სალომე აბულაშვილი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

saloabulashvili@gmail.com





ტომი: 3, ნომერი: 2, გვ: 23-26

ტომი: 3, ნომერი: 3, გვ: 14-16

ტომი: 3, ნომერი: 3, გვ: 10-13

ტომი: 3, ნომერი: 1, გვ: 12-14

ტომი: 3, ნომერი: 2, გვ: 8-9

 

 

 



"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:3, 17-19 გვ.

დაბინძურებული ჰაერი და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

სალომე აბულაშვილი, მარიკა გაჩეჩილაძე

რეზიუმე: ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველო სამმა სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა წყარომ დაასახელა ქვეყანად, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს.

საკვანძო სიტყვები: კლიმატი, ჰაერი, მწვანე საფარი, ტყვია



ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველო სამმა სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა წყარომ დაასახელა ქვეყანად, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს. [1] 2016 წელს საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის მონაცემებით საქართველოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 100 000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ფიქსირდება [2]. ამ მონაცემებით, საქართველო უსწრებს ჩინეთსაც, რომელიც აბსოლუტური მაჩვენებლით (და არა 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით) მსოფლიოში პირველ ადგილზეა - ამ ქვეყანაში დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებებით ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. ოფიციალური მონაცემები მოწმობს, რომ ჰაერის ხარისხი თბილისში ქალაქის მრავალ ადგილას, განსაკუთრებით კი ცენტრალურ უბნებში, არ შეესაბამება ეროვნულ სტანდარტებს და ჰაერის დაბინძურება თითქმის მთლიანად ავტოტრანსპორტთან არის დაკავშირებული. [3]

თბილისში ტრანსპორტით ჰაერის დაბინძურება ძირითადად შემდეგი მიზეზებითაა გამოწვეული: ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა, საგზაო მოძრაობის არასათანადო ორგანიზება და მართვა, საწვავის დაბალი ხარისხი და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა. ასევე, ჰაერი ძალიან ბინძურდება სამშენებლო სექტორის "დამსახურებით".

წყარო: https://www.georgianjournal.ge/society/34468-tbilisi-among-dangerous-cities-in-europe-where-air-pollution-is-high.html

კერძოდ, საცხოვრებელი ტერიტორიების გაფართოება ძირითადად ხდება მწვანე საფარის განადგურების ხარჯზე, რაც თავისთავად კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის გარემოს. ასევე, გასათვალისწინებელია მშენებლობის დროს არსებული მტვერი და სამშენებლო ნარჩენები, რომელიც საკმაოდ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ადამიანები ხელოვნურად ვერევით და უარყოფით ზეგავლენას ვახდენთ კლიმატის ფორმირებაზე. თბილისის მაგალითზე, ახალი ნაგებობების მშენებლობა, განსაკუთრებით მდინარე მტკვრის ხეობის გასწვრივ და ასევე მთისწინებზე, ხელს უშლის ქალაქში ქარისა და ჰაერის მოძრაობას, რაც დედაქალაქში ჰაერის გასუფთავების ბუნებრივი გზას წარმოადგენს და შესაბამისად, გავლენას ახდენს კლიმატის ფორმირებაზე. [3]

დღეს, მრეწველობა დიდ ზეგავლენას არ ახდენს ჰაერის ხარისხზე, თუმცა, საწარმოებში ფილტრების ცუდი მდგომარეობის ან არქონის გამო გარემოში ხვდება საწარმოო პროცესებში წარმოქმნილი სხვადასხვა დამაბინძურებელი, როგორიცაა SO2, NOx, CO და ნახშირწყალბადები.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ძველი ნაგავსაყრელები – გლდანი და იაღლუჯა აღარ იღებს ნარჩენებს, დაგროვილი ნარჩენების წვის გამო ისინი მაინც რჩება ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროდ. მავნე ნივთიერებების გამოყოფა წლების მანძილზე ჯანმრთელობის რისკებს უქმნიდა თბილისის, რუსთავისა და მიმდებარე დასახლებების მოსახლეობას. გარდა ამისა, გარემოში გამოიყოფა სათბურის ეფექტის მქონე აირები, როგორიცაა ნახშირორჟანგი და მეთანი. [3]

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, თუ რაოდენ დიდ ზიანს აყენებს დაბინძურებული ჰაერი ბავშვებს და მათ გონებრივ განვითარებას. მრავალი კვლევა ამტკიცებს, რომ ავტომანქანებით გადატვირთული ტრასების მახლობლად და დიდ ქალაქებში განსაკუთრებით ბევრია PAH ჯგუფის ტოქსინები (პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები), რომელიც ტვინის თეთრ ნივთიერებას აზიანებს. თეთრ ნივთიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტვინის სხვადასხვა უბნებს შორის ნეირონების კომუნიკაციაში, რაც ბავშვის ათვისების უნარის და განვითარებისთვის ფუნდამენტს წარმოადგენს. კვლევები ადასტურებენ, რომ ჰაერის დაბინძურებას და ბავშვის კოგნიტურ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირია. ეს ეხება ნევროლოგიურ, ფსიქოლოგიურ და ქცევით პრობლემებს, ბავშვის მეხსიერებას, წარმატებას სწავლაში, ვერბალური და არავერბალური ინტელექტის კოეფიციენტს. ჩვილი ბავშვის ტვინი დაბინძურებულ ჰაერში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა და მისი დაზიანება, ზრდასრულისგან განსხვავებით, ტოქსინების ძალიან დაბალი დოზითაც შეიძლება. ამას ემატება ის რისკ-ფაქტორი, რომ ახალშობილის სუნთქვის რიტმი ზრდასრულთან შედარებით, გაცილებით სწრაფია და მათი ფიზიკური და იმუნური სისტემები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. [4] აქედან გამომდინარე, პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თბილისში კი ჰაერში უკვე ტყვიის შემცველობა დაფიქსირდა.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/თბილისის-ჰაერში-ტყვიის-შემცველობა-გამოვლინდა/29488445.html

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ ტყვიის კვალს თბილისის ჰაერის მტვერში მიაგნო. ატმოსფერული ჰაერის ნიმუშების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დედაქალაქში ტყვია დასაშვები კონცენტრაციის (0.3 მკგ/მ3) მეათედია (მინიმუმ 0.01 მკგ/მ3 და მაქსიმუმ 0.06მკგ/მ3). ვინაიდან ტყვია ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ძნელად გამოდის გარეთ, ის დაგროვებას იწყებს და ყოველი შესუნთქვის დროს დამატებითი რაოდენობა კონცენტრირდება. ამიტომ ეს მაჩვენებელი უკვე დამაფიქრებელია. [5]

დასკვნა: ამრიგად, პრობლემის აღმოსაფხვრელად ექსპერტების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების ვალდებულება და ავტომობილების მოძრაობის მოწესრიგება ქალაქში. ,,ეკოხედვის“ მიერ ჩატარებული კვლევის ავტორების რეკომენდაციაა ასევე სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შემუშავება და ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის ინტენსიური გამწვანება ივრის ზეგნიდან წამოსული მტვრიანი ქანების პრევენციის მიზნით. მანამდე კი საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით 70-ე ადგილზე რჩება. [5] დაბინძურებული ჰაერი მთავარი და ხშირად უხილავი მკვლელია, რომელსაც მსოფლიოში ყოველი მე-9 სიკვდილი უკავშირდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღნიშნულ პრობლემაზე აქტიური და ინტენსიური მუშაობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.

ლიტერატურა:

1. გიორგი ცხადაია. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა საგანგაშოდ მაღალია. რადიო თავისუფლება. მარტი 28, 2018

2. Energy and Air Pollution. INTERNATIONAL ENERGY AGENCY. 2016, გვ.34

3. GEO-ქალაქები: თბილისი. ანგარიშის რეზიუმე გადაწყვეტილების მიმღებთათვის. 2011, დეკემბერი გვ.13

4. მაია ქვარცხავა. ჰაერის დაბინძურება და ახალშობილის გონებრივი განვითარების რისკები - რუბრიკა “გალილეო”. ამერიკის ხმა. 13 დეკემბერი, 2017

5. https://www.radiotavisupleba.ge/a/თბილისის-ჰაერში-ტყვიის-შემცველობა-გამოვლინდა/29488445.html

 

 

 

გამოქვეყნებულია: 27-09-2018