სალომე აბულაშვილი

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

saloabulashvili@gmail.com





ტომი: 3, ნომერი: 3, გვ: 14-16

ტომი: 0, ნომერი: 0, გვ:

ტომი: 3, ნომერი: 3, გვ: 10-13

ტომი: 3, ნომერი: 1, გვ: 12-14

ტომი: 3, ნომერი: 2, გვ: 8-9

 

 

 



"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:2, 23-26 გვ.

ქიმიური დაცვის საშუალებების როლი სოფლის მეურნეობაში

სალომე აბულაშვილი, მარიკა გაჩეჩილაძე

რეზიუმე: კაცობრიობის რეალური გადარჩენისათვის ბრძოლაში სოფლის მეურნეობის ქიმიზაციისა და გარემოს დაცვის მეცნიერული შესწავლა XXI საუკუნის გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესები პირდაპირ არის დაკავშირებული სამეურნეო მასშტაბების ზრდასთან, რომლებმაც გამოიწვიეს დედამიწის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაბინძურების გაზრდა. გარემოსთვის ზიანის მიყენება მნიშვნელოვანწილად განაპირობა სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესში მინერალური და ორგანული სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების არამიზანმიმართულმა გამოყენებამ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ნიადაგის, ატმოსფეროს, მცენარეული პროდუქტების, სასმელი და სარწყავი წყლების დაბინძურება სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით, რაც ხშირად ადამიანისა და ცხოველების არა მხოლოდ მოწამვლის, არამედ სიკვდილის გამომწვევი მიზეზიც ხდება.

საკვანძო სიტყვები: ქიმიზაცია, პესტიციდები, აგროქიმიური დაცვის საშუალებები, სასუქები, ბიოლოგიური პრეპარატები



ქიმიის როლი სოფლის მეურნეობაში სულ უფრო და უფრო იზრდება. ნიადაგების ნაყოფიერების შემცირების გამო სპეციალისტები იძულებულნი გახდნენ სხვადასხვა ქიმიური ელემენტით გაამდიდრონ ნიადაგის სტრუქტურა და ნაყოფიერება. ეს პროცესი სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის სახელით არის ცნობილი. ,,ქიმიზაცია“ გულისხმობს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, ქიმიური ნივთიერებებისა და მეთოდების გამოყენებას [1]. თანამედროვე აგროქიმიის ერთ-ერთ ამოცანას მინერალური სასუქების ეფექტურობის ხარისხის გაზრდა და გარემოზე სოფლის მეურნეობის ინტენსიური ქიმიზაციის ეკოლოგიური ზემოქმედების შესწავლა წარმოადგენს. სასუქების გამოყენების თვალსაზრისით, გარემოს დაცვის პრობლემამ თანამედროვე პირობებში განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა დასავლეთ საქართველოს უხვნალექიან ზონებში. ეს გამოწვეულია ნიადაგის წყლით გამორეცხვით, მეცხოველეობის ინტენსიური განვითარებითა და სასუქების შესანახი საწყობების არასაკმარისი რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგიერთ ზონაში მრავალი წლის განმავლობაში სასუქების ინტენსიური გამოყენებით შეიქმნა აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის დადებითი საწყისი ბალანსი, რის გამოც მინერალური სასუქების გამოყენების ტემპები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდის მთავარ საშუალებად კი კვლავ მინერალური სასუქების გამოყენება რჩება, რაც უზრუნვეყოფს მოსავლიანობის 50%-ით გაზრდას. ამ ქიმიური დანამატების გამოყენებაზე უარის თქმა გამოიწვევს სურსათის წარმოების კატასტროფულ შემცირებას. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი სწორი გზა არის არა სასუქების გამოყენებაზე უარის თქმა, არამედ მინერალური სასუქების გამოყენების ტექნოლოგიის ძირეული გაუმჯობესება. [2]

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობაში მომუშავე სპეციალისტებმა ყურადღებით შეისწავლონ ხომ არ არის მოქცეული მისი სამეურნეო საქმიანობის ობიექტი ძლიერ დაბინძურებულ ნიადაგების ზონაში. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მისაღებად საჭიროა ზუსტად იქნას გათვლილი მინერალური, ორგანული სასუქებისა და პესტიციდების ნორმები. ამასთან ერთად, საჭიროა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა განოყიერების სისტემაში ორგანული მიწათმოქმედების ხვედრითი წილის გაზრდა. [2]

 

საქართველოში 1998 წლის 25 ნოემბერს მიიღეს კანონი „პესტიციდების და აგროქიმიკატების შესახებ.“

  • ,,კანონის მიზანია უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენების და ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლები.
  • კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატების, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში სახელმწიფოებრივი მართვის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემუშავების, რეგისტრაციის, წარმოების, მარკირების, შეფუთვის, რეალიზაციის, შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენების, გაუვნებელყოფის, განთავსების, ინფორმაციის გაცვლის, რეკლამისა და ექსპორტ-იმპორტის დროს. “ [3]

პესტიციდები მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების საერთაშორისოდ მიღებული სახელია. (pestis - მავნე, caed - ვკლავ). ისინი სხვადასხვა სახის ქიმიური ნაერთებია, რომლებსაც გააჩნიათ უნარი მოსპონ ესა თუ ის მწერი, სარეველა ბალახი და ა.შ. [2]

მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ქიმიური საშუალებების - პესტიციდების გამოყენება ორ პრობლემასთანაა დაკავშირებული: გარემოს და კვების პროდუქტების სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების ნაშთებით, კერძოდ ვერცხლისწყლის ორგანული, ქლორორგანული პესტიციდებით და სხვა მრავალი ნაერთით დაბინძურებასთან და მათი თავიდან აცილების გზების ძიებასთან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მავნებლებითა და დაავადებებით გამოწვეული ყოველწლიური დანაკარგები მთელი მოსავლის 20%-ზე მეტს შეადგენს. მათ წინააღმდეგ, მსოფლიოს სოფლის მეურნეობაში ყოველწლიურად 1.5 მლნ. ტონაზე მეტი პესტიციდები გამოიყენება. მიუხედავად ამისა, მავნებლების წინააღმდეგ გამოყენებული შხამქიმიკატები მოქმედებენ არა მარტო მავნებლებზე, არამედ მათ ბუნებრივ მტრებზეც. არასწორი გამოყენების დროს პესტიციდებმა ეფექტიანობასთან ერთად შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს. საქმე ისაა, რომ პესტიციდებს ბიოლოგიური აქტივობა გააჩნიათ. მათ უნარი აქვთ გამოიწვიონ არა მარტო მწერების, მცენარეების, მიკრობების, არამედ თბილსისხლიანი ცხოველების დაღუპვაც. ისინი წარმოადგენენ პოტენციურ საფრთხეს, როგორც ცოცხალი ბუნებისთვის, ასევე ადამიანებისთვის.

პესტიციდების გარდა ორგანულ მეურნეობაში ნიადაგის ნაყოფიერების შენაჩუნებისა და მცენარის უკეთ გამოკვებისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ორგანული და ბუნებრივი მინერალური სასუქების გამოყენებას. სასუქების მოხმარება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მცენარის მიერ ნიადაგიდან გამოტანილი ნივთიერებების უკან დაბრუნების პროცესი, ამიტომ მცენარის ნორმალური კვებისათვის აუცილებელია ნივთიერებათა მარაგი იყოს ამოუწურავი. ამის მისაღწევად კი საჭიროა მისი შევსება გარედან სასუქების მეშვეობით. ადრე თუ გვიან ნებისმიერი ნიადაგი გამოიფიტება და უნაყოფო გახდება [4].

ნიადაგში მინერალური ნივთიერებების ჭარბმა შეტანამ შესაძლოა ტოქსიკური გავლენა იქონიოს მცენარეზე. ისინი დიდი რაოდენობით გროვდება ფესვებსა და ფოთლებში. ამის შემდეგ, წყლის აორთქლებისას კიდევ უფრო იზრდება მათი კონცენტრაცია და მცენარე ჭარბი მარილების მოსაცილებლად იცვენს ფოთლებს. ამის გამო ფერხდება მისი ბუნებრივი ზრდა, მცირდება მოსავალი და პროდუქციის ხარისხი. გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო კონცენტრირებულია სასუქი, მით მეტია მოსავლის დანაკარგი. გარდა გარემოს დაბინძურებისა, სასუქებს გააჩნიათ ბიოციდური თვისებები, რის გამოც ისინი იწვევენ ცოცხალი ორგანიზმის ან მისი ცალკეული ორგანოების ფუნქციის მოშლას. ეს გამომდინარეობს მიმდინარე სხვადასხვა ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების დარღვევისგან.

საყურადღებოა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიური დაცვის საშუალებების არა გეგმაზომიერი გამოყენება (პესტიციდები და სასუქები) ხელს უწყობენ გარემოს დაბინძურებას და უარყოფითად მოქმედებენ მასზე. ზოგიერთი მდგრადი ქიმიური ნივთიერება, ძირითადად ქლორორგანული ნაერთები, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში დაგროვების უნარი გააჩნიათ, უმნიშვნელო რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაშიც კი ქრონიკულ მოწამვლას იწვევენ. დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი პესტიციდების საერთო რაოდენობის 90%-ზე მეტი შედის კვებითი პროდუქტებით. პესტიციდებს საკვებში სხვადასხვა გზით შეუძლიათ მოხვერდა. ერთ-ერთი ასეთი გზა ნიადაგია. ბევრი მდგრადი პესტიციდი, მაგალითად: ჰექსაქლორანი ნიადაგში შეღწევისას არ იშლება და მასში გროვდება. ამ ტოქსიკური ნივთიერებების ნაწილი თანდათანობით ვრცელდება წყალსატევებში, მტვრის სახით ჰაერში და ა.შ. მათი შემდგომი გავრცელება დამოკიდებულია ნიადაგის თვისებებზე, რომელიც ასრულებს დაბინძურების უნივერსალური ბიოლოგიური ადსორბენტის და ნეიტრალიზატორის როლს და აგრეთვე, ადამიანის ორგანიზმში სინთეზირებული ნივთიერებების მინერალიზატორის როლსაც. სწორედ ნიადაგის ეს თვისებები განსაზღვრავს მასში მოხვედრილი პესტიციდების ბედს, რომლებიც საბოლოო ჯამში იშლებიან და დეტოკსიკაციას განიცდიან. პესტიციდებით ადამიანისა და ცხოველების მოწამვლის წყარო შეიძლება გახდეს მაგალითად, მოწამლული მარცვალი ან სხვა საკვები პროდუქტები. ამ შემთხვევაში ადამიანის მომშხამავი ნივთიერებებით ინტოქსიკაცია მიდის შემდეგი კვებითი ჯაჭვით: მოწამლული მარცვალი- ცხოველის ხორცი - ადამიანი ან მოწამლული მარცვალი (პური) - ადამიანი. ასეთი მოწამვლები მეტად ხშირია. [2]

სოფლის მეურნეობაში გამოიყენება ვერცხლისწყალორგანული, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები. წარსულში ვერცხლისწყლისშემცველი პრეპარატები საქართველოში ინტენსიურად გამოიყენებოდა ხეხილოვანი კულტურების შესაწამლად, რის გამოც მეხილეობის ზონებში ინტენსიურადაა დაბინძურებული ნიადაგი. მართალია, დღეს მათი გამოყენება შეწყვეტილია, მაგრამ ასეთ დაბინძურებულ ნიადაგებზე ერთწლიანი კულტურების მოყვანისას შეიმჩნევა მათგან მიღებული პროდუქციის ვერცხლისწყლით დაბინძურება.

სოფლის მეურნეობაში მარცვლეული, მარცვლეულ-პარკოსანი, ტექნიკური, ბოსტნეული და მინდვრის კულტურების, ვენახის მავნებლებთან საბრძოლველად ფართოდ გამოიყენება ქლორორგანული პესტიციდები (დდტ-დიქლორ-დიფენოლ-ტრიქლორეთანი, ჰექსაქლორანი, ჰეპტაქლორი და სხვ.) ეს პრეპარატები ძალიან დიდხანს (10-15 წლამდე) არ იშლება ნიადაგში. ქლორორგანულ ნივთიერებებს სხვადასხვა რაოდენობით შეიძლება შეიცავდეს საკვები ბალახები, ბოსტნეული, ხილი. დადგენილია, რომ იმ ცხოველთა ხორცი და რძე, რომლებიც ქლორორგანული პესტიციდებით დაბინძურებული საკვებით იკვებებიან, როგორც წესი, ამ პესტიციდების მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავენ. დდტ და ამ ტიპის სხვა პრეპარატები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან. ამ პრეპარატის დაგროვება შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს მოზარდებისათვის, განსაკუთრებით კი - ჩვილი ასაკის ბავშვებისათვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მეძუძური დედის მიერ მიღებული საკვები არ შეიცავდეს დდტ-ს. ქლორორგანულ შხამიან ნივთიერებებს შეუძლიათ გამოიწვიონ ქრონიკული მოწამვლა. ორგანიზმში მათი მოხვედრა დასაშვებ ზღვარზე მეტი რაოდენობით იწვევს მწვავე მოწამვლასა და ნერვული სისტემის დაზიანებას სხვადასხვა კლინიკური გამოვლინების სახით. ჩვენს ქვეყანაში დდტ ამოღებულია იმ ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების სიიდან, რომლებიც რეკომენდირებულია სოფლის მეურნეობაში მავნებლებთან, მცენარეთა დაავადებებსა და სარეველებთან საბრძოლველად.

სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ზოგჯერ არა საკმარისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები უარს ამბობენ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე. მათ მიაჩნიათ, რომ პესტიციდების გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს კატასტროფული შედეგები კაცობრიობისათვის. ბევრი მეცნიერი დღეს პლანეტაზე მიმდინარე პროცესებს ,,ბიოლოგიური აფეთქების პერიოდს“ უწოდებს.

მავნებლებთან, მცენარეთა დაავადებებთან და სარეველებთან ბრძოლა უნდა იყოს კომპლექსური, სადაც უნდა გაერთიანდეს აგროტექნოლოგიური, ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებები. გათვალისიწინებული უნდა იყოს მავნე ორგანიზმებისაგან დასაცავი კულტურების ბიოლოგიური თავისებურებები და მათთვის განსაზღვრული ეკოლოგიური პირობები.

დღეისათვის სოფლის მეურნეობაში სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის ბილოგიური საშუალებები. ბილოგიური დაცვა სპობს მხოლოდ მავნებლებს, ზიანს არ აყენებს დანარჩენ ცოცხალ ორგანიზმებს და არ აბინძურებს გარემოს.

აღსანიშნავია, რომ მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის ქიმიურ მეთოდებთან ერთად მნიშვნელოვანია ბიოლოგიური პრეპარატების აქტიურად გამოყენება. ეს გამოწვეულია იმით, რომ დაახლობით 300-მდე მწერი მოითხოვს სულ უფრო მეტად კონცენტრირებული პესტიციდების გამოყენებას, რაც თავის მხრივ ზრდის გარემოს დაბინძურების ხარისხს. დღეისთვის ბიოსფეროს პესტიციდებით დაბინძურებისგან დასაცავად მიმართავენ შემდეგ გზებს:

  • ისეთი პრეპარატების უპირატესი გამოყენება, რომლებიც სწრაფად იშლება გარემოში. ის ნივთიერებები, რომლებიც ვერ პასუხობენ თანამედროვე ჰიგიენურ ნორმატივებს, იცვლებიან უფრო უსაფრთხო ნაერთებით;
  • მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის ქიმიური საშუალებების ბიოლოგიურით შეცვლა. ამჟამად დამუშავებულია და წარმოებაში აქტიურად ინერგება ბიოლოგიური პრეპარატების საშუალებით სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებებისა და მავნებლებისაგან დაცვის ზონალური სისტემები.

80-იან წლებთან შედარებით პესტიციდების მოხმარება საქართველოში 10-ჯერ და მეტჯერ შემცირებულია. ეს გამოწვეულია, როგორც მომხმარებელთა დაბალი მოთხოვნით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე იმით, რომ ახალი თაობის პესტიციდები საკმაოდ ძლიერი და ეფექტურია. ისინი გამოიყენება ბევრად უფრო დაბალი ხარჯვის ნორმით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში აღარ იხმარება ეკოლოგიურად ისეთი საშიში პესტიციდები, როგორიცაა ქლორორგანული, ვერცხლისწყლისშემცველი პესტიციდები, ტრიაზოლის ჯგუფის ჰერბიციდები, მკვეთრად შემცირებულია ფოსფორორგანული ინსექტიციდების გამოყენება. [5]

მცენარეული პროდუქტების წარმოება არის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის ძირითადი საფუძველი. საკვები პროდუქტების წარმოების და გამოყენების საქმეში ძირითადი კრიტერიუმია მისი ხარისხი. აქედან გამომდინარე, მაღალი ეკოლოგიური დატვირთვის პირობებში, აუცილებელია გაკონტროლდეს ნიადაგიდან მცენარეთა მიერ დამაბინძურებელი ტოქსიკური ნივთიერებების შეთვისების ინტენსივობა. ეს დამოკიდებულია ნიადაგის ხსნარის რეაქციაზე, ტოქსიკანტების და მინარევების ნაერთების ფორმებზე, ნიადაგში ორგანული ნივთიერების შემცველობაზე და მის მექანიკურ და მინერალოგიურ შედგენილობაზე, კარბონატების, ფოსფატების, მაკრო და მიკროელემენტების და ტენიანობის შემცველობაზე, ტემპერატურაზე და სხვ.

ამრიგად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მისაღებად საჭიროა ზუსტად იქნას გათვლილი მინერალური და ორგანული სასუქებისა და პესტიციდების ნორმები, შეტანის ვადები და წესები. აგრეთვე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული ფართობების გაწმენდის, ნიადაგიდან და სასუქებიდან საკვები ელემენტების დანაკარგების შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებათა სისტემის შემუშავება და სხვა პრევენციული ზომების მიღება.

ლიტერატურა:

1. http://agronews.ge/qimiis-roli-sophlis-meurneobashi/
2.  ა. თხელიძე, რ. ლიპარტელიანი, ნ. მუმლაძე, ხ. ხომასურიძე, გ. დანელია. სოფლის მეურნეობის ქიმიზაცია და გარემოს დაცვა. თბილისი. 2009. ISBN 978-9941-0-1389-8
3. საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ,  1998წ.
4. ნ. ნაკაშიძე დ. ჯაში. ორგანული სოფლის მეურნეობა. ბათუმი, გამომცემლობა "ალიონი", 2013.
5. საქართველოს ქიმიური პროფილი. თბილისი. 2009 http://cwm.unitar.org/national-profiles/publications/cw/np/np_pdf/Georgia_National_Profile_2009_Georgian.pdf

 

 

 

გამოქვეყნებულია: 23-02-2018