გ. ხატისაშვილი

g.khatisashvili@agruni.edu.ge





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:4, ნომერი:1, 34-36 გვ.

დაღვრილი ვერცხლისწყლის შეგროვება და შენახვა

გ. ხატისაშვილი

პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

რეზიუმე: ვერცხლისწყალი შეიძლება დაიღვაროს სხვადასხვა ხელსაწყოს (თერმომეტრების, მანომეტრების, ულტრაიისფერი ნათურების და სხვ.) გატეხვის ან დაზიანების შემთხვევაში. ეს მეტალი ადვილად ორთქლდება, განსაკუთრებით +18 °C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე. მისი ორთქლი ძლიერ ტოქსიკურია. მეტალის თვისებებიდან გამომდინარე, მისი შეგროვება საჭიროებს გარკვეული სპეცალური მეთოდების გამოყენაბას.

საკვანძო სიტყვები: ვერცხლისწყალი, უტილიზაცია, უსაფრთხოება

ვერცხლისწყალი შეიძლება დაიღვაროს სხვადასხვა ხელსაწყოს (თერმომეტრების, მანომეტრების, ულტრაიისფერი ნათურების და სხვ.) გატეხვის ან დაზიანების შემთხვევაში. ეს მეტალი ადვილად ორთქლდება, განსაკუთრებით +18 °C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე. მისი ორთქლი ძლიერ ტოქსიკურია. ინტოქსიკაცია გამოიხატება პირის ღრუში „ლითონის გემოს“ შეგრძნებით, თავის ტკივილით, გულისრევით, მადის დაქვეითებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით, სტომატიტით, დერმატიტით, ანემიით, თირკმელების დაზიანებით და სხვ. ვერცხლისწყალი კუმულატიური შხამია - იგი ორგანიზმში გროვდება და ძნელად გამოიდევნება.

რომ წარმოვიდგინოთ, თუ რამდენად საშიშია ვერცხლისწყლის დაღვრა, ზოგიერთ მონაცემებს გადავხედოთ. ჰაერში ვერცხლისწყლის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) 0.3 მგ/მ3-ის ტოლია. ოთახში სტანდარტული სამედიცინო თერმომეტრის გატეხვისას, რომელშიც დაახლოებით 2 გ ვერცხლისწყალია, ჰაერში კონცენტრაცია უკვე რამდენიმე წუთში 4-5 მგ/მ3-ის ტოლი ხდება, ანუ ზდკ-ს 15-16-ჯერ აღემატება.

ვერცხლისწყლის წვეთები ძლიერ მოძრავია და ამიტომ მათი შეგროვება ძნელია. განსაკუთრებით საშიშია უმცირესი ზომის წვეთები, რომლებიც თითქმის უხილავია და შეიძლება დაგროვდეს იატაკის ნაპრალებში, კედელსა და იატაკს შორის ღრიჭოებსა და მსგავს ადგილებში, საიდანაც თანდათანობით აორთქლდება და ჰაერის მუდმივი მოწამლვის წყაროდ იქცევა.

როგორ მოვახდინოთ საშიში ადგილის დემერკურიზაცია - ანუ როგორ შევაგროვოთ დაღვრილი ვერცხლისწყალი და როგორ გავაუვნებელყოთ მისი დაღვრის ადგილი? ეს კითხვა აქტუალურია არამხოლოდ სკოლის ლაბორატორიაში, არამედ სახლის პირობებშიც.

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ მტვერსასრუტით ვერცხლისწყლის შეგროვება კატეგორიულად არ შეიძლება! ჰაერთან ერთად შეწოვილი ვერცხლისწყლის ნაწილი უწვრილეს წვეთებად დაიშლება, მტვერსასრუტის ძრავის ტემპერატურის გავლენით აორთქლდება, მისგან გამომავალ ჰაერის ნაკადს გამოყვება და მთელ ოთახში ისე გაიბნევა, რომ ვერც შევნიშნავთ. გარდა ამისა, მისი ნაწილი დაეფინება მტვერსასრუტის ძრავის მეტალისაგან დამზადებულ დეტალებს, დააზიანებს მათ, შემდეგ კი დროთა განმავლობაში აორთქლდება და მტვერსასრუტის ჩართვისას ჰაერში გაიფრქვევა.

ასევე არ არის რეკომენდებული ცოცხით ან ჯაგრისით ვერცხლისწყლის შეგროვების მცდელობა, რადგან ცოცხის შეხებისას მსხვილი წვეთები იშლება და უამრავი წვრილი, ძნელად შესაგროვებელი წვეთი წარმოიქმნება.

პირველი მოქმედება, რაც ვერცხლისწყლის დაღვრის შემთხვევაში ხდება, ოთახიდან ადამიანებისა და ცხოველების გაყვანაა. ამის შემდეგ, თუ გარეთ ძალიან არ ცხელა, უნდა გავაღოთ ფანჯარა, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ შევქმნათ ორპირი ქარი, რაც ვერცხლისწყლის წვეთების გაბნევას და მისი ორთქლის მთელს შენობაში გავრცელებას გამოიწვევს.

დაღვრილი ვერცხლისწყლის შეგროვების პროცედურის დაწყების წინ უნდა მოვიმარაგოთ ყველა საჭირო მასალა. ესენია:

  1. ერთჯერადი ნიღაბი
  2. სოდიანი წყალი
  3. დოლბანდი
  4. რეზინის ხელთათმანები
  5. „ბახილები“ ან შესაბამისი ზომის პოლიეთილენის პაკეტები
  6. ქაღალდის ფურცლები
  7. ბამბა ან მცირე ზომის სახატავი ფუნჯი, ასევე სასურველია პლასტმასის ერთჯერადი შპრიცი, წებვადი ლენტი (ე. წ. „სკოტჩი“)
  8. საწმენდი ტილოები
  9. კალიუმის პერმანგანატის 5%-იანი ხსნარი (ან რკინა(III)-ის ქლორიდის 5%-იანი ხსნარი)
  10. გოგირდის ფხვნილი (ან ალუმინის მავთული, რომლის ერთი ბოლო ჩაშვებულია ტუტის 5-10%-იან ხსნარში, ან სასმელი სოდის ნაჯერ ხსნარში, რომელიც რამდენიმე წუთით წამოდუღებულია)
  11. პლასტმასის ბოთლი ან ქილა (შეიძლება მინისაც), რომელშიც ჩასხმულია 3/4-მდე წყალი, და რომელსაც მჭიდროდ ერგება სახურავი
  12. კონტეინერები და პოლიეთილენის პაკეტები.

პროცედურის დაწყების წინ უნდა გავიკეთოთ ერთჯერადი ნიღაბი, რომელშიც ჩაფენილია სოდიან წყალში დასველებული დოლბანდი. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ნიღაბი საშიში ორთქლის მხოლოდ მცირე ნაწილს აკავებს, ამიტომ დემერკურიზაციის პროცესში უნდა ვეცადოთ, რომ ღრმად არ ვისუნთქოთ, ასევე საჭიროა, პერიოდულად გავიდეთ სუფთა ჰაერზე. ხელზე უნდა მოვირგოთ ხელთათმანები, ხოლო ფეხზე „ბახილები“ უნდა ჩავიცვათ, ან პოლიეთილენის პაკეტები უნდა ამოვიცვათ, რათა მეტალის წვეთები ფეხსაცმლის ძირს არ მიეკრას. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ ვერცხლისწყლის წვეთების შეგროვების პროცედურა.

თავდაპირველად უნდა შევაგროვოთ შედარებით მსხვილი წვეთები - ამისათვის ვიღებთ ქაღალდის ფურცელს, და მასზე, როგორც აქანდაზზე, ავაგორებთ ვერცხლისწყლის წვეთებს. ამ დროს „ცოცხის“ ფუნქცია შეიძლება შეასრულოს მცირე ზომის სახატავმა ფუნჯმა, კალიუმის პერმანგანატის ან რკინა(III)-ის ქლორიდის 5%-იან ხსნარში დასველებულმა ბამბამ, ან თუნდაც ქაღალდის სხვა ფურცელმა. ასევე ვერცხლისწყლის წვეთების შესაგროვებლად შეიძლება გამოვიყენოთ პლასტმასის ერთჯერადი შპრიცი (ცხადია, ნემსის გარეშე) ან წებვადი ლენტი. შეგროვებული წვეთები უნდა მოვათავსოთ პლასტმასის ქილაში ან ბოთლში, რომელშიც ჩასხმულია 3/4-მდე წყალი (წყლის ფენა ვერცხლისწყალს აორთქლებისაგან დაიცავს).

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს რჩება უწვრილესი წვეთებიც, რომელთა მექანიკურად შეგროვება ძალიან ძნელია. მათ შესაგროვებლად რამდენიმე ეფექტური საშუალება არსებობს:

  • გოგირდის ფხვნილი. გოგირდი ადვილად შედის რეაქციაში ვერცხლისწყალთან და წარმოქმნის სულფიდს, რომელიც ადვილად არ იშლება. ამიტომ იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელია იყოს ვერცხლისწყლის წვეთები, უნდა მოვაყაროთ გოგირდის ფხვნილი (ამისათვის ყველაზე ეფექტურია ე. წ. „კოლოიდური გოგირდი“, რომლის პრეპარატიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება) და შემდეგ „მოვგავოთ“ დაყრილი ფხვნილი მშრალი ბამბით, ნაჭრით ან რაიმე მსგავსი საშუალებით. შეგროვებული მასის წყალში მოთავსება არ არის საჭირო. ის უნდა მოვათავსოთ რაიმე კონტეინერში და გავუკეთოთ შესაბამისი წარწერა.

  • ალუმინის მავთული. ვერცხლისწყალი ადვილად წარმოქმნის ე. წ. ამალგამას მეტალებთან, მათ შორის ალუმინთან. ოღონდ ამისათვის საჭიროა, წინასწარ გავააქტიუროთ ალუმინი - მისი ზედაპირიდან მოვაცილოთ ოქსიდური აფსკის ფენა. ეს ძნელი არაა - თუ ალუმინის მავთულს 5-10%-იან ტუტის ხსნარში რამდენიმე წუთით მოვათავსებთ, შევნიშნავთ, რომ ზედაპირიდან დაიწყება ბუშტუკების გამოყოფა. ეს ნიშნავს, რომ ალუმინის ზედაპირი ოქსიდისაგან გათავისუფლდა და მზად არის გამოყენებისათვის. საკმარისია, ასეთი მავთული ვერცხლისწყლის უწვრილეს წვეთებს შეეხოს - ის მაგნიტივით მიიკრავს მათ. უკეთესია, თუ ალუმინის მავთულს გავაბრტყელებთ - ამით მისი ზედაპირის ფართობი გაიზრდება და შეამცირებს პროცესის ხანგრძლივობას. თუ ტუტის ხსნარი არ მოგვეპოვება, მისი შეცვლა შესაძლებელია სასმელი სოდის ნაჯერი ხსნარით, რომელიც გამოყენებამდე 5-10 წთ-ით უნდა წამოვადუღოთ. გამოყენების შემდეგ ამალგამირებული ალუმინის მავთული უნდა მოვათავსოთ წყლიან ქილაში, ოღონდ მას მჭიდროდ არ უნდა დავახუროთ თავი, რადგან ამალგამირებული ალუმინი რეაქციაში შედის წყალთან და გამოიყოფა წყალბადი. როდესაც ბუშტუკების გამოყოფა შეწყდება, ალუმინი მთლიანად გაიხსნება და ჭურჭლის ფსკერზე დარჩება ვერცხლისწყლის წვეთები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჭურჭელზე სახურავის დაფარება.

ვერცხლისწყლის შეგროვება შესაძლებელია ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობის საშუალებითაც. ისევე როგორც გააქტიურებულ ალუმინს, ამ მეტალებსაც შეუძლიათ ამალგამის წარმოქმნა და ზედაპირზე ეფექტურად „იწებებენ“ ვერცხლისწყლის წვეთებს. მაგრამ მათი გამოყენება გარკვეულ რისკს შეიცავს, რადგან, ჯერ ერთი, ნაკეთობა თვითონ გახდება ვერცხლისწყლის ორთქლის წყარო, ამიტომ იგი სპეციალურ დამუშავებას მოითხოვს, რამაც ძვირფასი ნაკეთობა შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს.

საბოლოოდ, ფართი, რომელზეც მოხდა ვერცხლისწყლის დაღვრა, უნდა მოიწმინდოს კალიუმის პერმანგანატის ან რკინა(III)-ის ქლორიდის ხსნარით, შემდეგ წყლით და ბოლოს მშრალი ნაჭრით. ამის შემდეგ ოთახი რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა განიავდეს. ამ დროს უკვე ორპირი განიავებაა საჭირო. რასაკვირველია, სასურველია, რომ ოთახში შესვლა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამისი სამსახური შეამოწმებს ჰაერში ვერცხლისწყლის ორთქლის კონცენტრაციას და მას უხიფათოდ ჩათვლის. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ჩვენ მიერ ჩატარებული პროცედურები უშუალოდ ვერცხლისწყლის დაღვრის შემდეგ არ განხორციელდა.

უნდა გვახსოვდეს: არ შეიძლება ვერცხლისწყლის შესაგროვებლად გამოყენებული მასალის (ქაღალდი, შპრიცი, ბამბა, ნაჭერი, გოგირდიანი მასა და სხვ.) მოთავსება საყოფაცხოვრებო ნაგავში! ეს ყველაფერი უნდა საგულდაგულოდ შევფუთოთ პოლიეთილენის პაკეტებში და მოვათავსოთ თავდახურულ კონტეინერში. გამოყენებული მასალა, ისევე როგორც წყლიანი ჭურჭელი, რომელშიც შეგროვებული ვერცხლისწყალია, უნდა შევინახოთ გრილ, კარგად განიავებად ადგილზე (მაგალითად, აივანზე), და რაც შეიძლება მალე უნდა ჩაბარდეს შესაბამის სამსახურს.

 

 

გამოქვეყნებულია: 13-04-2020