCl4 + 2H2O
MnCl4 → MnCl2 + Cl2
ქლორის მიღების რეაქცია გათბობას მოითხოვს. ამ რეაქციით ამჟამად იშვიათად ღებულობენ ქლორს.
ზემო რეაქციაში მარილმჟავას ნაცვლად გოგირდმჟავასთან ერთად შეიძლება შევიტანოთ NaCl
MnO2 + 2NaCl + 3H2SO4 → 2NaHSO4 + MnSO4 + 2 H2O + Cl2
ამ რეაქციის მიმდინარეობა მოითხოვს ნარევის გათბობას.
ბევრად უფრო ადვილად მიდის რეაქცია პერმანგანატსა და მარილმჟავას შორის:
2KaMnO4 + 16 HCl → 2MnCl2 + 2KCl + 8H2O + 5Cl2
ამ რეაქციის წარმართვისთვის გათბობა საჭირო არ არის, რადგან ქლორი ჰაერზე უფრო მძიმეა, ამიტომ მისი შეგროვება თავღია ჭურჭელში შეიძლება.
მანგანუმის ორჟანგის ნაცვლად შეიძლება სხვა უმაღლესი ჟანგეულის გამოყენება. მაგალითად, ტყვიის დიოქსიდთან (PbO2) რეაქცია იმავე გზით მიდის:
PbO2 + 4HCl → PbCl4 + 2H2O
PbCl4 → PbCl2 + Cl2
რეაქცია ქლორიან კირსა და მარილჟავას შორის მიდის შემდეგი გზით:
CaOCl2 + 2HCl → CaCl2 + H2O
ბერთოლეს მარილზე მარილმჟავას მოქმედებისას აგრეთვე მიიღება თავისუფალი ქლორი:
KClO3 + 6HCl → KCl + 3H2O + 3Cl2
გამოყენება
ქლორი ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. გამოყენებულია საღებრების, სამკურნალო პრეპარატების, მომწამლავი ნივთიერებების, მათეთრებელი კირის მისაღებად. ქლორი ფართოდ გამოიყენება როგორც წარმოებაში, ისე საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქტებში.
თავისუფალი ქლორის მცირე მინარევი საკმარისია დაავადებათა გამომწვევი მიკრობების მოსასპობად. ამ მიზნით წყალსადენში გაშვების წინ წყალს ქლორავენ (მასში ხსნიან მცირე რაოდენობით ქლორს). ამ დროს წყალში არსებული ყველა ბაქტერია იღუპება. დაქლორილ წყალში წარმოქმნილი მცირეოდენი მარილმჟავა სრულიად უვნებელია.
ქლორი გამოიყენება მრავალი ნაერთის მისაღებად, რომელიც ფართო გამოყენებას პოულობს სხვადსხვა მიზნებისათვის. საფეიქრო მრეწველობაში ქლორს იყენებენ როგორც მათეთრებელს ქსოვილების და ქაღალდის გასათეთრებლად. ქლორი დიდი რაოდენობით იხარჯება მარილმჟავასა და ქლორის შემცველი სხვა ქიმიური ნაერთების წარმოებაში.
ქლორის უმნიშვნელოვანესი ნაერთია ქლორწყალბადი HCl, რომლის წყალხსნარსაც მარილმჟავა ეწოდება. იგი გამოიყენება წყალბადის, ქლორის, ნახშირმჟავას მისაღებად, კვების მრეწველობაში, ლითონთა რჩილვისათვის, ორგანულ ნივთიერებათა, ქსოვილების, საღებავების, ძმარმჟავას და სხვათა წარმოებაში. მარილმჟავა კუჭის წვენში დაახლ. 0,5%–ის რაოდენობითაა და ხელს უწყობს კუჭის წვენის, პეფსინის მოქმედებას და მაშასადამე საჭმლის მონელებასაც. მას აგრეთვე ანტისეპტიკური თვისებაც აქვს – ბაქტერიებს (ქოლერის, ტიფის და სხვ.) ხოცავს, ოღონდ ამ დროს არ შეიძლება უმი წყლის მიღება, რადგან მარილმჟავას განზავების შემთხვევაში ბაქტერიები უვნებელნი რჩებიან.
ორგანული ნაერთების ქლორნაწარმები დიდი ქიმიური აქტივობით გამოირჩევა, ამიტომ მას ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქლორორგანული ნაერთების მისაღებად. ქლორის ნაერთები გამოიყენება სოფლის მეურნეობის მავნებლებთან საბრძოლველად.
მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით